განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 190310018002473121
საქმე №3-ბ-3356-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) ხატია არდაზიშვილი
მოსამართლეები - მანანა ჩოხელი
დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ა--------------ა
წარმომადგენელი - ა--------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო
წარმომადგენელი - გ----------–-----ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა--------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. ა--------------ა არის ა------------ის მოქალაქე. იგი 2015 წლის 30 დეკემბერს დაქორწინდა საქართველოს მოქალაქეზე ლ---------------ზე.
1.2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 22 თებერვლის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით ა--------------ას უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე იმ საფუძვლით, რომ არ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.
1.2.3. 2018 წლის 28 თებერვალს ა--------------ას წარმომადგენელმა ლ---------------მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის უფროსს და ა--------------ას საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
1.2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 09 მარტის M---------------- გადაწყვეტილებით, ა--------------ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის; გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა; დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები; ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ვ) თუ, საგარეო- პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში; თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო გამტარ პუნქტში უცხოელის ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ინსპექტირების შედეგად იგი: ა) უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე; ბ) უცხოელს უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს.
სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იყენებს პრევენციულ და იძულების ღონისძიებებს, უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს (2018 წლის 25 აპრილს მიღებულ იქნა ახალი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანება). ამავე ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ქ" ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით დეპარტამენტის საქმიანობა და ამოცანებია სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე უცხოელთა ინსპექტირება, მიგრაციისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი თავის საქმიანობას და ამოცანებს ახორციელებს სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით.
სასამართლომ ასევე მიუთითა ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმების დაცვას სახმელეთო, საზღვაო მონაკვეთებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში. მოცემული დადგენილების მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პირების მიერ წარმოებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ხოლო მერვე პუნქტის შესაბამისად, საქართველოში შემოსვლისას პირი მოწმდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს სასაზღვრო- საკონტროლო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვისას განხორციელდა ა------------ის მოქალაქის - ა--------------ას ინსპექტირება და შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, კერძოდ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიხედვით უარი ეთქვა მოსარჩელეს საქართველოში შემოსვლაზე და შესაბამისად უკან გაბრუნდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 22 თებერვლის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 09 მარტის M---------------- ა--------------ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნაც ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებისა და საქართველოში შემოსვალზე თანხმობის გაცემის დავალდებულებასთან დაკავშირებითაც უსაფუძვლოა.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, არასრულყოფილადაა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
აპელანტის განმარტებით, მოპასუხეს სადავო აქტებში არ აქვს აღნიშნული ზუსტი სამართლებრივი საფუძველი, თუ რა გახდა მიზეზი ა--------------ასათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის თაობაზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი დასკვნა, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ არის სწორად მითითებული სამართლებრივი საფუძველი. სასამართლოს მიერ უგულვებელყოფილია ოჯახის ერთიანობის პრინციპი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის; გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა; დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები; ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ვ) თუ, საგარეო- პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში; თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო გამტარ პუნქტში უცხოელის ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ინსპექტირების შედეგად იგი: ა) უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე; ბ) უცხოელს უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოში შემოსვლისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელდა სასაზღვრო გამტარ პუნქტში ა------------------------–--ის მოქალაქის - ა--------------ას ინსპექტირება. ინსპექტირების შედეგად, მოსარჩელე ა--------------ას უარს ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე და შესაბამისად უკან გაბრუნდა. ასევე, დადგენილია, რომ ა--------------ამ საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და ა--------------ას საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 09 მარტის M---------------- გადაწყვეტილებით, ა--------------ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, უცხოელს სასაზღვრო გამტარ პუნქტში შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე, თუ უცხოელი არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება იყო კანონიერი.
პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იყენებს პრევენციულ და იძულების ღონისძიებებს, უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ამავე ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ქ" ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით დეპარტამენტის საქმიანობა და ამოცანებია სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე უცხოელთა ინსპექტირება, მიგრაციისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი თავის საქმიანობას და ამოცანებს ახორციელებს სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით.
პალატა ასევე მიუთითებს ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმების დაცვას სახმელეთო, საზღვაო მონაკვეთებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.
მოცემული დადგენილების მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პირების მიერ წარმოებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ხოლო მერვე პუნქტის შესაბამისად, საქართველოში შემოსვლისას პირი მოწმდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით. მეხუთე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, ყალბი, ვადაგასული სამგზავრო დოკუმენტის წარდგენის, აგრეთვე სავიზო რეჟიმის დარღვევის ან/და იმ პირის ამოცნობის შემთხვევაში, რომელსაც უფლება არ აქვს შემოვიდეს საქართველოში ან გავიდეს საქართველოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ან საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი დაუყოვნებლივ აცნობებს ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ თანამშრომელს.
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვისას განხორციელდა ა------------------------–--ის მოქალაქის - ა--------------ას ინსპექტირება და შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, კერძოდ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიხედვით უარი ეთქვა მოსარჩელეს საქართველოში შემოსვლაზე.
3.2.2. სააპელაციო სასამართლო აპელანტის ყურადღებას მიაპყრობს ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური სამსახურები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი დასკვნა, აღნიშნულ უარყოფით დასკვნას საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომლებიც არც ერთი მხარის მიერ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის. ამდენად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემისას შეემოწმებინა წერილის საფუძვლად მითითებული გარემოებები და დოკუმენტაცია. ამდენად, ცალსახაა, რომ სამინისტროს სადავო გადაწყვეტილების მოტივირება ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
პალატა აქვე მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ან/და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ,,ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ“ (leander v. Sweden) დაადგინა, რომ შვედეთის მთავრობას უფლება ჰქონდა, დაედგინა ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი აპლიკანტის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით, რაც ასევე ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ფართო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული აქტი, რომელიც გამოიცა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისია.
ასევე საქმეზე კლასსი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ (Klass and others v. Germany06/09/1978) სასამართლომ არ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა: აპლიკანტის მიერ გასაჩივრებული კანონი (შეზღუდვები ელექტრონული ფოსტის და ტელეკომუნიკაციის საიდუმლოებაზე) სასამართლომ მიიჩნია საჭიროდ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდინარე და დანაშაულისა და არეულობის პრევენციის მიზნით.
გარდა ამისა, საქმეზე სეგერშტედტ-უიბერგი და სხვები შვედეთის წინააღმდეგ (Segerstedt-Wiberg and others v. Sweden 26/06/2006) სასამართლომ არ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა: ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის ინტერესებს უპირატესობა მიენიჭა აპლიკანტის ინტერესებთან შედარებით, მიეღოთ დაცვის პოლიციაში მათზე არსებული საქმის მასალები.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა--------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლეები:
ხატია არდაზიშვილი
მანანა ჩოხელი
დავით ახალბედაშვილი