განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.12.2019
საქმის ნომერი
330310018002546196
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002546196

საქმე №3ბ/353-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

20 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ნუ--–--------------ი

წარმომადგენელი - აბ--–-----ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - გი------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია

 

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნუ--–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად ყაზახი, ათეისტი ნუ--–--------------ი დაიბადა 1965 წლის 3 მაისს, ქ. ალმათიში, ყაზახეთის რესპუბლიკა. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება: 1971 წლიდან 1982 წლამდე სწავლობდა ჯამბულის რაიონის სოფელ მირნის საშუალო სკოლაში, ხოლო 1982 წლიდან 1988 წლამდე სწავლობდა ქ. სამარის აეროკოსმოსურ უნივერსიტეტში. 1988 წლიდან 1991 წლამდე მუშაობდა სარზეგანის პოლიგონზე ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარების მომზადებაზე ინჟინრად, ქ. პრიოზერსკში (ყაზახეთის რესპუბლიკა).

 

2018 წლის 2 მაისს ნუ--–--------------მა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით მიმართა, რომლითაც მოითხოვა საქართველოში თავშესაფრის მინიჭება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში თავშესაფრის მაძიებელ პირს - ნუ--–--------------ს ჩაუტარდა გასაუბრება.

 

საერთაშირისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნის თანახმად, 1991 წელს მოსარჩელემ დააფუძნა შეზღუდული პასუხისგებლობის საზოგადოება „არნა“, რომელიც დაკავებული იყო ხე-ტყის მიწოდებითა და კავშირგაბმულობის გაყვანით. 1993 წელს ჯამბულის რაიონში მოსარჩელემ გახსნა კაფე. 1999 წელს მოსარჩელემ სხვა თანადამფუძნებლებთან ერთად დააფუძნა კომპანია „ალსი-ასია პეიჯ“ და იყო აღნიშნული კომპანიის გენერალური დირექტორი. კომპანია საქმიანობდა კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, 2002 წელს თავშესაფრის მაძიებელი გახდა კომპანია ,,ალსის“ გენერალური დირექტორი. კომპანია დაკავებული იყო ინფორმაციული ტექნოლოგიების, კავშირგაბმულობის გაყვანით, რაციებისა და პეიჯერების სერვისების უზრუნველყოფით. 2007 წლიდან ნუ--–--------------ი დაინიშნა კომპანიის ,,KTT” (ყაზახეთის სატრანზიტო ტელეკომუნიკაციები) გენერალურ დირექტორად, რომელიც სააქციო საზოგადოების ფორმის კომპანიასთან „ტრანსტელეკომ-თან“ ერთად ახორციელებდა ტელეკომუნიკაციების (მობილური კავშირი, ინტერნეტი) სერვისს. წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე მოსარჩელე ცხოვრობდა ქ. ალმათიში, მეუღლესა (არარეგისტრირებული ქორწინება) და ქალიშვილთან ერთად. თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, 2006 წელს კომპანია „KTT-მ” დადო კონსორციული ხელშეკრულება კომპანიასთან ,,ტრანსტელეკომ“, რომლის 100% აქციების მფლობელი არის სააქციო საზოგადოება ,,KTЖ” (ყაზ. ყაზახეთის რკინიგზა). კომპანიას „ტრანსტელეკომ-თან“ დადებული გარიგების თანახმად, მოსარჩელის კომპანია „KTT-მ“ კომპანია „ტრანსტელეკომ-ს“ გადასცა დაახლოებით 10 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების აპარატურა - კოპიუტერები, „ერიქსონის“ ფირმის ტექნიკური მოწყობილობები, ATC-ის სისტემა. შეთანხმებისამებრ, მიმწოდებელი გადასცემდა ტექნიკურ მოწყობილობებს და ანაზღაურებდა მომსახურე პერსონალის სახელფასო ხარჯებს, ხოლო კომპანია „ტრანსტელეკომ“ ვალდებული იყო უზრუნველეყო მომსახურე პერსონალით. რაც შეეხება, კლიენტებისგან მიღებული შემოსავლების განაწილებას, ორ კომპანიას შორის ანგარიშსწორება შემდეგი სქემით ხდებოდა: კომპანია „KTT-ს“ გადაეცემოდა მომსახურების თვითღირებულების ფიქსირებული თანხა, ხოლო შემოსავალი ნაწილდებოდა პროცენტული თანაფარდობით 15% - კომპანია „KTT-ს“, 85% - კომპანია „ტრანსტელეკომს“. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების დადებიდან 1 წელი ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 2007 წლის ბოლოს, 2008 წლის დასაწყისში შეიცვალა კომპანია „ტრანსტელეკომის“ ხელმძღვანელობა. ცვლილებების შემდეგ კი კომპანია „ტრანსტელეკომმა“ შეწყვიტა წილის გადახდა კომპანია „KTT-თვის“. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად არაერთი მოგებული სასამართლო დავისა, კომპანია მაინც არ ასრულებდა ვალდებულებას. ამასთან, ხელმძღვანელობის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას. სწორედ ამიტომ, 2013 წლის ზაფხულში მიღებული მუქარისა და ზოგადად შექმნილი ვითარების გამო, განმცხადებელმა თავდაპირველად საქართველოში მეუღლე და ქალიშვილი გამოუშვა, ერთი თვის შემდეგ კი თავადაც ჩამოვიდა, მაგრამ მეუღლესთან თათბირის შემდეგ, გადაწყვიტეს ყაზახეთში დაბრუნება, რათა ქალიშვილს სწავლა გაეგრძელებინა. მოსარჩელემ მეუღლე და ქალიშვილი მიიყვანა მშობლიური რაიონის სოფელში არსებულ სახლში, ხოლო თავად რამდენიმე დღეში, 2013 წლის აგვისტოში, ყაზახეთის პრეზიდენტის შვილიშვილთან და კომპანია „ტრანსტელეკომის“ ხელმძღვანელ პირებთან დაპირისპირების გამო დატოვა წარმოშობის ქვეყანა და გაემგზავრა ყირგიზეთის რესპუბლიკაში, საიდანაც ცდილობდა სიტუაციის მართვას. ნუ--–--------------მა იურისტებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მათ წინააღმდეგ საქმე იყო პროკურატურის განსაკუთრებულ კონტროლზე, რაც მოსარჩელემ ასევე მოისმინა ყაზახი ძალოვნებისგან უკვე საქართველოში დაკავების დროს. 2014 წელს ყაზახეთის რესპუბლიკაში ძებნა გამოცხადდა ყირგიზეთის რესპუბლიკაში მყოფ მოსარჩელეზე. 2014 წლის მაისში იგი ჩამოვიდა საქართველოში. 2018 წლის აპრილში თავშესაფრის მაძიებელი დააკავეს ექსტრადიციის წარდგენის საფუძველზე - მოსარჩელეს ბრალი ედება ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტით განსაზღვრულ ქმედებებში, რაც მოიცავს სხვისი ქონების მითვისებას ან გაფლანგვას ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ყაზახეთის რესპუბლიკაში მის წინააღმდეგ აღძრულ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქმე აღიძრა გავლენიანი პირების დავალებით მისი ქონების რეიდერული წესით მითვისების მიზნით. თავშესაფრის მაძიებელს არ სურს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება, რადგან მიიჩნევს, რომ ნურალი ალიევის და მისი ხალხის მხრიდან ემუქრება წამება, დაპატიმრება, არსებობს სიკვდილის საფრთხე. განმცხადებელს სურს საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა და მუშაობა, აცხადებს, რომ აქვს რამდენიმე სოციალური პროექტის იდეა.

 

თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქისათვის თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნის თანახმად, ნუ--–--------------ი ვერ აკმაყოფილებდა 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ასევე ვერ აკმაყოფილებდა ამავე კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია ნუ--–--------------ისთვის ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 14 ივნისის №02-01/05/14148 გადაწყვეტილებით ნუ--–--------------ს 1951 წლის ჟენევის კონვენციითა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების საფუძველზე, უარი ეთქვა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე და აღნიშნა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 14 ივნისის №02-01/05/14148 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

სასამართლომ, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" გაეროს 1951 წლის კონვენციაზე, „საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14, მე-15, მე-19 მუხლებზე, 32-ე მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით, განმარტა, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ ის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში გახდება დევნის მსხვერპლი გარკვეული გარემოებების გამო (რასის, რელიგიის, ეროვნების გამო და სხვა), ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისთვის უნდა გამოვლინდეს, რომ პირი უკვე გახდა იძულებული დაეტოვებინა ქვეყანა ნორმაში მითითებული გარემოებების გამო.

 

თავშესაფრის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ ანკეტირება-გასაუბრების მასალების, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 ჟენევის კონვენციისა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების შესაბამისად, თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელისთვის ლტოლვილისა ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს დასკვნაზე, რომ სრული სიზუსტით შეუძლებელია დადგინდეს თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის „ტრანსტელეკომის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარის ფაქტებს იმის გამო, რომ განმცხადებელს უარი ეთქვა კომპანია „ტრანსტელეკომის“ მიმართ არსებულ პრეტენზიებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით (ეჭვი განმცხადებლის სასარგებლოდ) განსაზღვრული კრიტერიუმების შეფასება. თუმცა, ყურადღება გამახვილებულ იქნა იმ გარემოებაზე, რომ თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვა არ მოითხოვა ასეთი შესაძლებლობის გაჩენისთანავე, რადგან თავშესაფრის მაძიებელი საქართველოში შემოვიდა 2014 წელს, ხოლო საქართველოში თავშესაფარი მოითხოვა 2018 წლის 2 მაისს. ამასთანავე, თავისუფლად გადაადგილდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ჰქონდა შესაძლებლობა გაცილებით ადრე მიემართა სართაშორისო დაცვაზე განცხადებით. განმცხადებელს არ უცდია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გაკეთება, სანამ ყაზახეთში ექსტრადიციის მიზნით არ დააკავეს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა. შესაბამისად, სამინისტრომ მიიჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა აღნიშნულ კრიტერიუმს. ამასთან, დასკვნის თანახმად, იმისთვის, რომ ეჭვი გადაწყდეს განმცხადებლის სასარგებლოდ საჭიროა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის ერთობლივად დაკმაყოფილება, თუმცა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრომ მიიჩნია, რომ განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას და შესაბამისად, ეჭვი განმცხადებლის სასარგებლოდ ვერ გადაწყდებოდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დაეთანხმა მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ სახეზე არ არის ისეთი სახის არსებითი ფაქტი, რომელიც თავისი არსით მიეკუთვნება ,,ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ ნიშანს. შესაბამისად, მართებულია სამინისტროს უარი ნუ--–--------------ისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, ვინიდან მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა წარმოშობის ქვეყანაში მისი დევნის, დაბრუნების შემთხვევაში ფიზიკურად განადგურების ფაქტები და აღნიშნული დევნის განხორციელების საშიშროება.

 

ამასთან, მოსარჩელის განცხადების განხილვისას შესწავლილ იქნა თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისობა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის (ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება) მოთხოვნებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტრომ მიუთითა, რომ საქმის ინდივიდუალური გარემოებებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, არ იკვეთებოდა საჭიროება, რომ კვლევა განხორციელებულიყო 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმებით, რადგანაც არ იკვეთებოდა განმცხადებლის მიმართ სიკვდილით დასჯის რისკი ან მისი სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ განმცხადებელს, წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა დამუქრებოდა პატიმრობა, საჭიროდ იქნა მიჩნეული კვლევა განხორციელებულიყო 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებით, კერძოდ, შეფასებულიყო განმცხადებლის მიმართ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რეალური რისკი.

 

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მასზედ, რომ თავშესაფრის მაძიებელს არ გააჩნია ისეთი სახის ინდივიდუალური გარემოება, რომ საპატიმროში მოთავსების შემთხვევაში დადგეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკის ქვეშ, ხოლო სასჯელი, რომელიც ემუქრება დაბრუნების შემთხვევაში, არ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს. გარდა ამისა, დასკვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისთვის წარმოდგენილ იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის წერილი (N2-013602-18-30008), რომლითაც ყაზახური მხარე იძლევა დიპლომატიურ გარანტიას, რომ ნუ--–--------------ი ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება დაცვის, მათ შორის, ადვოკატის დახმარების მიღების ყველა საშუალებით; მის მიმართ არ იქნება გამოყენებული წამება და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური, ღირსებისშემლახავი მოპყრობა ან დასჯა (ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი, ასევე გაეროსა და ევროსაბჭოს შესაბამისი კონვენციები და მათზე თანდართული ოქმები). ამდენად, მართებულია სამინისტროს უარი ნუ--–--------------ისთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, ვინიდან თავშესაფრის მაძიებელმა ასევე ვერ მიუთითა ისეთი სახის გარემოებებზე, რაც დაადასტურებდა ადამიანის ფუნდამეტური უფლებების დარღვევის რისკის ქვეშ დადგომის ფაქტს. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში არ ფიქსირდება განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნუ--–--------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნუ--–--------------ს ემუქრებიან ყაზახეთის პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებული პირები და ეს დაკავშირებულია ყაზახეთში ნუ--–--------------ის არსებულ ბიზნესთან. სასამართლომ არ გაიზიარა სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაცია ყაზახეთის ციხეებში არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე არ შეაფასა ის ფაქტი, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში სასჯელის ზომად არსებობს სიკვდილით დასჯა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ანალოგიურ საქმეზე არსებული სასამართლო პრაქტიკა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განჩინება.

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილებამ ანალოგიურ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა ინფორმაცია, რომლითაც დგინდება, რომ „ამნესთი ინთერნეშელის“ 2015-2016 წლების ანგარიშის თანახმად, ყაზახეთის რესპუბლიკაში წამება და სხვა სასტიკი მოპყრობის ფაქტები კვლავ უცვლელი რჩება. მაისში მოქალაქე სცემეს ციხეში და იგი სამი დღის მანძილზე იმყოფებოდა კომაში, რის შემდეგაც მას არ შეეძლო საუბარი და დახმარების გარეშე გადაადგილება. სამინისტროს მიერ მოძიებული ინფორმაციით დგინდება, რომ პირველი იანვრიდან 30 ნოემბრამდე რეგისტრირებული იქნა წამების შესახებ 119 განაცხადი, ხოლო წამების 465 საქმე შეწყდა. აღნიშნული ციფრები არ გამოხატავს პრობლემის რეალურ მასშტაბს, რამდენადაც ბევრ მსხვერპლს ეშინია წამების შესახებ განაცხადის გაკეთება. 2014 წელს გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა დაადგინა ყაზახეთის პასუხისმგებლობა მოქალაქის წამებასთან დაკავშირებით, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი პოლიციისა და ციხის თანამშრომლების მიერ.

 

აპელანტი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, მე-601, 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც არ ყოფილა შესწავლილი და გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. სამინისტრომ მიუთითა, რომ მოსარჩელის შიში არ არის გამყარებული საქმის ობიექტური გარემოებებით და შიშის ობიექტური საფუძვლების არარსებობის გამო არ განხორციელდა კონვენციური ნიშნით დევნის ანალიზი. აპელანტის მოსაზრებით, სამინისტროს გადაწყვეტილებით დარღვეულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. შედეგად, უშუალო ზიანი მიადგა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და უკანონოდ შეიზღუდა უფლება, ეძიოს და მოიპოვოს თავშესაფარი საქართველოში.

 

აპელანტი აღნიშნავს, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ლტოლვილის სტატუსის დადგენა მოიცავს სუბიექტური და ობიექტური (საფუძვლიანობის) ელემენტის შეფასებას. სამინისტროს მიერ არ მოხდა ნუ--–--------------ის სუბიექტური - შიშის და საქმის ობიექტური გარემოებების შეფასება, ვინაიდან არ შესწავლილა ყაზახეთში არსებული ვითარება, ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის ფაქტები. შიში თავისთავად სუბიექტურია და ის ფაქტი, რომ აპელანტს ყაზახეთში დაბრუნება არ შეუძლია შესაძლო ლიკვიდაციის შიშის გამო, ადასტურებს დევნის საფუძვლიან შიშს. ნუ--–--------------ი, უკან დაბრუნების შემთხვევაში, დიდი ალბათობით გახდება დევნისა და უკანონო მოპყრობის მსხვერპლი. გასათვალისწინებელია, რომ ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის მიზნებისთვის, პირის ლტოლვილად ჩათვლისთვის აუცილებელი არ არის მის მიმართ უკვე ჰქონოდა ადგილი დევნას, საკმარისია, მან დაასაბუთოს, რომ არსებობს გონივრული შესაძლებლობა მის წინააღმდეგ დევნის დაწყებისა. კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევას, რადგან არგაძევების პრინციპი ნიშნავს საქართველოს ვალდებულებას, თავშესაფრის მაძიებელი არ გააძევოს იმ ქვეყანაში, არ დააბრუნოს იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება ძალადობის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას ითხოვს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო არსებითად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 14 ივნისის №02-01/05/14148 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.

 

უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს, თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს, უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს, სახელმწიფო უწყებათა კომპეტენციებს თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფის სფეროში განსაზღვრავს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

მითითებული კანონის მესამე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია თავშესაფრის მაძიებლის ცნება - თავშესაფრის მაძიებელი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან, რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა.

 

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს 1951 წლის კონვენციის შესაბამისად, ცნება „ლტოლვილი“ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც საფუძვლიანი შიშის გამო შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ”ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.

 

ამდენად, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომელთა არსებობის დროსაც დგინდება ლტოლვილის სტატუსთან კონკრეტული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში, დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით, მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა. ამასთანავე, დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს. ამდენად, ლტოლვილის ცნებიდან გამომდინარე, ლტოლვილი არის პირი, რომელსაც არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი საცხოვრებელი ქვეყანა. იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. დევნა კი უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევას, როგორიც არის წამება, შეურაცხყოფა, ძალადობა და სხვა ზიანის მიყენება და წარმოადგენდეს ქვეყნის დატოვების - უკიდურესი ქმედების შედეგს.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტი (მოსარჩელე) ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს მის მიმართ დევნის განხორციელების საფრთხეზე რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძვლით. სწორედ ამიტომ, საკითხის სრულყოფილად შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გათვალისწინებული იქნა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები. მითითებული მუხლის შესაბამისად, თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ცალკეული საფუძვლები შესაბამისი დოკუმენტური ან სხვა მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, ასეთ გარემოებებს არ სჭირდება დამტკიცება შემდეგი გარემოებების ერთობლივად არსებობის შემთხვევაში: ა) თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასასაბუთებლად მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენა; ბ) თავშესაფრის მაძიებელმა წარადგინა საქმის განხილვისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ინფორმაცია, ამასთანავე, დამაკმაყოფილებლად ახსნა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის არარსებობა; გ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია თანამიმდევრულია, დამაჯერებელია და არ ეწინააღმდეგება წარმოშობის ქვეყნის შესახებ არსებულ ინფორმაციას; დ) თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვა მოითხოვა ასეთი შესაძლებლობის გაჩენისთანავე, თუ მის მიერ არ იქნა წარდგენილი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემაფერხებელი მიზეზები; ე) დადგინდა თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ზოგადი სანდოობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მითითებულ მოთხოვნებსაც, რაც ეჭვის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო. კერძოდ, გასათვალისწინებელია, რომ თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვა არ მოითხოვა ასეთი შესაძლებლობის გაჩენისთანავე. იგი საქართველოში შემოვიდა 2014 წელს, ხოლო საქართველოში თავშესაფარი მოითხოვა 2018 წლის 2 მაისს. ამასთანავე, თავისუფლად გადაადგილდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ჰქონდა შესაძლებლობა გაცილებით ადრე მიემართა სართაშორისო დაცვაზე განცხადებით. განმცხადებელს არ უცდია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გაკეთება, სანამ ყაზახეთში ექსტრადიციის მიზნით არ დააკავეს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ აპელანტის მეუღლე და შვილი იმყოფებიან ყაზახეთში და შედეგად მათი უფლებების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება. მოცემულ გარემოებათა ერთობლიობა გამორიცხავს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი საფუძვლიანი შიშის არსებობას.

 

რაც შეეხება ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს მე-19 მუხლის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. შესაბამისად, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისთვის პირმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება წარმოშობს მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს, იმავდროულად, სერიოზული ზიანის ცნება კანონმდებელმა დეტალურად განმარტა. კერძოდ, საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიმართ არ არსებობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, რადგან არ არსებობს მოსარჩელის მიმართ სიკვდილით დასჯის ან განუსაზღვრელი ძალადობის გამო ზიანის მიყენების რეალური რისკი. რაც შეეხება „საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ სერიოზულ ზიანს, წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული და მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია ისეთი სახის ინდივიდუალური გარემოება, რომ საპატიმრო პირობებში მოთავსების შემთხვევაში, დადგეს სერიოზული ზიანის, რეალური საფრთხის ქვეშ.

 

ამასთან, იმისთვის, რომ პირს მიენიჭოს თავშესაფარი, აუცილებელია იმ ფაქტის დამტკიცება, რომ მან ქვეყანა დატოვა არა უბრალოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, არამედ სახელმწიფოს მიერ ისეთი ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებების დარღვევის შედეგად, რაც ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისათვის დევნისა და საფუძლიანი შიშის შემადგენლობას ქმნის ან მიუთითებს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების წინაპირობების არსებობაზე. აპელანტის მიერ კი მსგავსი გარემოებები და მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

 

გარდა ამისა, სამინისტროს დასკვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისთვის წარმოდგენილი იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის წერილი (N2-013602-18-30008), რომლითაც ყაზახური მხარე იძლევა დიპლომატიურ გარანტიას, რომ ნუ--–--------------ი ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება დაცვის, მათ შორის ადვოკატის დახმარების მიღების ყველა საშუალებით; მის მიმართ არ იქნება გამოყენებული წამება და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური, ღირსებისშემლახავი მოპყრობა ან დასჯა (ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი, ასევე გაეროსა და ევროსაბჭოს შესაბამისი კონვენციები და მათზე თანდართული ოქმები). წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია კი ცხადყოფს, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში არ ფიქსირდება განურჩეველი ძალადობა, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 2125, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნუ--–--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე მანანა ჩოხელი