განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019002902337
საქმე N3ბ/2455-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - მ-------–---------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს ,,კ-–-------------“;
დირექტორი - მ-----------–-ძე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს ,,კ-–-------------“-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს თანხის გადახდა შემდეგი ოდენობით: იჯარა - გამოსყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად: საიჯარო ქირის დავალიანება - 1 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო საპრივატიზებო ღირებულებისათვის - 6141,20 აშშ დოლარი; სხვა ვალდებულებებისათვის - 6141,57 აშშ დოლარი; ოქმი/ხელშკრულება №--- შესაბამისად - 1575,40 აშშ დოლარი; №--- ოქმი/ხელშეკრულების შესაბამისად - 352 აშშ დოლარი; №--- ოქმი/ხელშეკრულების შესაბამისად - 352 აშშ დოლარი; №--- ოქმი/ხელშეკრულების შესაბამისად - 330 აშშ დოლარი; №--- ოქმი/ხელშეკრულების შესაბამისად - 330 აშშ დოლარი. ჯამში 15 223,17 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარში.
1.2. შპს ,,კ-–-------------“-ს სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობის გამო ფულადი ანაზღაურება 103 190,7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
2. მხარეთა პოზიციები:
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ,,კ-–-------------“-ის დირექტორი მ-----------–-ძე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას, განმარტა, რომ მოსარჩელე მხარე საერთოდ არ მიუთითებს მათ მიერ გადახდილ თანხებზე და ასევე მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. ქ.თბილისის სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა (უფლებამონაცვლე, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს ,,კ-–-------------“-ს შორის 2007 წლის 13 დეკემბერს დადებული №-- საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს იჯარა - გამოსყიდვის უფლებით 89 800 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 (სამი) ტ----------ი და 4 (ოთხი) სხვა მოწყობილობა. საპრივატიზებო საფასურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, 2014 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით.
ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, ,,მოიჯარემ’’ იკისრა ვალდებულება იჯარა - გამოსყიდვით აღებული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას დაეცვა საკონკურსო პირობებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე ყოველ 6 თვეში ინფორმაცია წარედგინა ,,მეიჯარისთვის’’, ხოლო 5.3. პუნქტის თანახმად, საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში ,,მოიჯარე’’ მიიღებდა გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დაჯარიმდებოდა დარჩენილი საიჯარო ქონების ღირებულების და/ან გადასახდელი ქირის 0,1%-ით (ს.ფ. 16-22; 23-24).
4.2. საქართველოს ეკონომიკური განვითრების (სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს) აუქციონის მომწყობი კომისიის პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების 2008 წლის 21 აპრილის დამადასტურებელი ოქმი №----ის თანახმად, შპს ,,კ-–-------------“-მა მოიპოვა კ-----------–ის სარგავი (1 ცალი), ბ-----–------------–ი მიწის შემყრელის (1 ცალი) პრივატიზების უფლება, 21000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარად. საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში (ს.ფ. 25-28).
4.3. საქართველოს ეკონომიკური განვითრების (სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს) აუქციონის მომწყობი კომისიის პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების 2008 წლის 21 აპრილის დამადასტურებელი ოქმი №----ის თანახმად, შპს ,,კ-–-------------“-მა მოიპოვა ფრეზა ვენახის (1 ცალი) პრივატიზების უფლება, 4700 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად. საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში (ს.ფ. 29-32).
4.4. საქართველოს ეკონომიკური განვითრების (სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს) აუქციონის მომწყობი კომისიის პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების 21.04.2008წ. დამადასტურებელი ოქმი №----ის თანახმად, შპს ,,კ-–-------------“-მა მოიპოვა ვ--------------ა (1 ცალი) პრივატიზების უფლება, 4700 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად. საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში (ს.ფ. 33-36).
4.5. საქართველოს ეკონომიკური განვითრების (სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს) აუქციონის მომწყობი კომისიის პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების 21.04.2008წ. დამადასტურებელი ოქმი №----ის თანახმად, შპს ,,კ-–-------------“-მა მოიპოვა ს-------–ა (1 ცალი) პრივატიზების უფლება, 4400 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად. საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში (ს.ფ. 37-40).
4.6. საქართველოს ეკონომიკური განვითრების (სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს) აუქციონის მომწობი კომისიის პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების 21.04.2008წ. დამადასტურებელი ოქმი №----ის თანახმად, შპს ,,კ-–-------------“-მა მოიპოვა ს-------–ა (1 ცალი) პრივატიზების უფლება, 4400 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად. საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში (ს.ფ. 41-43).
4.7. საქართველოს ეკონომიკური განვითრების (სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს) აუქციონის მომწყობი კომისიის პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების 2008 წლის 21 აპრილის №---, №---, №---, №---, №--- ოქმის მე-10 პუნქტის თანახმად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი იღებდა წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა: ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს.ფ. 25-43).
4.8. სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს №4/43180 წერილით, მოპასუხეს ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: 2016 წლის 28 მარტიდან გათავისუფლდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გარდა. ასევე ეცნობა, რომ ეპატია სახელშეკრულებო ვალდებლებების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე. გათავისუფლებულ იქნა 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებებისაგან. ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო.
ამავე წერილით მხარეს ეცნობა, რომ წერილით განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისი თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის მიზნით (ს.ფ 47-48).
4.9. სააგენტოს 2017 წლის 2 მარტის №4------ წერილით, შპს ,,კ-–-------------“-ს ეცნობა, რომ 2016 წლის 19 აგვისტოს წერილის შესაბამისად, ვინაიდან ნაკისრი ვალდებულებები დათქმული დროისთვის არ შეასრულა, 2017 წლის 1 იანვრიდან ხელშეკრულება მიიჩნეოდა შეწყვეტილად და ადრესატს ეთხოვა, რომ წერილის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო დაკისრებული პირგასამტეხლოს (15 222.17 აშშ დოლარი) და საიჯარო ქირის (1 აშშ დოლარი) გადახდა (ს.ფ. 44-46)
4.10. შპს ,,კ-–-------------“-ს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ 06.06.2017 წლის №1------- და 02.05.2017 წლის №1------- წერილებით აცნობა, რომ ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო მისთვის გადაცემული ტექნიკის მითითებულ ადგილას (ს. წ--–--, ახალი პროფ. ტექ. სასწავლებლის ტერიტორიაზე (ს/კ 8-----------)) განთავსება მისი დათვალიერებისა და შემდგომში მიღება - ჩაბარების გაფორმების მიზნით (ს.ფ. 53-54).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი და განმარტა, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ თუ არ არსებობს ან ხანდაზმულია ძირითადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, პირგასამტელოს მოთხოვნაც ხანდაზმულად უნდა იქნეს მიჩნეული.
სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-5 პუნქტი და საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 13 დეკემბრის №-- იჯარა - გამოსყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 13 დეკემბრიდან 2014 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა დარჩენილი საპრივატიზებო ღირებულების გადახდის გრაფიკი, რომელიც გადანაწილდა 7 წელზე, 2014 წლის 27 ივნისის ჩათვლით. ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების 7.3. პუნქტზე, რომლის თანახმად, საიჯარო ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება, თუ გავიდა იჯარის ვადა.
საქმის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა, რომ 2007 წლის 13 დეკემბრის იჯარა -გამოსყიდვის №-- ხელშეკრულების მოქმედება დასრულდა 2014 წლის 14 დეკემბერს. შესაბამისად, გაუგებრად მიიჩნია თუ რა საფუძვლით ითხოვს ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 28 მარტის ჩათვლით პერიოდში, როცა აღნიშნული ხელშეკრულება უკვე აღარ მოქმედებდა. ამასთან, სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-5 პუნქტი და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, როგორც 2007 წლის 13 დეკემბრის იჯარა - გამოსყიდვის №-- ხელშეკრულების, ასევე 2008 წლის 21 აპრილის №---, №---, №---, №---, №--- ოქმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა გარკვეული პერიოდულობით განისაზღვრა. მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა თითოეული პერიოდისათვის დაიწყო ცალ - ცალკე და ამოიწურა 3 წლის გასვლის შემდეგ, რის გამოც სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროისათვის ამოწურული იყო როგორც 2007 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებით 2013 წლის ჩათვლით ნაკისრი ვალდებულებების, ისე 2008 წლის 21 აპრილის ოქმებით, 2014 წლის ჩათვლით ნაკისრი ვალდებულებების ხანდაზმულობის ვადები, რაც საქმის განმხილველი სასამართლოს მოსაზრებით, ასევე უნდა გავრცელდეს 2007 წლის 13 დეკემბრის იჯარა - გამოსყიდვის №-- ხელშეკრულების 5.1. პუნქტით მოვალის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე, რომელიც შეეხება იჯარა - გამოსყიდვით აღებული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას საკონკურსო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ყოველ 6 თვეში ინფორმაციის წარდგენას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ხანდაზმულად მიიჩნია აღნიშნულ პერიოდზე პირგასამტეხლოს მოთხოვნით წარდგენილი სარჩელი. ამასთან, განმარტა, რომ მართალია 2007 წლის 13 დეკემბრის იჯარა - გამოსყიდვის №-- ხელშეკრულების და 2008 წლის 21 აპრილის №---, №---, №---, №---, №--- ოქმებით გათვალისწინებული მე-7 წლის შესასრულებელი ვალდებულებები ხანდაზმულად ვერ იქნება მიჩნეული, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გაურკვეველია თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელი წლის პრივატიზების საფასურის გადაუხდელობის გამო დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა და რა ოდენობით, მიიჩნია, რომ ამ ნაწილშიც არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მოთხოვნას, შპს ,,კ-–-------------“-ს სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობის გამო ფულადი ანაზღაურება 103 190,7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და მას, როგორც მესაკუთრეს, შეეძლო სამოქალქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოეთხოვა მის საკუთრებაში არსებული ნივთების გამოთხოვა კანონით დადგენილი წესით, რაც არ განუხორციელებია.
6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, მიუთითბს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა თუ რა წარმოადგენდა ხელშეკრულების სამართლებრივ საფუძველს და მისი საგამონაკლისო დანაწესი.
აპელანტი მიუთითებს, რომ 2007 წლის 13 დეკემბრის N-- ხელშეკრულებასა და ოქმ/ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ ხელშეკრულება გაფორმდა 1997 წლის 30 მაისის „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის N1-3/152 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პრივატიზების იჯარა - გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებისა და თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007 წლის 20 სექტემბრის N1-4/415 ბრძანების საფუძველზე.
აპელანტი მიუთითებს, რომ 1997 წლის 30 მაისის „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ საქართველოს კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2010 წლის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის 481 მუხლით (2016 წლის 18 მარტის კანონი N4910) დადგინდა სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან გათავისუფლება/სახელშეკრულებო ვალდებულებების გადავადების საგამონაკლისო წესი.
წარმომადგენელმა მიუთითა კანონის 481 მუხლის მე-5 პუნქტზე და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების სამართლებრივ საფუძველში (კანონში) განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა 2017 წლის 1 იანვრამდე, რა დრომდეც ხელშემკვრელ მხარეს მიეცა საშუალება ნებაყოფლობით შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ კანონის სწორი განმარტების პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლო სასარჩელო მოთხოვნას ხანდაზმულად ვერ მიიჩნევდა. მითითებულ მუხლზე აპელირებით, წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 28 მარტის ჩათვლით პირგასამტეხლოს დაკისრება, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
რაც შეეხება მოთხოვნას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობის გამო სამეწარმეო სუბიექტისათვის ფულადი ანაზღაურების დაკისრების შესახებ, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის იმ ზეპირსიტყვიერ მითითებას, რომ არსებობდა ხუთი ტ----------ის დაბრუნების შესაძლებლობა, მაგრამ ვერ ჩაიყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავად სააგენტოს კი საკუთარი ნივთები არ გაუთხოვია კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულზე აპელანტი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და ფაქტობრივად მტკიცების ტვირთისაგან გაათავისუფლა მოპასუხე მხარე. აპელირებს სააგენტოს წერილზე, რომელიც წარმომადგენლის განმარტებით, ადასტურებს სააგენტოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ტექნიკის დაბრუნების თაობაზე.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
7.2. პალატა მიუთითებს, რომ სადავო საკითხი ეხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას. საკითხზე არსებითად მსჯელობისათვის, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ხელშეკრულებების დიფერენცირებას და მიუთითებს მათზე:
ქ. თბილისის სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა (უფლებამონაცვლე, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს ,,კ-–-------------“-ს შორის 2007 წლის 13 დეკემბერს დადებული №-- საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს იჯარა - გამოსყიდვის უფლებით 89 800 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 (სამი) ტ----------ი და 4 (ოთხი) სხვა მოწყობილობა. საპრივატიზებო საფასურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, 2014 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკური განვითრების (სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს) აუქციონის მომწყობი კომისიის პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების 2008 წლის 21 აპრილის №---; N----------------------- დამადასტურებელ ოქმებს, აღნიშნულის თანახმად, საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) წლის განმავლობაში.
დავის საგნიდან გამომდინარე პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლითაც კანონმდებელმა ცალსახად მიუთითა, რომ პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თუ არ არსებობს ან ხანდაზმულია ძირითადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, პირგასამტელოს მოთხოვნაც ხანდაზმულად უნდა იქნეს მიჩნეული.
იმისათვის, რომ დადგინდეს, იყო თუ არა ხანდაზმული მოთხოვნები და რამდენად მართებულად დადგინდა და შეფასდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებები საკანონმდებლო რეგულაციასთან მიმართებით, მხარეთა ახსნა - განმარტებებთან ერთად მნიშვნელოვანია შეფასდეს საქმეში არსებული თითოეული დოკუმენტი. კერძოდ, ყურადსაღებია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 დეკემბრის N4------ წერილი, რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ თვალსაჩინოებისთვის დეტალურად მიუთითა დასაკისრებელი თანხების გაანგარიშება ცხრილის სახით. კერძოდ, მითითებულია, რომ 2007 წლის 13 დეკემბრის იჯარა - გამოსყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - პირგასამტეხლო საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა იყო - 89 800 აშშ დოლარი; ჯამში გადახდილი თანხა - 20 013,26 აშშ დოლარი; ვადაგადაცილებული დღეები - (დაანგარიშდა, პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თარიღისა (01.01.2016) და კანონის ამოქმედების (28.03.2016) თარიღებს შორის სხვაობით) – 88 დღე. პირგასამტეხლო თითო დღეზე - 69.78674; პირგასამტეხლო თანხა ჯამში 6 141,2 აშშ დოლარი (გადაუხდელი თანხის 0.1 % გამრავლდა 88 დღეზე) პირგასამტეხლო სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის - 6 141,6 აშშ დოლარი (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (88 დღე) ასევე ჯარიმდება გადაუხდელი თანხის 0.1%-თა და გადაუხდელი ქირის 2014, 2015, 2016, 2017 წლებისათვის 4 აშშ დოლარი) 0.1%-ით).
რაც შეეხება 2008 წლის 21 აპრილის №---; N----------------------- ოქმებს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ასევე დეტალურად მიუთითა დასაკისრებელი თანხების გაანგარიშება, კერძოდ: N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქონების ღირებულება - 21 000 აშშ დოლარი; გადახდილი თანხა - 3 097, 86 აშშ დოლარი; ვადაგადაცილებული დღეები 88 დღე (დაანგარიშდა, პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თარიღისა და კანონის ამოქმედების თარიღებს შორის სხვაობით). პირგასამტეხლო თითო დღეზე - 17,90214 (გადაუხდელი თანხის 0.1% გამრავლდა 88 დღეზე). ჯამში - 1 575,4 აშშ დოლარი; N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქონების ღირებულება - 4 700 აშშ დოლარი. გადახდილი თანხა - 699,52 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებული დღეები 88 დღე (დაანგარიშდა, პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თარიღისა და კანონის მოქმედების თარიღებს შორის სხვაობით). პირგასამტეხლო თითო დღეზე - 4,00048 აშშ დოლარი (გადაუხდელი თანხის 0.1 % გამრავლდა 88 დღეზე) ჯამში - 352 აშშ დოლარი. N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქონების ღირებულება - 4700 აშშ დოლარი; გადახდილი თანხა - 699,52 აშშ დოლარი; ვადაგადაცილებული დღეები 88 დღე (დაანგარშდა, პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თარიღისა და კანონის მოქმედების თარიღებს შორის სხვაობით). პირგასამტეხლო თითო დღეზე - 4,00048 აშშ დოლარი (გადაუხდელი თანხის 0.1% გამრავლდა 88 დღეზე); ჯამში - 352 აშშ დოლარი; N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქონების ღირებულება - 4 400 აშშ დოლარი; გადახდილი თანხა - 649,56 აშშ დოლარი; ვადაგადაცილებული დღეები 88 დღე (დაანგარშდა, პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თარიღისა და კანონის მოქმედების თარიღებს შორის სხვაობით). პირგასამტეხლო თითო დღეზე - 3,75044 აშშ დოლარი (გადაუხდელი თანხის 0.1% გამრავლდა 88 დღეზე); ჯამში - 330 აშშ დოლარი; N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქონების ღირებულება - 4 400 აშშ დოლარი; გადახდილი თანხა - 649,52 აშშ დოლარი; ვადაგადაცილებული დღეები 88 დღე (დაანგარშდა, პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თარიღისა და კანონის მოქმედების თარიღებს შორის სხვაობით). პირგასამტეხლო თითო დღეზე - 3,75044 აშშ დოლარი (გადაუხდელი თანხის 0.1% გამრავლდა 88 დღეზე); ჯამში - 330 აშშ დოლარი.
წარმოდგენილ წერილში ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე მიუთითა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობის გამო ფულადი ანაზღაურება დასაკისრებელი თანხების შემდეგი ოდენობით (გადაუხდელი საპრივატიზებო საფასურის ოდენობით) - 2007 წლის 13 დეკემბრის იჯარა - გამოსყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 69 786.74 აშშ დოლარი; N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 17 902.14 აშშ დოლარი; N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 4 000.48 აშშ დოლარი; N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 4 000.48 აშშ დოლარი; N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3 750.44 აშშ დოლარი; N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3 750.44 აშშ დოლარი; ჯამში - 69 786.74 აშშ დოლარი (ს.ფ 265-267).
პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერის თანახმად, პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალსახაა, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ - ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
პალატა საკითხზე მსჯელობის მიზნით მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემძენი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გათავისუფლდა სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან, ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო და საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე.
ამავე პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის იჯარა - გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების შემძენი გათავისუფლდა 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან და ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო.
აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის საფუძველზე პალატა ვერ დაეთანხმება და ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ 2007 წლის 13 დეკემბრის იჯარა - გამოსყიდვის №-- ხელშეკრულების მოქმედება დასრულდა 2014 წლის 14 დეკემბერს, ასევე ვერ გაიზიარებს იმ მსჯელობას, რომ არ არსებობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ტერიტორიული ორგანოს) აუქციონის მომწყობი კომისიის პირობით გამოცხადებულ აუქციონში 21.04.2008 წ. №---, №---, №---, №---, №--- გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებით ნაკისრი საპრივატიზაციო საფასურის გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
მეტი სიცხადისთვის პალატა მიუთითებს 2007 წლის 13 დეკემბრის №-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული თითოეული შესასრულებელი ვალდებულების პერიოდზე. კერძოდ, ხელშეკრულება დადებულია 2007 წლის 13 დეკემბერს და ხელშეკრულებით გათვალისიწინებული პირველი წლის ვალდებულების შესრულების პერიოდი დასრულდა 2010 წლის 31 დეკემბერს, მეორე წლის - 2011 წლის 31 დეკემბერს, მე-3 წლის 2012 წლის 31 დეკემბერს, მე-4 წლის - 2013 წლის 31 დეკემბერს, მე-5 წლის - 2014 წლის 31 დეკემბერს, მე-6 წლის - 2015 წლის 31 დეკემბერს, ხოლო მე-7 წლის - 2016 წლის 31 დეკემბერს. სარჩელი საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2017 წლის 1 ნოემბერს. ამდენად, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების (481 მუხლის მე-5 პუნქტი) დროისათვის მოთხოვნა - N-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული თითოეული შესასრულებელი ვალდებულებისათვის, რომელიც უნდა შესრულებულიყო 2010; 2011; 2012; 2013; 2014; 2015 წლის 31 დეკემბერს, სარჩელის წარდგენის დროისათვის (01.11.2017 წ) უკვე წარმოადგენდა ხანდაზმულ მოთხოვნებს. რაც შეეხება აღნიშნული ხელშეკრულების განრიგით გათვალისწინებულ მე-7 წელს, რომელიც უნდა შესრულებულიყო 2016 წლის 31 დეკემბრამდე, პალატა განმარტავს: იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლამდე კანონმდებელმა ხელშეკრულების სამართლებრივ საფუძველში - კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, ახალი რეგულაციით გაზარდა აღნიშნული ვადა, უფრო კონკრეტულად კი, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა 2017 წლის 1 იანვარმდე და მხარეებს მიეცათ საშუალება ნებაყოფლობით შეესრულებინათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად აღნიშნული ვადიდან დაიწყო ახალი, კანონით გათვალისწინებული სამწლიანი ვადის ათვლა (კანონის არანამდვილი უკუძალის პრინციპი). შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა 2007 წლის 13 დეკემბრის N-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მე-7 წლის - 2016 წლის 31 დეკემბერს შესასრულებელი ვალდებულების ნაწილში, პალატას მიაჩნია ვადის დაცვით წარდგენილად და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
7.3. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას 2008 წლის 21 აპრილის №---, №---, №---, №---, №--- გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ნაწილში, პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების პირველი წლის პერიოდი დასრულდა 2011 წლის 31 დეკემბერს, მეორე წლის - 2012 წლის 31 დეკემბერს, მე-3 წლის 2013 წლის 31 დეკემბერს, მე-4 წლის 2014 წლის 31 დეკემბერს, მე-5 წლის 2015 წლის 31 დეკემბერს, მე-6 წლის 2016 წლის 31 დეკემბერს, ხოლო მე-7 წლის 2017 წლის 31 დეკემბერს. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვინაიდან, სარჩელი წარდგენილია 2017 წლის 1 ნოემბერს, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების (481 მუხლის მე-5 პუნქტი) დროისათვის მოთხოვნა - 2008 წლის 21 აპრილის №---, №---, №---, №---, №--- გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებით გათვალისწინებული თითოეული შესასრულებელი ვალდებულებისათვის, რომელიც უნდა შესრულებულიყო 2011; 2012; 2013; 2014; 2015 წლის 31 დეკემბერს, სარჩელის წარდგენის დროისათვის (01.11.2017წ) უკვე წარმოადგენდა ხანდაზმულ მოთხოვნებს.
რაც შეეხება მოთხოვნას, რომელიც განრიგის თანახმად, წარმოადგენდა ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-6 წელს შესასრულებელ მოთხოვნას (2016 წელი), პალატა ასევე მიიჩნევს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლამდე, კანონმდებელმა ხელშეკრულების სამართლებრივ საფუძველში - კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, ახალი რეგულაციით გაზარდა აღნიშნული ვადა, უფრო კონკრეტულად კი, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა 2017 წლის 1 იანვარმდე და მხარეებს მიეცათ საშუალება ნებაყოფლობით შეესრულებინათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად აღნიშნული ვადიდან დაიწყო ახალი, კანონით გათვალისწინებული სამწლიანი ვადის ათვლა (კანონის არანამდვილი უკუძალის პრინციპი). შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა 2008 წლის 21 აპრილის ოქმით გათვალისწინებული მე-6 წლის - 2016 წლის 31 დეკემბერს შესასრულებელი ვალდებულების ნაწილში, არ წარმოადგენს ხანდაზმულ მოთხოვნას და ექვემდებარება დაკმაყოფილებას. ასევე, ხანდაზმულობის ვადის დაცვით წარდგენილად მიიჩნევს პალატა სარჩელს 2008 წლის 21 აპრილის ოქმით გათვალისწინებული განრიგით მე-7 წელს - 2017 წლის 31 დეკემბერს შესასრულებელი ვალდებულების ნაწილში და მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს.
7.4. რაც შეეხება მოთხოვნას - შპს ,,კ-–-------------“-ს სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობის გამო ფულადი ანაზღაურება 103 190,7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს აღნიშნულ ნაწილში, ასევე ეთანხმება და იზიარებს იმ განმარტებას, რომ აღნიშნული მოძრავი ქონება 2007 წლის 13 დეკემბრის იჯარა - გამოსყიდვის №-- ხელშეკრულების №6 პუნქტის (საიჯარო ქონების საკუთრების უფლება) და 2008 წლის 21 აპრილის №---, №---, №---, №---, №--- ოქმების მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, შესაბამისად მას, როგორც მესაკუთრეს, შეეძლო და პალატა მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობითაც შეუძლია სამოქალქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებული ნივთების გამოთხოვა კანონით დადგენილი წესით, რაც ცალსახად არ განუხორციელებია და ვერც საქმის პირველ და სააპელაციო ინსტანციებში განხილვის ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ქონების გამოთხოვა მათი დაზიანების ან განადგურების გამო ვერ მოხერხდა.
აქვე, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის/მოშლის შემთხვევაში შპს „კ-–-------------“-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის უნდა დაებრუნებინა (ფიზიკურად უკან მიეტანა) ხელშეკრულებით გათვალისიწიენებული ქონება. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს, შეეძლო და დღეის მდგომარეობითაც შეუძლია გამოითხოვოს მის საკუთრებაში არსებული ნივთები კანონით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შპს „კ-–-------------“-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხების გადახდა შემდეგი ოდენობით: 2007 წლის 13 დეკემბრის N-- იჯარა - გამოსყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპრივატიზებო ღირებულების გადაუხდელობისათვის და სხვა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის მე-7 წლისათვის; 2007 წლის 13 დეკემბრის N-- იჯარა - გამოსყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დანარჩენ პირგასამტეხლოს თანხების ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შპს „კ-–-------------“-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხების გადახდა შემდეგი ოდენობით: 2008 წლის 21 აპრილის N---------------------, N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისიწინებული გადახდის გრაფიკის მე-6 და მე-7 წლებისათვის. 2008 წლის 21 აპრილის N---------------------, N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დანარჩენი პირგასამტეხლოს თანხების ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ტექნიკის დაბრუნების შეუძლებლობის გამო გადაუხდელი საპრივატიზებო საფასურის - 103.190,7 ლარის დაკსირების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ს1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო - სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. შპს „კ-–-------------“-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხების გადახდა შემდეგი ოდენობით:
4.1. 2007 წლის 13 დეკემბრის N-- იჯარა - გამოსყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპრივატიზებო ღირებულების გადაუხდელობისათვის და სხვა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის მე-7 წლისათვის.
4.2. 2007 წლის 13 დეკემბრის N-- იჯარა - გამოსყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დანარჩენი პირგასამტეხლოს თანხების ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. შპს „კ-–-------------“-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხების გადახდა შემდეგი ოდენობით:
5.1. 2008 წლის 21 აპრილის N---------------------, N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისიწინებული გადახდის გრაფიკის მე-6 და მე-7 წლებისათვის.
5.2. 2008 წლის 21 აპრილის N---------------------, N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დანარჩენი პირგასამტეხლოს თანხების ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
6. სარჩელი ტექნიკის დაბრუნების შეუძლებლობის გამო გადაუხდელი საპრივატიზებო საფასურის - 103.190,7 ლარის დაკსირების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
7. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -