განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/677-19
N330310116001249689
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ე------------–-------ი
ადვოკატი - დ------------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
წარმომადგენელი - გ--------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - მ--------------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ე------------–-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. 2015 წლის 16 იანვრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ც--–-------------------ში (ს.კ. 0---------------) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ნივთის ნაწილზე, კერძოდ, შენობა-ნაგებობიდან ფართი - 114 კვ.მზე რეგისტრირებულია ე------------–-------ის საკუთრების უფლება.
1.2.2. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 31 დეკემბრის N1------ გადაწყვეტილებით (გაცნობის თარიღი: 01.06.2015 წ.) არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ე------------–-------ის 2014 წლის 21 დეკემბრის N A-------- განცხადება, რომელიც ეხება ქ. თბილისში (სექტორი - ი----) ც--–---------------ში არსებული შენობის ფასადის კედლის შელესვის და შეღებვის ნებართვას. პასუხად განმცხადებელს ეცნობა, რომ მის მიერ განხორციელებული სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება I კლასის ობიექტს, რომელსაც არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა და რომლის მოწყობაზეც სამსახური გასცემს წერილობით თანხმობას. აღნიშნული გადაწყვეტილებით არქიტექტურის სამსახურმა დაადასტურა ქ. თბილისში, ც--–---------------ში არსებული შენობის ფასადის კედლის შელესვის და შეღებვის შესაძლებლობას არსებული შენობის ფასადის რელიეფის და სტრუქტურის შენარჩუნებით.
1.2.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 20 თებერვალს ე------------–-------ის მიმართ შედგენილ იქნა N0----- მითითება, რომლის თანახმად ე------------–-------მა ქ. თბილისში, ც--–-------------------ში განახორციელა 2 სართულის დონეზე მიშენება. ე------------–-------ს დაევალა არსებული მშენებლობის განხორციელების სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენა ან მისი დემონტაჟი. დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 20 კალენდარული დღე.
1.2.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 13 მარტს შედგენილ იქნა N0----- შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც ე------------–-------მა არ შეასრულა 20.02.2015 წლის N0----- მითითებით მოთხოვნილი პირობები.
1.2.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 28 აპრილის N0----- დადგენილებით, ე------------–-------ი დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ. თბილისში, ც--–-------------------ში არსებულ სახლზე უნებართვოდ ორი სართულის დონეზე მიშენებისთვის. ე------------–-------ს დაევალა ქ. თბილისში, ც--–-------------------ში არსებულ სახლზე ორი სართულის დონეზე უნებართვოდ განხორციელებული მიშენების დემონტაჟი.
1.2.6. 2015 წლის 15 მაისს ე------------–-------მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.02.2015 წლის N0----- მითითებისა და 2015 წლის 28 აპრილის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა.
1.2.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2015 წლის 28 მაისს გაიმართა ზეპირი მოსმენა ე------------–-------ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 28 მაისის N1----------- ზეპირის მოსმენის სხდომის ოქმის თანახმად, საჩივრის ავტორის ე------------–-------ის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ კედელი, რომლის მშენებლობისთვისაც არის დაჯარიმებული გათვალისწინებულია ტექ. ბიუროს ნახაზებში, მაგრამ 8 წლის წინ მოხდა მისი დაზიანება. რის გამოც მიმართეს მერიას არაერთხელ, თუმცა უარი უთხრეს შესაბამისის სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე. მას შემდეგ მიმართეს არქიტექტურის სამსახურს, რომლისგანაც მიიღეს პასუხი, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოების ჩატარებაზე მშენებლობის ნებართვა არ იყო საჭირო. ამის შემდეგ 2014 წლის ოქტომბერში მხარემ აწარმოა აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები.
1.2.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 05 აგვისტოს N5-- ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა ე------------–-------ის 2015 წლის 15 მაისის N1-----------1 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 28 აპრილის N0----- დადგენილება.
1.2.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N0----- დადგენილებით, ე------------–-------ი დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ. თბილისში, ც--–-------------------ში უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის (დაშენებისათვის, აღნიშნული დაშენებაზე და შენობა-ნაგებობის ფასადზე მოწყობილი ორი კონდიციონერის აგრეგატისათვის)
1.2.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N1----- ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა ე------------–-------ის 2015 წლის 29 დეკემბრის N1-------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N0----- დადგენილება.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 28 აპრილის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც ე------------–-------ი დაჯარიმდა 8000 ლარით, ქ. თბილისში, ც--–----------------ში არსებულ სახლზე უნებართვოდ ორი სართულის დონის მიშენებისათვის. ამავე დადგენილებით ე------------–-------ს დაევალა ქ. თბილისში, ც--–----------------ში არსებულ სახლზე ორი სართულის დონის უნებართვოდ განხორციელებული მიშენების დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
სასამართლოს განმარტებით, "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ე------------–-------ის მიმართ 2015 წლის 20 თებერვალს შედგენილ იქნა N0----- მითითება, რომლის თანახმად ე------------–-------მა ქ. თბილისში, ც--–-------------------ში განახორციელა 2 სართულის დონეზე მიშენება. ე------------–-------ს დაევალა არსებული მშენებლობის განხორციელების სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენა ან მისი დემონტაჟი. დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 20 კალენდარული დღე. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2015 წლის 13 მარტს ე------------–-------ის მიმართ შედგენილ იქნა N0----- შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც ე------------–-------მა არ შეასრულა 2015 წლის 20 თებერვლის N0----- მითითებით მოთხოვნილი პირობები.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე კოდექსის 44.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით. მითითებული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევად არის მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 28 აპრილის N0----- დადგენილებიის პირველი პუნქტის მიხედვით, ე------------–-------ი დაჯარიმდა 8000 ლარით ქ. თბილისში, ც--–----------------ში არსებულ სახლზე უნებართვოდ ორი სართულის დონის მიშენებისათვის. მე-2 პუნქტის მიხედვით, ე------------–-------ს დაევალა ქ. თბილისში, ც--–----------------ში არსებულ სახლზე ორი სართულის დონის უნებართვოდ განხორციელებული მიშენების დემონტაჟი, ხოლო მე-3 პუნქტით დაევალა ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
1.3.2. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე მუხლის 50-ე პუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. იმავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის მე-80 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობების შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) არის შენობა-ნაგებობების დეფექტების აღმოფხვრა, გაუმჯობესება ან განახლება მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შეკეთება, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის სამუშაო რესურსის გაგრძელებას ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელად. ამავე მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა განმარტებულია შემდეგნაირად - მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ მშენებლობის განხორციელება (ახალი მშენებლობა, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი) დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია - მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა; დ) ქსელების რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, რომელიც არის ისეთი მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ: ა) შენობის ინტერიერში ტიხრების გადაადგილება, ახლის დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობ(ებ)ის გამოჭრა; ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო- კომუნალური ქსელების შეკეთება; გ) ხორციელდება შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს); დ) ხორციელდება ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება/განახლება; ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა); ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს.
დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულად არის განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზედაც ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოქმედება. ამასთან, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 16 იანვრის ამონაწერის საფუძველზე დგინდება, რომ ქ. თბილისში, ც--–-------------------ში (ს/კ 0---------------) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ნივთის ნაწილზე, კერძოდ შენობა-ნაგებობიდან 114 კვ.მ ფართზე რეგისტრირებულია ე------------–-------ის საკუთრების უფლება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 28 მაისის N1----------- ზეპირის მოსმენის სხდომის ოქმის მიხედვით, საჩივრის ავტორის ე------------–-------ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კედელი, რომლის მშენებლობისთვისაც არის დაჯარიმებული, გათვალისწინებულია ტექ. ბიუროს ნახაზებში, მაგრამ 8 წლის წინ მოხდა მისი დაზიანება, რის გამოც, მიმართა მერიას არაერთხელ, თუმცა უარი უთხრეს შესაბამისის სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე. შემდეგ მიმართა არქიტექტურის სამსახურს, რომლისგანაც მიიღო პასუხი, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოების ჩატარებაზე მშენებლობის ნებართვა არ იყო საჭირო. ამის შემდეგ, 2014 წლის ოქტომბერში მხარემ აწარმოა აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები.
თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 31 დეკემბრის N1------ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ე------------–-------ის 2014 წლის 21 დეკემბრის N A-------- განცხადება, რომელიც ეხებოდა ქ. თბილისში (სექტორი - ი----) ც--–---------------ში არსებული შენობის ფასადის კედლის შელესვის და შეღებვის ნებართვას. პასუხად განმცხადებელს ეცნობა, რომ მის მიერ განხორციელებული სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება I კლასის ობიექტს, რომელსაც არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა და რომლის მოწყობაზეც სამსახური გასცემს წერილობით თანხმობას. აღნიშნული გადაწყვეტილებით არქიტექტურის სამსახურმა დაადასტურა ქ. თბილისში, ც--–---------------ში არსებული შენობის ფასადის კედლის შელესვის და შეღებვის შესაძლებლობას არსებული შენობის ფასადის რელიეფის და სტრუქტურის შენარჩუნებით.
მოსარჩელემ არქიტექტურის სამსახურს მიმართა ქ. თბილისში (სექტორი - ი----) ც--–---------------ში არსებული შენობის ფასადის კედლის შელესვის და შეღებვის ნებართვის მისაღებად, სწორედ აღნიშნულთან მიმართებით განემარტა მოსარჩელე მხარეს, რომ მის მიერ განხორციელებული სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნებოდა I კლასის ობიექტს, რომელსაც არ ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა და რომლის მოწყობაზეც სამსახური გასცემდა წერილობით თანხმობას. აღნიშნული გადაწყვეტილებით არქიტექტურის სამსახურმა დაადასტურა ქ. თბილისში, ც--–---------------ში არსებული შენობის ფასადის კედლის შელესვის და შეღებვის შესაძლებლობა არსებული შენობის ფასადის რელიეფის და სტრუქტურის შენარჩუნებით.
მოსარჩელე დაჯარიმებულია ქ. თბილისში, ც--–----------------ში არსებულ სახლზე უნებართვოდ ორი სართულის დონის მიშენებისათვის. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები კი ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, განიხილება რეკონსტრუქციად და საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. სასამართლომ კვლავ გაამახვილა ყურადღება მოსარჩელის წარმომადგენლის 2015 წლის 28 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, კედელი, რომლის მშენებლობისთვისაც ე------------–-------ი არის დაჯარიმებული, გათვალისწინებულია ტექ. ბიუროს ნახაზებში, მაგრამ ვინაიდან 8 წლის წინ მოხდა მისი დაზიანება, 2014 წლის ოქტომბერში მხარემ აწარმოა აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები.
სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში არსებული მტკიცებულებების, ფოტომასალის და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ე------------–-------მა ქ. თბილისში, ც--–----------------ში არსებულ სახლზე უნებართვოდ განახორციელა ორი სართულის დონის მიშენება, რაც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია ე------------–-------ს არ გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო. 2015 წლის 28 აპრილის N0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
1.3.3. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 05 აგვისტოს N5-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ე------------–-------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 05 აგვისტოს N5-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ე------------–-------ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.3, 3.1.4 პუნქტებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ თითქოს ე------------–-------მა თბილისში, ც--–-------------ში განახორციელა მიშენება 2 სართულის დონეზე. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს, შესაბამისად, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა უკანონოდ შეადგინა N0----- მითითება. აპელანტი მიუთითებს ზაკ-ის 601 მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მოსარჩელეს მიშენება არ განუხორციელებია, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა გამაგრებითი სამუშაოები არასწორად ჩათვალა მიშენებად. სახლი ძველი და ავარიულია, შესაბამისად, საჭიროებდა გამაგრებით სამუშაოებს. გარდა ამისა, მოსარჩელის საკუთრებაში მხოლოდ პირველი სართულია, შესაბამისად, სხვის საკუთრებაში არსებულ მეორე სართულზე ვერ განახორციელებდა მიშენებას. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დაუსაბუთებელია, რის გამოც, არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლითაც დადგენილია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი. აღნიშნული კოდექსის 25.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება. 25.9 მუხლის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ. გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 44.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ც--–-------------------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ნივთის ნაწილზე (შენობა-ნაგებობიდან 114 კვ.მ ფართზე, ს/კ 0---------------) რეგისტრირებულია ე------------–-------ის საკუთრების უფლება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ე------------–-------ის მიმართ 20.02.2015წ. შეადგინა მითითება №0-----, რომლის თანახმად, ე------------–-------მა ქ. თბილისში, ც--–-------------------ში განახორციელა 2 სართულის დონეზე მიშენება. ამავე სამსახურმა 13.03.2015წ. შეადგინა N0----- შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, 20.02.2015წ. მითითებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 28.04.2015წ. N0----- დადგენილებით ე------------–-------ი დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ც--–-------------------ში არსებულ სახლზე უნებართვოდ ორი სართულის დონეზე მიშენებისათვის. ამავე დადგენილებით ე------------–-------ს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მიშენების დემონტაჟი.
3.2.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 4.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს რეკონსტრუქცია, რაშიც ამავე დადგენილების 4.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იგულისხმება შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1მ2-ზე მეტად. ამავე დადგენილების 3.50 მუხლის თანახმად, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით.
მითითებული დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, ხოლო 36.2 მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე. ამავე დადგენილების 3.74 მუხლის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ე------------–-------მა, ქ. თბილისში, ც--–----------------ში განახორციელა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, კერძოდ, ორი სართულის დონის მიშენება, რასაც შედეგად მოჰყვა სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1მ2-ზე მეტად, შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებით, აღნიშნული კი, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების 36-ე მუხლის შესაბამისად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია ე------------–-------ს არ გააჩნდა. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილი იყო, რეკონსტრუქცია განეხილა, როგორც უნებართვო მშენებლობა და შესაბამისი პროცედურის დაცვით, გამოეტანა დადგენილება მოსარჩელის სანქცირების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოახდინა ძველი, დაზიანებული კედლის დემონტაჟი და ამავე ფარგლებში ამოიყვანა ახალი კედელი, რაც გათვალისწინებულია ტექინვენტარიზაციის ბიუროში დაცულ ნახაზებში, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება ნახაზებში მის მიერ მითითებული ფართისა და სამართალდარღვევის ობიექტის ფართის იდენტურობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიღებული 28.04.2015წ. N0----- დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3.2.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.08.2015წ. №5-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ე------------–-------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 28.04.2015წ. N0----- დადგენილება.
სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ამდენად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.08.2015წ. N5-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე------------–-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი