განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310919003062263
საქმე N3/ბ-257-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
15 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
მურთაზ მეშველიანი, ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ტ------–------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ---–-------------ე
წარმომადგენელი - პ---------------ე
დავის საგანი - დამცავი ორდერის გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი:
2019 წლის 24 ივნისს, თ---–-------------ემ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ტ------–------–--ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა.
მოსარჩელის განმარტებით, არის დაოჯახებული, ყავს მეუღლე და ორი შვილი, ტ------–------–--ეს იცნობს 2016 წლის თებერვლიდან. მათ გარკვეული პერიოდი ჰქონდათ ახლო ურთიერთობა, თუმცა ამჟამად არ სურს ამ ურთიერთობის გაგრძელება, ტ------–------–--ე უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ემუქრება ოჯახის წევრების მოკვლით, ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ცდილობს მიიყვანოს თვითმკვლელობამდე. ემუქრება, რომ ოჯახში შეუქმნის პრობლემებს, მისი ოჯახის წევრებს მიაწვდის ცრუ ინფორმაციას, თითქოს უმცროსი შვილი ჰყავს სხვისგან. დედამისს სოციალურ ქსელში უგზავნის პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს. მოძალადე არის არაადეკვატური პიროვნება, მასზე ძალადობს როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. 2019 წლის 12 ივნისს შვილებთან ერთად კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა თავში ჩაარტყა მუშტი, რის გამოც მიიღო ტვინის შერყევა, აღნიშნულზე მიმართული აქვს პოლიციისათვის და დაწყებულია გამოძიება მაგრამ გამოძიების დასრულებამდე ტ------–------–--ემ კვლავ შეიძლება გააგრძელოს ძალადობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებით თ---–-------------ის (პ/ნ 6----------, მის: ხელვაჩაური, სოფ. ა--------------–-------------.) განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილა; გამოიცა დამცავი ორდენი ტ------–------–--ის (პ/ნ: 6----------; მის ქობულეთი, სოფ. ქვ----------.) მიმართ, შემდეგი პირობებით:
-აეკრძალა ტ------–------–--ეს თ---–-------------ეზე სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება;
-ტ------–------–--ეს (პ/ნ: 6----------) აეკრძალა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი თ---–-------------ე ცხოვრობს და იმყოფება;
-აეკრძალა ტ------–------–--ეს მსხვერპლთან, თ---–-------------ესთან ნებისმიერი კომუნიკაცია მობილური ოპერატორებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით;
-ტ------–------–--ეს აეკრძალა თ---–-------------ის ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია
-აეკრძალა ტ------–------–--ეს თ---–-------------ის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების/ვიდეოს სოციალურ ქსელში ატვირთვა, სოციალური ქსელის მეშვეობით სხვა პირებისათვის გადაგზავნა.
ამავე გადაწყვეტილებით დამცავი ორდერი გამოიცა 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ------–------–--ემ, რომელმაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 09 ივლისის განჩინებით ტ------–------–--ის საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად და საქმის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 15 ივლისს, 11:00 საათზე.
2019 წლის 15 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა აპელანტმა ტ------–------–--ემ, რომელმაც უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლო, საქმის მასალების და აპელანტის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ტ------–------–--ის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავის უფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლი აპელანტს ანიჭებს საპროცესო უფლებას უარი თქვას მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორი (აპელანტი) ტ------–------–--ე უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ------–------–--ის სააპელაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
ამასთან, აპელანტ ტ------–------–--ეს უნდა განემარტოს, რომ სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად, მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ტ------–------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ტ------–------–--ის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო შეწყდეს სააპელაციო საქმის წარმოება, შესაბამისად უცვლელად დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება;
3. მხარეს განემარტოს, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შედეგად მას ერთმევა უფლება, სააპელაციო წესით კვლავ გაასაჩივროს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი
ნანა კალანდაძე