განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.12.2019
საქმის ნომერი
010310018002483687
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310018002483687

საქმე N-/ბ-468-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

შემადგენლობა

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

მურთაზ მეშველიანი, ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი – ნ------------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – N- პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

 

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

2018 წლის 07 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ------------------მა მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების N- პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების წინააღმდეგ და მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N- პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 30 მაისის N------, 2018 წლის 13 ივნისის N------, 2018 წლის 3 აგვისტოს N------, 2018 წლის 5 აგვისტოს N------ და N------ განკარგულებები მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინების საფუძველზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 128-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (№3/296-18; №3/329-18; №3/429-18) საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და საქმეს მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი №3/296-18.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

მხარეებს სასამართლოს მიერ განემარტათ სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლების შესახებ.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, 2019 წლის 16 ოქტომბერს, სააპელაციო საჩივარი წარადგინა ნ------------------მა რომლითაც პირველი ინსტანციის სასამარტლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 153-167).

 

სააპელაციო პალატამ განიხილა ნ------------------ის სააპელაციო საჩივარი და საქმის მასალები, მიაჩნია, რომ მისი საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მხრიდან დისციპლინური დარღვევა იწვევს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობას. დამრღვევს დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი - დაეკისრება დისციპლინური სახდელი (პატიმრობის კოდექსის 80-ე მუხლი). დისციპლინური სახდელის სახეს პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს საყვედური, ამავე მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის შესაბამისად - სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო,,მ’’ ქვეპუნქტის მიხედვით - კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ, რომელიც გამოიცემა დაწესებულების დირექტორის განკარგულების სახით.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N- პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 30 მაისის N------ განკარგულებით, ნ------------------ის მიმართ, პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი, კერძოდ, სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 (ერთი) თვის ვადით. 2018 წლის 13 ივნისის N------- განკარგულებით, ნ------------------ის მიმართ, პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი მომდევნო ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების აკრძალვა. 2018 წლის 3 აგვისტოს N------ განკარგულებით, ნ------------------ის მიმართ, პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი - საყვედური. ზემოაღნიშნული განკარგულებები სახდელდადებულის მიერ გასაჩივრდა პირველი ინსტანციის სასამართლოში (ბათუმის საქალაქო სასამართლო).

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ------------------ის სარჩელი სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N- პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 30 მაისის N------, 2018 წლის 13 ივნისის N------, 2018 წლის 3 აგვისტოს N------, 2018 წლის 5 აგვისტოს N------ და N------ განკარგულებების ბათილად ცნობის შესახებ - არ დაკმაყოფილდა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესს და მიუთითებს, რომ განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება სასამართლოში - მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 ოქმის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 23.02.2000წ. დადგენილებით) მე-2 მუხლით ყველას, ვინც სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, აქვს უფლება, მისი მსჯავრდება ან მისთვის დანიშნული სასჯელი გადაასინჯვინოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამ უფლების განხორციელება, იმ საფუძვლების ჩათვლით, რომლებზე დაყრდნობითაც ის შეიძლება განხორციელდეს, მოწესრიგებულია კანონით. ამ წესიდან გამონაკლისი დასაშვებია მცირე მნიშვნელობის დანაშაულთა მიმართ, როგორც ეს განსაზღვრულია კანონით, ან როდესაც შესაბამისი პირი პირველი ინსტანციის წესით გაასამართლა უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ, ან მსჯავრი დაედო მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გადასინჯვის შედეგად.

 

პალატის აზრით, კანონის დათქმა განკარგულების სასამართლოში ერთჯერადად გასაჩივრების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის კოდექსი პირდაპირ არ მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების დაუშვებლობაზე, უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნორმის ამგვარი განმარტება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი არ ავალდებულებს მონაწილე ქვეყნებს შექმნან სააპელაციო სასამართლოთა სისტემა. ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ გამომდინარეობს მე-6 მუხლიდან. კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლის (რომელიც გასაჩივრების უფლებას განსაზღვრავს) მე-2 პუნქტი გასაჩივრების უფლების რეგულირების საკითხს სახელმწიფოთა დისკრეციას მიაკუთვნებს მსუბუქ სამართალდარღვევათა შემთხვევაში. მითუმეტეს ვერ შეიზღუდება ეს უფლება დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში (მათ შორის ბრალდებული/მსჯავრდებული პირის მიმართ).

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ მოცემული კატეგორიის საქმე არ ექვემდებარება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას, შესაბამისად საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში გასაჩივრების საპროცესო უფლების არასწორად განმარტება ვერ მოახდენს გავლენას კანონით გათვალისწინებული დათქმაზე გსაჩივრების პროცედურასთან დაკავშირებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ნ------------------ის სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩეს განუხილველი;

 

2. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

მურთაზ მეშველიანი

 

ნანა კალანდაძე