განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.11.2019
საქმის ნომერი
330310019002882678
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/2277-19, 330310019002882678

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი

 

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

 

ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური

წარმომადგენელი - თ----ა რე----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ფ-----ნ ჯე------–ი

წარმომადგენელი - გელა ნი----–--–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ფ-----ნ ჯე------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 01 ნოემბრის №16529 ბრძანება და მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენით ფ-----ნ ჯე------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. ამავე განაჩენით ფ-----ნ ჯე------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორისა და მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯე------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 08 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება. ფ-----ნ ჯე------–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ფ-----ნ ჯე------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ- ის 2201 მუხლის პირველ ნაწილზე. ფ-----ნ ჯე------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

 

„მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ისათვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 07 მარტის №3350 ბრძანებით მსჯავრდებული ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ი განთავსებულ იქნა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 09 მარტის №3529 ბრძანებით მსჯავრდებული ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 16 აგვისტოს №12847 ბრძანებით, საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ 71 მუხლის მე-12 ნაწილის და 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ი №16 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

საქმეში წარმოდგენილი მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმის ამონაწერით დგინდება, რომ მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდმა განიხილა №8 პენიტენციური დაწესებულების მონაცემების პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შევსებული ფორმა №2 და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია საიდუმლო ფორმა №3 მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის შესახებ.

 

მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის საქმის განხილვისას მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდმა იხელმძღვანელა „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკის შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმის, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის შემადგენლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის მე-4 მუხლით დადგენილი საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმებით, მე-14 მუხლით და დაადგინა, მსჯავრდებული ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ი არ არის წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის მქონე; მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია, წახალისებული არ ყოფილა; არ ყოფილა ჩართული სოციალურ, დასაქმებისა და სასწავლო პროგრამებში; მსჯავრდებული არ არის მიდრეკილი თვითდაზიანებისაკენ.

 

ამავე გუნდმა დაადგინა, რომ მსჯავრდებული ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2018 წლის 16 აგვისტოს №16 პენიტენციური დაწესებულებიდან. მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 09 მარტის სხდომის ოქმის საფუძველზე, მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის განესაზღვრა დაბალი რისკი. რისკის განსაზღვრის შემდეგ მისი ქცევა მკვეთრად შეიცვალა უარესობისკენ, რაც გამოიხატა იმაში, რომ №8 დაწესებულებაში შესახლებიდან მეორე დღესვე დაარღვია დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, საკანში ხმაურისა და დაწესებულების თანამშრომლისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო 17.08.2018წ. დისციპლინური სახდელის სახით გამოეცხადა „საყვედური“. ასევე, მიმდინარე წლის 20 და 29 აგვისტოს აგრესიის გამოხატვის, ხმაურის და თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობის გამო 2-ჯერ გამოეცხადა „საყვედური“.

 

გუნდმა ასევე მიუთითა პენიტენციურ დეპარტამენტში არსებულ ოპერატიულ ინფორმაციაზე.

 

ამდენად, გუნდმა მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის განთავსება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხლის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდმა გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის საშიშროების რისკი სახე არის - მომეტებული. ამავე საოქმო გადაწყვეტილებით, გუნდმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს რეკომენდაცია გაუწია მასზედ, რომ მსჯავრდებული ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ი განთავსებულ იქნეს მისი რისკის სახის შესაბამის დაწესებულებაში.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 01 ნოემბრის №16529 ბრძანებით, მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის საიდუმლო სხდომის ოქმის საფუძველზე, საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმის, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-17 მუხლის თანახმად, გუნდის გადაწყვეტილება საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის შესაბამისი ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებასთან ერთად, მინისტრთან ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში მსჯავრდებულის მიერ, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 01 ნოემბრის №16529 ბრძანებას საფუძვლად უდევს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული სადავო გადაწყვეტილებები განხილული უნდა იქნეს როგორც ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო საკითხის მარეგულირებელ სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლომ მიუთითა ,,პატიმრობის კოდექსის“ პირველ მუხლზე, რომელიც ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებსა და პრინციპებს. კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად კი, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.

 

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღმასრულებელი ორგანოები არიან სამსახური და მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებები, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის წარმართვას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომ - სამინისტრო).

 

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით კი, საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის და აუქმებს შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ზ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლი განმარტავს, რომ დახურული ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი.

 

,,პატიმრობის კოდექსის“ 64-ე მუხლის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელს იხდის: პირი, რომელიც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, სასამართლოს მიერ განესაზღვრა 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა; განზრახი დანაშაულისათვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი და ადრე ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცდა ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი“.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ბრძანების პირველი მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომელიც განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის სახეებს, შეფასების/გადაფასების წესს, რისკის შეფასების კრიტერიუმებს, რისკის შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულთა იმავე ან სხვა ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის წესსა და პირობებს, რისკების შეფასების გუნდის (შემდგომში – გუნდი), აგრეთვე მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას.

 

აღნიშნული წესის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საშიშროების რისკის სახეებია: დაბალი, საშუალო, მომეტებული, მაღალი. საშიშროების დაბალი რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის დაბალი (მინიმალური). დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

სასამართლომ მიუთითა განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 09 მარტის №3529 ბრძანებით მსჯავრდებული ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

სასამართლო ყურადღება გაამახვილა ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესით“ დადგენილ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცედურას, რომელიც შეიცავს წესებს, რომლის მიხედვითაც ხდება მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასება.

 

მითითებული წესის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საშიშროების რისკის სახის სავარაუდო ცვლილების დადგენის მიზნით, გუნდი უზრუნველყოფს იმ მსჯავრდებულთა პერიოდულ გადაფასებას, რომლებიც უკვე იქნენ მათ მიერ შეფასებულნი. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასება ხდება საშიშროების რისკის სახის შესაბამისად: ა) საშიშროების მაღალი რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 12 თვისა; ბ) საშიშროების მომეტებული რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 18 თვისა; გ) საშიშროების საშუალო რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 24 თვისა; დ) საშიშროების დაბალი რისკის შეფასების შემდგომ, თუ მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა, დამოკიდებულება ან სხვა გარემო პირობები ან/და მისი იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია.

 

ამავე სამართლებრივი ნორმის მე-4 და მე-5 პუნქტებით კანონმდებელი დეტალურად განსაზღვრავს ზემოაღნიშნული ვადის დაუცველად მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასების წინაპირობებს და პროცედურას. კერძოდ, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურის დაწყება ასევე შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის დაუცველად განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა პირის ქცევა, დამოკიდებულება ან სხვა გარემო პირობები ან/და მისი იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება ხდება დირექტორის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ამ შემთხვევაში დირექტორი ვალდებულია აღწეროს გარემოებები, რის საფუძველზეც მიმართავს გუნდს საშიშროების რისკის სავარაუდო ცვლილების თაობაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა საქმის მასალებით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის დაუცველად მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდმა დაიწყო მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯე------–ის საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურა, ხოლო 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილებით გუნდა მიიჩნია, რომ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის საშიშროების რისკი სახე არის - მომეტებული.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 01 ნოემბრის №16529 ბრძანებით, მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის საიდუმლო სხდომის ოქმის საფუძველზე, საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელმა მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას მიანიჭა განსაკუთრებული მნიშვნელობა და მსჯავრდებულის შეფასების პროცესი კონკრეტულად გაწერა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯე------–ის საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურა დაიწყო დადგენილი ვადის დაუცველად, ხოლო მსჯავრდებულთა რისკის შეფასების გუნდის მიერ შედგენილი ოქმი საფუძვლად ედება ისეთი ღონისძიების გატარებას, როგორიც არის მსჯავრდებულის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამწესება, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმსჯელოს ოქმის მიღების პროცედურულ საკითხებზე, ვინაიდან პროცედურული საკითხების დაცვის ვალდებულება წარმოადგენს კანონით დადგენილი წესების ისეთ სახის დარღვევას, რომლის არსებობისას შეუძლებელია შეფასდეს მის საფუძველზე მიღებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების კანონიერება.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილი იმპერატიული მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იქნა სათანადოდ განმარტებული და დოკუმენტურად დადასტურებული თუ რა გარემოება დაედო საფუძვლად მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის მიერ დადგენილი ვადის დაუცველად მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯე------–ის საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურის დაწყებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული წესი მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი დირექტორის დასაბუთებული წერილობითი მიმართვა, რომელშიც აღწერილი იქნებოდა საშიშროების რისკის სავარაუდო ცვლილების განმაპირობებელი გარემოებები. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის მიერ დადგენილი ვადის დაუცველად მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯე------–ის საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურა დაიწყო შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის პირობებში და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასების პროცედურა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლის დაუცველად, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება და ასევე მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 01 ნოემბრის №16529 ბრძანება მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ისათვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისა და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს დაევალოს მოპასუხეს მსჯავრდებული ფ-----ნ ჯე------–ი სასჯელის მოხდის გასაგრძელებლად დააბრუნოს №16 პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სასამართლო მოიხმობს „პატიმრობის კოდექსის“ 71 მუხლის მე-12 ნაწილს, რომლის თანახმადაც, სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ - რისკი) გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მოსამზადებლად; ბ) პენიტენციურ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას; გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; დ) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას; ე) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; ვ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას; ზ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; თ) ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; ი) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას; კ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელი სამსახურის გენერალურ დირექტორს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.

 

სასამართლომ მიუთითა როგორც საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 16 აგვისტოს №12847 ბრძანებით, საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ 71 მუხლის მე-12 ნაწილის და 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ი №16 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის №16 პენიტენციური დაწესებულებიდან №8 პენიტენციურ დაწესებულებაში სწორედ ზემოაღნიშნული პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 16 აგვისტოს №12847 ბრძანების საფუძველზე იქნა გადაყვანილი, ხოლო მითითებული ბრძანება ძალაშია და არ გაუქმებულა და მისი კანონშესაბამისობის საკითხი მოცემული დავის ფარგლებშიც არ წარმოადგენს სასამართლოს მსჯელობის საგანს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც საფუძვლად დაედო მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის №16 პენიტენციური დაწესებულებიდან №8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაავალოს მოპასუხეს მსჯავრდებული ფ-----ნ ჯე------–ი სასჯელის მოხდის გასაგრძელებლად დააბრუნოს №16 პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი განმარტავს, რომ აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოახდინა მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯე------–ის მიმართ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გახდა შემდგომ მსჯავრდბულ ფ-----ნ ჯე------–ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი, თუმცა გადაწყვეტილების დასაბუთების კუთხითაც სუსტია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაურკვევლია რა არგუმენტაციაზე დაყრდნობით განსაზღვრა სასამართლომ, რომ აღნიშნულ საქმეში დარღვეული იყო გადაწყვეტილების მიღების დროს პროცედურული საკითხები, კერძოდ, მსჯავრდებულთა რისკის შეფასების გუნდის (შემდგომში - გუნდი) 2018 წლის 9 მარტის სხდომის ოქმის საფუძველზე, მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯე------–ის განესაზღვრა დაბალი რისკი. მოგვიანებით გუნდის მიერ მოხდა მსჯავრდებულისთვის რისკის გადაფასება და 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილებით გუნდმა მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკი სახე იყო მომეტებული.

 

„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის Nო70 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლი განსაზღვრავს მსჯავრდებულისთვის საშიშროების რისკის პერიოდულად გადაფასების საკითხებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასება ხდება საშიშროების რისკის სახის შესაბამისად: ა) საშიშროების მაღალი რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 12 თვისა; ბ) საშიშროების მომეტებული რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 18 თვისა; გ) საშიშროების საშუალო რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 24 თვისა; დ) საშიშროების დაბალი რისკის შეფასების შემდგომ, თუ მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა, დამოკიდებულება ან სხვა გარემო პირობები ან/და მისი იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურის დაწყება ასევე შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის დაუცველად განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა პირის ქცევა, დამოკიდებულება ან სხვა გარემო პირობები ან/და მისი იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია", ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, "ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება ხდება დირექტორის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ამ შემთხვევაში დირექტორი ვალდებულია აღწეროს გარემოებები, რის საფუძველზეც მიმართავს გუნდს საშიშროების რისკის სავარაუდო ცვლილების თაობაზე".

 

რაც შეეხება, დაბალი რისკი მქონე მსჯავრდებულს, ბრძანების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის ჩანაწერის მიხედვით დაბალი რისკის მსჯავრდებულს შესაძლოა რისკი გადაუფასდეს ნებისმიერ დროს (მაგალითად ორი თვის შემდოგმაც) თუ მკვეთრად შეიცვალა მისი ქცევა, დამოკიდებულება ან სხვა გარემო პირობები ან/და მისი იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია. ამ ტიპის მსჯავრდბულთან მიმართებით ნორმატიული აქტით არ არის.

 

დადგენილი რისკის გადაფასების კონკრეტული ვადები, განსხვავებით საშიშროების მაღალი, - მომეტებული და საშუალი რისკის შემთხვევებისა, დაბალი რისკის მსჯავრდებულისთვის რისკის გადაფასების დრო დამოკიდებულია ფაქტობრივი გარემოებების ცვლილებაზე. მას რისკი შესაძლოა ნებისმიერ დროს გადაუფასდეს, ეს შეიძლება იყოს რისკის პირველი შეფასებიდან ორი თვე, სამი თვე და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნული შემთხვევა არ ექცევა მითითებული ბრძანების მე 16 მუხლის მე-4 პუნქტის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, პროცედურული თვალსაზრისით გუნდს არ დაურღვევია ოქმის მიღების წესი და პროცედურა.

 

გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ბრძანების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულების დირექტორის მიმართვა გუნდისადმი ნამდვილად არსებობს, იგი დათარიღებულია 2018 წლის 20 სექტემბრით და + MOC 3 18 00864256 წერილით გუნდის უფროსისთვის გაგზავნილია "მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის Nო20 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ 20 მსჯავრდებულის მონაცემებს, რომელთა შორის მე-19 სწორედ ფ-----ნ ჯე------–ია. (იხ. დანართი N2). აღნიშნული მიმართვა არ იყო წარდგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოში ობიექტური მიზეზიდან გამომდიანრე, ვინაიდან მიმართვა არ არის მსჯავრდებულისთვის რისკის გადაფასებისას ადამინისტრაციული სამართალწარმოების საქმის მასალების არსებითი შემადგენელი ნაწილი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ მიმართვით გუნდისთვის გაგზავნილია 20 მსჯავრდებულის პირველად მონაცემები, რომლებიც შეიცავს სხვა მსჯავრდებულთა პერსონალურ მონაცემებს.

 

შესაბამისად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიაჩნია, რომ სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა, მაშინ როცა საქმეზე წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ მსჯავრდებულთა რისკების გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანების მომზადებისა და მიღების დროს არ დარღვეულა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემისთვის კანონით დადგენილი მოთხოვნები და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

„პატიმრობის კოდექსის“ 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი".

 

„პატიმრობის კოდექსის“ 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მის მიერ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო, მისი ავადმყოფობის გამო ან/და რისკის ფაქტორის გათვალისწინებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, ლიკვიდაციისას ან გადატვირთულობისას, ან ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, ან სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას ან/და მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში. მსჯავრდებულის რისკების შეფასებას და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკების შეფასების გუნდი. მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით".

 

„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის Nო70 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის თანახმად, "მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება მისი პიროვნული თვისებების, დანაშაულის ჩადენის მოტივის, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევის, დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულების, დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების შესრულების, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტების, ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობის, დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტების, წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევების, მსჯავრდებულის ასაკის, ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულების, დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობის, თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტების, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, აგრეთვე წახალისების/დისციპლინური სახდელის/ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე".

 

ამავე ბრძანების მე-3 მუხლის შესაბამისად, „სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის — პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ფი საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით".

 

მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯე------–ისთვის საშიშროების მომეტებული რისკის განსაზღვრა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მსჯავრდბეულის ქცევა მკვეთრად შეიცვალა უარესობისკენ, რაც გამოიხატა იმაში, რომ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებიდან მეორე დღესვე მან დაარღვია დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ: საკანში ხმაურისა და დაწესებულების თანამშორმლისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო 17.08.2018 წელს დისციპლინური სახდელი სახით გამოეცხადა „საყვედური". ასევე, 2018 წლის 20 და 29 აგვისტოს აგრესიის გამოხატვის, ხმაურის და თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობის გამო ორჯერ გამოეცხადა „საყვედური". აღნიშნულის გარდა საქმეში არსებობს უსაფრთხოების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია, რომლის შესწავლისა და შეფასების შედეგადაც, მსჯავრდებულს გადაუფასდა საშიშროების რისკი და დაუდგინდა მომეტებული რისკის სახე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 16 აგვისტოს №12847 ბრძანებით, საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ 71 მუხლის მე-12 ნაწილის და 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ი №16 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმის ამონაწერის თანახმად მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდმა განიხილა №8 პენიტენციური დაწესებულების მონაცემების პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შევსებული ფორმა №2 და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია საიდუმლო ფორმა №3 მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის შესახებ.

 

მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის საქმის განხილვისას მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდმა იხელმძღვანელა „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკის შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმის, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის შემადგენლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის მე-4 მუხლით დადგენილი საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმებით, მე-14 მუხლით და დაადგინა, მსჯავრდებული ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ი არ არის წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის მქონე; მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია, წახალისებული არ ყოფილა; არ ყოფილა ჩართული სოციალურ, დასაქმებისა და სასწავლო პროგრამებში; მსჯავრდებული არ არის მიდრეკილი თვითდაზიანებისაკენ.

 

ამავე გუნდმა დაადგინა, რომ მსჯავრდებული ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2018 წლის 16 აგვისტოს №16 პენიტენციური დაწესებულებიდან. მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 09 მარტის სხდომის ოქმის საფუძველზე, მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის განესაზღვრა დაბალი რისკი. რისკის განსაზღვრის შემდეგ მისი ქცევა მკვეთრად შეიცვალა უარესობისკენ, რაც გამოიხატა იმაში, რომ №8 დაწესებულებაში შესახლებიდან მეორე დღესვე დაარღვია დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, საკანში ხმაურისა და დაწესებულების თანამშრომლისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო 17.08.2018წ. დისციპლინური სახდელის სახით გამოეცხადა „საყვედური“. ასევე, მიმდინარე წლის 20 და 29 აგვისტოს აგრესიის გამოხატვის, ხმაურის და თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობის გამო 2-ჯერ გამოეცხადა „საყვედური“.

 

გუნდმა ასევე მიუთითა პენიტენციურ დეპარტამენტში არსებულ ოპერატიულ ინფორმაციაზე და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის განთავსება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხლის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.

 

მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდმა გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის საშიშროების რისკი სახე არის - მომეტებული. ამავე საოქმო გადაწყვეტილებით, გუნდმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს რეკომენდაცია გაუწია მასზედ, რომ მსჯავრდებული ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ი განთავსებულ იქნეს მისი რისკის სახის შესაბამის დაწესებულებაში.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 01 ნოემბრის №16529 ბრძანებით, მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის საიდუმლო სხდომის ოქმის საფუძველზე, საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სწორად ცნო იგი ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაავალა, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. პატიმრობის კოდექსი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს. პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით. პატიმრობის კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის უშუალოდ აღმასრულებელი ორგანო არის პენიტენციური დაწესებულება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის წარმართვას და პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო). კოდექსის მე-8 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით კი, საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის და აუქმებს შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას. კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ვ) ქალთა სპეციალური დაწესებულება. კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მის მიერ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო, მისი ავადმყოფობის გამო ან/და რისკის ფაქტორის გათვალისწინებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, ლიკვიდაციისას ან გადატვირთულობისას, ან ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, ან სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას ან/და მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში. მსჯავრდებულის რისკების შეფასებას და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკების შეფასების გუნდი. მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცდა ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი“.

 

მითითებული ბრძანების პირველი მუხლი განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის სახეებს, შეფასების/გადაფასების წესს, რისკის შეფასების კრიტერიუმებს, რისკის შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულთა იმავე ან სხვა ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის წესსა და პირობებს, რისკების შეფასების გუნდის (შემდგომში – გუნდი), აგრეთვე მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას.

 

აღნიშნული წესის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საშიშროების რისკის სახეებია: დაბალი, საშუალო, მომეტებული, მაღალი. საშიშროების დაბალი რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის დაბალი (მინიმალური). დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის თანდართული დებულება. აღნიშნული დებულების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის დირექტორი განსაზღვრავს იმ დაწესებულების ტიპს და კონკრეტულ დაწესებულებას, სადაც მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი, გამოსცემს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ერთი დაწესეულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანებას.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 09 მარტის №3529 ბრძანებით მსჯავრდებული ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 16 აგვისტოს №12847 ბრძანებით, საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ 71 მუხლის მე-12 ნაწილის და 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ი №16 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში. ხოლო 2018 წლის 01 ნოემბრის №16529 ბრძანებით, მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის საიდუმლო სხდომის ოქმის საფუძველზე, საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ის სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ კანონმდებელმა მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას მიანიჭა განსაკუთრებული მნიშვნელობა და მსჯავრდებულის შეფასების პროცესი კონკრეტულად გაწერა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯე------–ის საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურა დაიწყო დადგენილი ვადის დაუცველად, ხოლო მსჯავრდებულთა რისკის შეფასების გუნდის მიერ შედგენილი ოქმი საფუძვლად ედება ისეთი ღონისძიების გატარებას, როგორიც არის მსჯავრდებულის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამწესება, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმსჯელოს ოქმის მიღების პროცედურულ საკითხებზე, ვინაიდან პროცედურული საკითხების დაცვის ვალდებულება წარმოადგენს კანონით დადგენილი წესების ისეთ სახის დარღვევას, რომლის არსებობისას შეუძლებელია შეფასდეს მის საფუძველზე მიღებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების კანონიერება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ იქნა განმარტებული და დოკუმენტურად დადასტურებული თუ რა გარემოება დაედო საფუძვლად მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის მიერ დადგენილი ვადის დაუცველად მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯე------–ის საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურის დაწყებას. კერძოდ, ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი დირექტორის დასაბუთებული წერილობითი მიმართვა, რომელშიც აღწერილი იქნებოდა საშიშროების რისკის სავარაუდო ცვლილების განმაპირობებელი გარემოებები. შესაბამისად, მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის მიერ დადგენილი ვადის დაუცველად მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯე------–ის საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურა დაიწყო შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის პირობებში და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასების პროცედურა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, საპელაციო პალატის მოსაზრებითაც, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლის დაუცველად, რაც კანონშეუსაბამოა და სწორად იქნა ბათილად ცნობილი; ასევე მართებულად იქნა ბათილად ცნობილი აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 01 ნოემბრის №16529 ბრძანება მსჯავრდებულ ფ-----ნ ჯაჰანის ძე ჯე------–ისათვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისა და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლო, მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აპელანტებმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყვეს იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაზეც ამყარებდნენ თავიანთ მოთხოვნებს.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა. აპელანტმა ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე და ვერ წარმოადგინეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი

 

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

 

ხატია არდაზიშვილი