განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.01.2020
საქმის ნომერი
330310017002219056
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002219056

საქმე № 3ბ/1072-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

24 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - თი----–------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თბილისის საქალაქო სასამართლო;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თბილისის სააპელაციო სასამართლო;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს მთავარი პროკურატურა;

 

მესამე პირი (16.1) - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი;

 

მესამე პირი (16.1) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

 

დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას თი----–------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მათი ქმედებით მიყენებული მატერიალური ზარალის 80000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება და 2010 წლიდან გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე გადახდილი ქირის ანაზღაურება.

 

1.2. მოპასუხეებს თი----–------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ მორალური ზიანის - 100000 (ასიათასი) ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლო წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2.3. საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელებს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. მესამე პირების პოზიცია:

 

3.1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თი----–------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

5.1. 2007 წლის 14 თებერვალს აკ---------–--–---–მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. აღნიშნული განცხადების მიხედვით, მოთხოვნას წარმოადგენდა - მოპასუხე თი----–------–---–ისათვის თანხის დაკისრება სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ძირი თანხის - 3--0 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და სარგებლის - 3--0 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. ასევე, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების, სარჩელის ფასის 4%-ის - 288 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურებას.

 

5.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2008 წლის 2 ივნისს სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც აკ---------–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. თი----–------–---–ს დაეკისრა მოსარჩელე აკ---------–--–---–ის სასარგებლოდ 7220 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა. მოპასუხე თი----–------–---–ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 2--.6 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა (ს.ფ. 20-22). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაიცა 2008 წლის 19 აგვისტოს სააღსრულებო ფურცელი.

 

5.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2009 წლის 20 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით განხორციელდა თი----–------–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (მის: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მ------., მე---------., ბინ-----, ს/კ 01.1-------------------) იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზაცია 42250 ლარად.

 

5.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2011 წლის 24 ივნისს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა თი----–------–---–ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მარიამ კიკალეიშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის #2ბ/4------ განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინება და თი----–------–---–ს უარი ეთქვა ამავე სასამართლოს 2008 წლის 2 ივნისის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე.

 

5.5. თი----–------–---–ის წარმომადგენელმა 2009 წლის 18 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2002 წლის პირველი ივლისის ხელწერილთან დაკავშირებით საქმის მასალების შესწავლის მოთხოვნით.

 

2011 წლის 25 ნოემბრის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის № 0-------- საქმეზე თი----–------–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად. დადგენილების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2000 წელს თი----–------–---–მა, აკ---------–--–---–ისაგან ისესხა 1500 აშშ დოლარი, რაც რამდენიმე თვეში უკან დაუბრუნა გამსესხებელს. 2005 წელს თი----–------–---–მა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა, რის გამოც, მის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მ------., მე---------., №-- ბინა, იპოთეკით დატვირთა უჩ-------------–ის სასარგებლოდ სესხის 10000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად. 2006 წლის იანვარში, თი----–------–---–ი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც 4 წელი და 6 თვე იმყოფებოდა. 2009 წელს მან შეიტყო, რომ მის საკუთრებაში არსებული ზემოხსენებული ბინა აუქციონის წესით უჩ-------------–ის საკუთრებაში იყო გადასული. უჩ-------------–ის სახელზე ბინის გადაფორმებას საფუძვლად დაედო ყალბი ხელწერილი, რაც აკ---------–--–---–მა სამოქალაქო სასამართლოს წარუდგინა. მითითებული ხელწერილი საფუძვლად დაედო 2008 წლის 2 ივნისის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეირ მიღებულ გადაწყვეტილებას, რითაც ისარგებლა აკ---------–--–---–მა და თი----–------–---–ის საკუთრებაში არსებულ ბინას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

 

„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ“ 2012 წლის 21 მაისის დადგენილების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ აკ---------–--–---–ი და მისი მეუღლე - ცია-–------–---ძე თაღლითურად დაეუფლნენ თი----–------–---–ის კუთვნილ ქონებას, რაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიღებული გარდაცვალების აქტების შესაბამისად აკ---------–--–---–ი გარდაიცვალა 2010 წლის 28 ოქტომბერს, ხოლო ცია-–------–---ძე 2011 წლის 28 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დადგინდა აკ---------–--–---–ისა და ცია-–------–---ძის ბრალეულობა, სისხლის სამართლის №0-------- საქმეზე, თი----–------–---–ის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირთა (ბრალდებულთა) გარდაცვალების გამო.

 

6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

6.1. პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება საქართველოს მთავრი პროკურატურისა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ უკანონო ან/და დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების ჩადენა, რაც გახდებოდა ადმინისტრაციული ორგანოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელისთვის შესაძლო ზიანის მიყენების დასაბუთებულობაზე და დაადგინა, რომ სასამართლო ორგანოების მიერ განხორციელებული თითოეული მოქმედება კანონშესაბამისია. მხარემ ვერც საქართველოს მთავარი პროკურატურის და ვერც თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართებით ვერ დაადასტურა მისთვის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

6.2. არაქონებრივ ზიანთან მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ თი----–------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ასევე დაუსაბუთებელია ზემოაღნიშნული საფუძვლებიდან გამომდინარე და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი; ამდენად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო და არა - ქონებრივი ზიანის გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევაში. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისას, რომელიც არ არის დაკავშირებული საკუთრების უფლების ხელყოფასთან.

 

7. თი----–------–---–ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

7.1 თი----–------–---–ის სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:

 

თი----–------–---–ი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობებზე და განმარტავს: სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და ასევე არასწორად განმარტა კანონი. შედეგად, მიღებულ იქნა ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობის მქონე გადაწყვეტილება, რომელიც ზიანს აყენებს მხარეს.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

8.2. პირველყოვლისა პალატა განმარტავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტერაციული ორგანოების - თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოსარჩელე თი----–------–---–ისთვის შესაძლო მიყენებული მატერიალური და მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია სახელმწიფო/სახელმწიფო მოსამსახურის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს მოცემული სამივე კომპონენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას თი----–------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მათი ქმედებით მიყენებული მატერიალური ზარალის 80000 (ოთხმოციათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება და 2010 წლიდან - გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე გადახდილი ქირის ანაზღაურება. ასევე - მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

8.3. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თი----–------–---–ის სარჩელი საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თი----–------–---–ის წარმომადგენელმა 2009 წლის 18 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და 2002 წლის პირველი ივლისის ხელწერილთან დაკავშირებით საქმის მასალების შესწავლის მოთხვნით.

 

გამოძიებით დადგინდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები. თუმცა, თი----–------–---–ის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირთა (ბრალდებულთა) გარდაცვალების გამო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ფარგლებში, ადმინისტრაციული სასამართლოს კონტროლის უფლებამოსილება ვერ გავრცელდება პროკურატურის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

 

ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებელი სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე ზიანის მიმყენებელ ქმედებად ასახელებს პროკურატურის ორგანოთა ქმედებებს საგამოძიებო საქმიანობის ფარგლებში, რომელთა კანონიერებასაც სასამართლო ვერ შეაფასებს განსახილველი დავის ფარგლებში.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ პოზიციას, რომ გამოძიების ფარგლებში მიღებული საპროცესო აქტების უკანონობა შეიძლება, დადასტურდეს მხოლოდ შესაბამისი წესით - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი პროცედურების დაცვით. ადმინისტრაციული სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია ქმედების ან საპროცესო მოქმედების უკანონობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს განსახილველი დავის ფარგლებში საგამოძიებო ორგანოთა ქმედებების მართლზომიერების შეფასებას, რაც ცდება ადმინისტრაციული სასამართლოს უფლებამოსილებას.

 

ამგვარად, პროკურატურის ორგანოთა სარჩელში მითითებული ქმედებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი ვერ დადგინდება წინამდებარე დავის ფარგლებში. სარჩელს არ ერთვის მათი უკანონობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულების წარმოდგენა მოსარჩელეს ევალებოდა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, რადგან შეჯიბრებითობის პრინციპის და მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტის მიხედვით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება, რაზედაც ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების წინაპირობა - ქმედების მართლწინააღმდეგობა არ დგინდება, რის გამოც არ არსებობს საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამრთლოს პოზიციას თი----–------–---–ის სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოთხოვნა დაუსაბუთებლად.

 

საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.

 

იგივე დანაწესს ითვალისწინებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი - სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. როგორც ზემოთ აღინიშნა, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის სახეზე უნდა იყოს ზიანი, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო მოსამსახურის ქმედებით ზიანის მიყენების საკითხის განხილვისას, ასევე, უნდა დადგინდეს, რომ ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, გამომდინარეობდა მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის სახეზე უნდა იყოს მითითებული კომპონენტები ერთდროულად, რომელიმეს არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

პალატა განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების წესი ზუსტად და ამომწურავადაა განსაზღვრული საპროცესო კანონმდებლობით. როგორც ზემოთ უკვე განიმარტა, ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ე.ი. კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რაც სათანადო წესით უნდა იყოს დადასტურებული. ამ შემთხვევაში მოსარჩელე ზიანის გამომწვევ ქმედებად ასახელებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას და განჩინებას. მოსარჩელე სასამართლოების მიმართ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით და ამის მიუხედავად, სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. კერძოდ, მოსარჩელის თქმით, სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ თი----–------–---–ი არ იმყოფებოდა საქართველოში და მას უწყება არ ჰქონდა ჩაბარებული კანონით დადგენილი წესით. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შედეგად მან დაკარგა წლების განმავლობაში შრომის შედეგად შეძენილი საცხოვრებელი ბინა, რითაც დაერღვა საკუთრების უფლება. სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების უკანონობის დადასტურებისთვის არსებობს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გზა - გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ მიუმართავს სასამართლოსთვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის ხელახალი განხილვის მოთხოვნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლო თავისი ინიციატივით ვერ იმსჯელებდა ამ საკითხზე. წინამდებარე დავის ფარგლებში კი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება. ამის შეფასება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მოსარჩელის მიერ შესაბამისი განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა განცხადებით არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ იგი არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით, არამედ მან სასამართლოს მიმართა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ არსებობს ახლად აღმოჩენილი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის სასარგებლოდ ცვლის საქმის შედეგს. ეს გარემოება წარმოადგენს არა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, არამედ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ემყარება დასკვნას, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის დღის შესახებ და მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობას. ამასთან, მხარე მიუთითებს, რომ მისთვის მიყენებული ზიანი გამოიხატება გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგში, კერძოდ, მას გადაწყვეტილებით ჩამოერთვა საკუთრების უფლება, რითაც მიადგა ზიანი და ამ ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მოცემულ შემთხვევაში. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნა მართებულად მიიჩნია უსაფუძვლდ, რადგან ზიანის გამომწვევ ქმედებად ვერ იქნება მოაზრებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება - მისი ბათილად ცნობის გარეშე. გარდა ამისა, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, მოსარჩელის მონაწილეობის შემთხვევაში რა შინაარსის გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და დავის შედეგზე რა გავლენას მოახდენდა საქმის განხილვაში თი----–------–---–ის მონაწილეობა. როგორც აღინიშნა, სასამართლოს მხრიდან საქმის განხილვა საქმის შედეგით უშუალოდ დაინტერესებული პირის მონაწილეობის გარეშე იწვევს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საქმის ხელახლა განხილვას, და არა - დავის შედეგის უპირობოდ მის სასარგებლოდ შეცვლას. ცალსახაა, რომ მხარეს არ მიუმართავს სასამართლოსთვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის ხელახალი განხილვის მოთხოვნით. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის ფარგლებში კი პირველი ინსტანციის მსგავსად, ვერც სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებაზე. როგორც არაერთხელ აღინიშნა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვა დასაშვებია მხოლოდ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

 

წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინების კანონიერებაზე, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისთვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა. შეუძლებელია, ზიანის გამომწვევ მართლსაწინააღმდეგო მოქმედებად განხილული იყოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მტკიცება, რომ კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი - მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია განხილული უნდა იქნეს, როგორც მისთვის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისთვის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

8.4. სააპელაციო პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნად დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების გარდა კანონით დაცული სხვა უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების შეზღუდვა, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებაზე (საქმეზე №ას-1156-1176-2011), რის მიხედვითაც კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი; ამდენად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო და არა ქონებრივი ზიანის გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევაში. ამდენად, ცალსახაა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისას, რომელიც არ არის დაკავშირებული საკუთრების უფლების ხელყოფასთან. საკუთრების უფლების ხელყოფა წარმოშობს ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტი დამატებით ამყარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა ნ ა ჩ ი ნ ა :

 

1. თი----–------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. № 6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -