განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002624822
საქმე N3ბ/1161-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
03 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - ილონა თოდუა
მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი, შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქ----- ა--------ი;
წარმომადგენელი - ვ------- მ----------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–-----------ის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სანქციის შეფარდების ნაწილში;
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------ს №----- ბრძანება სანქციის ძალაში დატოვების ნაწილში;
1.3. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ქ----- ა--------ს შეეფარდება სანქცია 10%-ის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქ----- ა--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–-----------ის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------ს №----- ბრძანება. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ქ----- ა--------ს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილის შესაბამისად, შეეფარდება სანქცია 10%-ის ოდენობით. სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2------–-–---------------ის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2-----–-–-------------ს საბაჟო გამშვებ პუნქტ „წ-----–-------ს“ კონტროლის ზონაში დაახლოებით 05:20 სთ-ზე ა------------ის მხრიდან შევიდა მ---------ის მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი საქართველოს სახელმწიფო ნომრით P------, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ქ----- ა--------ი პ/ნ------------. აღნიშნულ პიროვნებას მებაჟე-ოფიცერის მხრიდან ინტერვიურებისას დაესვა კითხვა, ჰქონდა თუ არა რაიმე დასადეკლარირებელი მათ შორის, თანხაც, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა. ეჭვის საფუძველზე ავტომანქანის დათვალიერებისას სალონში, წინა სავარძლების თავზე არსებულ ჭერში შალითის ქვეშ (ე.წ. „აბივკის“ ქვეშ) აღმოჩენილ იქნა ნაღდი ფული ათასიანი და ხუთასიანი კუპიურებით საერთო ჯამში 7700000 რუსული რუბლი ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 300122.9 (ეროვნულ ვალუტაში 100 რუბლი - 3.877 ეროვნული ბანკის მონაცემებით, სულ სამასიათასასოცდაორი ლარი და 90 თეთრი). ზემოაღნიშნულიდან, გამომდინარე, სამართალდამრღვევი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ზემოაღნიშნული არადეკლარირებული ნაღდი ფულის ჩამორთმევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–-----------ის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.15-16);
- 2----–-–-----------ის №227 საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი (ს.ფ.17);
- 2----–-–-----------ის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის აქტი (ს.ფ.30-31).
4.2. ქ----- ა--------ის წარმომადგენელმა 2018 წლის 26 ივლისს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს.
საჩივრის თანახმად, ქ----- ა--------ი არ ფლობს ქართულ ენას, იგი მხოლოდ ა------------ულ ენაზე საუბრობს და მას არ ჰქონდა საშუალება, ესარგებლა თარჯიმნის მომსახურებით, რაც სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–-----------ის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის საფუძველია. საჩივრით სადავოდ არის გამხდარი ასევე სანქციის განსაზღვრისას საგადასახადო ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების თანაზომიერება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------ს №----- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადახადო ორგანოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები. გამოყენებული სანქციით დაცულია თანაზომიერების პრინციპი, უზრუნველყოფილია იურიდიული თანასწორობა. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საგადასახადო ორგანო. ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში საქონლის ჩამორთმევის გარეშე სხვა სანქციის შეფარდებით (ჯარიმა - არადეკლარირებული თანხის 10%) ვერ იქნება მიღწეული სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანი. ბრძანებაში, ასევე, მითითებულია, რომ მომჩივანი სისტემატიურად გადაადგილდება (664 შესვლა/გასვლა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო პროცედურები, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და შეღავათები. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის კანონით დადგენილი რომელიმე საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ ჩაითვლება მომჩივანის მიმართ შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ვინაიდან მომჩივანს აღმოაჩნდა დეკალარირებას დაქვემდებარებული ნაღდი ფული 7700000 (შვიდიმილიონშვიდასიათასი) რუსული რუბლი - 300122.9 ლარის ეკვივალენტი, რომლის გადმოტანასაც სამართალდამრღვევი შეეცადა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად. ამდენად საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქცია (საქონლის ჩამორთმევა) კანონშესაბამისია და მისი გაუქმების ან შეცვლის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ----- ა--------ის წარმომადგენლის 2018 წლის 26 ივლისის საჩივარი (ს.ფ.60-62);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------ს №----- ბრძანება (ს.ფ.56-59).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილით განსაზღვრულია სანქციის შეფარდების სახეები განცალკევებულად, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ საქმეზე არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გონივრული და ჯეროვანი შეფასების შედეგად. სასამართლოს მითითებით მნიშვნელოვანია დისკრეციული უფლებამოსილება გამოყენებულ იქნეს ისე, რომ დაცულ იქნეს სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანები, რათა არ იქნეს დაუსაბუთებლად შეზღუდული მოქალაქეთა უფლებები და ინტერესები. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აძლევს უფლებას, თავად შეარჩიოს მისაღები სანქცია, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, მას შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს დაუსაბუთებლად. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, თავის საქმიანობაში აბალანსებდეს საჯარო და კერძო ინტერესებს და რომელიმე მათგანს გაუმართლებელ პრივილეგიას არ უნდა ანიჭებდეს, ვინაიდან თითოეული ადამიანის ინტერესი არანაკლებ ფასეულია, ვიდრე სახელმწიფოსი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო როდესაც სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ევალება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არც საგადასახადო ორგანოს და არც დავების განმხილველ ორგანოს სადავო აქტი არ შეიცავდა ქ----- ა--------ისათვის ყველაზე მძიმე სანქციის გამოყენების დასაბუთებას. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის სანქციის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. სასამართლომ განმარტა, რომ სანქციის შეფარდებისას თანაზომიერების პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად საგადახადო ორგანოს უნდა მიეღო მხედველობაში ქ----- ა--------ის მიერ სამართალდარღვევის პირველად ჩადენის ფაქტი, ის რომ ეს თანხა არ წარმოადგენდა მის საკუთრებას, მან არ იცოდა სადავო თანხის რაოდენობა, მებაჟე-ოფიცრის მიერ არ მომხდარა მისთვის სათანადო წესით მიწოდება ინფორმაციის, კერძოდ, დასადეკლარირებელი თანხის დამალვის შემთხვევაში რა სამართლებრივი ღონისძიებები გატარდებოდა მის მიმართ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებული იყო, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამებოდა კანონს და ბათილად ცნო სანქციის შეფარდების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ქ----- ა--------ის შეეფარდებოდა სანქცია 10%-ის ოდენობით.
6. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და შეიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებიდან გამომდინარე გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს.
სსიპ შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ადმინსიტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები. გამოყენებული სანქციით დაცულია თანზომიერების პრინციპი, უზრუნველყოფილია იურიდიული თანასწორობა. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საგადასახადო ორგანო.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის კონკრეტულ შემთხვევაში საქონლის ჩამორთმევის გარეშე სხვა სანქციის შეფარდებით ვერ იქნება მიღწეული სამართალდარღევის საქმეთა განხილვის და სამართალდარღვეევის აღკვეთის მიზანი.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის ,,ს” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა, ხოლო ,,ტ” ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 289-ე მუხლის მე-131 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2----–-–-----------ს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, ქ----- ა--------ის მიმართ შედგა №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც იგი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-131 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა და სანქციის სახით შეეფარდა არადეკლარირებული ნაღდი ფულის ჩამორთმევა.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. დადგენილია, რომ ქ----- ა--------ის მიერ 2018 წლის 26 ივლისს გასაჩივრდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. საჩივრით სადავოდ გახდა საგადასახადო ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების თანაზომიერება. გარდა ამისა ქ----- ა--------ი აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ იგი არ ფლობს ქართულ ენას, მხოლოდ ა------------ულ ენაზე საუბრობს და მას არ ჰქონდა უფლება ესარგებლა თარჯიმნის მომსახურებით.
7.2. პალატა განმარტავს, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს ექვემდებარება შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს საზღვარზე გადაადგილებული პირების იდენტიფიკაცია 30000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანის შემთხვევაში.
პალატა მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 209-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისათვის საქონელი არის მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი. ხოლო, 215-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დეკლარანტი არის პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს.
ამრიგად, ქ----- ა--------ი წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუხლით რეგულირებულ სუბიექტს - დეკლარანტს.
პალატა განმარტავს, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით. პირმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რაც მიზნად ისახავს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. თუმცა ამასთანავე, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულისა საგადასახადო ორგანოების საქმიანობის შეზღუდვები, რომელიც თავისი არსით მნიშვნელოვანი ხარისხით ხელს უწყობს გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო წარმოების სხვა მონაწილე პირების სამართლებრივ დაცვას.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა ის ფაქტი, რომ ქ----- ა--------ს დეკლარირებას დაქვემდებარებული ფულადი თანხა გადმოჰქონდა საბაჟო კონტროლის მალულად, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ დაცული იქნა თუ არა თანაზომიერების პრინციპი საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას, უნდა დადგინდეს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს სანქციის შემფარდებელ ორგანოს გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები. პასუხისმგებლობის დაკისრებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, მის შეფარდებამდე დარღვევის არ არსებობა, გადაცდომის სიმძიმე, პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს პასუხისმგებლობის გამოყენებული სახის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს საგადასახადო ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის პასუხისმგებლობის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ქ----- ა--------ის განმარტებაზე, რომ თანხა, რომელიც მას გადაჰქონდა არ იყო მისი საკუთრება. აღნიშნული გარემოება არც სსიპ შემოსავლების სამსახურს გაუხდია სადავოდ.
დადგენილია, რომ ქ----- ა--------ს საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთა განხორციელებული აქვს 664-ჯერ და მისი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილით განსაზღვრულია სანქციის შეფარდების სახეები განცალკევებულად, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ საქმეზე არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გონივრული და ჯეროვანი შეფასების შედეგად.
მართალია, აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აძლევს უფლებას, თავად შეარჩიოს მისაღები სანქცია, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ მას შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს დაუსაბუთებლად. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, თავის საქმიანობაში აბალანსებდეს საჯარო და კერძო ინტერესებს და რომელიმე მათგანს გაუმართლებელ პრივილეგიას არ უნდა ანიჭებდეს.
პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს, თუ რა გახდა მიზეზი იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინსიტრაციულ ორგანოს ქ----- ა--------ის მიმართ გამოეყენებინა ყველაზე მძიმე სანქცია. თუ რატომ ვერ უზრუნველყოფდა უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის სანქციის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადახადო ორგანოს მიერ უგულებელყოფილი იქნა ქ----- ა--------ის მიერ სამართალდარღვევის პირველად ჩადენის ფაქტი, აგრეთვე ისიც, რომ სამართალდამრღვევი განმარტავდა, რომ ეს თანხა არ წარმოადგენდა მის საკუთრებას, არ იცოდა სადავო თანხის რაოდენობაც კი. გარდა ამისა, მებაჟე-ოფიცრის მეირ არ მომხდარა მისთვის სათანადო წესით მიწოდება ინფორმაციის, კერძოდ, დასადეკლარირებელი თანხის დამალვის შემთხვევაში რა სამართლებრივი ღონისძიებები გატარდებოდა მის მიმართ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია.
პალატა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამებოდა კანონს და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სანქციის შეფარდების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს სრულიად მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ქ----- ა--------ის შეეფარდება სანქცია 10%-ის ოდენობით.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე ილონა თოდუა
მოსამართლეები შოთა გეწაძე
გიორგი გოგიაშვილი