განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002348254
საქმე №3ბ/2537-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
26 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ზა-------------–---–ი
წარმომადგენელი - და-------------–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები - ბა--------------ე, გი-----------------ი
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტი ითხოვს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას, რომლითაც ბათილად იქნება ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 8 ნოემბრის N29 ბრძანების მე-3 პუნქტი - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ზა-------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 მარტის N882016148945 ამონაწერით დგინდება, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისში, გი-------------–---–----------8 (ს/კ 01.12.03.01.021), მესაკუთრედ რეგისტრირებულია ზა-------------–---–ი, ხოლო მისამართზე - ქ. თბ--–-----------–------------6 (ს/კ 01.12.03.014.037) მესაკუთრედ ფიქსირდება ტა-----–-----–---–ი.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 11 მაისს გამოცემულ იქნა N002363 დადგენილება, რომლითაც ზა-------------–---–ი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 12 ივლისს გამოცემულ იქნა Nც20-11 დადგენილება, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 11 მაისის N4-1/დ571-17 N002363 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში, სამართალდამრღვევ სუბიექტად, ნაცვლად მოქ. ნი-----------–---–ისა, მიეთითა მოქ. ზა-------------–---–ი.
2017 წლის 20 ივნისს ზა-------------–---–ის წარმომადგენლებმა - ან---------------მა და ოთ-----------–---–მა საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს: 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 11 მაისის N002363 დადგენილების ბათილად ცნობა; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის N002363 მითითების არარა აქტად აღიარება ზა-------------–---–ისთვის ქ. თბილისში, ჩარგლის ქუჩა N106-ში განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟის დავალების ნაწილში; 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 11 მაისის N002363 დადგენილების არარა აქტად აღიარება ზა-------------–---–ისთვის ქ. თბილისში, ჩარგლის ქუჩა N106-ში განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟის დავალების ნაწილში.
2017 წლის 21 ივლისს ზა-------------–---–ის წარმომადგენელმა - ან---------------მა დაზუსტებული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც გაზარდა საჩივრის ფარგლები და გასაჩივრებულ აქტებთან ერთად მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის N4-1/დ873-17 დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 08 თებერვლის N29 ბრძანებით ზა-------------–---–ის წარმომადგენლის ან---------------ის 20.06.2017 წლის N19/01171713141-01 და 21.07.2017 წლის N19/01172023152-01 ადმინისტრაციული საჩივრები დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 11 მაისის N002363 და 2017 წლის 12 ივლისის Nც20-17 (4-11დ873-17) დადგენილებები და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალური აქტი.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტზე, მე-601 მუხლზე და აღნიშნა, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა აქტის ბათილად ცნობის წინაპირობაა.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 08 თებერვლის N29 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ზა-------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრები დაკმაყოფილდა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური აქტის გამოცემა. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, მე-601 მუხლის მესამე ნაწილზე, 185-ე, 201-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული ბრძანება მიიღო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
სასამართლომ აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 08 თებერვლის გასაჩივრებულ N29 ბრძანებაში პირდაპირ არის მითითება ქ. თბილისში, ჩარგლის ქუჩა N106-ში სამართალდარღვევის არსებობის ფაქტის შესახებ, ასევე მკაფიოდ არის აღნიშნული ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულების არარსებობის შესახებ, რომლითაც დადასტურდებოდა ზა-------------–---–ის მიერ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მოკლებული იყო შესაძლებლობას, სრულად დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის მოეკლო სამართალდარღვევის არსებობის ფაქტზე რეაგირების განხორციელების შესაძლებლობა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
4.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და სახეზეა მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
აპელანტი აღნიშნავს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 24 თებერვლის N002363 მითითებით ზა-------------–---–ს დაევალა თბილისში, ჩარგლის ქ. N106-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ მოწყობილი მსუბუქი კონსტრუქციის (ღობის) დემონტაჟი. ამავე სამსახურის 2017 წლის 11 მაისის დადგენილებით ზა-------------–---–ი დაჯარიმდა 8000 ლარით სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის. სააპელაციო საჩივრის თანახმად, დადგენილებაში მითითებული მსუბუქი კონსტრუქციის ღობე დღეის მდგომარეობით მდებარეობს ტა-----–-----–---–ის მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. შესაბამისად, მოსარჩელე არ წარმოადგენს არც უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელ პირს და არც იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომელზეც განთავსებულია აღნიშნული ღობე. მითითებული აქტები მოსარჩელის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლის 2018 წლის 08 თებერვლის N29 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის N002363 და Nც20-17 (4-11დ873-17) დადგენილებები და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დაადგინა, რომ გასაჩივრებული აქტების მომზადებისას სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენისათვის ეკისრება სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს, ხოლო თუ მისი ვინაობა დაუდგენელია - მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს. მოცემულ შემთხვევაში კი ქ. თბილისის მერიის მოსაზრებით, ზა-------------–---–ის მიერ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტი რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, ხოლო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მის საკუთრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ადგილი აქვს სამართალდარღვევის სუბიექტის არასწორად განსაზღვრას, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული დადგენილებების ბათილად ცნობის საფუძველს.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. აპელანტი მიუთითებს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზევე თვალსაჩინო იყო. ზა-------------–---–ი არ წარმოადგენს მშენებლობის განმახორციელებელ პირს და სადავო ღობე არ მდებარეობს მისი მიწის ნაკვეთის საზღვრებში. აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა არაერთი მტკიცებულება, გააკეთა განმარტებები. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანმიმართულად არ გაითვალისწინა და არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გასაჩივრებული დადგენილების მიზანს წარმოადგენდა მოსარჩელისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლების ხელოვნურად შექმნა. ხსენებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სამართალდამრღვევი პირის გამოვლენა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას და ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ვინაიდან ზა-------------–---–ს უწევს სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური რესურსის დახარჯვა საკუთარი უფლებების დასაცავად.
აპელანტი აღნიშნავს, სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება რეგულირდება სპეციალური კანონით -პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით. აპელანტი მიუთითებს მოცემული კოდექსის 25-ე მუხლზე და აღნიშნავს, იმ პირობებში, როცა ზა-------------–---–ის პასუხისმგებლობა გამორიცხულია სადავო სამართალდარღვევის ფაქტთან მიმართებაში, სამართალდამრღვევი პირის გამოვლენის მიზნით უნდა დაიწყოს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, გაიცეს მითითება სავარაუდო სამართალდამრღვევზე, შედგეს შემოწმების აქტი და შემდგომ მიღებული იქნეს დადგენილება. ამდენად, ზა-------------–---–ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი სახეზე არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას, რომლითაც ბათილად იქნება ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 8 ნოემბრის N29 ბრძანების მე-3 პუნქტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 8 ნოემბრის N29 ბრძანების მე-3 პუნქტის კანონიერება, რომლითაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული აქტი გამოიცა ზა-------------–---–ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების საფუძველზე, რომლებითაც მოთხოვნილი იყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 11 მაისის N002363 და 2017 წლის 12 ივლისის N4-1/დ873-17 დადგენილებების ბათილად ცნობა. მითითებული დადგენილებებით ზა-------------–---–ი მიჩნეული იქნა სამართალდამრღვევად სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ წარმოებისთვის, დაევალა მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი და დაეკისრა საჯარიმო სანქცია. ამრიგად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა შეეფასებინა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიმდინარეობისა და ზა-------------–---–ის სამართალდამრღვევად მიჩნევის კანონიერება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სწორედ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების საფუძველზე და შესაბამისად, საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემდგომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ზა-------------–---–ის მიერ სადავოდ გამხდარი აქტები უკანონოა. ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის პასუხისხმებლობა უკისრება სამუშაოების მწარმოებელ პირს, ხოლო თუ ის დაუდგენელია - უძრავი ნივთის მესაკუთრეს. განსახილელ შემთხვევაში კი, სადავო ბრძანების თანახმად, არ არსებობდა მტკიცებულება, რომ სამუშაოები სწორედ ზა-------------–---–მა აწარმოა, ხოლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს - იგი არ წარმოადგენს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 08 თებერვლის N29 ბრძანებით ზა-------------–---–ის წარმომადგენლის ან---------------ის 20.06.2017 წლის N19/01171713141-01 და 21.07.2017 წლის N19/01172023152-01 ადმინისტრაციული საჩივრები დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 11 მაისის N002363 და 2017 წლის 12 ივლისის Nც20-17 (4-11დ873-17) დადგენილებები. ამდენად, სადავო ბრძანებით დაკმაყოფილდა აპელანტის ადმინისტრაციული საჩივარი, გასაჩივრებული აქტები ბათილად იქნა ცნობილი და მიჩნეული იქნა, რომ ზა-------------–---–ი არ არის სამართალდამრღვევი. ბრძანების სადავო პუნქტით, ზედამხედველობის სამსახურისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება კი გამოწვეული იქნა სწორედ იმ გარემობით, რომ, ერთი მხრივ, არასწორად მოხდა სამართალდამრღვევი სუბიექტის განსაზღვრა, მეორე მხრივ, ვინაიდან სახეზე იყო უნებართვო მშენებლობა, უფლებამოსილ ორგანოს უნდა მოეხდინა აღნიშნულზე სათანადო რეაგირება, რაც გულისხმობს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის აუცილებლობას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, თუკი მშენებლობა საჭიროებს ნებართვას/დადასტურებას, შესაბამისი წესების დაუცველობა წარმოადგენს სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველსა და პასუხისმგებელი პირისათვის სათანადო სანქციის შეფარდების წინაპირობას. ამდენად, სათანადო ადმინისტრაციულმა ორგანომ, პირველ ყოვლისა, უნდა განსაზღვროს, თუ რა სახის სამშენებლო სამუშაო არის ნაწარმოები, საჭიროებდა თუ არა იგი ნებართვას/დადასტურებას და რამდენად არის ასეთი ნებართვა შესაბამისი წესით მოპოვებული. ამასთან, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე რეაგირების განხორციელება, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, ეკისრებოდა სწორედ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. უფრო მეტიც, სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-63 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების“ მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მითითებული სამსახურის ძირითად ამოცანებს მიეკუთვნება ამ დებულებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება. ამავე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სამსახურის ფუნქციაა სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება.
ამრიგად, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენა და მასზე რეაგირება უნდა მოხდეს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესის დაცვითა და კანონმდებლობით განსაზღვრული ვადებისა და პროცედურების გათვალისწინებით. კონკრეტულ შემთხვევაში კი, სწორედ სამართალდარღვევის საქმეზე რეაგირების მიზნით, რადგან დადგენილი იქნა უნებართვო სამშენებლო სამუშაოს წარმოება, ხოლო სამართალდამრღვევი პირი გამოვლინდა არასწორად, რაც ზა-------------–---–ის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი გახდა, სწორედ ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, განისაზღვრა გასაჩივრებული აქტის სადავო პუნქტით ახალი წარმოების ჩატარების საჭიროება. ამასთან, ახალი ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, სადავო ბრძანებით, ემსახურება სამშენებლო სამართალდარღვევის რეალურად მწარმოებელი პირის გამოვლენას, ხოლო ასეთის დაუდგენლობისას - სანქციის მესაკუთრისთვის დაკისრებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს, რომ გასაჩივრებული აქტი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ბრძანების სადავო პუნქტი გავლენას არ ახდენს მოსარჩელის ინტერესებსა და უფლებებზე და არ ემსახურება მის სამართალდამრღვევად მიჩნევას, პირიქით, გასაჩივრებული ბრძანების სრულყოფილი ანალიზი ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ზა-------------–---–ი არ მიიჩნია სამართალდამრღვევად, მეორე მხრივ, სადავო პუნქტი ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოსთვის კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, კანონმდებლობის აღსრულებას. ამდენად, პალატის აზრით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, იგი გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად, არ ხელყოფს აპელანტის უფლებებს და მიზნად ისახავს ადმინისტრაციული ორგანოს უფლება-მოვალეობების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების საფუძვლები არ არსებობს.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზა-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე მანანა ჩოხელი