განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2019
საქმის ნომერი
330210018002622464
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002622464

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/7704-19

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

წარმომადგენელი - მ--------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს "G-------- ჯ-----------ი"

წარმომადგენელი - მ---------------

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს "G-------- ჯ-----------ი"-ს მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისრა 351 ლარის გადახდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარჩელო მოთხოვნა 3334.30 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2018 წლის 17 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და შპს "G-------- ჯ-----------ის“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საფუძველზეც შპს "G-------- ჯ-----------ის“ მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა 1------ ლარის ღირებულების ხ------–---------–-.

 

ხელშეკრულებით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით, შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების 9.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- #1------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 17-21);

- ფასების ცხრილი (ს.ფ. 22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.2. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნის საფუძველზე ხდებოდა პერიოდულად მოთხოვნილი ოდენობის ფ----–-ს მიწოდება და თითოეული მოთხოვნისას განისაზღვრებოდა მისი ოდენობა და მიწოდების ვადა. არსებულ შემთხვევაში 2018 წლის 15 მაისის N1------ წერილის საფუძველზე მოპასუხე მხარეს უნდა მიეწოდებინა 2018 წლის 21 მაისამდე 15 600 ლარის ღირებულების ფ----–- ორ ეტაპად, 2018 წლის 30 მაისს 7800 ლარის ღირებულების ფ----–-, ხოლო 2018 წლის 05 ივნისს ასევე 7800 ლარის ღირებულების ფ----–-. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის შეთანხმებული ვადა და მეორე ეტაპის პროდუქციის მიწოდება დაგვიანდა 15 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 15/05/2018 წლის წერილი (ს.ფ. 18-23);

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 24-25);

- 21/06/2018 წლის წერილი (ს.ფ. 26-27);

- რეესტრი #1-- (ს.ფ.ნ28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 17 იანვრის N1------ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის 15 დღის გადაცილებისთვის, მოსარჩელემ მოსთხოვა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით, ჯამში 3685.50 ლარის ოდენობით (დღეში 245.70 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15/05/2018 წლის წერილი (ს.ფ. 18-23);

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 24-25);

- 21/06/2018 წლის წერილი (ს.ფ. 26-27);

- რეესტრი #1-- (ს.ფ.ნ28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

აღნიშნული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შპს "G-------- ჯ-----------იმ“ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მიაწოდა 15 600 ლარის ღირებულების ფ----–-. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ორ ეტაპად, 2018 წლის 30 მაისს 7 800 ლარის ღირებულების ფ----–-, ხოლო 2018 წლის 05 ივნისს ასევე 7800 ლარის ღირებულების ფ----–-. ვინაიდან, მოპასუხემ საქონლის ბოლო მიწოდება განახორციელა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის 15 დღიანი გადაცილებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.15%, 15 გადაცილებულ დღეზე, 3685.50 ლარი.

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, კერძოდ, მოსარჩელეს პროდუქცია მიაწოდა 15 დღის დაგვიანებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 3685.50 ლარი წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და ყოველმხრივ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. ამასთან, სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა გამოიანგარიშა არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების ოდენობიდან, არამედ მისაწოდებელი საქონლის ღირებულებიდან გამომდინარე, რომლის მიწოდებაც მოპასუხე მხარემ დაგვიანებით განახორციელა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირდა და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა, მისაწოდებელი პროდუქციის საერთო ღირებულების 15600 ლარის 0.15%- ის ოდენობით, რომელიც 15 დღეზე შეადგენს 351 ლარს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მითითებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი და მიიჩნია, რომ კონკრეტული ზიანის არსებობის მიუხედავად სახეზე იყო ხელშეკრულების დარღვევის საფუძვლით პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი. აპელანტის მოსაზრებით, ხელშკრულების პირობების დარღვევის დადასტურებულად მიჩნევის პირობებში არ არსებობდა დარიცხული პირგასამტეხლოs ,,შეუსაბამოდ მაღალ’’ ოდენობად მიჩნევის და მისი შემცირების საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართებულობა უნდა შემოწმდეს, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის თვალსაზრისით, კერძოდ უნდა ჩაითვალოს თუ არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და არსებობდა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში სკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე მისი შემცირების წინაპირობები.

4.1.1. განისახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:

 

- 2018 წლის 17 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და შპს "G-------- ჯ-----------ის“ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ობიექტს ხ------–---------–-ს შესყიდვა წარმოადგენდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 163 800 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

 

ხელშეკრულების 9.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდბულება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. ხელშეკრულება 2019 წლის 01 მარტის ჩათვლით მოქმედებდა.

 

- გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ ხდება, რომ 2018 წლის 17 იანვრის ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტის მიწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე ეტაპობრივად ხორციელდებოდა. ამ უკანასკნელის 2018 წლის 15 მაისის წერილის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტის ბოლო მიწოდება, რომელიც 15600 ლარის ღირებულების ფ----–-ს მიწოდებას გულისხმობდა, 2018 წლის 21 მაისის ჩათვლით უნდა განხორციელბულიყო. უდავოა, რომ 2018 წლის 15 მაისის წერილით მიწოდებისთვის განსაზღვრულ ვადაში (2018 წლის 21 მაისის ჩათვლით პერიოდი) შესყიდვის ობიექტი საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის მიწოდებული არ ყოფილა. კერძოდ, 7800 ლარის ღირებულების ფ----–- მიწოდებული იქნა 2018 წლის 30 მაისს, ხოლო 7800 ლარის ღირებულების ფ----–-ს მიწოდება 2018 წლის 05 ივნისს განხორციელდა. უდავოა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შპს "G-------- ჯ-----------ის“ სარჩელით მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლოს შესყიდვის ობიექტის ბოლო მიწოდების, კერძოდ, 15 600 ლარის ღირებულების ფ----–-ს 15 დღის დაგვიანებით მიწოდებისთვის ედავება.

 

4.1.2. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს "G-------- ჯ-----------ისთვის’’ პირგასამტეხლოს სახით უკვე დაკისრებულ 351 ლართან ერთად პირგასამტეხლოს სახით დამატებით 3334.5 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი გაზიარების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება შესაძლო ზიანს აღემატებოდეს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.

 

პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა, კერძოდ, მოდავე მხარეები მათ შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენაბაზე შეთანხმდნენ. საგულისხმოა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევა, რაც შესყიდვის ობიექტის ნაწილის 15 დღის ვადის დარღვევით მიწოდებაში გამოიხატა სადავო არ არის, შესაბამისად, სასამართლოს მიერ შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება წარმოადგენს.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პირგასამტეხლოზე მსჯელობისას თავის არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა, რომ მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გამოთვლა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ ასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).

 

4.2. განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სააპელაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ 2018 წლის 17 იანვარის ხელშეკრულების საერთო ღირებულება 163 800 ლარს შეადგენდა, რომელიც თავის მხრივ მოიცავდა როგორც უშუალოდ შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გასაწევ ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. მხედველობაშია მისაღები ის უდავო გარემოებაც, რომ 2018 წლის 17 იანვრის შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოსარჩელის მოთხოვნისამებრ ეტაპობრივად ხორციელდებოდა. პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლო მხედველობაში იღებს იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რომ მოპასუხე მხარემ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაახლოებით 91% ჯეროვნად შეასრულა, რადგან უდავოა, რომ მოპასუხე მხარეს სადავო ოდენობით პირგასამტეხლოს 15 600 ლარის ღირებულების ფ----–-ს თხუთმეტი დღის დაგვიანებით მიწოდების გამო ედავებიან. ხაზგასასმელია ისიც, რომ გარდა პირგასამტეხლოს დარიცხვის ზემოაღნიშნული საფუძვლისა (ვალდებულების 15 დღის ვადა გადაცილებით შესრულება) მოსარჩელე მხარეს მოპასუხის მიმართ სხვა პრეტენზია, მაგალითად ხარისხთან დაკავშირებით არ ჰქონია. საქმის მასალებით დადასტურებული არ არის არც შესყიდვის ობიექტის ნაწილის დაგვიანებით მიწოდების შედეგად არსებითი ხასიათის ზიანის დადგომის ფაქტი. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ მოპასუხე მხარემ 2018 წლის 17 იანვრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან - 1------ ლარიდან 148 200 ლარის ღირებულების ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხით შეასრულა და მას აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 15 600 ლარის ღირებულების შესყიდვის ობიექტის თხუთმეტი დღის დაგვიანებით შესრულებას ედავებიან, ამასთან ვალდებულების რამდენიმე დღიანი ვადა გადაცილებით შესრულებასთან მიმართებით გამოკვეთილი არ არის ზიანის დადგომის ფაქტი, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მოპასუხე მხარეს მის მიერ ჩადენილი გადაცდომის არაპროპორციული ოდენობის - შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო დაარიცხა, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად იქნა შემცირებული.

 

პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს კანონიერი ნდობა სახელმწიფო ორგანოს ქცევის კეთილსინდისიერების მიმართ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებამ კომპანია გადახდისუუნარობის პირას არ უნდა მიიყვანოს. სანქციის სახით დაწესებული პირგასამტეხლო უნდა ატარებდეს იმ სამართლებრივ მიზანს, რაც მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ანიჭებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური