განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2019
საქმის ნომერი
330210018002760706
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 33021-0-8002760706

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 ნოემბერი, 20-9 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/7375-19

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ე-–----- მ--------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს---- ბ------ კ---ი

წარმომადგენელი - ზ----- ც------–---ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-9 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-9 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ე-–----- მ--------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 20-6 წლის 1- თებერვალს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ-------ს“ და ს---- ბ------ კ---ის შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, მ---- ე---------ს ქუჩა #1-, საკადასტრო კოდი #0-.1-.1-.0-0.0-9. იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, გაიხსნა სესხის ხაზი, რომლის მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა 50 000 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 20-6 წლის 1- თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.2. 20-6 წლის 23 თებერვალს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ-------ს“ და ს---- ბ------ კ---ის შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------მ ს---- ბ------ კ---იზე გასცა სესხი 199 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, 20-7 წლის 23 თებერვლამდე ვადით, კრედიტის მიზნობრიობა - სამომხმარებლო, წყლის გამაცხელებლის შეძენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20-6 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.3. უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, მ---- ე---------ს ქ. #1-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო #0-.1-.1-.0-0.0-9 საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოპასუხე ს---- ბ------ კ---ის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 60-61)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.4. სასამართლო საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, მოწმის ჩვენების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შესწავლისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქმეზე არ დასტურდება ს---- ბ------ კ---ის 5999 ლარით უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ-------ს“ და ს---- ბ------ კ---ის შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მსესხებლის ნაცვლად, მის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულებას, რაც უშუალოდ მის სახელშეკრულებო ვალდებულებას არ წარმოადგენდა. მოსარჩელის განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით დასტურდება, რომ იგი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ანგარიშზე ს---- ბ------ კ---ის მიერ აღებული სესხის ფარგლებში ახორციელებდა გადახდებს, რადგან მოპასუხე, რომელიც მისი დედამთილი იყო, ემუქრებოდა სახლიდან გაგდებით, თუ თანხებს არ გადაიხდიდა.

 

მოპასუხე ს---- ბ------ კ---ი არ დაეთანხმა მოსარჩელის განმარტებას და მიუთითა, რომ მართალია, ხელშეკრულებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან მან დადო, მაგრამ აღებული სესხის თანხებიდან მას პირადი დანიშნულებისთვის ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს. აღებული სესხის ნაწილით დაიფარა მისი შვილის ო----- გ------ის ძველი დავალიანებები, ხოლო ნაწილი მისმა შვილმა და რძალმა, რომელიც ამავდროულად მოსარჩელეს წარმოადგენს, დახარჯეს.

 

სასამართლომ მოისმინა მხარეების განმარტებები და მოწმის ჩვენება, გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ არ დგინდება მოპასუხე ს---- ბ------ კ---ის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი. არსებული მოცემულობის ფარგლებში, უდავოა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ-------სთან“ ს---- ბ------ კ---ის მიერ დადებული სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში, გადახდებს რამდენიმე პირი აწარმოებდა, როგორც ე-–----- მ--------ი, ასევე ს---- ბ------ კ---ი და ო----- გ------ი. ცალსახაა, რომ მოდავე მხარეები წარმოადგენენ ერთი ოჯახის წევრებს, არიან რძალ-დედამთილი. ამასთან, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ ო----- გ------ს, რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელის მეუღლეს და მოპასუხის შვილს, ჰქონდა ფულადი ვალდებულებები, რომლებიც დაიფარა სწორედ ს---- ბ------ კ---ის მიერ აღებული სესხით. ასევე, მეორე საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში განვადებით გამოტანილი საოჯახო ტექნიკა - წყლის გამათბობელი, ხმარდება ოჯახის საერთო ინტერესს და სარგებლობდა ყველა მისი წევრი, მათ შორის მოსარჩელე მხარე.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მითითება მხოლოდ იმ ფაქტზე რომ მის მიერ ხდებოდა მოპასუხის კონკრეტული სასესხო ვალდებულების დაფარვა ავტომატურად არ წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის დადასტურების საფუძველს. მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ სწორედ მისი მეუღლის ფულადი ვალდებულებები დაედო ერთ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ სესხის აღებას. მხოლოდ ის ფაქტი რომ ოჯახის წევრებს დაეძაბათ ურთიერთობა არ ახდენს უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის აღმოცენების საფუძველს.

 

ყოველივ ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ მისი მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოება მის ხარჯზე მოპასუხე მხარის გამდიდრების თაობაზე საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელფასის ცნობები (ს.ფ. 1-2-1-3);

- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 26-52; 56; 85-86; 1-5-1-1; 1-4-120);

- ს---- ბ------ კ---ის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 62-64);

- შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 90);

- ვადიანი ანაბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 169-170);

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 171);

- თანხმობა ოვერდრაფტით სარგებლობაზე (ს.ფ. 172-173);

- ოვერდრაფტის ხელშეკრულება (ს.ფ. 174);

- განაცხადი-თანხმობა ოვერდრაფტით სარგებლობაზე (ს.ფ. 175-176);

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 177-1-0);

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 1-1);

- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 1-2-1-5);

- ო----- გ------ის განცხადება (ს.ფ. 1-6);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-მუხლის შესაბამისად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. ამავე კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ერთი პირის გამდიდრება უნდა მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე მნიშვნელობას მოკლებულია ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე პირთა ბრალეულობა, კეთილსინდისიერება და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერება თუ მართლწინააღმდეგობა. ანაზღაურების მოთხოვნის არსებობისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა-დაზოგვა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმის სურათიდან ნათლად ჩანს, რომ ე-–----- მ--------ის მიერ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან ს---- ბ------ კ---ის მიერ გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული შენატანები ემსახურებოდა იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც ოჯახის ერთიანი ინტერესებიდან გამომდინარე, იქნა აღებული მოპასუხე ს---- ბ------ კ---ის მიერ და ამ ვალდებულების შესრულებაც ოჯახის ყველა წევრისთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო უნდა ყოფილიყო. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოპასუხე მხარის გამდიდრების ფაქტი სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით მართალია მოპასუხე მხარეს და საკრედიტო დაწესებულებას შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროს ის მოპასუხე მხარის შვილთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და ამ უკანასკნელთან და თავად მოპასუხესთან ერთად ერთ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა სადავო პერიოდში მათ ერთიანი ოჯახური მეურნეობა არ ჰქონიათ. აპელანტის განმარტებით სადავო პერიოდში მოპასუხესთან ერთად, ერთ ბინაში მისი და მისი შვილების ცხოვრება განპირობებული იყო იმით, რომ მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა. ამასთან, მოპასუხის ნაცვლად ვალდებულებას იმ მოტივით ასრულებდა, რომ მოპასუხე მას აღნიშნულის სანაცვლოდ საცხოვრებელ ბინაზე თანასაკუთრების უფლების გადაცემას სთავაზობდა.

 

აპელანტის განმარტებით მასთან შეთანხმებული არ ყოფილა არც სესხის ხელშეკრულების გაფორმება და მითუმეტეს შეთანხმებული არ ყოფილა თანხის განკარგვის მიზნობრიობა. აპელანტი ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ ამჟამად ის უკვე განქორწინებულია მოპასუხის შვილთან, მისი მოსაზრებით აღნიშნული გარემოება იმაზე მეტყველებს, რომ მას მათ შორის სადავო პერიოდში მოპასუხესთან და მის შვილთან ერთიანი ოჯახური მეურნეობა არ ჰქონია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1. სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოწმებს რა გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ს---- ბ------ კ---ისთვის ე-–----- მ--------ის სასარგებლოდ 5599 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და სადავოდ არ ხდება, რომ:

- 20-6 წლის 1- თებერვალს ერთი მხრივ შპს მკრ ,,კ-------ს’’ და მეორე მხრივ ს---- ბ------ კ---ის შორის იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ს---- ბ------ კ---ის შპს მკრ ,,კ-------ში’’ 50 000 ლარიანი სესხის ხაზი გაეხსნა, აღნიშნული ვალდებულების უზრუნველსაყოფად შპს მკრ ,,კ-------ს’’ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ს---- ბ------ კ---ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, მ---- ე---------ს ქუჩა #1-, საკადასტრო კოდი #0-.1-.1-.0-0.0-9.

- 20-6 წლის 20 თებერვალს ს---- ბ------ კ---ის და შპს მკრ ,,კ-------ს’’ შორის 20-6 წლის 1- თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საგანსაც წყლის გამაცხელებლის შესაძენად მსესხებლის სასარგებლოდ 199 ლარის გაცემა წარმოადგენდა.

- საქმეში წარმოდგენილი სესხის გადახდის გრაფიკით ირკვევა, რომ შპს მკრ ,,კ-------ს’’ მიერ 20-6 წლის 24 თებერვალს ს---- ბ------ კ---ის სასარგებლოდ სესხად გაცემული 3 200 აშშ დოლარი ამ უკანასკნელს გამსესხებლისთვის პროცენტთან ერთად 48 თვის განმავლობაში უნდა დაებრუნებინა, რაც ძირ თანხასთან ერთად ჯამში 5432 აშშ დოლარს შეადგენდა.

- ს---- ბ------ კ---ის და შპს მკრ ,,კ-------ს’’ შორის გაფორმებული იპოთეკის და მის საფუძველზე დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას შპს მკრ ,,კ-------ს’’ მიმართ ე-–----- მ--------ი, ო----- გ------ი და თავად ს---- ბ------ კ---ი ასრულებდნენ.

4.1.2. განსახილველი დავისთვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებისა და მართებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის, უმნიშვნელოვანესია, იმ ფაქტის დადგენა, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ # ას 15-29-1443-20-2, 09.12.20-3წ.; შდრ. სუსგ საქმე #ას-973-1208-04).

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ დავაში ე-–----- მ--------ი ს---- ბ------ კ---ისგან იმ თანხის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მან, მოპასუხის კრედიტორის სასარგებლოდ ამ უკანასკნელსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადაიხადა. ე-–----- მ--------ის განმარტებით, მოპასუხესთან ერთიანი საოჯახო მეურნეობა არასდროს ჰქონია, ს---- ბ------ კ---ის ვალდებულების ნაწილი ამ უკანასკნელის კრედიტორთან იმ მოტივით შეასრულა, რომ ს---- ბ------ კ---ი უძრავი ნივთის ქონების ნაწილზე საკუთრების უფლების გადაცემას ჰპირდებოდა, ვალდებულების შესრულების მოტივად მოსარჩელემ იმ გარემოებაზეც მიუთითა, რომ, რომ არა მოპასუხის კრედიტორის სასარგებლოდ თანხის გადახდა, მოპასუხე მას ბინიდან გაძევებით ემუქრებოდა. მოსარჩელის განმარტებით რადგან ს---- ბ------ კ---ის მისთვის საცხოვრებელ ბინაზე თანასაკუთრების უფლება არ გადაუცია და არც სესხად მიღებული თანხა არ განუკარგავს, მის მიერ სადავო თანხის ფარგლებში ვალდებულების შესრულებით მის ხარჯზე მოპასუხე მხარე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

 

4.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის თანახმად პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. დასახელებული ნორმის მიხედვით მოთხოვნის წინაპირობა არის, რომ უსაფუძვლო გამდიდრების კრედიტორის გადახდის შედეგად ადგილი აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მოვალის ვალის ფაქტობრივ გასტუმრებას. ეს ესე არის თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, სახეზეა თუ არა 371-ე მუხლის წინაპირობების შესრულება. (იხ.http://www.gccc.ge/წიგნი-მესამე/კერძო-ნაწილი/კარი-ii-კანონისმიერი-ვალდე/თავი-iii-უსაფუძვლო-გამდიდრე/მუხლი-986/) პალატა განმარტავს, რომ მართალია, აღნიშნული ნორმა გასტუმრებული ვალის ანაზღაურების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა, იმისათვის, რომ გასტუმრებული ვალი ანაზღაურებას დაექვემდებაროს, აუცილებელია დადგენილ იქნეს ვალის წარმოშობის საფუძვლები, ვალის გამსტუმრებლის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები ვალის წარმოშობაში და ვალის რეალურად გასტუმრების ფაქტი.

 

4.1.4. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლისა.

 

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამათლებრივი, დისკრიმინაციული დავები და ა. შ.) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხის მიმართ კონდიქციური ვალდებულების ძალით იმ სამართლებრივი სიკეთის (ფულის) დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც მან მოპასუხის კრედიტორის სასარგებლოდ გადაიხადა. ამ პირობებში მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს ვალის წარმოშობის საფუძვლის, ვალის გამსტუმრებლის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების და ვალის რეალურად გასტუმრების ფაქტის დადასტურება წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ ვალის წარმოშობის საფუძველი (საოჯახო ტექნიკის, კერძოდ წყლის გამაცხელებელის შეძენა და მოსარჩელის მეუღლის ვალების გასტუმრება) და ვალის ნაწილის მოსარჩელის მიერ გასტუმრების ფაქტი სადავოდ არ გამხდარა, მხარეებს შორის სადავოა ვალდებულებასთან მიმართებით მოსარჩელის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი საფუძველი, შესაბამისად მოსარჩელის მტკიცების ტვირთს ვალის გასტუმრებასთან მიმართებით მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოების სარწმუნოდ დადასტურება წარმოადგენდა.

 

4.1.5. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით მოსარჩელე მხარე მისი პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძვლად იმ გარემოებაზე უთითებს, რომ მიუხედავად მოპასუხის ვაჟათან რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისა და ამ უკანასკნელთან და თავად მოპასუხესთან ერთად მოპასუხის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში ცხოვრებისა, მას მოპასუხესთან ერთიანი ოჯახური მეურნეობა არ ჰქონია, შესაბამისად, მოპასუხის მიერ სესხად მიღებული თანხა მას როგორც მოპასუხის ოჯახის წევრს საერთო მიზნით არ განუკარგავს.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხის სწორად შეფასების მიზნით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ უდავო გარემოებებზე, რომ მოპასუხე მხარეს და საკრედიტო დაწესებულებას შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმების და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით სესხის თანხის გადახდის დროს მოსარჩელე მცირეწლოვან შვილებთან და მეუღლესთან ერთად, რომელიც იმავდროულად მოპასუხის შვილია, მოპასუხესთან ერთად ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობდა. უდავოა, რომ აღნიშნული პერიოდისთვის მოსარჩელე ე-–----- მ--------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ს---- ბ------ კ---ის ვაჟთან - ო----- გ------თან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოსარჩელე და მოპასუხე მხარე ერთ საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ ოჯახის წევრებს რძალ-დედამთილს წარმოადგენდნენ. ამრიგად, უდავოა, რომ მოსარჩელე მხარე მოპასუხის კრედიტორის სასარგებლოდ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას იმ პერიოდში ასრულებდა, როდესაც ის მოპასუხის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში ამ უკანასკნელის რძლის (შვილის მეუღლე) სტატუსით მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. ნიშანდობლივია აღინიშნოს ისიც, რომ მოსარჩელე მხარემ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას დაადასტურა ფაქტი მასზედ, რომ მოპასუხის მიერ საკრედიტო დაწესებულებიდან სესხად მიღებული თანხის ნაწილით მისი მეუღლის და იმავდროულად მოპასუხის ვაჟის - ო----- გ------ის ვალდებულებები დაიფარა. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი სესხის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ გაცემული თანხით საოჯახო ტექნიკის - წყლის გამაცხელებლის შეძენის ხარჯი დაფინანსდა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელე აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხის მიერ სესხის აღების და მის მიერ ამ სესხის დაფარვის მიზნით პერიოდული გადახდების დროს მოპასუხესთან ერთიანი ოჯახური მეურნეობა არ ჰქონია. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოპასუხის ვაჟთან რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა და მოპასუხის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში მეუღლისთან და შვილებან ერთად ცხოვრება პრეზუმირებულს ხდის ფაქტს მასზედ, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელე და მოპასუხე, როგორც რძალ-დედამთილი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და ამ პერიოდში მათ საერთო მეურნეობა ჰქონდათ. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მოპასუხის სახელით აღებული ვალდებულების შესრულებისას მოსარჩელისთვის ცნობილი იყო ფაქტი მასზედ, რომ ვალდებულება რომელსაც ის ასრულებდა მისი მეუღლის ვალის დაფარვას მოხმარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მხარეს სადავოდ არ გაუხდია სესხით შეძენილი საოჯახო ტექნიკით სარგებლობის ფაქტი.

 

სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ პრეზუმირებული ფაქტი ისეთი ფაქტია, რომელიც არ შედის მტკიცების საგანში, ხოლო პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს პრეზუმფცია (ვისთვისაც არახელსაყრელი შედეგის მომტანია). სააპელაციო პალატა ხაზგამისთ შენიშნავს, რომ პრეზუმირებულად მიჩნეული ფაქტის - მოსარჩელის და მოპასუხის ერთ ოჯახად ცხოვრების და საერთო მეურნეობის ქონის გამაქარწყლებელი, სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება მოსარჩელის მხრიდან არ წარმოდგენილა, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარე მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა.

 

პალატა განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ სადავო გარემოებასთან მიმართებით მოსარჩელე აპელანტის განმარტება გამყარებული არ ყოფილა საქმეში წარმოდგენილი სამართლებრვად ვარგისი მტკიცებულებით სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხის მიერ სესხის აღების და ამ სესხის დაბრუნების პერიოდში მოსარჩელეს და მოპასუხეს საერთო ოჯახური მეურნეობა არ ჰქონიათ და სესხი ოჯახის საერთო მიზნით, საერთო პრობლემის გადაჭრის თუ კეთილდღეობის შექმნის მიზნით არ განუკარგავთ. ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით მოსარჩელის პასუხიმგებლობის გამომრცხველი გარემოების სარწმუნოდ დაუდასტურებლობა კი კონკრეტულ შემთხვევაში ე-–----- მ--------ის სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

4.1.6. საბოლოოდ სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ პუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე-–----- მ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური