განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1312-19
№330310017001910114
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტები (მოსარჩელეები) - რ-------------ე, თ------–--------–ი
თ------–-------–ის წარმომადგენელი - ა---–----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ვ--–---------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - ი-------------–----ი
მესამე პირი - ლ--–-----------–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით რ-------------ისა და თ------–-------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
1.2.1. 2004 წლის 15 ოქტომბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის კეთილმოწყობისა და კომუნალური მეურნეობის სამსახურის წამყვან სპეციალისტსა და თ------–--------–ს შორის გაფორმდა არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თ------–--------–ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა არასაცხოვრებელი ფართი (სარდაფი), მდებარე: ქ------–-------–----------------------–---------------------------–. წილობრივი მონაწილეობა და ბინის ტექნიკური დახასიათება 42 კვ.მ. სარდაფი (ტ.1, ს.ფ. 27-29).
1.2.2. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 09/08/2016; განცხადების რეგისტრაცია 8-----------) დგინდება, რომ ქ.თბილისი, ა-–----------------------ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის 42.00 კვ.მ-დან (ს/კ 0----------------------) 21 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს თ------–--------–ს, ხოლო 21 კვ.მ. მესაკუთრეს ლ--–-----------–--ე (ტ.1, ს.ფ. 25-26).
1.2.3. 2016 წლის 17 მარტს ბმა ,,ა-–--------------“-ის თავმჯდომარის მ----------------ის წარმომადგენელმა რ-------------ემ A-------- განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ თანახმად, მოითხოვა ქ. თბილისში, ა-–----------------------ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე თ------–-------–ის მიერ უნებართვოდ დაწყებული მიშენების დასრულებისათვის ვადის განსაზღვრა მისი შემდგომი ლეგალიზების მიზნით. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 აპრილის N2------ ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ბმა ,,ა-–--------------“-ის თავმჯდომარის მ-----------------ის წარმომადგენლის რ-------------ის განცხადება და უარი ეთქვა A-------- განცხადებით დასასრულებლად წარდგენილი ობიექტის მშენებლობის დასრულებისათვის ვადის განსაზღვრაზე (ტ.1, ს.ფ. 46-51).
1.2.4. 2016 წლის 21 აპრილს ბმა ,,ა-–--------------“-ის თავმჯდომარის მ-----------------ის წარმომადგენელმა რ-------------ემ და თ------–-------–ის წარმომადგენელმა ა---–----–---–მა №1-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 აპრილის №2------ ბრძანების ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 16 დეკემბრის №------ ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ბმა ,,ა-–--------------“-ის თავმჯდომარის მ-----------------ის წარმომადგენლის რ-------------ის და თ------–-------–ის წარმომადგენლის ა---–----–---–ის 2016 წლის 21 აპრილის №1-------- ადმინისტრაციული საჩივარი, ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 აპრილის №2------ ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 68-77).
1.2.5. 2014 წელს ,,A---------”-ის მიერ შესრულებული სარდაფისა და პირველი სართულის სართულებრივი გეგმით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ა-–----------------------ში მდებარე სარდაფები განთავსებულია შენობის ,,დ-ა“ ფასადის მონაკვეთში, ხოლო შემდგომი ლეგალიზების უფლებით დასასრულებლად წარდგენილი ობიექტი გაცდენილია ,,დ-ა“ ფასადს და განთავსებულია ,,დ/1-დ/2“ ფასადის მონაკვეთში, ,,4/2’’ და ,,5/1“ ღერძებს შორის.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების 3.1 მუხლის ,,ყ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესზე”, რომელიც განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების (შემდეგში – ობიექტები ან მათი ნაწილები) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. მითითებული წესის პირველი მუხლის მე-21 პუნქტის თანახმად, ამ წესის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი იმ მიშენება-დაშენებების მიმართ, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილება არ წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრულ ნებართვის გაცემის სტადიას.
სასამართლოს განმარტებით, ხსენებული წესის მოთხოვნები ვრცელდება და მის საფუძველზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტები ან მათი ნაწილები ლეგალიზებას ექვემდებარებიან მხოლოდ მაშინ თუ სალეგალიზაციო ობიექტი არსებული სახით აშენებული და დასრულებულია 2007 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, ხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილება არ წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრულ ნებართვის გაცემას, რომელიც მშენებლობის დაწყებისათვის ადგენს მისი და სხვა სამშენებლო ნორმატივებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულებისა და დაცვის ვალდებულებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ამასთან, კანონმდებლობა ობიექტის ლეგალიზებისას იმავდროულად გულისხმობს მის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებას და ექსპლუატაციაში მიღებას. იმავე „წესის“ მე-3 მუხლი ადგენს, რომ ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი (ხოლო ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა) აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით; ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის (სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან თანხმობა, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენებისა; გ) მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემთხვევაში ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; დ) ობიექტის არქიტექტურული პროექტი, ხოლო მრავალბინიან სახლებზე დასრულებული მიშენება-დაშენების შემთხვევაში - ობიექტის აზომვითი ნახაზი; ე) ფოტოსურათები; ვ) ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - დასკვნა კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ; აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57დადგენილების მოთხოვნებისა).
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „წესის“ რეგულირების სფეროში ექცევა მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ის მიშენება-დაშენებები, რომლებიც განხორციელებულია ბინაზე, ხოლო ასეთი მიშენება-დაშენების ლეგალიზების მოთხოვნის შემთხვევასი, ზემოაღნიშნული წესი აუცილბელ წარსადგენ ერთ-ერთ დოკუმენტად უთითებს ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს - ამონაწერს საჯარო რეესტრიდან.
სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი ქ.თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ (ძალადაკარგულია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით) მე-4 მუხლის 65-ე ქვეპუნქტის თანახმად, მიშენება არის შენობა-ნაგებობის ისეთი რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც საანგარიშო ზედაპირის მხრიდან მთლიანად ან მათ ნაწილზე (მათ შორის, მიწისქვეშა და არასრული სართულის დონეზე), ჰორიზონტალური მიმართულებით ხდება მისი მოცულობით-გეგმარებითი განვითარება (ახალი სამყოფ(ებ)ის, სათავს(ებ)ის, სადგომ(ებ)ის და სხვ. დამატება).
სასამართლომ მიუთითა, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 68-ე ქვეპუნქტზე, სადაც სარდაფი განმარტებულია, როგორც მიწისქვეშა სართულში განთავსებული სათავსი/სადგომი, რომლის ჭერის ამოწევის საშუალო სიმაღლე მიწის ზედაპირიდან არ აღემატება 0.7 მ-ს.
სასამართლომ ასევე მოიხმო ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს. ბინის, როგორც ცნების განმარტება, განმარტებულია ამავე კანონის მე-3 მუხლში, რომლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ბინა არის მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსების ერთობლიობა), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის, ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრება - ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 17 მარტს ბმა ,,ა-–---------------“-ის თავმჯდომარის მ----------------ის წარმომადგენელმა რ-------------ემ A-------- განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ა-–-----------------------ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მდებარე N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე უნებართვოდ დაწყებული მიშენების დასრულების ატქიტექტურული პროექტის შეთანხმება შემდგომი ლეგალიზების უფლებით. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის სტატუსად მითითებულია სარდაფი, ხოლო თანამესაკუთრეებად ლ--–-----------–--ე და თ------–--------–ი. ამასთან, შემდგომი ლეგალიზების უფლებით წარდგენილი ობიექტი წარმოადგენს მიწის პირზე აშენებულ ორ სართულიან შენობა-ნაგებობას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ შეიძლება განხილულ იქნეს N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე მიშენებად ან დაშენებად, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი 2014 წელს ,,A---------”-ის მიერ შესრულებული სარდაფისა და პირველი სართულის სართულებრივი გეგმით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ა-–-----------------------ში მდებარე სარდაფები განთავსებულია შენობის ,,დ-ა“ ფასადის მონაკვეთში, ხოლო შემდგომი ლეგალიზების უფლებით დასასრულებლად წარდგენილი ობიექტი გაცდენილია ,,დ-ა“ ფასადს და განთავსებულია ,,დ/1-დ/2“ ფასადის მონაკვეთში, ,,4/2’’ და ,,5/1“ ღერძებს შორის. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დასასრულებლად წარდგენილი ობიექტი არ წარმოადგენს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე დაწყებულ მიშენებას და ასევე არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს. აღნიშნული კი გამორიცხავს მისი დასრულებისათვის ვადის განსაზღვრის შესაძლებლობას, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულია მხოლოდ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით დაწყებული მიშენება-დაშენებისა და უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებისათვის ვადის განსაზღვრის შესაძლებლობა, ხოლო სხვა ფუნქციის შენობის დაწყებული მშენებლობის დასრულებისატვის ვადი განსაზღვრის შესაძლებლობას, ზემოაღნიშნული ნორმატული აქტი არ ითვალისწინებს.
სასამართლოს მოსაზრებით, სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა სწორედ ზემოაღნიშნული წესისა და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, რაც განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას დაცულ იქნა. განმცხადებელების მიერ წარდგენილ იქნა 24.11.2007წ N660 ბრძანებულებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტაცია, რომლის შეფასება/შესწავლის შედეგად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის მე-5, 96-ე მუხლებზე და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ გამოსცა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2015 წლის 6 აპრილის N2------ ბრძანება, მოსარჩელე მხარემ კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგავარი გადაწყვეტილების მიღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 აპრილის N2------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
1.3.2. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 16 დეკემბრის №------ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ, ზაკ-ის მე-601, 185-ე, 201-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ ქ. თბილისის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად იქნა გამოკვლეულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 16 დეკემბრის №------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ მიუთითა ასკ-ის 32.1 მუხლზე და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოსარჩელის მოთხოვნაზე - დაევალოს მოპასუხე მხარეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში როდესაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა შეცილებითი სარჩელის - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, მავალდებულებელი სარჩელის (ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა) დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობს, რამეთუ ეს მოთხოვნები ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან, კუმულაციურია და პირველის დაკმაყოფილებაზე უარი გამორიცხავს მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებასაც.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, 15.10.2004წ. N9344/1 პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, თ------–--------–ს საკუთრებაში გადაეცა ბინა N14-ის ქვეშ დაკავებული 42 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ფრჩხილებში მითითებული იყო "სარდაფი"). შენობა-ნაგებობა რეალურად მიწიდან დაშორებული იყო 0.70 სმ-ზე მეტად მაგრამ მაშინ არ არსებობდა კანონმდებლობა, რომელიც აწესებდა სარდაფის სტატუსისათვის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, ამიტომ სარეგისტრაციოდ წარდგენისას საჯარო რეესტრს დამატებით არ გამოუკვლევია შენობის სტატუსი, დანიშნულებაში არასაცხოვრებელი ფართის ნაცვლად შეცდომით მიუთითა "სარდაფი" და დაარეგისტრირა N0---------------------- საკადასტრო კოდით. საჯარო რეესტრის 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით შენობას შეეცვალა სტატუსი და მითითებულ იქნა არასაცხოვრებელი ფართი, ვინაიდან იგი არასდროს წარმოდგენდა სარდაფს და აღნიშნული დაადასტურა ამხანაგობამაც. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ სალეგალიზაციო ობიექტი არ წარმოადგენს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიშენებას, ამასთან, შენობა, რომლის ლეგალიზებასაც ითხოვს მოსარჩელე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ცალკე საკადასტრო კოდით (N0----------------------), არასაცხოვრებელი ფართის სტატუსით და სალეგალიზაციოდ წარდგენილ მიწისპირა ფართთან ერთიანობაში ვერ განიხილება. აპელანტის განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლებითაც საპირისპირო დასტურდება. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მიუთითებს, რომ შენობა წარმოადგენს მიშენებას, ასევე არ იქნა გაზიარებული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სალეგალიზაციო ფართის რეგისტრირებულ ფართთან იდენტობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც, იგი უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
3.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ბინა არის მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსების ერთობლიობა), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრება არის ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.).
პალატა ასევე მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების 3.68 მუხლზე, რომლითაც სარდაფი განმარტებულია, როგორც მიწისქვეშა სართულში განთავსებული სათავსი/სადგომი, რომლის ჭერის ამოწევის საშუალო სიმაღლე მიწის ზედაპირიდან არ აღემატება 0.7 მ-ს.
საქართველოს პრეზიდენტის 24.11.2007წ. N660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ" გადაწყვეტილების მიღების წესის 1.21 მუხლის თანახმად, ამ წესის მოქმედება ვრცელდება მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი იმ მიშენება-დაშენებების მიმართ, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას. ამავე მუხლის 23 პუნქტის თანახმად, ამ წესის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებულ და დაუმთავრებელ 500 კვ.მ-მდე საერთო ფართობის მქონე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, თუ ნულოვან ნიშნულამდე მათი მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. 1.3 მუხლის თანახმად კი, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილება არ წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრულ ნებართვის გაცემის სტადიას. ამავე „წესის“ 3.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემთხვევაში ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. 6.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნებისა).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 17.03.2016წ. ბმა ,,ა-–---------------“-ის თავმჯდომარის მ----------------ის წარმომადგენელმა რ-------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ა-–-----------------------ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მდებარე, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე უნებართვოდ დაწყებული მიშენების დასრულების არქიტექტურული პროექტის შეთანხმება, შემდგომი ლეგალიზების უფლებით. ასევე დადგენილია, რომ განცხადებასთან ერთად წარდგენილი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სტატუსად მითითებულია სარდაფი, ხოლო თანამესაკუთრეებად მითითებულნი არიან ლ--–-----------–--ე და თ------–--------–ი. ამასთანავე, შემდგომი ლეგალიზების უფლებით წარდგენილი ობიექტი წარმოადგენს მიწის პირზე აშენებულ ორსართულიან შენობა-ნაგებობას.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელეების მიერ მითითებული ობიექტი არ შეიძლება განხილულ იქნეს N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე მიშენებად ან დაშენებად, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეზე წარმოდგენილი, 2014 წელს ,,A---------”-ის მიერ შესრულებული სარდაფისა და პირველი სართულის სართულებრივი გეგმით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ა-–-----------------------ში მდებარე სარდაფები განთავსებულია შენობის ,,დ-ა“ ფასადის მონაკვეთში, ხოლო შემდგომი ლეგალიზების უფლებით დასასრულებლად წარდგენილი ობიექტი გაცდენილია ,,დ-ა“ ფასადს და განთავსებულია ,,დ/1-დ/2“ ფასადის მონაკვეთში, ,,4/2’’ და ,,5/1“ ღერძებს შორის. ამდენად, დასასრულებლად წარდგენილი ობიექტი არ წარმოადგენს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე დაწყებულ მიშენებას და ასევე არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს, აღნიშნული კი, გამორიცხავს მისი დასრულებისათვის ვადის განსაზღვრის შესაძლებლობას, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „წესით“ გათვალისწინებულია მხოლოდ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით დაწყებული მიშენება-დაშენებისა და უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებისათვის ვადის განსაზღვრის შესაძლებლობა, ხოლო სხვა ფუნქციის შენობის დაწყებული მშენებლობის დასრულებისათვის ვადის განსაზღვრის შესაძლებლობას, ზემოაღნიშნული ნორმატული აქტი არ ითვალისწინებს.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა სწორედ ზემოაღნიშნული წესით და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, რაც განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებისას დაცულია. განმცხადებლების მიერ წარდგენილ იქნა 24.11.2007წ. N660 ბრძანებულებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტაცია, რომლის შეფასება/შესწავლის შედეგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება: სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ გამოსცა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 06.04.2015წ. N2------ ბრძანება, ხოლო მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგავარი გადაწყვეტილების მიღება.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 06.04.2015წ. N2------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. 201.3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო 201.4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 16.12.2016წ. №------ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელად დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 06.04.2015წ. N2------ ბრძანება.
პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად იქნა გამოკვლეულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 16.12.2016წ. №------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ამასთანავე, იმ პირობებში როდესაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობს, ვინაიდან მოთხოვნები ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან, კუმულაციურია და პირველი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი გამორიცხავს მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობასაც.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5. საპროცესო ხარჯები
აქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2 მუხლის შესაბამისად, აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ-------------ისა და თ------–-------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი