განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210210117001888672
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7362-18 15 ნოემბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ბ---- მ-------–---–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „კ------------ი“ (მოსარჩელე)
წარმომადგენლები - ქ------- ი-–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 23.07.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება 2048 ლარის დაკირების ნაწილში, კერძოდ, მოპასუხეებზე სოლიდარულად დაკისრებული 5651.59 ლარის შემცირება 3604 ლარამდე
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეებს დაეკისროთ 7471,59 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 5000 ლარს, პროცენტი- 174,52 ლარს, დაზღვევა - 22,07 ლარს, ჯარიმა - 2275 ლარს. თავდები პირების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვროს 6500 ლარით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 23.07.2018წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს ,,კ------------ის' სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს გ------- თ--------–---–ს, ბ---- მ-------–---–სა და მ--- ბ----–---–ს (ბ---- მ-------–---–ისა და მ--- ბ----–---–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განსაზღვროს 6500 ლარის ფარგლებში) სს ,,კ------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5651.59 (ხუთი ათას ექვსას ორმოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა.
2.1. 2015 წლის 15 ოქტომბერს სს ,,კ------------სა’’ და გ------- თ--------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5000 ლარის ოდენობით, მოქმედების ვადა 12 თვე.
2.2. 2015 წლის 13 ოქტომბერს სს ,,კ------------სა’’ და ბ---- მ-------–---–სა და მ--- ბ----–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ.
2.3. მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2017 წლის 11 აპრილის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 7471.59 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი - 5000 ლარი, პროცენტი 174.52 ლარი, დაზღვევა - 22.07 ლარი, ჯარიმა - 2275 ლარი.
2.4. ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა. მოცემულ შემთხვევაში, კი, როგორც უკვე დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, სადაც ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელმოწერით გამოავლინეს ნება პირობის მოწონების თაობაზე, რითიც მათ იკისრეს ვალდებულება გადაეხადათ შესაბამისი პროცენტი და პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების პოზიციას პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებიდან მათი სრულად გათავისუფლების თაობაზე.
2.5. 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის თანახმად, კი, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე. სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა მოპასუხეებზე მითითებული თანხის გადახდის დავალდებულების დაკისრების თობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამასთან, მითითებული კანონის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას. ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში კანონი იმას კი არ გულისხმობს, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა თავიდანვე შეუსაბამოდ მაღალი თუ იქნებოდა, მხოლოდ ეს გახდებოდა მისი შემცირების საფუძველი, არამედ იმასაც, რომ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ შეიძლება პირგასამტეხლო იქცეს ვალდებულების შესრულების პროცესშიც. ორივე შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს მოვალის ინტერესები. ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეების მიიერ დარღვეულ იქნა საბანკო სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც თავის მხრივ წარმოადგენს პირგასამტეხლოს მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია პირგასამტეხლოს შემცირება ვინაიდან იგი არ იყო შეუსაბამოდ მაღალი.
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 13 ოქტომბერს სს ,,კ------------სა’’ და ბ---- მ-------–---–სა და მ--- ბ----–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ. ვინაიდან დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სასამართლოს მიერ დადგენილი თანხის გადახდევინება მოსარჩელის სასარგებლოდ.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 23.07.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება 2048 ლარის დაკირების ნაწილში, კერძოდ, მოპასუხეებზე სოლიდარულად დაკისრებული 5651.59 ლარის შემცირება 3604 ლარამდე .
აპელანტი აღნიშნავს, რომ:
3.1. სასამართლომ არ ცნო საქმისთვის მნიშვნელობის მქონედ ის ფაქტი, რომ თავდებმა პირებმა ხელშეკრულება გააფორმეს ჯერ კიდევ ძირითადი სესხის ხელშეკრულების დადებამდე და მათთვის უცნობი იყო ხელშეკრულების კონკრეტული პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, თავდები პირები ვერ ჩაითვლებიან პასუხისმგებელ პირებად.
3.2. საყურადღებოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით პირგასამტეხლო არ შემცირებულა, რაც გარკვევით არის ასახული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, ითვლება, რომ სასამართლომ შეამცირა სესხის ძირი თანხა და საპროცენტო სარგებელი, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
5 . 13.10.2015წ. შპს „მ-----------------------------–-- კ-------ს“ (ამჟამად „სს ,,კ------------ი“ (შემდგომში “მოსარჩელე“, „აპელანტის მოწინააღმნდეგე მხარე“)) მიერ მ--- ბ----–---–თან და ბ---- მ-------–---–თან (შემდგომში „მოპასუხე“, „თავდები“, „აპელანტი“) დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებშიც აღინიშნა, რომ თავდებობა უზრუნველყოფდა სამომავლოდ, კერძოდ, თავდებობის ხელმოწერიდან 2 თვის ვადაში გ------- თ--------–---–თან (შემდგომში „მსესხებელი“) 5 000 ლარის სესხად გაცემაზე გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებას, მათ შორის სესხის ძირს, პროცენტს, პირგასამტეხლოს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 6500 ლარისა (ტ.1, ს.ფ. 24-26). ამდენად, გაფორმდა სამომავლო ვალდებულის უზრუნველყოფის თავდებობები, რომელშიც მითითებული იყო თავდების პასუხიმგებლობის მაქსიმალური ზღვარი.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისთვის.
მართალია, სამომავლო და პირობითი ვალდებულება არ არსებობს კონკრეტული ვადის ან პირობის დადგომამდე, თავდებობის ხელშეკრულება მაინც ნამდვილია, თუმცა თავად თავდებობა, თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება ვადის ან პირობის დადგომამდე არ წარმოიშობა.
შესაბამისად, აპელანტის მითითება მასზედ, რომ სესხის გაცემამდე თავდებობა გაფორმდა, არ წარმოადგენს დარღვევას და ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი.
6. თავდებობების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 15.10.2015წ. მოსარჩელეს და მსესხებელს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 20,21). შესაბამისად, ამ ვადას უკავშირდება მოპასუხის/თავდების ვალდებულების იურიდიული ლეგიტიმაცია.
მსესხებელმა 12 თვის ვადით ისესხა 5000 ლარი. სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა ყოველთვიურ 2,33%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მსესხებლის მიერ სიცოცხლის დაზღვევა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში (3.9 პუნქტი) (ტ.1, ს.ფ.20).
შესაბამისად, სესხი გაიცა სწორედ იმ თანხის ოდენობით, რომლის უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს თავდებობები. აპელანტის, როგორც თავდების, ინფორმირება მოხდა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემდგომაც (იხ.: შეტყობინების ჩაბარების დასტური, ტ.1, ს.ფ.31). მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა სარჩელის აღძვრა.
7. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. დავალიანების ცნობის თანახმად, 2017 წლის 11 აპრილის მდგომარეობით დავალიანება შეადგენდა 7471.59 ლარს, საიდანაც ძირი თახა იყო - 5000 ლარი, პროცენტი - 174.52 ლარი, დაზღვევა - 22.07 ლარი, ჯარიმა - 2275 ლარი (ტ.1, ს.ფ. 40).
8. აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს 2048 ლარის დაკირების ნაწილში, კერძოდ, ითხოვს მოპასუხეებზე სოლიდარულად დაკისრებული 5651.59 ლარის შემცირებას 3604 ლარამდე. იგი მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით პირგასამტეხლო არ შემცირებულა და სასამართლომ შეამცირა სესხის ძირი თანხა და საპროცენტო სარგებელი, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს. აპელანტის აღნიშნული დასკვნა ეფუძნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობას მასზედ, რომ პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი (იხ.: ტ.1, ს.ფ.176).
ამდენად, წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა დადგინდეს, სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ რა ოდენობის თანხა დაეკისრა მოპასუხეებს პირგასმტეხლოს სახით და დაკისრებული პირგასამტეხლო რამდენად წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ და გონივრულ ოდენობას.
დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთან, სარეზოლუციო ნაწილით მოპასუხეებს დაეკისრათ ერთიანი თანხის, 5651.59 ლარის გადახდა, სასამართლოს მიერ გამიჯნული არ არის კონკრეტულად რა ოდენობის თანხა დაეკისრა მოპასუხეს სესხის ძირის, სარგებლის თუ პირგასამტეხლოს სახით.
პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზედ, რომ:
- საქმეზე დადგენილ გარემოებებზე მსჯელობისას სიღნაღის რაიონული სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელმოწერით გამოავლინეს ნება პირობის მოწონების თაობაზე, რითიც მათ იკისრეს ვალდებულება გადაეხადათ შესაბამისი პროცენტი და პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების პოზიციას პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებიდან მათი სრულად გათავისუფლების თაობაზე (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.174). ამდენად, პირგასამტეხლოს გადახდისაგან სრულ გათავისუფლებაზე უარი გულისხმობს მისი გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების, ანუ შემცირების შესაძლებლობას.
- სიღნაღის რაიონული სასამართლო ასევე ციტირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 361-ე მუხლებს, ანუ მსჯელობს სესხის ძირის და პროცენტის დაკისრების წინაპირობაზე და ასკვნის: სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა მოპასუხეებზე მითითებული თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.175). პალატას მიაჩნია, რომ მითითებული ნორმების და განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ პირგასამტეხლოს მარეგულირებელი ნორმები აღნიშნულია მხოლოდ გადაწყვეტილების შემდეგ პუნქტში (პუნქტი 6.3), დგინდება, რომ სასამართლო 6.2. პუნქტში მსჯელობს სწორედ სესხის ძირის და პროცენტის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაზე.
- დამატებით შეიძლება აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში უშუალოდ მსესხებელმა სარჩელი უმეტეს ნაწილში ცნო, ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ სესხის ძირი და პროცენტი იყო გადასახდელი (ტ.1, ს.ფ.87,88). სარჩელის ცნობაზე საუბარია გადაწყვეტილების 6.1. პუნქტშიც (ტ.1, ს.ფ.175). რაც შეეხება უშუალოდ აპელანტის, როგორც მოპასუხის, მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელს, იგი დასაბუთებული იყო მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში (ტ.1, ს.ფ.120-127).
- პალატა აქვე განმარტავს, რომ, პირგასამტეხლოსგან განსხვავებით, სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს სესხის ძირი თანხის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სასამართლოს მიერ შემცირების შესაძლებლობას. ისეთ პირობებში, როცა სადავოდ არაა გამხდარი ვალდებულების არსებობა, სასამართლო უფლებამოსილია სესხის ძირის და პროცენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს მაშინ, თუ დადგინდება ვალდებულების შეწყვეტის ფაქტი, რაც მოითხოვს გადაწყვეტილებაში შესაბამის დასაბუთებას. როგორც საქმის მასალებით დგინდება, საქმის განხილვის პროცესში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ სესხის ხელშეკრულების დადების, მსესხებლის მიერ სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის და დავალიანების არსებობის ფაქტი. ამდენად, სააპელაციო პალატას დაუსაბუთებელად მიაჩნია მსჯელობა სასამართლოს მიერ სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის შემცირების თაობაზე.
- გადაწყვეტილების არც აღწერილობით, არც სამოტივაციო ნაწილში არ არის აღნიშნული სესხის ძირის და პროცენტის მხოლოდ ნაწილობრივ დაკისრების შესახებ.
- გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხა 5000 ლარის, პროცენტის - 174.52 ლარის, ხოლო დაზღვევის თანხის - 22.07 ლარის დაკისრება და გადაწყვეტილებით საფუძვლიანად იქნა მიჩნეული აღნიშნული თანხების გადახდაზე მოპასუხეთა ვალდებულების არსებობა, დგინდება, რომ სესხის ძირი თანხის, პროცენტის და დაზღვევის თანხის სახით მოპასუხეებს დაეკისრათ ჯამში 5196,59 ლარის გადახდა.
- შესაბამისად ირკვევა, რომ პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეებს დაკისრებული აქვთ 455 ლარის გადახდა (5651.59-5196.59). ამდენად, მიუხედავად გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობის (რომ ყველა მოთხოვნა კმაყოფილდება სრულად) სარეზოლუციო ნაწილთან შეუსაბამობისა (რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ), პალატა დადგენილად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტს, რაც ასახულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
- პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. მითითებული ნორმის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი (სუსგ.:N532-505-2015, 23.07.2018წ.).
ამდენად, წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში პალატა ამოწმებს, რამდენად წარმოადგენს მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული 455 ლარი ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ და გონივრულ ოდენობას.
სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მოპასუხეებზე სოლიდარულად დაკისრებული 5651.59 ლარის 3604 ლარამდე შემცირების არც სხვა საფუძვლის არსებობის დასაბუთებულ პრეტენზიას.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პალატას მიაჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო 455 ლარის ოდენობით, შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობის, საერთო თანხის და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ და გონივრულ ოდენობას და არ არსებობს მისი დამატებით შემცირების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
10. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 50 ლარის ოდენობით (ტ. 2, ს.ფ. 24). ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.04.2019წ. განჩინებით აპელანტს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით სააპელაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე (ტ.2, ს.ფ.26-29).
ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ კმაყოფილდება, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 25.04.2019წ. განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ---- მ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 23.07.2018წ. გადაწყვეტილება.
3. ბ---- მ-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე