განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1809-19
№330310019002903480
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - ი-------------–----ი
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ლ-------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ-------–------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით რ-------–------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 თებერვლის N1-- ბრძანება ,,რ-------–------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 მაისის N3------ გადაწყვეტილება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ-------–------ის განცხადებაზე, ქ. თბილისში, გ---------------------------ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეესტრირებული უძრავი ქონების ფასადზე არსებული სარდაფის ფართის ფასადზე კარის ღიობის მოწყობის შესაძლებლობის დადასტურების შესახებ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
1.2.1. საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 22 მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, გ---------------------------, სარდაფი, ფართით: 1--------------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0----------------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია რ-------–------ეს სახელზე (ს.ფ. 36).
1.2.2. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ბ--–-------–------ის“ 2018 წლის 14 მაისის კონსტრუქციული დასკვნით დგინდება, რომ რ-------–------ის თხოვნის საფუძველზე, შპს ,,B--------------“-ის სპეციალისტებმა შეისწავლეს ქ. თბილისში, გ----------------------------ში არსებული შენობის კონსტრუქციული მდგრადობა და ჩატარებული სამუშაობის მიზანშეწონილობა. აღნიშნულით დგინდება, რომ შენობა წარმოადგენს ლენტურ საძირკვლიან, რ/ბეტონის კარკასის მქონე, ანაკრები კონსტრუქციებით ნაშენებ, ტიპიურ პროექტის მქონე, რვა სართულიან, საცხოვრებელ კორპუსს. სართულშუა გადახურვებში გამოყენებულია ღრუტანიანი სინკარები. ზემო აღნიშნული ნახევრად სარდაფის კედელი 40 სმ.სისიქის ბეტონისაა.
შპს ,,B--------------“-ის სპეცილისტების აზრით, კარის ღიობის გაჭრა, ისე როგორც ნაჩვენებია წარდგენილი ფოტო მონტაჟზე შესაძლებელია, რისთვისაც საჭიროა, საპროექტო კარის ღიობის მოჩარჩოება კედლის ორივე მხრიდან, ლითონის კუთხოვანებით 100X100X4მმ, რომლებიც ერთმანეთთან შეკავშირებული იქნება(ელ შეზღუდვით) 100 X4 მმ.ლითონის ზოლოვანებით, ბიჯი 200მმ კარის ღიობი უნდა განთავსდეს 40 სმ-ით ქვემოთ სართულშუა გადახურვის სინკარიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნის სახით მითითებულია, რომ სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, ზემოთ აღნიშნულ ნახევრად სარდაფში კარის ღიობის გაჭრა შესაძლებელია და იგი არ უქმნის საფრთხეს ერთიანი შენობის მდგრადობას (ს.ფ. 37).
1.2.3. 2018 წლის 15 მაისს რ-------–------ემ №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, გ---------------------------, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე არსებული სარდაფის ფასადზე კარის ღიობის მოწყობის შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი დასტურის გაცემა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №3------ გადაწყვეტილებით რ-------–------ეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, გ---------------------------, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე არსებული სარდაფის ფასადზე კარის ღიობის მოწყობის შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი დასტურის გაცემაზე, ვინაიდან სამსახურმა შესაძლებლად არ მიიჩნია დაინტერესებული პირის მიერ დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება და ვერ დაუშვა პრეცედენტი კონკრეტული შემთხვევისათვის გასცეს რეკონსტრუქციის ნებართვა და ჩათვალა, რომ მსგავსი სახით პრეცენდენტის დაშვება შესაძლებელია შემდგომში გახდეს ანალოგიური მოთხოვნების წარმოდგენისა და მსგავსი ფაქტების დამკვიდრების საფუძველი, რაც მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას იქონიებს შენობის ერთიან იერსახეზე (ს.ფ. 19-20).
1.2.4. 2018 წლის 13 ივნისს რ-------–------ემ 1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 მაისის N3------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 თებერვლის N1-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა რ-------–------ის 2018 წლის 13 ივნისის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 მაისის N3------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 25-33).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება(არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.
აღნიშნული დადგენილების 37.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 16.02.2018წ. N13-35 დადგენილებით დამტკიცდა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება’’, რომლითაც განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. დებულების მეორე მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების 3.2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 15 მაისს რ-------–------ემ №A-------- განცხადებით მიმართა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა წერილობითი დასტურის გაცემა ქ. თბილისში, გ---------------------------ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე არსებული სარდაფის ფასადზე კარის ღიობის მოწყობის შესაძლებლობის თაობაზე. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 11.05.2018წ. №3------ გადაწყვეტილებით რ-------–------ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სამსახურმა შესაძლებლად არ მიიჩნია დაინტერესებული პირის მიერ დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება და განმარტა, რომ ვერ დაუშვებს პრეცენდენტს, კონკრეტული შემთხვევისათვის გასცეს რეკონსტრუქციის ნებართვა. სამსახურის მოსაზრებით, მსგავსი სახით პრეცენდენტის დაშვება შესაძლებელია შემდგომში გახდეს ანალოგიური მოთხოვნების წარდგენისა და მსგავსი ფაქტების დამკვიდრების საფუძველი, რაც მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას იქონიებს შენობის ერთიან იერსახეზე.
სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლზე და მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული, დაამტკიცოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით მოსარჩელის კანონიერი უფლებების დარღვევის ფაქტის არარსებობა. კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე იქნა მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და დასაბუთებული, რატომ არის შეუძლებელი ამ ეტაპზე ქ. თბილისში, გ---------------------------ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე არსებული სარდაფის ფასადზე კარის ღიობის მოწყობის შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი დასტურის გაცემა. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ შპს ,,ბ--–-------–------ის“ 2018 წლის 14მ აისის კონსტრუქციული დასკვნაზე, რომლის თანახმად, რ-------–------ის თხოვნის საფუძველზე, შპს ,,B--------------“-ის სპეციალისტებმა შეისწავლეს ქ. თბილისში, გ----------------------------ში არსებული შენობის კონსტრუქციული მდგრადობა და ჩატარებული სამუშაობის მიზანშეწონილობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დგინდება, რომ შენობა წარმოადგენს ლენტურ საძირკვლიან, რ/ბეტონის კარკასის მქონე, ანაკრები კონსტრუქციებით ნაშენებ, ტიპიურ პროექტის მქონე, რვა სართულიან, საცხოვრებელ კორპუსს. სართულშუა გადახურვებში გამოყენებულია ღრუტანიანი სინკარები. ზემო აღნიშნული ნახევრად სარდაფის კედელი 40 სმ სისქის ბეტონისაა. შპს ,,B--------------“-ის სპეციალისტების აზრით, კარის ღიობის გაჭრა, ისე როგორც ნაჩვენებია წარდგენილი ფოტო მონტაჟზე შესაძლებელია, რისთვისაც საჭიროა, საპროექტო კარის ღიობის მოჩარჩოება კედლის ორივე მხრიდან, ლითონის კუთხოვანებით 100X100X4მმ, რომლებიც ერთმანეთთან შეკავშირებული იქნება(ელ შეზღუდვით) 100 X4 მმ.ლითონის ზოლოვანებით, ბიჯი 200მმ კარის ღიობი უნდა განთავსდეს 40 სმ-ით ქვემოთ სართულშუა გადახურვის სინკარიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნის სახით მითითებულია, რომ სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, ზემოთ აღნიშნულ ნახევრად სარდაფში კარის ღიობის გაჭრა შესაძლებელია და იგი არ უქმნის საფრთხეს ერთიანი შენობის მდგრადობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016წლის 24 მაისის N14-39 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მე-20 მუხლის თანახმად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებსაც უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე, დაშენება, მიშენება ან/და მანსარდის მოწყობა ნებადართულია ერთიანი პროექტის საფუძველზე, იერსახის მოწესრიგების მიზნით და აღიშნულიდან გამომდინარე ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან რეკონსტრუქციის შედეგად არ ხორციელდება სარდაფის ფართში ღიობის მოწყობა ერთიანი იერსახის მოწესრიგების მიზნით, რაც კიდევ მეტად აუარესებს არსებული შენობის იერსახეს, თუმცა სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულის მითითება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ ნიშნავს იმას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ საკითხი სრულყოფილად იქნა გამოკვლეული, რამეთუ იმ მოცემულობაში, როდესაც რ-------–------ე ითხოვდა ქ. თბილისში, გ---------------------------ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე არსებული სარდაფის ფასადზე კარის ღიობის მოწყობის შესაძლებლობის დადასტურებას, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დაუსაბუთებელია, თუ რატომ გაკეთდა მითითება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მე-20 მუხლის დანაწესზე, მითუფრო მაშინ, როდესაც აღნიშნული მუხლი შეეხება და კრძალავს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე დაშენებას, მიშენებას ან/და მანსარდის მოწყობას, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა. გარდა აღნიშნულისა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სამსახურს შესაძლებლად არ მიაჩნია დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება და ვერ დაუშვებს პრეცედენტს კონკრეტული შემთხვევისათვის გასცეს რეკონსტრუქციის ნებართვა. სამსახური მიიჩნევს, რომ მსგავსი სახით პრეცედენტის დაშვება შესაძლებელია შემდგომში გახდეს ანალოგიური მოთხოვნების წარმოდგენისა და მსგავსი ფაქტების დამკვიდრების საფუძველი, რაც მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას იქონიებს შენობის ერთიან იერსახეზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მის საკუთრებაში არსებული სარდაფის ჩამავალი კიბისა და მოაჯირის მოწყობა არ იქნება პრეცენდენტული მნიშვნელობის, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად არის მსგავსი ტიპის მშენებლობები, რომლებზეც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულია ნებართვები. ასეთ პირობებში, სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს უარი (დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება), საჭიროებდა შესაბამის დასაბუთებას, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, კანონმდებლობა კი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში, დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა. ამავე დროს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს პირის უფლებას კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობს სხვა მსგავს პირობებსა და გარემოებებში. შესაბამისად, მსგავსი მოცემულობების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ერთგვაროვანი მიდგომები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. შესაბამისად, თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ რაიმე კონკრეტულ გარემოებათა არსებობისას თავისი დისკრეციული უფლებამოსილებებიდან გამოიყენა ერთ-ერთი, მაშინ იგი ვალდებულია ყველა სხვა ანალოგიური საქმის გარემოებების არსებობის შემთხვევაში მიიღოს იგივე გადაწყვეტილება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონი ერთნაირად გამოიყენოს ყველას მიმართ. თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც მსგავსი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას.
1.3.2. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 მაისის N3------ გადაწყვეტილება და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უნდა დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ-------–------ის განცხადებასთან დაკავშირებით, ქ. თბილისში, გ---------------------------ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ფასადზე არსებული სარდაფის ფართის ფასადზე კარის ღობის მოწყობის შესაძლებლობის დადასტურების შესახებ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლომ დამატებით მიუთითა ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლით განსაზღვრულია საჯარო და კერძო ინტერესები სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება: ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი. მე-2 ნაწილის თანახმად კი, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნება: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების(ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს.
სასამართლოს მოსაზრებით, სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო და კერძო ინტერესების არსებობა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში და აღნიშნულის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
1.3.3. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 27.02.2019წ. N1-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც რ-------–------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. 201.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 მაისის N3------ გადაწყვეტილება, შესაბამისად გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019წლის 27 თებერვლის N1-- ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მითუფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშოება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
2.1. აპელანტ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" და "ე1" პუნქტების თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. აპელანტი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 65-66-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ I კლასის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას არ სჭირდება მშენებლობის ნებართვა, თუმცა აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობისათვის აუცილებელია განზრახული მშენებლობის შესახებ მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის განცხადების წარდგენა და შესაბამისი წერილობითი დასტურის მოპოვება.
აპელანტი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე (დისკრეციული უფლებამოსილება) და აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი მასალების ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ, სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის პრინციპების შესაბამისად, არქიტექტურის სამსახურს კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოს მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ არქიტექტურის სამსახურის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება შენობა-ნაგებობის ექსტერიერების პროექტების შეფასება და განხილვა, აგრეთვე იმის ანალიზი, თუ რამდენად დადებით გავლენას იქონიებს დაგეგმილი სამუშაოები შენობის იერსახეზე. აპელანტის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. განსახილველ შემთხვევაში, ერთ მხარეს დგას კონკრეტული ფიზიკური პირის ინტერესი - მიეცეს მის საკუთრებაში არსებული სარდაფის ფასადზე კარის ღიობის მოწყობის შესაძლებლობა, მეორე მხარეს - საჯარო ინტერესი, რაც გამოიხატება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით ერთიანი პოლიტიკისა და ქალაქის განაშენიანების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებაში. არქიტექტურის სამსახურმა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, ობიექტის ვიზუალური მხარისა და მისი შემდგომი განვითარების გადასინჯვის შედეგად, მიზანშეუწონლად მიიჩნია დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების შესაძლებლობის დადასტურება, მისი ქალაქის მხატვრულ იერსახესთან შეუსაბამობის გამო, ვინაიდან მსგავსი სახით პრეცედენტის დაშვება შესაძლებელია შემდგომში გახდეს ანალოგიური მოთხოვნების და მსგავსი ფაქტების დამკვიდრების საფუძველი, რაც მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას იქონიებს შენობის იერსახეზე. ამდენად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომა, ე.ი. კანონის ფარგლების დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა არ დასტურდება.
აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს მიერ შპს "ბ--–-------–------ის" 2018 წლის 14 მაისის დასკვნაზე მითითება მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, მითუფრო იმ პირობებში, რომ ზემოხსენებული სამუშაოების დასადასტურებლად ადმინისტრაციულ ორგანოში მსგავსი ტიპის დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება განმცხადებელს არ აქვს და ის შესაძლებელია იქონიოს სამშენებლო მოედანზე იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები ეხება შენობის მზიდ კონსტრუქციებს. აპელანტი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 102.3 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში მსგავსი ტიპის სამუშაოების დადასტურების თაობაზე სამსახურის მიერ გაცემული ერთი აქტიც კი არ არის წარმოდგენილი მოსარჩელე მხარის მიერ, რომლითაც გამყარდებოდა პოზიცია, რომ მოთხოვნილი სამუშაოების განხორციელება არ იქნება პრეცენდენტული მნიშვნელობის. საქმეზე წარმოდგენილი კორპუსის ფოტოსურათებიდან ნათლად ჩანს, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოებით კორპუსის იერსახე დარღვეული არ არის. აპელანტი დამატებით განმარტავს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე თუნდაც იყოს გაცემული სამსახურის მიერ კონკრეტული სამუშაოების სამშენებლო ნებართვები, ეს არ შეიძლება გახდეს თანასწორობის პრინციპის დარღვევის წინაპირობა, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხდება კონკრეტული განცხადების საფუძველზე, კონკრეტული მოთხოვნისა და საპროექტო დოკუმენტაციის გათვალისწინებით, რაც გამორიცხავს განსახილველ შემთხვევაში თანასწორუფლებიანობის დარღვევის ფაქტს.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის მომზადება-გამოცემისას სრულად დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები, რის გამოც, არ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი, პირველი ინსტანციის სასამართლომ იურიდიულად არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და მიიღო იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. აპელანტ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა სადავო ფაქტობრივი გარემოება - საცხოვრებელ ფართში კარის ღიობის (ობიექტის ფასადზე ჩასასვლელი კიბის მოწყობა) მოწყობაზე მაღალი საჯარო ინტერესი, ქალაქის ერთიან იერსახესთან შესაბამისობა. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ერთ-ერთ სახელმძღვანელო პრინციპს წარმოადგენს გარემოზე ინფრასტრუქტურის გავლენის მაქსიმალურად შემსუბუქება; ინფრასტრუქტურის პოზიტიური ეფექტი იმ ტერიტორიებისათვის, სადაც იგი განთავსებულია. ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინება თვითმმართველი ქალაქის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკა ქაოტური განაშენიანების და მშენებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. სადავო აქტის გამოცემის მომენტისთვის მოქმედი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016წ. N14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების" მე-20 მუხლის თანახმად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე აკრძალულია დაშენება, მიშენება ან/და მანსარდის მოწყობა, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებსაც უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე, დაშენება, მიშენება ან/და მანსარდის მოწყობა ნებადართულია ერთიანი პროექტის საფუძველზე, იერსახის მოწესრიგების მიზნით. თბილისში, გ---------------------------ში, №0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავ ნივთზე კარის ღიობის მოწყობის მიზნით სამშენებლო სამუშაოების განხორციელება წარმოშობს შემდგომში ანალოგიური მოთხოვნის წარმოდგენას და მსგავსი ფაქტების დამკვიდრებას, რაც მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას იქონიებს შენობის ერთიან იერსახეზე.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 393-394-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების 65.1 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, I კლასს განეკუთვნება ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. ამავე დადგენილების 66.1 მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ქ. თბილისში, გ---------------------------ში, №0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავ ნივთზე კარის ღიობის მოწყობის შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი დასტურის გაცემასთან დაკავშირებით სამშენებლო სამუშაოებზე მშენებლობის ნებართვის (წერილობითი დასტურის) გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს არქიტექტურის სამსახური. შესაბამისად, მისსავე დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება შენობა-ნაგებობის ექსტერიერების პროექტების შეფასება და განხილვა, აგრეთვე ანალიზის განხორციელება იმის თაობაზე, თუ რამდენად დადებით გავლენას იქონიებს დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები შენობის იერსახეზე.
აპელანტის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურული პროცესების მართვის, სამშენებლო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი პრაქტიკული რეალიზაციის, ასევე, მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე უფლებამოსილება მინიჭებული აქვს არქიტექტურის სამსახურს, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოს განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ არ შეაფასა საჯარო ინტერესი, რაც გულისხმობს ერთიანი იერსახის შენარჩუნებას, ასევე მაქსიმალურად შემსუბუქდეს ინფრასტრუქტურის გავლენა გარემოზე, ინფრასტრუქტურას ჰქონდეს პოზიტიური ეფექტი იმ ტერიტორიებისათვის, სადაც იგი განთავსებულია.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა, მაგრამ არ მისცა შეფასება ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონს, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება: ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი. აპელანტის განმარტებით, სწორედ საჯარო ინტერესის გათვალიწინებით არ დაკმაყოფილდა რ-------–------ის მოთხოვნა კორპუსის ფასადზე სარდაფის ფართის ფასადზე ღიობის მოწყობასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებისას დაცული იყო საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, შესაბამისად კორპუსის ფასადზე სარდაფის ფართის ფასადზე ღიობის მოწყობასთან დაკავშირებით წერილობითი დასტურის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება პასუხობს თანაზომიერების პრინციპს. მოსარჩელე რ-------–------ის მოთხოვნაზე წერილობითი დასტურის გაცემა, შემდგომში მსგავსი ფაქტების დამკვიდრების საფუძველი გახდება, რაც მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას მოახდენს შენობის ერთიან იერსახეზე. განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება შეცდომა არქიტექტურის სამსახურის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, ე.ი. კანონის ფარგლების დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც სადავო გადაწყვეტილებას უკანონო ხასიათს მიანიჭებდა.
აპელანტი საყურადღებოდ მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სადავო საკითხის ასკ-ის 32.4 მუხლით გადაწყვეტის ფაქტს. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (30.04.2015წ. განჩინება საქმეზე Nბს-585-572(4კ14)). განსახილველ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიაჩნია, რომ არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, აღნიშნული სასამართლომაც ვერ მიუთითა და ამ მოცემულობაში, სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას, გადაწყვეტილება მიიღო, როგორც საპროცესო ისე მატერიალური ნორმების დარღვევით, მაშინ, როცა საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. რაც შეეხება, დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საჭიროებას, როგორც ამას განმარტავს საქართველოს უზენაესი სასამართლო (საქმე Nბს-311-307(2კ-14)), აღნიშნული არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლებს, გარემოებების სამართლებრივი შედეგების დადგენა თავად სასამართლომ უნდა მოახდინოს. კონკრეტული სამართლებრივი ნორმების დარღვევის გარდა, სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით შექმნა მართლმსაჯულების ხელოვნურად გაჭიანურების საფუძველი და რაც მთავარია, ვერ უზრუნველყო ვერც მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა, ვინაიდან ეს უკანასკნელი გამოიხატება არა სასარჩელო მოთხოვნის ფორმალურად დაკმაყოფილებაში, არამედ დასაბუთებული და სწორად განხორციელებული მართლმსაჯულების საფუძველზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომელიც შესაძლებელია არ წარმოადგენდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ მოსარჩელეს უქმნიდეს ნათელ წარმოდგენას მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის/უსაფუძვლობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად განმარტა კანონი და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ყოველივე აღნიშნული კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილებაზე, რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. აღნიშნული დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების 65.1 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. I კლასს განეკუთვნება ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. მითითებული დადგენილების 66.1 მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, ხოლო 66.2 მუხლის შესაბამისად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 15.05.2018წ. რ-------–------ემ განცხადებით მიმართა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა წერილობითი დასტურის გაცემა ქ. თბილისში, გ---------------------------ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე არსებული სარდაფის ფასადზე კარის ღიობის მოწყობის შესაძლებლობის თაობაზე. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 11.05.2018წ. №3------ გადაწყვეტილებით რ-------–------ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სამსახურმა შესაძლებლად არ მიიჩნია დაინტერესებული პირის მიერ დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება და განმარტა, რომ ვერ დაუშვებს პრეცენდენტს, კონკრეტული შემთხვევისათვის გასცეს რეკონსტრუქციის ნებართვა. სამსახურის მოსაზრებით, მსგავსი სახით პრეცენდენტის დაშვება შესაძლებელია შემდგომში გახდეს ანალოგიური მოთხოვნების წარდგენისა და მსგავსი ფაქტების დამკვიდრების საფუძველი, რაც მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას იქონიებს შენობის ერთიან იერსახეზე.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია, რატომ არის შეუძლებელი ამ ეტაპზე ქ. თბილისში, გ---------------------------ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე არსებული სარდაფის ფასადზე კარის ღიობის მოწყობის შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი დასტურის გაცემა. ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია საქმეზე წარმოდგენილი შპს ,,ბ--–-------–------ის“ 14.05.2018წ. დასკვნაზე, რომლითაც დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისში, გ----------------------------ში მდებარე ნახევრად სარდაფში კარის ღიობის გაჭრა შესაძლებელია სამშენებლო ნორმების დაცვით და იგი არ უქმნის საფრთხეს ერთიანი შენობის მდგრადობას. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016წ. N14-39 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მე-20 მუხლზე მითითება, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მუხლი კრძალავს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე დაშენებას, მიშენებას ან/და მანსარდის მოწყობას.
3.2.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 4.2 მუხლის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში, დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შეუძლებლად მიიჩნია დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით პრეცენდენტის დაშვება და რეკონსტრუქციის ნებართვის გაცემა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მსგავსი სახით პრეცენდენტის დაშვება შესაძლებელია შემდგომში გახდეს ანალოგიური მოთხოვნების წარდგენისა და მსგავსი ფაქტების დამკვიდრების საფუძველი, რაც მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას იქონიებს შენობის ერთიან იერსახეზე. ამ პირობებში, მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ მის საკუთრებაში არსებული სარდაფის ჩამავალი კიბისა და მოაჯირის მოწყობა არ იქნება პრეცენდენტული მნიშვნელობის, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად არის მსგავსი ტიპის მშენებლობები, რომლებზეც სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გაცემული აქვს ნებართვები. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი საჭიროებდა შესაბამის დასაბუთებას, იგი ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა კანონმდებლობის მოთხოვნები, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხი უნდა გადაეწყვიტა კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, იმგვარად, რომ არ შეელახა პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22.05.2018წ. N3------ გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამასთანავე, სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო და კერძო ინტერესების არსებობა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში.
3.2.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. 201.3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო 201.4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 27.02.2019წ. N1-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ-------–------ის ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22.05.2018წ. N3------ გადაწყვეტილება.
პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან საქალაქო სასამართლომ ასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22.05.2018წ. N3------ გადაწყვეტილება, შესაბამისად გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 27.02.2019წ. N1-- ბრძანების კანონშეუსაბამობაც სახეზეა, შესაბამისად, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მითუფრო მაშინ, როდესაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მას უნდა გამოეკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5. საპროცესო ხარჯები
5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2 მუხლის შესაბამისად, აპელანტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
5.2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი