განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.09.2019
საქმის ნომერი
330310017001678482
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
12.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001------ (N3ბ/2753-17)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

12 სექტემბერი, 2019 წე ქ. თბილისი

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - გი-----------------ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლე-----------–---–ი;

წარმომადგენელი - მა-----------ე;

 

თავდაპირველი მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ლე-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ნოემბრის N1-2311 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ლე------------–---–-ს მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში. ლე-----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

 

2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 აპრილის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია 31.03.2016 წ. N 8-----------) თანახმად, უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, ნ-------–-------------, საკადასტრო კოდი 0--------------- (ნაკვეთის წინა ნომერი 0---------------), დაზუსტებული ფართობი 155,00 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს ლე-----------–---–ი (პირადი N 0----------). უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.10.2015 წ. გადაწყვეტილება N M1--------3 და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

16.09.2015წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (განცხადების რეგისტრაცია 15.10.2015 წ. N 8-----------; უფლების რეგისტრაცია - 21.10.2015 წ.)

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 01.04.2016 წ. საჯარო რეესტრის ამონაწერი.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 ნოემბრის N2------ ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ნ-------–--------------ში, ლე-----------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე N024/042, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 09 ნოემბრის N2------ ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, ნ-------–--------------ში, ლე-----------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 0---------------) 04.11.2015 წ. N 2------ ბრძანებით შეთანხმებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2015 წლის 13 ნოემბრიდან 2016 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 12.07.2016 წ. N 07/6817-13 (06.07.2016 წ. N 17/175031) მიმართვით ლე-----------–---–ს წერილის პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ნ-------–-----------ა-ში, ლე-----------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე N024/042, სამსახურის მიერ 2015 წლის 04 ნოემბრის N2------ ბრძანებით შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, ხოლო იმავე წლის 09 ნოემბრის N 2------ ბრძანებით სამსახურის მიერ გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა, რომლის მშენებლობის ვადად განისაზღვრა 13.11.2015-13.11.2016 წწ. პერიოდი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 04.11.2015 წ. ბრძანება N 2------.

- 05.11.2015 წ. ბრძანება N 2------.

- 12.07.2016 წ. N 07/6817-13 (06.07.2016 წ. N 17/175031) მიმართვა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 09 ნოემბრის N 38/49555 მიმართვით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ეცნობა, რომ უკანონო ქმედებათა აღმოფხვრისა და გამოვლენის მიზნით შესაბამის ღონისძიებების გატარებისას სამსახურის მიერ გამოვლენილ იქნა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილვის პროცესში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან წარდგენილი განცხადებებებისა და მათზე თანდართული დოკუმენტაციის არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან არსებული შეუსაბამობები. შესაბამისად, წარდგენილ იქნა რა აღნიშნულის ამსახველი ფოტომასალა, სამი ობიექტის - AR 1------ (ლე-----------–---–ი), A-------- და A--------, უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილ იქნა საკითხის განხილვა გადაწყვეტა და შესაბამისი ზომების გატარება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 09.11.2015 წ. მიმართვა N 38/49555.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ , 2016 წლის 10 მარტს მიღებულ იქნა ბრძანება N 121 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 03 ნოემბრის N2------, 2015 წლის 09 ნოემბრის N 2------ (ლე-----------–---–ი) და 2015 წლის 22 დეკემბრის N2------ ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ. ბრძანებით ირკვევა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 დეკემბრის N 38/85501 წერილსი განმარტებული იქნა, რომ 2015 წლის 03 ნოემბრის N2------, 2015 წლის 09 ნოემბრის N 2------ და 2015 წლის 22 დეკემბრის N2------ ბრძანებების გამოცემის დროისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციების გადამოწმებისა და ობიექტის ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა შესაბამის ნებართვას დაქვემდებარებული ობიექტების უნებართვოდ მოწყობის ფაქტი, რაც სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს ეცნობა 03.11.2015 წ. N 38/44521, 09.11.2015 წ. N38/49555 და 22.12.2015 წ. N38/84542 წერილებით. 09.11.2015 წ. N2------ ბრძანებით (ლე-----------–---–ი) გაცემულ ნებართვასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა 2016 წლის 12 თებერვალს (ოქმი N ო-56), სადაც შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2015 წლის 09 ნოემბერს სამსახურმა განახორციელა საპროექტო ობიექტის ადგილზე დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა შესაბამისი ნებართვის გაცემამდე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ფაქტი.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის N121 ბრძანება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გასჩივრდა 2016 წლის 29 მარტს ლე-----------–---–ის მიერ N111020/15 ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით, სადაც 2016 წლის 09 სექტემბერს მიღებულ იქნა N1-1650 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლე-----------–---–ის 29.03.2016 წ. N111020/15 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიეტიტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის N 121 ბრძანება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 10.03.2016 წ. ბრძანება N 121.

- 29.03.2016 წ. ადმინისტრაციული საჩვარი N111020/15.

- 09.09.2016 წ. ბრძანება N 1-1650.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 25 მარტს შედგენილ იქნა მითითება N0----- ლე-----------–---–ის მიმართ, საიდანაც ირკვევა, რომ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის 10.03.2016 წ. N 121 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ნ-------–--------------ში (საკადასტრო კოდი N0---------------) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშნებელობის ნებართვა - 09.11.2015 წ. N2------ ბრძანება. დღეის მდგომარეობით განხორციელებულია საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მოწყობილია კაპიტალური ღობე, რაც გაცდენილია საკადასტრო საზღვრებს. მითითებით ლე-----------–---–ს დაევალა სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან/და მისი დემონტაჟის განხორციელება. დარღვევის გამოსასწორებლად მხარეს მიეცა 30 კალენდარული დღე.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაოქ სამსახურის უფროსის მოადგილეს ამავე სამსახურის ინსპექტირების და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 22.06.2016 წ. N 361 მოხსენებითი ბართით ეცნობა, რომ 03.05.2016 წ. N0----- შემოწმების აქტით დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, მოხსენებითი ბარათის შედგენის დროისათვის ლე-----------–---–ის მიერ გამოსწორებულია დარღვევა წითელ ხაზებთან დაკავშირებით და უნებართვო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი და კაპიტალური ღობე მოქცეულია ქ.თბილისში, ნ-------–-----------ა-ს საკადასტრო კოდი N0--------------- საზღვრებში.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, 2016 წლის 03 მაისს შედეგნილი N 0----- შემოწმების აქტით ირკვევა, რომ ლე-----------–---–ის მიერ არ შესრულებულა 25.03.2016 წ. N0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 25.03.2016 წ. მითითება N 0-----.

- 03.05.2016 წ. შემოწმების აქტი N 0-----.

- 22.06.2016 წ. მოხსენებითი ბარათი N 361.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 22 ივნისს გამოცემულ იქნა დადგენილება N0----- სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლითაც ლე-----------–---–ი დაჯარიმებულ იქნა 8000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, ნ-------–--------------ში (საკადასტრო კოდი 0---------------) უნებართვოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის და კაპიტალური კედლის მშნებელობისათვის (მოწყობისათვის). ამავე დადგენილებით დაეკისრა უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის და კაპიტალური კედლის დემონტაჟი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 22.06.2016 წ. დადგენილბა N 0-----.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 22 ივნისის N0----- დადგენილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გასაჩივრებულ იქნა ლე-----------–---–ის მიერ 2016 წლის 08 ივლისის N 243878/15 ადმინისტრაციული საჩივრით, სადაც იმავე წლის 22 ნოემბერს მიღებულ იქნა ბრძანება N 1-2311, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 22 ივნისის N0----- დადგენილება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 08.07.2016 წ. ადმინისტრაციული საჩივარი N 243878/15.

- 22.11.2016 წ. ბრძანება N 1-2311.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 22 ივნისის N0----- დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22 ნოემბრის ბრძანება N 1-2311 მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ იქნა გამხდარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ამდინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 12 იანვარს შეტანილი N 1------ ადმინისტრაციული სარჩელით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 12.01.2017 წ. სარჩელი N 1------ (N3/237-17).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაო აქტის გამოცემისას მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული ნორმები. საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოებება, რომ საკითხის შესწავლისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეულ იქნა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ 09.10.2015 წ. (პროექტის შეთანხმება) და 09.11.2015 წ. (მშენებლობის ნებართვა) აქტებით ლე-----------–---–ს წარმოეშვა უფლება განეხორციელებინა მშენებლობა შეთანხმებული პროექტითა და დადგენილ ვადებში, რაც მის მიერ განხორციელებულ იქნა კიდეც, თუმცა მშენებელობის პროცესში გაირკვა რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ის აღმჭურველი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები რაც დაინტერესებულ პირს ანიჭებდა უფლებას და სარგებელს შესაბამისად მას წარმოეშვა რა კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული აქტების მიმართ განახორციელა მშენებლობა. არსებული დარღვევის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2016 წლის 25 მარტის მითითებით, სადაც მიეთითა არსებულის თაობაზე და დაუდგინდა ვადა მის გამოსასწორებლად. თავად ადმინისტრაციული ორგანოსათვის ეს დარღვევა ცნობილი იყო 09.11.2015 წ. N 49555 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიმართვით. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 12.07.2016 წ. N 07/6817-13 (06.07.2016 წ. N 17/175031) მიმართვით ლე-----------–---–ს წერილის პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ნ-------–--------------ში, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე N024/042, სამსახურის მიერ 2015 წლის 04 ნოემბრის N 2------ ბრძანებით შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, ხოლო იმავე წლის 09 ნოემბრის N 2------ ბრძანებით სამსახურის მიერ გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა, რომლის მშენებლობის ვადად განისაზღვრა 13.11.2015-13.11.2016 წწ. პერიოდი. სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ამ უკანასკნელი მიმართვის გაცემის დროს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ცნობილი იყო მშენებლობაზე არსებული დარღვევებისა და მასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, თუმცა დაინტერესებული პირისათვის ეს ინფორმაცია მოგვიანებით გახდა ცნობილი.

 

სასამართლომ ასევე განმარტა შემდეგი: ლე-----------–---–ს გააჩნდა რა კანონიერ ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული აღმჭურველი აქტების მიმართ, გასწია გარკვეული მატერიალური სახის დანახარჯები. დარღვევის დროულად ცნობის შემთხვაში კი ეს ზიანი ნაკლები იქნებოდა და მხარეს მიეცემოდა შესაძლებლობა მანამდე აღმოეფხვრა დაშვებული დარღვევა, სანამ დაუდგებოდა უფრო დიდი ზიანის მიყენების ფაქტი. მნიშვნელოვნად მიიჩნია სასამართლომ ასევე ის გარემოებაც, რომ დაინტერესებული პირის მიერ სადაოდ არის გამხდარი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციაპლიტეტის მერიის აქტი, რომელთა კანონშესაბამისობის საკითხსაც იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და საქმის განხილვისას გამოვლენილი გარემოებების არსებობის პირობებში, მოპასუხე მხარის პოზიცია სასამართლოსათვის ვერ იქნა საკმარისად მიჩნეული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება და საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევით დაადგინა, სადავო აქტში მითითებული გარემოებები.

 

სასამართლომ მიაჩნია, რომ დარღვეულია ბალანსი კერძო ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც დაცვის ღირსი ინტერესის საფუძველია და მიიჩია, რომ საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შედეგად უნდა მოხდეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტის გამოცემა, რომელიც თავის მხრივ არ გამოიწვევს პირის კანონიერ უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი:

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ ლე-----------–---–ის მიერ ქ. თბილისში, ნ-------–-----------ა-ში, საკუთრებაში არსებულ, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია საცხოვრებელი სახლისა და კაპიტალური ღობის ახალი მშენებლობა, რომლის წარმოების ფაქტი თავად დაადასტურა საჩივრის ავტორმა მის მიერ წარდგენილ 2016 წლის 8 ივლისის N243878/15 ადმინისტრაციულ საჩივარში. შესაბამისად, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ლე-----------–---–ს სწორად დააკისრა პასუხისმგებლობა სადავოდ გამხდარ შენობა - ნაგებობებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მოსარჩელისათვის დემონტაჟის დავალებას აპელანტი ყურადღებას ამახვილებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მეცხრე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, „თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: „დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა - ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ“, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის N1-2 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს „სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება“. აქედან გამომდინარეობს, რომ ვინაიდან, ლე-----------–---–ის მიერ განხორციელდა უნებართვო მშენებლობა მის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახური უფლებამოსილი იყო მისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად დაევალებინა უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის N2------ ბრძანებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის N121 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის N2------ ბრძანება, რომლითაც გაიცა მშენებლობის ნებართვა ქ. თბილისში, ნ-------–----------ში, ლე-----------–---–ის საკუთრებაში არსებულ N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მეორე კლასის ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე. შესაბამისად, წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 მარტის N0----- მითითების შედგენის დროისათვის სადავო დადგენილებაში მითითებულ დარღვევებზე არ არსებობდა შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაცია. აპელანტი ასევე ყუარადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული წარმოადგენს ცალკე დავის საგანს, რაც ბუნდოვანს ხდის სასამართლოს მითითებას აღნიშნულ გარემოებაზე.

აპელანტმა ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობაზე კანონიერი ნდობის საკითხზე და განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. მოცემულ შემთხვევაში აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო სწორედ ლე-----------–---–ის მხრიდან უკანონო ქმედება. აპელანტმა მიუთითა, რომ ლე-----------–---–ის მიერ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მოხდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის N2------ ბრძანების გამოცემამდე, რასაც ადასტურებს საქმის მასალებში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის წერილი. მიუთითებს, რომ მის მიერ დამალული იქნა აღნიშნული ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის. ამასთან, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ცნობილი იქნებოდა ნებართვის მიღებამდე განხორციელებული სამუშაოების თაობაზე, სამსახური მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას, რადგან ჯარიმის ქვითრის წარდგენის გარეშე, არქიტექტურის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად, აპელანტის განმარტებით, ყოველივე ადასტურებს, რომ ლე-----------–---–ს ბათილად ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის N2------ ბრძანების მიმართ არ გააჩნდა კანონიერი ნდობა, რადგან მას საფუძვლად დაედო მისი უკანონო მოქმედება.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ასევე არ იზიარებს საქმის განმხილველი სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ლე-----------–---–ისათვის სამართალდარღვევის თაობაზე ცნობილი გახდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 25 მარტის მითითებით და განმარტავს, რომ მხარე ჩართული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის N121 ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმისწარმოებაში, რასაც დასტურებს მის მიერ ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმში დაფიქსირებული პოზიცია. ამასთან, წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული ბრძანება ლე-----------–---–ს ჩაბარდა ოფიციალური წესით, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებაზე, რომ დროული ინფორმირების შემთხვევაში ლე-----------–---–ს უფრო ნაკლები ზიანი მიადგებოდა, აღნიშნულზე სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მიმდინარე საქმის განხილვის ფარგლებში მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა არ წარმოადგენს დავის საგანს. ამასთან კანონიერი ნდობის არარსებობის პირობებში ზიანზე მითითება უსაფუძვლოდ მიაჩნია, ასევე განმარტავს, რომ ლე-----------–---–ის მიერ განხორციელებული მშენებლობის სამართალდარღვევად მიჩნევისათვის უნებართვოდ ნაწარმოები სამუშაოების მოცულობას მნიშვნელობა არ აქვს და რა ეტაპზეც არ უნდა გამხდარიყო მისთვის ცნობილი მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის ფაქტი და შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები, აპელანტის განმარტებით მაინც სახეზე იქნებოდა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები.

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელე ლე-----------–---–ის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, პალატა მსჯელობს მხოლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარზე.

 

პალატა მიუთითებს, რომ დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 მარტის N0----- მითითება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 03 მაისის N0----- შემოწმების აქტი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის N0----- დადგენილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ნოემბრის N1-2311 ბრძანება.

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სადაო აქტის/ების გამოცემისას მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული ნორმები, სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოებები, რომ საკითხის შესწავლისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეულ იქნა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე’’, რომელიც არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა - ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (უფლებამონაცვლე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

აქვე, პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხზე, რომელიც განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესებს. კერძოდ,– დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 25 მარტს ლე-----------–---–ის მიმართ შედგა მითითება და განესაზღვრა 30 დღიანი ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ანდა მოეხდინა მის დემონტაჟი. ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, 2016 წლის 03 მაისს შედგა N0----- შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

 

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტზე აპელირებით პალატა მიუთითებს, რომ თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა - ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა - ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი პუნქტით კანონმდებელმა განმარტა, რომ უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა - ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით. ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, რომ გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა - ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა - ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა - ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №0----- დადგენილებით (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე) ლე------------–---–- დაჯარიმდა ქალაქ თბილისში, ნ-------–--------------ში (ს/კ 0---------------) უნებართვოდ ინდივიდუალური საცხოვრბელი სახლის და კაპიტალური კედლის მშენებლობისათვის.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადაო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემას წინ უძღოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემა, კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 ნოემბრის N2------ ბრძანებით შეთანხმდა რა ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ნ-------–-----------ა-ში, ლე-----------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე N024/042, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი, იმავე წლის 09 ნოემბრის N2------ ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, ნ-------–--------------ში, ლე-----------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 0---------------) 04.11.2015 წ. N2------ ბრძანებით შეთანხმებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2015 წლის 13 ნოემბრიდან 2016 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით.

 

ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2016 წლის 10 მარტს მიღებული იქნა ბრძანება N121 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 03 ნოემბრის N2------, 2015 წლის 29 ნოემბრის N 2------ და 2015 წლის 22 დეკემბრის N2------ ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ. ბრძანებას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 09 ნოემბრის N38/49555 მიმართვა, რომლითაც სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ეცნობა, რომ უკანონო ქმედებათა აღმოფხვრისა და გამოვლენის მიზნით, შესაბამის ღონისძიებების გატარებისას სამსახურის მიერ გამოვლენილ იქნა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილვის პროცესში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან წარდგენილი განცხადებებებისა და მათზე თანდართული დოკუმენტაციის არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან არსებული შეუსაბამობები.

 

პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 10 მარტის N121 ბრძანება გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 29 მარტს სადაც იმავე წლის 09 სექტემბერს მიღებულ იქნა ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფლებაზე უარის თქმის თაობაზე, აღნიშნული აქტები მოსარჩელის მიერ ასევე გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლე-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის N121 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 09 ნოემბრის N2------ ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 09 სექტემბრის N1-1650 ბრძანება ლე-----------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2015 წლის 09 ნოემბერს გაცემული მშენებლობის ნებართვა არ არღვევდა მესამე პირთა ინტერესებს. ნებართვის გაცემით სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა დაადასტურა მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა, ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამშენებლო ნებართვების გამოცემის დროისათვის მოსარჩელის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ იყო, ამდენად, არ დადასტურდა განმცხადებლის მიერ თვითნებური მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაციის არქიტექტურის სამსახურისათვის მიუწოდებლობა, ინფორმაციის დამალვა, შესაბამისად არ დადასტურდა კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა - მშენებლობის ნებართვის გაცემა უკანონო მოქმედების საფუძველზე. ზემოთმითითებული განჩინებით, პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ 2015 წლის 9 ნოემბრით დათარიღებულ ფოტომასალაზე და განმარტა, რომ აღნიშნული ფოტომასალით უტყუარად არ დადასტურდა ობიექტის კუთვნილება, ასევე პერიოდი. უტყუარად იმის მტკიცება, რომ 2015 წლის 9 ნოემბრისთვის არსებობდა სწორედ აღნიშნული - ფოტოზე ასახული მდგომარეობა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა განმარტებებით ვერ დადგინდა.

 

აქვე მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მიჩნეული იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინება.

 

პალატა მიუთითებს, რომ 2015 წლის 9 ოქტომბრის (პროექტის შეთანხმება) და 2015 წლის 9 ნოემბრის (მშენებლობის ნებართვა) აქტებით ლე-----------–---–ს წარმოეშვა უფლება განეხორციელებინა მშენებლობა შეთანხმებული პროექტითა და დადგენილ ვადებში, რაც მის მიერ განხორციელებულ იქნა კიდეც, თუმცა მშენებელობის პროცესში გაირკვა რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ის აღმჭურველი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები რაც დაინტერესებულ პირს ანიჭებდა უფლებას და სარგებელს, შესაბამისად მას წარმოეშვა რა კანონიერ ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული აქტების მიმართ განახორციელა მშენებლობა.

 

პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალში განსაკუთრებული ადგილი უკავია კანონიერი ნდობის პრინციპს. აღნიშნული განპირობებულია ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის სპეციფიკით, მათი უფლება - მოვალეობების ფართო სპექტრით. წარმოადგენს რა საჯარო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ადმინისტრაციულ ორგანოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, არა მარტო დაიცვას კანონის მოთხოვნა, არამედ ხელი შეუწყოს მოქალაქეთა მიერ კანონის სწორად აღქმასა და შესრულებას, რაც, პირველ რიგში, გამოხატული უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონის დანაწესის სწორი ინტერპრეტაციით, პირისთვის საკანონმდებლო ნორმის შინაარსის დაუმახინჯებლად და სწორად მიწოდებაში. ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი გარკვეულწილად უფრთხილდება აღმჭურველი აქტით ადრესატის უფლებრივ მდგომარეობას და პრიორიტეტს ანიჭებს მისი სამართლებრივი ინტერესების დაცვას, რამდენადაც ამგვარი აქტის საფუძველზე განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის ქმედების ფაქტის არსებობის ხაზგასმა, გულისხმობს სწორედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპის – კანონიერი ნდობის უფლების პატივისცემას. ამასთან, მხარეს გააჩნია კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების მიმართ. აღნიშნული პრინციპის დაუცველობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიული წეს - წყობილების არსებობას. სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა შესაძლებელია მხოლოდ საჯარო მმართველობის კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, პირის კანონიერი ნდობის უფლებისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე განხორციელების გზით.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ საჯარო მმართველობის მიზნიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობით დაინტერესებული პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლების პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ მას გააჩნია კანონიერი მოლოდინი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერების სტანდარტთან შესაბამისობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ - ერთი უმთავრესი ნიშანია.

 

პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე აპელირებით, სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებას ვერ მიიჩნევს საკმარის მტკიცებულებად იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება და საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევით დაადგინა, სადავო აქტში/ები მითითებული გარემოებები.

 

პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგის კვალობაზე განმარტავს, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ლე-----------–---–ის მიმართ ჯარიმის დაკისრების ნაწილში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და გადაწყვეტილება უნდა დააფუძნოს მხოლოდ იმ ფაქტებზე, მტკიცებულებზე/არგუმენტებზე, რომელიც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ცალსახაა, რომ ქ. თბილისის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად პალატის მოსაზრებით არ იქნა გამოკვლეულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. პალატა მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

ამდენად, წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისა და გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ დარღვეულია ბალანსი კერძო ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც დაცვის ღირსი ინტერესის საფუძველია და საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შედეგად უნდა მოხდეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტის გამოცემა, რომელიც თავის მხრივ არ გამოიწვევს პირის კანონიერ უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მხარე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი მოთხოვნა და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვერ დაასაბუთა მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

6.1. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის განხილვასთან გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი