განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2019
საქმის ნომერი
330210018002360717
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
04.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002360717

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/7300-18 04 დეკემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - ა---------------–---------–---------------------–-------------ი“

 

წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–----------–--------

 

აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე-–---“

 

წარმომადგენელი - პ-------–---–-----

 

მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე - ს---------–----------–--------------------------------------

 

წარმომადგენელი - ე--------------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე შპს „ე-–--მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ა---------------–---------–---------------------–-------------ის“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართა და გაწეული მომსახურების ღირებულების, 30 298,65 ლარის, პირგასამტეხლოს, 2310 ლარისა, და საბანკო გარანტიის თანხის, 5138 ლარის, გადახდის ვალდებულების დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ე-–---ს“ სარჩელი მოპასუხე ა---------------–---------–---------------------–-------------ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების, 30 298,65 ლარისა და პირგასამტეხლოს, 2310 ლარის, გადახდის ვალდებულება დაეკისრა. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ საბანკო გარანტიის თანხის, 5138 ლარის, დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება ა---------------–---------–----------------------–--- ბ--------მა“ სარეზოლუციო ნაწილის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტების ნაწილში გაასაჩივრა და ამ ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე, შპს „ე-–--მაც“ გაასაჩივრა, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2017 წლის 17 აგვისტოს ა(ა)იპ „თ---–----------–--- ბ--------ების მ-------------------ს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს, ა(ა)იპ „ქ-------–---------–--------------------–--- ბ--------სა“ და შპს „ე-–--ს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საგანს 669 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურების, ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით, გაწევა წარმოადგენდა. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება 168 487,65 ლარს შეადგენდა.

 

ხელშეკრულების 4.1.1 ქვეპუნქტით განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება, 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, 669 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა უზრუნველეყო. ხელშეკრულების 6.1-6.2 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად ხორციელდებოდა. ხელშეკრულების ზედამხედველობის განხორციელება ა---------------–---------–---------------------–-------------ისა“ და ა(ა)იპ „თ---–----------–--- ბ--------ების მ-------------------ს“ შესაბამის სამსახურებს ევალებოდათ.

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის, სახელშეკრულებო ღირებულების 3%, კერძოდ, 5138 ლარის ოდენობით, გაფორმების ვალდებულება შეთანხმდა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება, ყოველთვიურად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან, 10 კალენდარული დღის განმავლობაში, უნდა განხორციელებულიყო.

 

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს, პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაეკისრებოდა (ტომი I, ს.ფ. 19-24, 25-34).

 

6. 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს

„ე-–---ს“ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები შემდეგი სახით განისაზღვრა: თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. მავნე ქიმიურ ელემენტებს არ უნდა შეიცავდეს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. უნდა იყოს შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი) უნდა განხორციელდეს, თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან შესაბამისობის დეკლარაცია უნდა ახლდეს. სურსათი დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები) წარმოადგინოს. მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა საერთო ვადის მინიმუმ 40% უნდა იყოს. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს (ტომი I, ს.ფ. 25-34).

 

7. 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს „ე-–---ს“ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები შემდეგი სახით განისაზღვრა: თითოეული მიწოდებული პარტია რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით უნდა იყოს დამზადებული. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. მავნე ქიმიურ ელემენტებს არ უნდა შეიცავდეს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი) უნდა განხორციელდეს, თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან შესაბამისობის დეკლარაცია უნდა ახლდეს. სურსათი დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს; მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები). მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა საერთო ვადის არანაკლებ 40% უნდა იყოს. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს (ტომი I, ს.ფ. 25-34).

 

8. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 14 სექტემბერს სს „ბაზის ბანკის“ საბანკო გარანტია №BB.14.09/21, გაიცა, სადაც პრინციპალია შპს „ე-–---“, ბენეფიციარი ა---------------–---------–---------------------–-------------ი“, საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა - 5138 ლარს შეადგენდა (ტომი I, ს.ფ. 39).

 

9. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ე-–---ს“ მიერ ა---------------–---------–---------------------–-------------ისთვის“, 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით 30 298,65 ლარს შეადგენდა. შპს „ე-–---ს“ მიერ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით გაწეული მომსახურებების ღირებულება სადავო არ არის (ტომი I, ს. ფ. 40).

 

10. ა---------------–---------–---------------------–-------------ის“ ადმინისტრაციამ შპს „ე-–--თან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (1 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო, უარი განაცხადა (ტომი I, ს.ფ 41, 43-44).

 

11. თ---–----------–----–---------------- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თ---–----------–--- ბ--------ში შპს „ე-–---ს“ მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით ს----------–----------–------------------------------- სსიპ ს---------------------–------------ს მიმართა. ს----------–----------–------------------------------- სსიპ - ს---------------------–------------ს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N-------- თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი „იმერული“ ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა, იგი აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული (ტომი I, ს.ფ 48-49).

 

12. ს----------–----------–------------------------------- სსიპ - ს---------------------–------------ს 2017 წლის 19 დეკემბრის N-------- მიმართვიდან, ასევე ირკვევა, რომ წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი, ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა (ტომი I, ს.ფ. 50-52).

 

13. შპს „ე-–---სათვის“ ყველის მიმწოდებელმა შპს „ნ---------–--“-მა შპს „ე-–--ს“ განუმარტა, რომ პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ლაბორატორიული კვლევის ოქმები ახლდა, რაც პროდუქტის უსაფრთხოებასა და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას ადასტურებდა. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს ადასტურებდა (ს.ფ. 59-60).

 

14. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ შპს „ე-–--მა“ ა(ა)იპ „ქ-------–---------–--------------------–--- ბ--------თან“ დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველის მიწოდების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა.

 

მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ბ--------ებისთვის მიწოდებული პროდუქტი, რომელიც ეტიკეტირებული იყო „იმერულის“ სახელწოდებით აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები მისაწოდებელ ყველთან მიმართებით იდენტურ დათქმას ითვალისწინებდა, კერძოდ, კომპანიას ბაღისთვის პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი უნდა მიეწოდებინა.

 

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტრირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასიური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე. ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია. ვინაიდან სახელშეკრულებო სამართალი მხარეთა ნების ავტონომიაზე დაფუძნებული სამართალია და იგი Pacta sunt servanda-ს პრინციპის მოქმედებას ითვალისწინებს, სახელშეკრულებო დავების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გამოვლენილ ნებას და იმ პირობებს ექცევა, რომლის შესრულებაც მხარეებმა დადებული გარიგებით ივალდებულეს. შესაბამისად, რადგან მიმწოდებელმა პასტერიზებული რძის მაგივრად მიმწოდებელს აღდგენილი რძე მიაწოდა, პალატა ასკვნის, რომ შესრულება არაჯეროვანი იყო, რაც შემკვეთს კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სახეზეა შერეული ტიპის ხელშეკრულება, რომელიც ნარდობისა და ნასყიდობის ელემენტებს მოიცავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და ნაყიდი ქონება მიიღოს. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, მენარდეს შეთანხმებული საზღაური გადაუხადოს. როგორც ნასყიდობის, ასევე ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენა შემკვეთისათვის. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, შემსრულებელს უნაკლო შესრულების წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა. სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლი ადგენს, თუ რა მიიჩნევა ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობად/შესრულებად, კერძოდ, ნაკეთობა/შესრულება ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის ვარგისია. როგორც ზემოთმოყვანილ მსჯელობაში აღინიშნა, მხარეთა შორის მისაწოდებელი ყველის მახასიათებლები დეტალურად გაიწერა, რომელსაც მიწოდებული პროდუქცია ვერ აკმაყოფილებდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო ხელშეკრულების მოშლა მოითხოვოს. ასეთ შემთხვევაში გამყიდველმა მყიდველს გაწეული დანახარჯები უნდა აუნაზღაუროს. ამავე კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას, გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია ფასის შემცირება იმ ოდენობით მოითხოვოს, რაც ნაკლის გამოსასწორებლად არის საჭირო. მხედველობაში ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი მიიღება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ე-–--მა“ ხელშეკრულების ფარგლებში ბ--------ს შეთანხმებული საქონელი (განსხვავებული მახასიათებლების) მიაწოდა, ამ უკანასკნელს კი, შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია, ასევე, უდავოა, რომ ბ--------მა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ასევე, უდავოა, რომ ბ--------ს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ შემკვეთს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა (შეგებებული სარჩელის მოთხოვნა) და მხოლოდ მეორადი მოთხოვნის - არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობა გააჩნდა.

 

ამ კუთხით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, საკასაციო სასამართლოს განჩინებაზე მიუთითოს, სადაც იდენტურ საქმეზე, საკასაციო პალატის მიერ ხელშეკრულების დარღვევა არ იქნა იმგვარ გადაცდომად მიჩნეული, რომელიც ხელშეკრულების არსებით დარღვევას გაუთანაბრდებოდა და კონტრაჰენტს სანქციების გამოყენების შესაბამის შესაძლებლობას მისცემდა. აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და, რა თქმა უნდა, შესრულების ნაკლის სიმძიმე. პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი იმდენად უმნიშვნელო იყო ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

 

15. რაც შეეხება ხელშეკრულების ნაკლიანი შესრულების გამო სანქციის გამოყენებას, პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში განთავსებულია წერილები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას შპს „ე-–---ს“ იმ მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც სადავო პერიოდში მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურებას შეეხება. წერილობითი მტკიცებულებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე მოსარჩელე მხარისაგან არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრებას მოითხოვს.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „ქ-------–---------–--------------------–--- ბ--------ს“ შპს „ე-–---ს“ სასარგებლოდ რეალურად გაწეული მომსახურების 30 298,65 ლარისა და პირგასამტეხლოს 2310 ლარის გადახდის ვალდებულება დააკისრა. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრება სრულად მოხდა, სასამართლომ ჩათვალა, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის, მოცულობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს მოცულობა შეუსაბამოდ მაღალი არ იყო და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების წინაპირობებს არ ქმნიდა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, ფულადი თანხის ოდენობა იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე მხარეთა შეთანხმება უნდა არსებობდეს. შეთანხმება წერილობით ფორმას მოითხოვს. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო, ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას არ წარმოადგენს და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

 

პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. მოცემულ დავაზე, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნილ ოდენობას 2310 ლარი წარმოადგენდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ შესრულების მიღებისა და ზიანის არარსებობის პირობებში, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს და სასამართლოს მიერ 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეცია მართებულად არ იქნა გამოყენებული.

 

16. სააპელაციო პალატა დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხესთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი „კარაქი“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა.

 

უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბ--------ებისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. ასევე უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბ---------სთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც კონკრეტულ შემთხვევაში ბ--------ებს ეკისრებოდათ, ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია: ცხიმის შემცველობა 80% (+/-0,5), თავისთავად, არც ყველა და არც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებით, არ ნიშნავს რომ ცხიმის შემცველობა 80% ზე ნაკლები იყო. ხელშეკრულების დარღვევად კი სწორედ ისეთი პროდუქტის მიწოდება ჩაითვლებოდა, რომელშიც ცხიმის დამტკიცებული შემცველობა 80%-ზე ნაკლები იქნებოდა. შესაბამისად, მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, მისი არსობრივი კვლევის გარეშე ხელშეკრულების დარღვევის უპირობო პრეზუმფციას არ ქმნის.

 

ამ კუთხით, საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, თ---–----------–----–---------------- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქ--–--------–-----------–--- ბ--------ებში შპს „ე-–---ს“ მიერ შესატანი პროდუქტის - კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით ს----------–----------–------------------------------- სსიპ ს---------------------–------------ს მიმართა. ს----------–----------–------------------------------- სსიპ ს---------------------–------------ს მიმართვების თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამება. ამავე წერილებში მითითებულია, რომ მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0.5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის 441 დადგენილების „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ცილა, ნახშირწყლები მიეთითოს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის, დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, არ ჩატარებულა. განსახილველ შემთხვევაში, ს----------–----------–------------------------------- სსიპ ს---------------------–------------ს მიერ უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები შესწავლილი არ არის და მათგან გამომდინარე დარღვევა არ დგინდება. სსიპ ს---------------------–------------ს მიერ მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტია შემოწმებული და მოპასუხეების მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად სწორედ ეტიკეტირების დარღვევაა მითითებული.

 

ამასთანავე, პროდუქტის შიგთავსის ხელშეკრულებასთან შესაბამისობის დასამტკიცებლად, საქმის მასალებში წარმოდგენილია მოსარჩელისთვის აღნიშნული პროდუქტის (კარაქის) მიმწოდებლის - შპს „ა--------------–------–----------“ მიმართვა, რომლის თანახმადაც, მისი და მოსარჩელის ურთიერთობის მანძილზე, 2017 წლის ოქტომბრიდან, სულ, დაფასოებულია 29 105 კგ. კარაქი, კერძოდ, ოქტომბრის თვეში - 9 900 კგ. კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, ნოემბრის თვეში - 10 705 კგ. კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, დეკემბრის თვეში - 2 400 კგ. კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით და 6 100 კგ. კარაქი 80.0% რძის ცხიმის შემცველობით. ამავე მტკიცებულების თანახმად, 80.0%-იანი ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომი კვლევისას, ასევე განმეორებითმა კვლევამ, აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა 80.0%-ს შეადგენდა (ტომი I, ს.ფ. 53).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - „კარაქის“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შეუსაბამობა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან არ დგინდება. ამიტომ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის მითითებას მასზედ, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, აპელანტი ა---------------–---------–---------------------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ასევე, კარაქის, როგორც უნაკლო ნივთის მიწოდების ნაწილში, შპს „ე-–---ს“ სააპელაციო საჩივარიც დაუსაბუთებელია და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ ქმნის.

 

17. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ აპელანტი ა---------------–---------–---------------------–-------------ის“ სასარგებლოდ გახმობილი საბანკო გარანტიების თანხის შპს „ე-–---სთვის“ ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.

 

პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას არ წარმოადგენს.

 

შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს და მისი ჯარიმის-სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის.

 

მოცემულ შემთხვევაში, კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ერთ-ერთ მიწოდებულ პროდუქტთან (კარაქი) მიმართებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, შესაბამისად, ვინაიდან საბანკო გარანტია გამოუხმობადი ხასიათის იყო და თავისი არსით, შემკვეთს არაჯეროვანი შესრულებისგანაც იცავდა, პალატას მიაჩნია, რომ საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამათლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, ამიტომ შპს „ე-–---ს“ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით ხელმძღვანელობს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტი - ა---------------–---------–---------------------–-------------ის“ მიერ, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 1304,35 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს, ასევე, აპელანტი - შპს „ე-–---ს“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი, 206 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ა---------------–---------–---------------------–-------------ი“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს „ე-–---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

4. ა---------------–---------–---------------------–-------------ი“ გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. შპს „ე-–---ს“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი