განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310117001883086
საქმე N3ბ/1801-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები - ილონა თოდუა
შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი - შპს ,,ჯ----–------------------ი“;
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;
მესამე პირი - სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.აპელანტის მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ----–------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარმოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რესტრიდან ამონაწერის მიხედვით დადგენილია, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციაში 2006 წლის 19 დეკემბერს მოხდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჯ----–------------------ი''-ს რეგისტრაცია და მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი N 2-------4. რეგისტირებული სუბიექტის იურიდიულ მისამართად მიეთითა, თბილისი, ვ-–----–----–-ს გამზირი, მ-------------–-, კ-----------------------, ელექტრონულ ფოსტად p----------------.@yahoo.com, ხოლო ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად მისი დირექტორები გ--–---------–-–---–- და ბ-–-------------ე (ს.ფ. 26-27).
2016 წლის 10 ოქტომბერს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ გამოცხადა SPA 1-------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ქიმური რეაქტივების - იონური ქრომატოგრაფის საპრესორის (C----------) შესყიდვის მიზინით. სატენდერო კომსიის 2016 წლის 25 ოქტომბრის N 3 სხდომის ოქმით შპს ,,ჯ----–------------------ი'' გამოვლინდა გამარჯვებულად და მიწვეულ იქნა სახელმწიფოს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად.
2016 წლის 26 აგვისტოს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ გამოცხადა SPA 1-------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოებისა (CPV 3-------) და ანალიზატორების ( CPV 3------) შესყიდვის მიზინით. სატენდერო კომისიის 2016 წლის 08 სექტემბრის N2 სხდომის ოქმით მოსარჩელე გამვოლინდა გამარჯვებულად და მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად (ს.ფ. 118-120).
2016 წლის 01 ნოემბერს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასა და შპს ,,ჯ----–------------------''-ს შორის გაფორმდა N146 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელს, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი 2016 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების ღირებულებად განსაზღვრა 3500 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად 2017 წლის 31 იანვარი.
2016 წლის 14 სექტემბერს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასა და შპს ,,ჯ----–------------------''-ს შორის გაფორმდა N131 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელს, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი 2016 წლის 13 ოქტომბრის ჩათლით. ხელშეკრულების ღირებულებად განისზღრა 5 350 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად2016 წლის 15 დეკემბერი (ს.ფ. 18-21, 122-124).
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ 2017 წლის 30 იანვარს N07/40 წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს ,,ჯ----–------------------ი''-ს შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით რომ ამ უკანასკნელ ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრეულებით (შესყიდვის რეკვიზიტები SPA1--------; შესყიდვის ობიექტის დასახელება - ფარმაცევტული პროდუქტები C----------) ნაკისირი ვალდებულება, კერძოდ მიწოდების საბოლოო ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 20 დეკემბერი, ხოლო ფაქტიური მიწოდება დასრულდა 2016 წლის 27 დეკემბერს.
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ 2017 წლის 30 იანვარს N07/39 წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს ,,ჯ----–------------------ი''-ს შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით რომ ამ უკანასკნელ ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრეულებით (შესყიდვის რეკვიზიტები SPA1--------; შესყიდვის ობიექტის დასახელება - ფიზიკური მახასიატებლების კონტროლის ხელსაწყოები CVP3-------) ნაკისირი ვალდებულება, კერძოდ მიწოდების საბოლოო ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 13 ოქტომბერი, ხოლო ფაქტიური მიწოდება დასრულდა 2016 წლის 21 ოქტომბერს (ს.ფ. 99-100).
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2017 წლის 03 თებერვალს N 584 წერილით მიმართა შპს ,,ჯ----–------------------''-ს, აცნობა რა სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 2017 წლის N07/40 და N 07/39 წერილობითი შეტყობინებების (შემსყიდველის მოთხოვნა შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე) შესახებ, თხოვა 05 დღის ვადაში წერილობითი განმარტების წარდგენა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 03.02.2017 წ. N 584 მიმართვის პასუხად 2017 წლის 13 თებერვალს შპს ,,ჯ----–------------------''-მა წარადგინა წერილობითი განმარტება (ს.ფ. 94-98).
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2017 წლის 27 მარტს მიღებულ იქნა განკარგულება N9-- შპს ,,ჯ----–------------------ი''-ს შავ სიაში დარეგისტირების თაობაზე, რომლის მიხედვით, შპს-ს 2017 წლის 28 მარტიდან დარეგისტირებულ იქნა შავ სიაში (გაკეთდა ორი სარეგისტრაციო ჩანაწერი) და განკარგულების აღსრულება დაევალა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 27.03.2017 წ. N9-- განკარგულება სადავოდ იქნა გამხდარი თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელის შემოტანის გზით (ს.ფ. 18-21).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ გამოცხადა SPA 1-------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოებისა (CPV 3-------) და ანალიზატორების (CPV 3------) შესყიდვის მიზინით. იმავე წლის 10 ოქტომბერს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატოიამ გამოცხადა SPA1-------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ქიმური რეაქტივების - იონური ქრომატოგრაფის საპრესორის (C----------) შესყიდვის მიზინით. სატენდერო კომსიის 2016 წლის 08 სექტემბრის N2 სხდომის ოქმითა და 25 ოქტომბრის N 3 სხდომის ოქმით შპს ,,ჯ----–------------------ი'' გამოვლინდა გამრჯვებულად და მიწვეულ იქნა სახელმწიფოს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. იმავე წლის 14 სექტემბერს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასა და შპს ,,ჯ----–------------------''-ს შორის გაფორმდა N131 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი 2016 წლის 13 ოქტომბრის ჩათლით. ხელშეკრულების ღირებულებად განისზღვრა 5 350 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 2016 წლის 15 დეკემბერი. იმავე წლის 01 ნოემბერს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასა და შპს ,,ჯ----–------------------''-ს შორის გაფორმდა N146 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი 2016 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების ღირებულებად განსაზღვრა 3500 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად 2017 წლის 31 იანვარი. საქმის მასალებით, 27.12.2016 წ. მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად დგინდება, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციას სრულად მიაწოდა 2016 წლის 01 ნოემბრის N 146 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისიწნებული საქონელი (07 დღის ვადაგადაცილება - შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადა იყო 20.12.2016წ.), ხოლო 21.10.2016 წ. მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად დადგენილია, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციას სრულად მიაწოდა 2016 წლის 14 სექეტმბრის N131 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი (08 დღის ვადაგადაცილება - შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადა იყო 13.10.2016 წ.).
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).
სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ) ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს– CPV კოდს; დ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ)კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ)კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ)ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ 2017 წლის 30 იანვარს N07/39 წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს ,,ჯ----–------------------ი''-ს შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით რომ ამ უკანასკნელ ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრეულებით (შესყიდვის რეკვიზიტები SPA1--------; შესყიდვის ობიექტის დასახელება - ფიზიკური მახასიატებლების კონტროლის ხელსაწყოები CVP3-------) ნაკისირი ვალდებულება, ხოლო იმავე წლის 30 იანვარს N07/40 წერილით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ასევე გაეგზავნა მოთხოვნა შპს ,,ჯ----–------------------ი''-ს შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით რომ ამ უკანასკნელის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრეულებით (შესყიდვის რეკვიზიტები SPA1--------; შესყიდვის ობიექტის დასახელება - ფარმაცევტული პროდუქტები C----------) ნაკისირი ვალდებულება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, აღნიშნული ბრძანების მე-7 მუხლი ეხება სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს, სადაც განმარტებულია, რომ სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომლის შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ორი სახელმწოფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად იქნა შესრულებული, კერძოდ, ორივე შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოხდა ვადის გადაცილებით (ერთ შემთხვავაში 07 დღის ვადაგადაცილება - შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადა იყო 20.12.2016წ.), ხოლო მეორე შემთხვევაში 08 დღის ვადაგადაცილება - შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადა იყო 13.10.2016 წ.), რასთან დაკავშირებითაც შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში იქნა შეტყობინება გადაგზავნილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში და ეს უკანასკნელიც ვალდებული იყო ემსჯელა ორივე ხელშეკრულების პირობების დარღევასთან მიმართებაში, შესაბამისად ის მოკლებული იყო შესაძლებლობას მიმწოდებლის მიმართ ორჯერ გამოეყენებინა გაფრთხილება, რამეთუ აღნიშნულს იმპერატიულად კრძალავს მოქმედი კანონმდებლობა. ყოველივე აქედან გამომდინარე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოქმედებდა რა თავის დისკრეციის/უფლებამოსილების ფარგლებში არსებითად სწორად მიიღო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,ჯ----–------------------ი’-ს მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნი შეუსრულებლობის ფაქტს. დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში მოწმობს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს-ს მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება. ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის N 9-- განკარგულება ,,შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ“ მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. შპს ,,ჯ----–------------------ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის თანახმად, მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებისათვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ორი სავალდებულო პირობის არსებობას. პირველი პირობა არის - მიმწოდებლის მიერ არაჯეროვანი შესრულება ხელშეკრულების და მეორე - არაჯეროვანი შესრულება უნდა დგინდებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის დროს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან არაჯეროვანი შესრულება მოხდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, რაც სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, თუ მიმწოდებლის მიერ შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვა ბაზარზე კონკურენციისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი მოპასუხეს უფლებამოსილება აქვს უარი თქვას შემსყიდველი ორგანიზაციის შავ სიაში დარეგისტრირებაზე. აპელანტის მითითებით, აღნიშნული კანონის გამოყენება მნიშვნელოვანი იყო საქმის განხილვა/გადაწყვეტისათვის. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კი ისე მიიღო სადავო განკარგულება, რომ საერთოდ არ გაუთვალისწინებია სარჩელში მითითებული გარემოებები.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველია.
4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ საქმეზე სადავო გარემოებას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შპს ,,ჯ----–------------------ის“ შავ სიაში რეგისტრაციის კანონიერების საკითხი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის კვლევის საგანსაც წარმოადგენს აღნიშნულ სიაში პირთა რეგისტრაციისთვის დადგენილ წინაპირობათა და შპს ,,ჯ----–------------------ის“ საქმეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა თანხვედრის საკითხი, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს სადავო აქტის კანონიერების საკითხსაც.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. სახელმწიფო შესყიდვა თავის მხრივ განმარტებულია, როგორც ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა უმეტესწილად სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, აგრეთვე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი პირებისაგან გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით (3,,ა“ მუხლი). შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად (3,,ბ“ მუხლი); ხოლო მიმწოდებელი განიმარტება, როგორც პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (3,,კ“ მუხლი). შესყიდვის ობიექტი არის შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამშენებლო სამუშაო (3,,გ“ მუხლი).
აღნიშნული კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახელწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული ტენდერი არის 5 000 ლარის ან მეტი ღირებულების (გარდა ამ პუნქტის „ს 1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ პროცედურებს.
აღნიშნული კანონი ითვალისწინებს შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის ე.წ. შავი სიის არსებობას, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (3,,მ“ მუხლი). ამდენად, კონკრეტულ პირთა მოხვედრა შავ სიაში იწვევს მათ კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიება გამოყენებულ უნდა იქნეს კანონის ზედმიწევნით დაცვით, რათა არ მოხდეს უფლებათა გაუმართლებელი ხელყოფა.
სადავო აქტის პერიოდში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლით განსაზღვრულია შავი სიის წარმოების წესი და პირობები. კერძოდ, ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს არაუმეტეს ორი თვის ვადაში, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არაუმეტეს ერთი თვით. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, მიიღოს დაინტერესებული პირებისგან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, მოიწვიოს სააგენტოში დაინტერესებული მხარეები ზეპირ განხილვაზე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპები.
ზემოაღნიშნულ სამართლებრიც ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირის შავ სიაში რეგისტრაციის საკითხის განხილვისას, თუკი იგი ეხება მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობას, სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები, მათი შესრულების მიმდინარეობის, დარღვევის არსებობისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია. დაუშვებელია გადაწყვეტილების მიღება პირდაპირ დამდგარი შედეგის - არაჯეროვანი შესრულების მიხედვით.
პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პრეტენდენტის/მიმწოდებლის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი ან/და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. ამდენად, კანონმდებელი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ნაკისრი ვალდებულების დარღვევის დადასტურების პირობებში შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპის დაცვით. თანაბარზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია ან დაარეგისტრიროს მიმწოდებელი შავ სიაში ან შემოიფარგლოს მხოლოდ გაფრთხილებით.
პალატას არსებითად მიაჩნია განიმარტოს დისკრეციული უფლებამოსილების მნიშვნელობა, მისი გამოყენების მიზანი და აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლები.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. მოცემული ნორმის საფუძველზე პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა მმართველობით ორგანოებს გარკვეულ შემთხვევებში ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას - გადაწყვეტილების მიღების გარკვეულ თავისუფლებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, რამდენიმე ალტერნატიული გადაწყვეტილებიდან თავად შეარჩიოს მიზნის შესრულებისათვის ყველაზე შესაბამისობაში მყოფი გადაწყვეტილება. ამასთან, მმართველობისადმი გარკვეული თავისუფლების მინიჭებასთან ერთად მას ასევე ეკისრება ვალდებულებაც, განახორციელოს მისი დისკრეციული უფლებამოსილება ისე, რომ მის თვალსაწიერში მუდმივად იყოს ძირითადი უფლებების რეალიზაციის აუცილებლობა.
ზემოაღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი-მე-5 ნაწილების თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
პალატა აღნიშნავს, რომ დისკრეცია არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სრულ თავისუფლებასა და თვითნებობას, იგი შეზღუდულია აქტის დასაბუთების ვალდებულებითა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. მისი გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას. ,,სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს“ (სუსგ №ბს-1655-1627(კ-11)).
პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ,,საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან მიმართებაში და მიუთითებს, რომ სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ სადავო აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხზე -კანონიერებაზე, ვინაიდან დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. სადავო აქტის მიზანშეწონილობის საკითხი სცილდება სასამართლოს კონტროლის ფარგლებს, შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს აქტის მიზანშეწონილობის საკითხზე. სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ აქტის კანონიერების შემოწმებით“ (სუსგ 290-288(კ-17)).
პალატას ასევე მიაჩნია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სანქციის სახით, ყველაზე უფრო შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების პირობებში ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს დაასაბუთოს თუ რატომ ვერ უზრუნველყოფდა შედარებით მსუბუქი ღონისძიების გამოყენება დარღვევის აღმოფხვრასა და მის მომავლაში პრევენციას, რაც წარმოადგენს სანქციის მიზანს. პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირის - მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაცია წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, ვინაიდან მას ეზღუდება კანონიერი უფლება მომავალში გარკვეული ვადით მიიღოს მონაწილეობა ამგვარ შესყიდვებში. შესაბამისად, პირთა შავ სიაში რეგისტრაციისას სააგენტოს ეკისრება ვალდებულება შეაფასოს უფრო მსუბუქი ღონისძიების - გაფრთხილების გამოყენება ხომ არ იქნება დასახული მიზნის ადეკვატური, ამავდროულად თანაბარზომიერი ღონისძიება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 10 ოქტომბერს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ გამოცხადა SPA 1-------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ქიმური რეაქტივების - იონური ქრომატოგრაფის საპრესორის (C----------) შესყიდვის მიზინით. სატენდერო კომსიის 2016 წლის 25 ოქტომბრის N 3 სხდომის ოქმით შპს ,,ჯ----–------------------ი'' გამოვლინდა გამარჯვებულად და მიწვეულ იქნა სახელმწიფოს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად.
2016 წლის 26 აგვისტოს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ გამოცხადა SPA 1-------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოებისა (CPV 3-------) და ანალიზატორების ( CPV 3------) შესყიდვის მიზინით. სატენდერო კომისიის 2016 წლის 08 სექტემბრის N2 სხდომის ოქმით მოსარჩელე გამოვლინდა გამარჯვებულად და მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად (ს.ფ. 118-120).
2016 წლის 01 ნოემბერს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასა და შპს ,,ჯ----–------------------ს'' შორის გაფორმდა N146 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელს, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი 2016 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების ღირებულებად განსაზღვრა 3500 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად 2017 წლის 31 იანვარი.
2016 წლის 14 სექტემბერს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასა და შპს ,,ჯ----–------------------ს'' შორის გაფორმდა N131 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელს, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი 2016 წლის 13 ოქტომბრის ჩათლით. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 5 350 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად 2016 წლის 15 დეკემბერი (ს.ფ. 18-21, 122-124).
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ 2017 წლის 30 იანვარს N07/40 წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს ,,ჯ----–------------------ის'' შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით რომ ამ უკანასკნელ ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრეულებით (შესყიდვის რეკვიზიტები SPA1--------; შესყიდვის ობიექტის დასახელება - ფარმაცევტული პროდუქტები C----------) ნაკისირი ვალდებულება, კერძოდ მიწოდების საბოლოო ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 20 დეკემბერი, ხოლო ფაქტობრივი მიწოდება დასრულდა 2016 წლის 27 დეკემბერს.
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ 2017 წლის 30 იანვარს N07/39 წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს ,,ჯ----–------------------ის'' შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით რომ ამ უკანასკნელ ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრეულებით (შესყიდვის რეკვიზიტები SPA1--------; შესყიდვის ობიექტის დასახელება - ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები CVP3-------) ნაკისირი ვალდებულება, კერძოდ მიწოდების საბოლოო ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 13 ოქტომბერი, ხოლო ფაქტობრივი მიწოდება დასრულდა 2016 წლის 21 ოქტომბერს (ს.ფ. 99-100).
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2017 წლის 03 თებერვალს N 584 წერილით მიმართა შპს ,,ჯ----–------------------ს'', აცნობა რა სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 2017 წლის N07/40 და N 07/39 წერილობითი შეტყობინებების (შემსყიდველის მოთხოვნა შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე) შესახებ, თხოვა 05 დღის ვადაში წერილობითი განმარტების წარდგენა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 03.02.2017 წ. N 584 მიმართვის პასუხად 2017 წლის 13 თებერვალს შპს ,,ჯ----–------------------''-მა წარადგინა წერილობითი განმარტება (ს.ფ. 94-98).
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2017 წლის 27 მარტს მიღებულ იქნა განკარგულება N9-- შპს ,,ჯ----–------------------ის'' შავ სიაში დარეგისტირების თაობაზე, რომლის მიხედვით, შპს-ს 2017 წლის 28 მარტიდან დარეგისტირებულ იქნა შავ სიაში (გაკეთდა ორი სარეგისტრაციო ჩანაწერი) და განკარგულების აღსრულება დაევალა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციისათვის, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებას ადგილი უნდა ჰქონდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის დროს, განსახილველ შემთხვევაში კი არაჯეროვანი შესრულებისას, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურული არ იყო. ასევე შპს ,,ჯ----–------------------ის“ შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს ,,ჯ----–------------------ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებულ იქნა ვადაგადაცილებით, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად, ,,მიმწოდებელი“ ვალდებული იყო გაეფრთხილებინა ,,შემსყიდველი“ საქონლის მიწოდების შეფერხების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ „მიმწოდებლს“, ან შპს ,,ჯ----–------------------ს“ არ უცნობებია ,,შემსყიდველისათვის“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შესრულების შეუძლებლობის შესახებ და ასევე არ მოუთხოვია შესრულების ვადის გაგრძელება გონივრული დროით, თუმცა ვინაიდან ,,მიმწოდებლის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადაზე რამოდენიმე დღით გვიან (ერთ შემთხვევაში 7 დღის, ხოლო მეორე შემთხვევაში 8 დღის გადაცილებით). სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა რა სახის ზიანი მიადგა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემსყიდველ ორგანიზაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არ შეუსწავლია და არ გაუთვალისწინებია სადავო აქტის გამოცემისას.
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება პირველი ინტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ორი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად იქნა შესრულებული, კერძოდ, ორივე შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოხდა ვადის გადაცილებით (ერთ შემთხვავაში 07 დღის ვადაგადაცილება - შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადა იყო 20.12.2016წ.), ხოლო მეორე შემთხვევაში 08 დღის ვადაგადაცილება - შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადა იყო 13.10.2016 წ.), რასთან დაკავშირებითაც შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში იქნა შეტყობინება გადაგზავნილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო სადავო საკითხზე ემსჯელა ორივე ხელშეკრულების პირობების დარღევასთან მიმართებით, შესაბამისად ის მოკლებული იყო შესაძლებლობას მიმწოდებლის მიმართ ორჯერ გამოეყენებინა გაფრთხილება, რადგან აღნიშნულს იმპერატიულად კრძალავს მოქმედი კანონმდებლობა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომ მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა შემსყიდველ ორგანიზაციასთან გაფორმებული ორი კონტრაქტის პირობები, აღნიშნული დარღვევების შესწავლა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მიმდინარეობდა ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ფორმალურად არ იყო შებოჭილი დარღვევის ხასიათისა და დამდგარი ზიანის გათვალისწინებით, მიმწოდებლის მიმართ გამოეყენებინა გაფრთხილება, ხოლო თუ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოიკვეთებოდა დარღვევის მძიმე ხასიათი, ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ მაშინ მიემართა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებისათვის.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ქმნის გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის წინაპირობას, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც ,,მიმწოდებლის“ მიერ ორივე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების საკითხზე ჩატარებულ იქნა ერთი ადმინისტრაციული წარმოება, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სადავოდ ქცეულ აქტში, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა შეეფასებინა და დაესაბუთებინა თუ რატომ იყო შპს ,,ჯ----–------------------ისათვის“ გაფრთხილების გამოცხადება შეუძლებელი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ გამოკვლეულა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდების ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტი.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობისა და თანაბარზომიერების პრინციპის დაცვით მიიღოს ყველაზე უფრო ადეკვატური გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად ვერ უზრუნველყო დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება, მან არ დაასაბუთა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლისგან იგი არ ყოფილა განთავისუფლებული. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მითითებული სადავო აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და დაეკისროს ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი, დასაბუთებული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და შეფასების შემდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნება ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისრება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ ახალი აქტის გამოცემა.
5. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შპს ,,ჯ----–------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტი, ასევე მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევა და ახალი აქტის გამოცემა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოსარჩელის სასაგებლოდ.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ჯ----–------------------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,ჯ----–------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 23 მარტის N9-- განკარგულება და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალოს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში და წესით;
5. შპს ,,ჯ----–------------------ის“ მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება დაეკისროს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები ილონა თოდუა
შოთა გეწაძე