განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2019
საქმის ნომერი
330210117001923968
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001923968

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/534-19 29 ოქტომბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - თ----- ჩ------- (მოსარჩელე )

 

მოწინააღმდეგე მხარე - ო----- მ-----–-–---–- (მოპასუხე)

წარმომადგენელი - თ-- კ-----------ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხეს დაეკისროს 3000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

 

2. სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელეს 2014 წლის დასაწყისში მეუღლის მშობლებმა შესთავაზეს საცხოვრებლად მათ საკუთრებაში არსებულ ბინაში გადასვლა, რომელიც 3000 აშშ დოლარის სანაცვლოდ იპოთეკით იყო დატვირთული. მეუღლის მშობლები მოსარჩელეს დაჰპირდნენ, რომ თუ იგი გაარემონტებდა ბინას და გაისტუმრებდა იპოთეკარს, ბინას მასზე გადააფორმდებდნენ. მოსარჩელემ მიიღო ეს წინადადება, გაყიდა მისი კუთვნილი ბინა და გააკეთა რემონტი მეუღლის მშობლების ბინაში. მოსარჩელემ გაისტუმრა იპოთეკარის 3000 აშშ დოლარი, რის საფუძველზეც გაუქმდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იპოთეკა. რვა თვის შემდეგ მოსარჩელეს ურთიერთობა დაეძაბა მეუღლესთან და მის მშობლებთან, რის გამოც წამოვიდა სახლიდან. მოპასუხე უარს აცხადებს 3000 აშშ დოლარის დაბრუნებაზე.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ფაქტი მასზედ, თითქოს მოსარჩელემ გაისტუმრა მოპასუხის იპოთეკარი და გადაუხადა 3000 აშშ დოლარი. თანხა გადაიხადა მოპასუხემ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2018წ. გადაწყვეტილებით თ----- ჩ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4.1. 29.11.2012წ. ნ---- დ-------–---–სა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხემ ნ---- დ-------–---–ისაგან ისესხა 3000 აშშ დოლარი 18 თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ო----- მ--------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ქ. ქ----- კო--------.

 

4.2. ნ---- დ-------–---–სა და მოპასუხეს შორის გაფორმებული 2014 წლის 19 მაისის შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა 2012 წლის 29 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულება.

 

4.3. მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ნ---- დ-------–---–ისთვის მოპასუხის ვალის - 3000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

 

მოსარჩელის განმარტებით, გამსესხებელს მოპასუხის ნაცვლად გადაუხადა სესხის ხელშეკრულებით გადაცემული თანხა 3000 აშშ დოლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა 2016 წლის 27 ოქტომბრის ხელწერილი, სადაც ნ---- დ-------–---–ი მიუთითებს, რომ თ----- ჩ-------მ გაუსტუმრა 3000 აშშ დოლარი მოპასუხის უძრავი ქონების იპოთეკის გასაუქმებლად (იხ. ს.ფ. 25-26). მოპასუხე მხარემ სადაოდ გახადა აღნიშნული გარემოება და თავის მხრივ წარმოადგინა ნ---- დ-------–---–ის 2016 წლის 13 დეკემბრის ხელწერილი, სადაც ნ---- დ-------–---–ი განმარტავს, რომ მოპასუხემ დაუბრუნა 3000 აშშ დოლარი. ასევე, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა ნ---- დ-------–---–ის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვს მისი 2016 წლის 27 ოქტომბრის ხელწერილის გაუქმებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაიკითხა ნ---- დ-------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ თანხა გადაუხადა ო----- მ--------–---–მა, ხოლო 2016 წლის 27 ოქტომბრის ხელწერილი დაწერა გაუაზრებლად თ----- ჩ------ის თხოვნით (იხ. 2018 წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე მოწმის ჩვენება და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მოპასუხის ვალის გასტუმრებას.

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. ამავე კოდექსის 986-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

 

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია დადგინდეს, რომ არსებობს სხვისი ვალი და იგი არა მოვალემ არამედ მესამე პირმა გაისტუმრა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის ვალის გასტუმრების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს სსკ 986-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ფაქტობრივი შემადგენლობა, რის გამოც სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ:

 

5.1. მოსარჩელეს 2014 წლის დასაწყისში მეუღლის მშობლებმა შესთავაზეს საცხოვრებლად მათ საკუთრებაში არსებულ ბინაში გადასვლა, რომელიც 3000 აშშ დოლარად იპოთეკით იყო დატვირთული. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მოსარჩელე გაარემონტებდა ბინას და გაისტუმრებდა იპოთეკარს, მოპასუხე ბინას მასზე გადააფორმდა. მოსარჩელემ მიიღო ეს წინადადება, გააკეთა რემონტი მეუღლის მშობლების ბინაში და გაისტუმრა იპოთეკარის 3000 აშშ დოლარი, რის საფუძველზეც გაუქმდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იპოთეკა. რვა თვის შემდეგ მოსარჩელეს ურთიერთობა დაეძაბა მეუღლესთან და მის მშობლებთან, რის გამოც წამოვიდა სახლიდან. მოპასუხე უარს აცხადებს 3000 აშშ დოლარის დაბრუნებაზე.

 

5.2. იპოთეკარისთვის 3000 აშშ დოლარის გადახდის დასტურად მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი, რომელშიც იპოთეკარი ადასტურებს თანხის მიღებას. მოსარჩელემ მოითხოვა ასევე იპოთეკარის მოწმის სახით დაკითხვა, თუმცა იგი სხდომაზე არ ცხადდებოდა, ვიდრე არ დადგინდა მისი იძულების წესით მოყვანა. სხდომაზე ნ---- დ-------–---–მა ყველაფერი უარყო და სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ ეს გააკეთა გაუაზრებლად და მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხელწერილი გააუქმა, თუმცა სასამართლოსთვის მისი გაუქმების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. 29.11.2012წ. ო----- მე----–-–---–ს (შემდგომში „მოპასუხე“) და ნ---- დ-------–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ნ---- დ-------–---–ისგან ისესხა 3000 აშშ დოლარი 18 თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ქ----- კ-------, №- (ტ.1, ს.ფ. 21,22). იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (ტ.1, ს.ფ. 17,18).

 

8. 19.05.2014წ. მოპასუხეს და ნ---- დ-------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 29.11.2012წ. იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 23,24).

 

9. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 3000 აშშ დოლარის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ იპოთეკარისთვის 29.11.2012წ. იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მოპასუხის ნაცვლად გადახდილი იქნა მის მიერ.

 

იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

 

მითითებული ნორმის მიხედვით, სხვისი ვალის გადახდა კონდიქციური ვალდებულების საფუძველი ხდება იმის გამო, რომ უსაფუძვლოდ დაიზოგა სხვისი ქონება. იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას. ორივე შემთხვევაში, ვალის გადამხდელს უფლება აქვს, მოითხოვოს უსაფუძვლოდ დაზოგილის უკან დაბრუნება. ზოგადად, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად, კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორიდან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. სსკ-ის 986-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია, დადგინდეს, რომ არსებობს სხვისი ვალი და იგი არა მოვალემ, არამედ მესამე პირმა გაისტუმრა (სუსგ. Nას 1069-1022-2014, 16.06.2016წ. ).

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელის მიერ მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - იპოთეკარისთვის თანხის გადახდის - დადასტურების მიზნით წარმოდგენილია ნ---- დ-------–---–ის მიერ შედგენილი წერილობითი განმარტება იმის თაობაზე, რომ 19.05.2014წ. მას იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3000 აშშ დოლარი გადაუხადა მოსარჩელემ. დოკუმენტზე იპოთეკარის ხელმოწერა დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ 27.10.2016წ. (ტ.1, ს.ფ.25). აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა ნ---- დ-------–---–ის მიერ 13.12.2016წ. შედგენილი წერილობითი ინფორმაცია მასზედ, რომ იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3000 აშშ დოლარი მას გადაუხადა უშუალოდ მოპასუხემ (ტ.1, ს.ფ. 56).

 

ამდენად, მოსარჩელე და მოპასუხე პოზიციებს ამყარებენ მესამე პირის მიერ შედგენილ წერილობით ახსნა-განმარტებაზე, რომლებშიც აღწერილია ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების მიზნით გადახდილ თანხასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე და ამავე კოდექსის XVIII თავზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მოწმეების განმარტებები მტკიცებულებად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ ისინი სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოწმის სანოტარო წესით დადასტურებული ახსნა-განმარტებები (ტ.1, ს.ფ. 25,56), არ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებას (პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან, შდრ. იხ.: სუსგ. N-ას- 545-508-2017, 21.09.2017წ. ).

 

მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.11.2018წ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ნ---- დ-------–---–ი. მოწმეს კანონით დადგენილი წესით განემარტა ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (ტ.1, ს.ფ.101). მოწმის ჩვენებით, მას სადავო თანხა გადაუხადა მოპასუხემ. რაც შეეხება 27.10.2016წ. შედგენილ დოკუმენტს, მოწმემ მიუთითა, რომ მას ხელი მოაწერა გაუაზრებლად, მოსარჩელის თხოვნით, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ იგი თავად მივიდა და გააუქმა აღნიშნული დოკუმენტი (იხ.: მოწმის ჩვენება 16.11.2018წ. სხდომაზე).

 

ამდენად, დგინდება, რომ თავად მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხული პირი უარყოფს მოპასუხის ვალის დასაფარად მოსარჩელისგან თანხის მიღების ფაქტს. საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მოპასუხის ვალის გასტუმრების ფაქტს. ამდენად, დგინდება, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, რაც კონდიქციური მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

10. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.1, ს.ფ. 127).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ----- ჩ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2018წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე