განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210210018002556629
საქმე № 2ბ/7290-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე- მიხეილ გოგიშვილი
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი
აპელანტი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე-შპს ,,R----- M-----’’
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს იძულებით გადახდევინება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 აგვისტოს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა (ძირითადი სარჩელით):
მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შპს ,,R----- M-----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიწოდებული საქონლის ღირებულების 28700 ლარის ანაზღაურება.
სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებული სარჩელით):
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის, 2018 წლის 04 ივლისის N249 ბრძანებით შპს ,,R----- M-----’’-ისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს იძულებითი გადახდევინება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
_ შპს ,,რ------ მ---------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა.
_ მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს ,,რ------ მ---------ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული საქონლის ღირებულების 28 700 ლარის გადახდა.
_საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2018 წლის 07 ივნისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,R-----
M-----’’-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N6---, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხისთვის 1 ცალი მიკროავტობუსის მიწოდების შესახებ, მისაწოდებელი საქონლის ღირებულებას შეადგენს 28700 ლარი, მიწოდების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 19 ივნისი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-07.06.2018 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N6---;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.2. მოსარჩელემ 2018 წლის 25 ივნისს საგარეჯოს მუნიცპალიტეტის მერიას მიწერა წერილი და ითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 3 კალენდარული დღით;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-25.06.2018 წლის წერილი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.3. 2018 წლის 04 ივლისს მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ N249 ბრძანებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა 2018 წლის 07 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N6---.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-04.07.2018 წლის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბრძანება;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.4. 2018 წლის 04 ივლისს მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ N249 ბრძანებით შპს ,,R----- M-----’’-ს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის დააკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების (28700 ლარი) 20%-5740 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-04.07.2018 წლის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბრძანება;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
2.5. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 22 ივნისის მიკროავტობუსის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ დაზიანებული იყო ავტომანქანის ძრავი, ამასთან კოროზია აღენიშნებოდა ავტომანქანის კარის სამაგრზე, ოთხივე სატერფილთან, ასევე ბალკაზე, რაც არ შეესაბამებოდა სატენდერო პირობებით განსზღვრულ მოთხოვნებს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-22.06.2018 წლის მიკროავტობუსის დათვალიერების ოქმი;
-ფოტოსურათები;
2.6. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშის N GG2100000001170 მიხედვით მიკროავტობუსს არ გააჩნია ხარვეზები და იგი არის გამართული;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიში N GG210000000.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევაზე და მისთვის ნივთობრივი ნაკლის მქონე საქონლის მიწოდებაზე და მიუთითა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულება შეწყვიტა მხოლოდ ვადის დარღვევით შესრულებული მიწოდების გამო, ხოლო პრეტენზია ნივთობრივი ნაკლის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებასთან დაკავშირებით, მან მხოლოდ სასამართლოს პროცესზე წარმოადგინა. იმ შემთხვევაშიც კი თუ წარმოდგენილ ნივთს გააჩნდა ნივთობრივი ნაკლი, რაც მოპასუხის განმარტებით ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აღმოჩენილ კოროზიებში გამოიხატა, მიმწოდებლისთვის უნდა მიეცა საშუალება აღნიშნულის გამოსასწორებლად. სასამართლო დამატებით აღნიშნავს რომ, ისეთი ნაკლი, როგორიცაა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე კოროზიები ხელშეკრულების თანახმად არ წარმოადგენდა მოპასუხის მიერ ნივთის მიღებაზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველს. მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ შპს ,,R----- M-----’’-ის მიერ მისთვის მიწოდებულ საქონელს გააჩნდა ნივთობრივი ნაკლი და, არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. რაც შეეხება ხელშეკრულების ვადის დარღვევით შესრულებას, სასამართლო აღნიშნულზე მიუთითა, რომ ეს გამოწვეული იყო შპს ,,R----- M-----’’-გან დამოუკიდებელი მიზეზები, ხელშეკრულების საგნის საბაჟო ტერმინალზე შეყოვნების გამო, რის შესახებაც მათ აცნობეს მოპასუხეს და ითხოვეს ვადის გაგრძელება 3 დღის ვადით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ შპს ,,R----- M-----’’-ს მიერ მისთვის მიწოდებულ საქონელს გააჩნდა ნივთობრივი ნაკლი და არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. რაც შეეხება ხელშეკრულების ვადის დარღვევით შესრულებას, სასამართლომ აღნიშნულზე მიუთითა, რომ ეს გამოწვეული იყო შპს ,,R----- M-----’’-გან დამოუკიდებელი მიზეზების, ხელშეკრულების საგნის საბაჟო ტერმინალზე შეყოვნების გამო, რის შესახებაც მათ აცნობეს მოპასუხეს და ითხოვეს ვადის გაგრძელება 3 დღის ვადით.
2.8. სასამართლომ შეგებებულ სარჩელთან მიმართებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლებზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე და მიიჩნია, რომ არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უგულებელყო 2018 წლის 22 ივნისის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი მოკროავტობუსის დათვალიერების ოქმი, რომელშიც ცალსახადაა აღნიშნული, რომ წარმოდგენილი ავტომობილი არის ნივთობრივი ნაკლის მქონე, რაც არ შეესაბამებოდა სატენდერო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან, აპელანტი აღნიშნავს, რომ შპს ,,R----- M-----’’-ის მიერ წარდგენილ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშით NGG210000000 უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების საგანი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროს, არ იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე, ვინაიდან, აღნიშნული ინსპექტირება ჩატარებულია სასამართლოში საქმის განხილვისას, რაც არ გამორიცხავს ავტომობილის მიღების დროს მასზე დაზიანებების არსებობას.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ შპს ,,R----- M-----’’-ს პირგასამტეხლო არ დააკისრა, რასაც არ გააჩნდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატას უდვოდ მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. 2018 წლის 07 ივნისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,R----- M-----’’-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N6---, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხისთვის 1 ცალი მიკროავტობუსის მიწოდების შესახებ, მისაწოდებელი საქონლის ღირებულებას შეადგენს 28700 ლარი, მიწოდების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 19 ივნისი.
4.1.2. მოსარჩელემ 2018 წლის 25 ივნისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას მისწერა წერილი და ითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 3 კალენდარული დღით;
4.1.3. 2018 წლის 04 ივლისს მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ N249 ბრძანებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა 2018 წლის 07 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N6---.
4.1.4. 2018 წლის 04 ივლისს მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ N249 ბრძანებით შპს ,,R----- M-----’’-ს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის დააკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების (28700 ლარი) 20%-5740 ლარი.
4.2. სააპელაციო სასამართლო სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის უფლება-მოვალეობები წარმოიშვა 07.06.2018 წელს დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების N6--- საფუძველზე, რომელიც აკმაყოფილებდა გარიგების დადების ზოგად პირობებს (სსკ-ის 477-ე მუხლი).
გამყიდველის ძირითადი მოვალეობა იყო მყიდველისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის (საქონლის) მოწოდება (სსკ-ის 487-ე მუხლი).
კანონის დანაწესიდან გამომდინარე, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთნხმებული ხარისხისაა (სსკ-ის 488-ე მუხლის პირველი წინადადება). განსახილველ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმებული იყვნენ ხარისხზე. კერძოდ, 2018 წლის 07 ივნისის ხელშეკრულების №6--- მე-8 პუნქტის თანახმად, მიწოდებულ საქონელს 6 თვის განმავლობაში არ უნდა გამოევლინა ხარვეზები, (ძრავი, ტურბო, გადაცემათა კოლოფი, ხიდი) შინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვალდებული იყო საკუთარი სახსრებით თავად უზრუნველყო გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება.
სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტების პასუხად პალატა განმარტავს და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება მოშალა მხოლოდ ვადის დარღვევით შესრულებული მიწოდების გამო (იხ. 04.07.18 წ. ბრძანება №249), ხოლო პრეტენზია ნივთობრივი ნაკლის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებასთან დაკავშირებით, მან მხოლოდ სასამართლოს პროცესზე წარმოადგინა. იმ შემთხვევაშიც კი თუ წარმოდგენილ ნივთს გააჩნდა ნივთობრივი ნაკლი, რაც მოპასუხის განმარტებით ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აღმოჩენილ კოროზიებში და მის დაზიანებულ ძრავში გამოიხატა, მიმწოდებლისთვის უნდა მიეცა საშუალება აღნიშნულის გამოსასწორებლად სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
რაც შეეხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულებას, სასამართლო აღნიშნულზე მიუთითებს, რომ ეს გამოწვეული იყო შპს ,,R----- M-----“-გან დამოუკიდებელი მიზეზებით, კერძოდ, ხელშეკრულების საგნის საბაჟო ტერმინალზე შეყოვნების გამო, რის შესახებაც მათ აცნობეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვეს ვადის გაგრძელება 3 დღის ვადით.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულება, რომელშიც შპს ,,R----- M-----’’-ს ბრალი არ მიუძღვოდა, ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობად. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ის რეგულაციები, რომელიც დაკავშირებულია მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასთან, ან/და არაჯეროვან შესრულებასთან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
შპს ,,R----- M-----’’-მა თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა, დაამტკიცა, მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი, შესაბამისად პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას შპს ,,R----- M-----’’-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილებასთან მიმართებით.
4.3 . რაც შეეხება,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შეგებებულ სარჩელს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ამასთან, პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ვალდებულების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება.
პალატას მიაჩნია, რომ აპელანტს არ შეუთავაზებია სასამართლოსთვის სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ შპს ,,R----- M-----’’-მა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება. კერძოდ, აპელანტმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ შპს ,,R----- M-----’’-ის მიერ მისთვის მიწოდებულ საქონელს გააჩნდა ნივთობრივი ნაკლი და არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. რაც შეეხება, ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულებას, როგორც უკვე განმარტა პალატამ, აღნიშნული ფაქტი ვერ იქნება მიჩნეული შპს ,,R----- M-----’’-ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობად. ვინაიდან, ვერ დადასტურდა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: მიხეილ გოგიშვილი
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ოთარ სიჭინავა