განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002490640
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1519-19 01 ნოემბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - რ----- დ------–---–- (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „მ----------------------“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ნ----- ვ-------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.01.2019წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეს დაეკისროს სესხის ძირი თანხა 3920.13 ლარი, სარგებელი - 2631.52 ლარი, პირგასამტეხლო - 708 ლარი, გირავნობის მოწმობისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯი 150 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში. ამასთან, მიუთითა მოთხოვნილი პირაგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.01.2019წ. გადაწყვეტილებით:
1. შპს ,,მ----------------------ს" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. რ----- დ------–---–ს შპს ,,მ----------------------ს" სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების გადახდა 6622.45 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის თანხაა 3920.13 ლარი, სარგებელი 2631.52 ლარი, პირგასამტეხლო 70.8 ლარი;
3. რ----- დ------–---–ს შპს ,,მ----------------------"-ს სასარგებლოდ დაეკისრა 150 ლარის გადახდა გირავნობის მოწმობისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის სანაცვლოდ;
4.1. 2016 წლის 23 მარტს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაცემული იქნა საკრედიტო შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ და მოსარჩელემ მოპასუხეს 5,3%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 4000 ლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 252 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ჰ---------------.
4.2. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული არცერთი თვის გადასახადი სარჩელის წარმოდგენის დრომდე გადახდილი არ არის. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით პრობლემური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა საქმეზე, ვინაიდან შედეგი არ დადგა, ხელშეკრულებით დადგენილი წესით 20.12.2017წ მსესხებელს გაუგზავნეს შეტყობინება და მოთხოვეს დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადმოცემა, თუმცა ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.
4.3. 2018 წლის 12 ივნისის მდგომარეობით, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოპასუხეს შპს მისო ევრო კრედიტის მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხი - 3920.13 ლარი, სარგებელი - 2631.52 ლარი, პირგასამტეხლო - 708 ლარი და გირავნობის მოწმობის გაცემისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯი 150 ლარი;
4.4. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 3920.13 ლარისა და პროცენტის 2631.52 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში სარჩელის ცნობა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.
2017 წლის 23 მარტს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ჯეროვნად არ შესრულებულა.
4.5. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 708 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ ათმაგად შემცირებული ოდენობით - 70.8 ლარით.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.01.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ:
5.1. მოპასუხე რამდენიმე თვე იხდიდა სესხის თანხას, თუმცა შემდეგ შეექმნა ეკონომიკური პრობლემები და ვეღარ მოახერხა გადახდა. მას არ უნდა დაეკისროს პროცენტი და პირგასამტეხლო.
5.2. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი.
6. 25.12.2018წ. მოსარჩელე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შეეცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად (იხ.: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ტ.2, ს.ფ. 43,44).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
8. 23.03.2016წ. შპს ,,მ---------------------ს" (ამჟამად სს „მ----------------------“, შემდგომში „მოსარჩელე) და რ----- დ------–---–ს (შემდგომში „მოპასუხე) შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება და საკრედიტო შეთანხმება. მსესხებელს სესხის სახით გადაეცა 4000 ლარი, ყოველთვიურად 5.30 % სარგებლის დარიცხვით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი. გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი (ხელშეკრულების მე-4 მუხლი) (ტ.1, ს.ფ. 17-24).
9. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და არც სააპელაციო საჩივარშია საწინააღმდეგო გარემოებაზე მითითება, რომ მოპასუხემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება. 20.12.2017წ. მას გაუგზავნეს შეტყობინება და მოთხოვეს დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადაცემა, თუმცა ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.
10. დავალიანების ცნობის თანახმად, 12.06.2018წ. მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს: სესხის ძირი თანხა - 3920.13 ლარი, სარგებელი - 2631.52 ლარი, პირგასამტეხლო - 708 ლარი (ტ.1, ს.ფ. 37).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამდენად, მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა დისპოზიციურობის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა და გულისხმობს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო-სამართლებრივი უფლებების განკარგვას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში (იხ.: შესაგებელი, ს.ფ. 85), რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა. ამდენად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და პროცენტის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 708 ლარის ოდენობით წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და იგი შეამცირა 10 ჯერ. შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა მხოლოდ 70.8 ლარის გადახდა.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობის, საერთო თანხის და ვადის დარღვევის ხარგრძლივობიდან გამომდინარე, წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ და გონივრულ ოდენობას და არ არსებობს დამატებით მისი შემცირების საფუძველი.
12. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.2, ს.ფ. 24).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----- დ------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.01.2019წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე