განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.12.2019
საქმის ნომერი
330310019003073594
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019003073594

საქმე №3ბ/2783-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სე----------------–--

წარმომადგენელი - ბე----------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - გი------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით სე----------------–--ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2019 წლის 20 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქალაქ ბათუმში დაკავებულ იქნა თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი სე----------------–-- (SE-----------U), რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განჩინებით შეეფარდა წინასწარი საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით სე----------------–--ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელდა 3 თვით, სულ 6 თვემდე (ტომი პირველი, ს.ფ. 18-26, 73, 97-100);

 

2019 წლის 5 აპრილს სე----------------–--მ (SE-----------U, დაბ.03.02.1980წ.) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს.

 

2019 წლის 10 მაისს მოსარჩელეს ჩაუტარდა ანკეტირება და განმცხადებელი დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებელ პირად (ტომი მეორე, ს.ფ 68-75);

 

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 2019 წლის 31 მაისს მოსარჩელესთან ჩაატარა გასაუბრება. გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად თურქი, მუსლიმი სუნიტი სე----------------–--, იგი დაიბადა 1980 წლის 3 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ქოჯაელში. თავშესაფრის მაძიებლის დედა, 2 ძმა და 5და ცხოვრობს ქ. ქოჯაელში, 1 და კი - ჰოლანდიაში. 1987 - 1995 წლებში განმცხადებელი სწავლობდა ქ. ქოჯაელის „თურქ ფისელის“ დაწყებით სკოლაში. 1995 – 1996/97 წლებში სწავლობდა ქ. იზმითის „გაზის“ ლიცეუმში. 2000 – 2002 წლებში მსახურობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ედირნეს რაიონში. 2013 წლიდან დღემდე ამუშავებს საკუთარ ფირმა „ჩაფ ლოჯისტკს“.

 

თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით მას პრობლემა დაეწყო 2006 წლის 10/12 აგვისტოს. განმცხადებლის მტკიცებით, დაპირისპირება იყო ორ პიროვნებას - ვესალ ქამკარასა და ეიუბ ჩეთინს შორის, კერძოდ ვესალი ჩეთინს არ უბრუნებდა ვალს.

 

განმცხადებელი ეიუბ ჩეთინს იცნობდა ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე (მისგან ქირაობდა მანქანებს). 2006 წლის 10/12 აგვისტოს განმცხადებელი ქ. ქოჯაელის ერთ- ერთ ჩაიხანაში შეხვდა ჩეთინს მანქანის ქირაობის მიზნით, თუმცა ჩეთინმა მას უთხრა, რომ მანქანები არ ჰყავდა და განმცხადებელს სთხოვა, რომ ის და მისი მეგობრები მანქანით მიეყვანა ერთ ადგილას, თუმცა რა საქმე ჰქონდა არ უთქვამს. თავშესაფრის მაძიებელი ჩეთინს დასთანხმდა და ჩეთინი და ჩეთინის მეგობარი მითითებულ მისამართე მიიყვანა. თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, როდესაც ჩეთინი და მისი მეგობარი მანქანიდან გადმოვიდნენ, მათ მაშინვე ცეცხლი გაუხსნეს ვესალ ქამკარამ და მისმა ხალხმა (როგორც აღმოჩნდა ჩეთინს და ქამკარას შეხვედრა ჰქონდათ დანიშნული ვალთან დაკავშირებით). დაპირისპირებას შეუერთდა ჩეთინის 3 მეგობარი და რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ორმხრივი სროლა (განმცხადებლის თქმით ამ დროს ის მანქანასთან იმალებოდა და შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა, არც კი იცოდა რა ხდებოდა). დაპირისპირების შედეგად ჩეთინის მხრიდან არავინ დაშავებულა (კალაშნიკოვის ტიპის იარაღი ჰქონდათ), ხოლო ქამკარას მხრიდან (სულ ხუთნი იყვნენ) 2 დაიღუპა (მათ შორის ქამკარას მამა) და 3 დაიჭრა. ამის შემდეგ განმცხადებელთან მანქანაში ჩასხდნენ ჩეთინი და მისი 3 მეგობარი და განმცხადებელმა დატოვა შეტაკების ადგილი. განმცხადებელმა ჩეთინი და მისი მეგობრები გზაზე ჩამოსვა და მას შემდეგ მათთან შეხება აღარ ჰქონია. თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, მას ეშინოდა პოლიციისთვის მიმართვა, რადგან იფიქრებდნენ, რომ ისიც რეალურად იღებდა შეტაკებაში მონაწილეობას და დააპატიმრებდნენ (ამასთან ფიქრობდა, რომ მის ოჯახს შეექმნებოდა საფრთხე დაღუპულთა ოჯახის წევრების მხრიდან). აქედან გამომდინარე განმცხადებელი ჯერ იმალებოდა ქ. ქოჯაელის რაიონის სოფელში (ბაბუის სახლში) 3 დღის განმავლობაში და შემდეგ გადავიდა სტამბოლში, სადაც 9 თვის განმავლობაში ცხოვრობდა.

 

განმცხადებელი 2007 წლის ივნისს დააკავეს სტამბოლში დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიერ ადამიანთა დაჭრასა და მოკვლის ხელშეწყობის ბრალდებით და მიესაჯა 21 წლითა და რამდენიმე თვით პატიმრობა. თავშესაფრის მაძიებელი პატიმრობაში იმყოფებოდა 5 წელი და 8 თვე, რის შემდეგაც გაათავისუფლეს მტკიცებულებების არ ქონიდან გამომდინარე.

 

განმცხადებლის მტკიცებით ციხიდან გამოსვლისთანავე (2014 წლიდან) მის მიმართ დაღუპულთა ოჯახის წევრების მხრიდან დაიწყო მუქარები, თუმცა საერთო ნაცნობების მეშვეობით აწვდიდნენ ამ ინფორმაციას (განმცხადებლის მტკიცებით ციხეში ყოფნის პერიოდშიც და ციხიდან გამოსვლის შემდეგ 2014 წელს მისი და მისი ოჯახის კუთვნილი 4 მაღაზია და ოფისი დაცხრილეს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა). აღნიშნული მუქარებიდან გამომდინარე განმცხადებელმა გადაწყვიტა ქ. ქოჯაელის დატოვება და გადავიდა სამუშაოდ ქ. ბურდურში, სადაც განმცხადებელი 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და შემდეგ კვლავ დაბრუნდა ქ. ქოჯაელში და იქ ცხოვრების პერიოდში 2016/17 წელს განმცხადებელს ერთ-ერთმა მეგობარმა უთხრა, რომ ყურადღებით ყოფილიყო, შესაძლოა ქამკარას ხალხს განმცხადებელი მოეკლა, აქედან გამომდინარე განმცხადებელი არალეგალურად ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. აღნიშნულის პარალელურად მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე განმცხადებლის მიმართ, პირველ ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (21 წლით პატიმრობასთან დაკავშირებით) განმცხადებელს გასაჩივრებული ჰქონდა. 2017 წლის მაისში განმცხადებელმა დატოვა თურქეთის ტერიტორია, რადგან ეშინოდა, რომ ქამკარას ხალხი მასზე შურს იძიებდა, ხოლო 2017 წლის ივნისში უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და განმცხადებელს საბოლოოდ მიესაჯა 21 წლითა და 6 თვით პატიმრობა. თავშესაფრის მაძიებლის მტკიცებით, თურქეთის ფედერაციაში დაბრუნების შემთხვევაში მას დააპატიმრებენ დანაშაულისათვის, რომელიც არ ჩაუდენია, ამასთან შესაძლოა, რომ ქამკარას მეგობრებმა სცადონ განმცხადებელზე შურისძიება, რის შედეგადაც ან განმცხადებელი მოკვდება, ან მოუწევს თავდამსხმელების მოკვლა თავდაცვის მიზნით (ტომი მეორე, ს.ფ 68-75).

 

დადგენილია, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილებამ სე----------------–--ს საქმეზე შეადგინა დასკვნა, რომლის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომლებიც თავად თავშესაფრის მაძიებელმა გადმოსცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გასაუბრების დროს.

 

დასკვნაში ასევე განმარტებულია, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე სე----------------–--ს (SE-----------U, დაბ.03.02.1980წ.) საქმეზე კვლევის პროცესში არ გამოვლინდა ისეთი სახის ფაქტები, რაც თავისი არსით მიეკუთვნება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ რომელიმე ნიშანს, აღნიშნულის საფუძველზე ამ მიმართულებით დასკვნის შემდგენ ორგანოს მიერ შემდგომი კვლევა აღარ გაგრძლებულა.

 

ასევე დადგინდა, რომ სე----------------–-- (SE-----------U, დაბ.03.02.1980წ.) ვერ აკმაყოფილებს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისათვის, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილ პირობებს.

 

ამდენად, დასკვნის შემდგენმა ორგანომ გასცა რეკომენდაცია სედატ ერენოღლუს (SE-----------U, დაბ.03.02.1980წ.) როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ (ტომი მეორე, ს.ფ 68-75).

 

მოსარჩელისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლების არსებობის შეფასებისას, კვლევა გაგრძელდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ‘’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც გულისხმობს, მოსარჩელისათვის წარმოშობის ქვეყანაში წამების, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა ან სასჯელის საფრთხეს, რადგან თავად განმცხადებელი მიუთითებდა წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მისი დაპატიმრების შედეგად მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საშიშროებაზე. აღნიშნული მიმართულებით კვლევის პროცესში, დასკვნის შემდგენი ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში არსებული საპატიმრო პირობები და დადგინდა, რომ თურქეთის ციხეებში პოზიტიურ ცვლილებას აქვს ადგილი პრობლემების აღმოფხვრის კუთხით. თურქეთის რესპუბლიკაში საპატიმრო პირობები გასული წლების განმავლობაში გაუმჯობესდა და სახელმწიფოს გააჩნია აღნიშნული მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესების კონკრეტული რეფორმა, რაც დგინდება სხვადასხვა ოფიციალური წყაროდან მიღებული და შესწავლილი ინფორმაციებით.

 

ზემოაღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით განყოფილებამ დაასკვნა, რომ თავშესაფრის მაძიებელს არ გააჩნია ისეთი სახის ინდივიდუალური გარემოება, რომ ექსტრადირებისა და საპატიმრო პირობებში მოთავსების შემთხვევაში დადგეს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რეალური რისკის ქვეშ. ამასთან, ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკაში არ ფიქსირდება განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევები და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - სე----------------–-- (SE-----------U, დაბ.03.02.1980წ.) წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში არ დადგება სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს ჰუმანიტარულ დაცვას (ტომი მეორე, ს.ფ 68-75).

 

გასაუბრების მასალებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 31 მაისს მიღებულ იქნა N MIA 8 1901404491 შეტყობინება (გადაწყვეტილება), რომლის თანახმადაც სე----------------–--ს უარი ეთქვა საქართველოში როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე (ტომი პირველი, ს.ფ. 17-18).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება. მე-2 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

 

ამავე კანონის 36-ე მუხლის მიხედვით, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი; გ) თავშესაფრის მაძიებლის პირადი მონაცემები; დ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა; ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თავშესაფრის მაძიებელი. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება. ამავე კანონის 43-ე მუხლის თანახმად კი, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ანკეტირება- გასაუბრების მასალების, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 ჟენევის კონვენციისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების შესაბამისად, თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია სე----------------–--სათვის როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.

 

სასამართლოს მითითებით, დავის საგნის ფარგლებში, იმისათვის, რომ დადასტურდეს მოსარჩელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გასაუბრებისას და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტების საფუძვლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს მოსარჩელის მიმართ კონვენციური დევნის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ნამდვილობის საკითხი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.

 

თავის მხრივ, დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს.

 

ამდენად, ლტოლვილის ცნებიდან გამომდინარე, ლტოლვილი არის პირი, რომელსაც არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი საცხოვრებელი ქვეყანა. იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. დევნა კი უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევას, როგორიც არის წამება, შეურაცხყოფა, ძალადობა და სხვა ზიანის მიყენება და წარმოადგენდეს ქვეყნის დატოვების - უკიდურესი ქმედების შედეგს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სადავო გადაწყვეტილების საფუძვლად არსებულ დასკვნაში დაფიქსირებულ პოზიცია, რომლის მიხედვითაც სანდოდ იქნა მიჩნეული ფაქტი, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ხორციელდება განმცხადებლის სისხლისსამართლებრივი დევნა, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „დევნა“ უნდა განვასხვავოთ საერთო სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის საფუძველზე მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნისგან. საქმის მასალების მიხედვით არ იკვეთება განმცხადებლის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებები ან უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნისა და თუ შეუსაბამოდ მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფრთხე, რაც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციის 1ა მუხლის მე-2 პუნქტით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ რომელიმე ნიშანთან (რასა, რელიგია, ეროვნება, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილება ან პოლიტიკური შეხედულება). შესაბამისად განმცხადებლის შიში, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაექვემდებარება სისხლისსამართლებრივ დენას, თავისი არსით არ მიეკუთვნება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციის და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ რომელიმე ნიშანს. ზემოაღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელე მხარის მიმართ აღარ გაგრძელდა კვლევა, მისთვის ლტოლვილის სტატუსის დადგენის მიმართულებით.

 

თავის მხრივ, დასკვნის თანახმად, სანდოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელის განაცხადი წარმოშობის ქვეყანაში მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, რასაც ადასტურებს მისი განაცხადი და საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოგზავნილი საექსტრადიციო მასალები, რომლის თანახმად, სე----------------–--ს (დაბ. 03.02.1980წ.) თურქეთის რესპუბლიკაში ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის: 45237 37/1, 38/1 მუხლთა დებულებანით 82/1-ა (2-ჯერ), 82/1-ა 35/1-2, 86/2-3, 170/1 გ, 43/1, 151/1 მუხლთა დებულებანით და 6136 ნომრიანი კოდექსის 13/1, 53, 54. 63 მუხლთა დებულებანით (ადამიანთა განზრახ მკვლელობა). ხოლო მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან, 1951 წლის ჟენევის კონვენციის თანახმად, კონვენციური დევნა განსხვავდებოდა საერთო სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნისგან, აღნიშნულის განხილვა სცილდებოდა მოპასუხის კომპეტენციას.

 

სასამართლოს მითითებით, პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს საფუძვლიანი შიში, რაც მდგომარეობს არა მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობაში, არამედ პირის განწყობა გამყარებული უნდა იყოს ობიექტური გარემოებებით. ამდენად, „საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისაგან. თავშესაფრის მაძიებელმა უნდა დაასაბუთოს, რატომ აქვს დევნის შიში. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ კონვენციური დევნა უნდა განვასხვავოთ საერთო სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზნით პირის დევნისაგან. ადამიანები, რომლებიც სამართლებრივ დევნას ან სასჯელს გაურბიან, როგორც წესი, არ ითვლებიან ლტოლვილებად. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ლტოლვილი არის უსამართლობის მსხვერპლი - ან პოტენციური მსხვერპლი, და არა პირი, რომელიც მართლმსაჯულებას გაურბის ან არ სურს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება იმ მოტივით, რომ თავდაცვისას ვიღაცის სიცოცხლეს ხელყოფს და შესაბამისი რეაგირებისათვის არ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს უნდობლობის გამო, საამისოდ არსებითი საფუძვლების არსებობის გარეშე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა 2019 წლის 20 აგვისტოს სასამართლო მთავარ სხდომაზე მოსარჩელის ახსნა-განმარტებასა და საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნაში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვთაც იგი პოლიტიკური ნიშნით იდევნება, ეიუბ ჩეთინთან კავშირის გამო. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ იგი პოლიტიკურად არ არის აქტიური, არ არის გაწევრიანებული პარტიაში და მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა უკავშირდება მხოლოდ აიუბ ჩეთინთან კავშირს, აღნიშნულ კავშირს კი იგი აღწერს როგორც საქმიანსა და უკავშირებს ერთ საბედისწერო შემთხვევას, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პიროვნების თხოვნით მან კონკრეტულ ადგილზე მიიყვანა ეიუბ ჩეთინი და მისი თანხმლები პირები, სადაც მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება მათსა და სხვა პირებს შორის, თუმცა თავად მოსარჩელე არ იღებდა მონაწილეობას ამ დაპირისპირებაში, არ იცოდა იქ მისვლის მიზეზი და სწორედ აღნიშნულის საფუძვლით, მასზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რასაც არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ ეს არის მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდება და უკავშირდება ჩეთინის სახელს. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ ის მოსამართლეები თუ სხვა უფლებამოსილი პირები, რომლებიც მასიურად უკანონო აკავებდნენ და დევნიდნენ თურქეთის მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით უკვე არიან პასუხისგებაში მიცემულნი. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელე თავადაც არ უარყოფს, რომ იგი არ არის პოლიტიკურად აქტიური და აღნიშნავს, რომ მას დევნიან ჩეთინთან კავშირის გამო, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელე განმარტავს, რომ ჩეთინთან არ აქვს არანაირი კავშირი, გარდა საქმიანისა. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მას არ უნდა თავდაცვისას ან თავად დაიღუპოს ან სხვისი სიცოცხლე იმსხვერპლოს, მისივე განმარტებით, მან არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან მათ არ ენდობა, ამავე განმარტების საწინააღმდეგოდ კი აღნიშნავს, რომ პასუხისგებაში არიან მიცემულნი ის პირები, რომლებიც პოლიტიკურად დევნიდნენ სხვადასხვა პირებს. სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული გარემოება მეტყველებს სამართალდამცავი ორგანოების ადეკვატურ მოქმედებაზე და მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობაზე, მოსარჩელის განმარტებების არასანდოობაზე, კონვენციის მიზნებისათვის შიშის არარსებობაზე და მოსარჩელის მიზანზე აარიდოს თავი მართლმსაჯულებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ისეთი სახის არსებითი ფაქტი, რომელიც თავისი არსით მიეკუთვნება ლტოლვილის სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციით და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ ნიშანს. შესაბამისად, სასამართლო ეთანხმება მოპასუხის არგუმენტაციას და მართებულად მიიჩნევს მოპასუხის უარს მოსარჩელისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

 

მოსარჩელის განცხადების განხილვისას შესწავლილ იქნა ასევე თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისობა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის (ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება) მოთხოვნებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხემ მიუთითა, რომ საქმის ინდივიდუალური გარემოებებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, არ იკვეთებოდა საჭიროება, რომ კვლევა განხორციელებულიყო ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმებით, რადგანაც არ იკვეთებოდა განმცხადებლის მიმართ სიკვდილით დასჯის რისკი ან მისი სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. ამასთან, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თავშესაფრის მაძიებელს, წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა დამუქრებოდა პატიმრობა, საჭიროდ იქნა მიჩნეული კვლევა განხორციელებულიყო ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებით, კერძოდ, შეფასებულიყო მის მიმართ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რეალური რისკი. ამ მიზნით, მოპასუხის მიერ შესწავლილ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში არსებული საპატიმრო პირობები, კერძოდ EASO-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე წყარო მიუთითებს თურქეთის ციხეებში განხორციელებული არაერთი პოზიტიური ცვლილების შესახებ, მაგალითად როგორიცაა ციხის პირობებისა და ციხეში ზედამხედველობის გაუმჯობესება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, „ციხეების მდგომარეობა თურქეთში იყო არაადეკვატური და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ უკვე წერს, რომ ციხის პირობები ზოგადად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, ცალკეული გამონაკლისების გარდა. აღსანიშნავია, რომ ასევე მიღებული იქნა ზომები, რათა მომხდარიყო ციხის გადატვირთულობის თავიდან აცილება, ციხის შესაძლებლობების გათვალისწინებით და ასევე, პრობაციის სისტემის შემოღებით, დამონტაჟებული იქნა ზედამხედველობის კამერები დაკავების ადგილების 97 პროცენტში და საერთო ადგილებში, მათ შორის გასაუბრების ოთახებში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საანგარიშო პერიოდი - 2018 წელი) წერს, რომ საპატიმრო დაწესებულებები, ზოგადად, ბევრ ასპექტში თავსებადი იყო საერთაშორისო სტანდარტებთან. გადავსებულობა (განსაკუთრებით, 2016 წლის ჩაშლილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ) და ადეკვატურ ჯანდაცვაზე წვდომა კვლავ რჩებოდა მნიშვნელოვან პრობლემად. დეტალურად აღნიშნული კვლევების შესახებ ასევე აღნიშნულია საქმეში არსებულ დასკვნაში, რომელიც შეფასებულ იქნას სასამართლოს მიერ შესაბამის ეტაპზე და ერთვის საქმეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, თავშესაფრის მაძიებელს არ გააჩნია ისეთი სახის ინდივიდუალური გარემოება, რომ ექსტრადირებისა და საპატიმრო პირობებში მოთავსების შემთხვევაში დადგეს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის რეალური რისკის ქვეშ. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს თავად მოსარჩელის მიერ 2019 წლის 20 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც იგი აცხადებს, რომ ზოგადად თურქეთის ციხეებში მდგომარეობა კარგია, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საქართველოზეც უკეთესიც კი, თუმცა უშუალოდ მისი ინდივიდუალური პროფილიდან გამომდინარე შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოპასუხის უარს მოსარჩელისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზეც, ვინაიდან თავშესაფრის მაძიებელმა ვერ მიუთითა ისეთი სახის გარემოებებზე, რაც დაადასტურებდა ადამიანის ფუნდამეტური უფლებების დარღვევის რისკის ქვეშ დადგომის ფაქტს. ასევე აღსანიშნავია, რომ ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკაში არ ფიქსირდება განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით, სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებები იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ, რომ არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი. დამატებით, პალატა აღნიშნავს შემდეგს:

 

,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციის მიზნებისათვის ცნება ,,ლტოლვილი’’ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: 1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; 2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება. ამრიგად, ლტოლვილი არის პირი, რომელსაც არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი საცხოვრებელი ქვეყანა და იგი იძულებულია ასე მოიქცეს დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. თავის მხრივ, დევნა უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევას, როგორიც არის წამება, შეურაცხყოფა, ძალადობა, სხვა ზიანის მიყენება და წარმოადგენდეს ქვეყნის დატოვების - უკიდურესი ქმედების შედეგს. დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს.

 

უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის საფუძვლებს ადგენს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა. იმავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო დაცვა არის თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით. იმავე კანონის 15.1 მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. 17.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.

 

მითითებული კანონის 19.1 მუხლის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. თავის მხრივ, 32.3 მუხლით, სერიოზულ ზიანად მიიჩნევა: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. იმავე კანონის მე-20 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ჰუმანიტარული სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

 

საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება. 35.2 მუხლის თანახმად კი, გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება. იმავე კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი; გ) თავშესაფრის მაძიებლის პირადი მონაცემები; დ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა; ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თავშესაფრის მაძიებელი. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება. იმავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები. პალატა ასევე მიუთითებს კანონის 30.1 მუხლზე, რომლის თანახმად, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა თითოეული საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ინდივიდუალურად უნდა განიხილოს და უნდა შეაფასოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესაბამისი ელემენტები.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, ეროვნებით თურქმა, აღმსარებლობით მუსლიმმა სუნიტმა სედათ ერენოღლუმ 2019 წლის 05 აპრილს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართა შსს მიგრაციის დეპარტამენტს. აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ ორგანოში დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებლად, ჩაუტარდა გასაუბრება და შედგენილ იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, სედათ ერენოღლუ ვერ აკმაყოფილებდა 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლით და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ასევე ვერ აკმაყოფილებდა კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამმართველომ მიზანშეუწონილად მიიჩნია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის სედათ ერენოღლუს ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება. აღნიშნული დასკვნა საფუძვლად დაედო შსს მიგრაციის დეპარტამენტის სადავო 2019 წლის 31 მაისს მიღებულ იქნა N MIA 8 1901404491 შეტყობინებას (გადაწყვეტილება), რომლითაც სედათ ერენოღლუს 1951 წლის ჟენევის კონვენციითა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-20 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 20 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქალაქ ბათუმში დაკავებულ იქნა თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი სე----------------–-- (SE-----------U), რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განჩინებით შეეფარდა წინასწარი საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით სე----------------–--ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელდა 3 თვით, სულ 6 თვემდე (ტომი პირველი, ს.ფ. 18-26, 73, 97-100);

 

2019 წლის 5 აპრილს სე----------------–--მ (SE-----------U, დაბ.03.02.1980წ.) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს.

 

2019 წლის 10 მაისს მოსარჩელეს ჩაუტარდა ანკეტირება და განმცხადებელი დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებელ პირად (ტომი მეორე, ს.ფ 68-75);

 

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 2019 წლის 31 მაისს მოსარჩელესთან ჩაატარა გასაუბრება. გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად თურქი, მუსლიმი სუნიტი სე----------------–--, იგი დაიბადა 1980 წლის 3 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ქოჯაელში. თავშესაფრის მაძიებლის დედა, 2 ძმა და 5და ცხოვრობს ქ. ქოჯაელში, 1 და კი - ჰოლანდიაში. 1987 - 1995 წლებში განმცხადებელი სწავლობდა ქ. ქოჯაელის „თურქ ფისელის“ დაწყებით სკოლაში. 1995 – 1996/97 წლებში სწავლობდა ქ. იზმითის „გაზის“ ლიცეუმში. 2000 – 2002 წლებში მსახურობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ედირნეს რაიონში. 2013 წლიდან დღემდე ამუშავებს საკუთარ ფირმა „ჩაფ ლოჯისტკს“.

 

თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით მას პრობლემა დაეწყო 2006 წლის 10/12 აგვისტოს. განმცხადებლის მტკიცებით, დაპირისპირება იყო ორ პიროვნებას - ვესალ ქამკარასა და ეიუბ ჩეთინს შორის, კერძოდ ვესალი ჩეთინს არ უბრუნებდა ვალს.

 

განმცხადებელი ეიუბ ჩეთინს იცნობდა ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე (მისგან ქირაობდა მანქანებს). 2006 წლის 10/12 აგვისტოს განმცხადებელი ქ. ქოჯაელის ერთ- ერთ ჩაიხანაში შეხვდა ჩეთინს მანქანის ქირაობის მიზნით, თუმცა ჩეთინმა მას უთხრა, რომ მანქანები არ ჰყავდა და განმცხადებელს სთხოვა, რომ ის და მისი მეგობრები მანქანით მიეყვანა ერთ ადგილას, თუმცა რა საქმე ჰქონდა არ უთქვამს. თავშესაფრის მაძიებელი ჩეთინს დასთანხმდა და ჩეთინი და ჩეთინის მეგობარი მითითებულ მისამართე მიიყვანა. თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, როდესაც ჩეთინი და მისი მეგობარი მანქანიდან გადმოვიდნენ, მათ მაშინვე ცეცხლი გაუხსნეს ვესალ ქამკარამ და მისმა ხალხმა (როგორც აღმოჩნდა ჩეთინს და ქამკარას შეხვედრა ჰქონდათ დანიშნული ვალთან დაკავშირებით). დაპირისპირებას შეუერთდა ჩეთინის 3 მეგობარი და რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ორმხრივი სროლა (განმცხადებლის თქმით ამ დროს ის მანქანასთან იმალებოდა და შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა, არც კი იცოდა რა ხდებოდა). დაპირისპირების შედეგად ჩეთინის მხრიდან არავინ დაშავებულა (კალაშნიკოვის ტიპის იარაღი ჰქონდათ), ხოლო ქამკარას მხრიდან (სულ ხუთნი იყვნენ) 2 დაიღუპა (მათ შორის ქამკარას მამა) და 3 დაიჭრა. ამის შემდეგ განმცხადებელთან მანქანაში ჩასხდნენ ჩეთინი და მისი 3 მეგობარი და განმცხადებელმა დატოვა შეტაკების ადგილი. განმცხადებელმა ჩეთინი და მისი მეგობრები გზაზე ჩამოსვა და მას შემდეგ მათთან შეხება აღარ ჰქონია. თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, მას ეშინოდა პოლიციისთვის მიმართვა, რადგან იფიქრებდნენ, რომ ისიც რეალურად იღებდა შეტაკებაში მონაწილეობას და დააპატიმრებდნენ (ამასთან ფიქრობდა, რომ მის ოჯახს შეექმნებოდა საფრთხე დაღუპულთა ოჯახის წევრების მხრიდან). აქედან გამომდინარე განმცხადებელი ჯერ იმალებოდა ქ. ქოჯაელის რაიონის სოფელში (ბაბუის სახლში) 3 დღის განმავლობაში და შემდეგ გადავიდა სტამბოლში, სადაც 9 თვის განმავლობაში ცხოვრობდა.

 

განმცხადებელი 2007 წლის ივნისს დააკავეს სტამბოლში დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიერ ადამიანთა დაჭრასა და მოკვლის ხელშეწყობის ბრალდებით და მიესაჯა 21 წლითა და რამდენიმე თვით პატიმრობა. თავშესაფრის მაძიებელი პატიმრობაში იმყოფებოდა 5 წელი და 8 თვე, რის შემდეგაც გაათავისუფლეს მტკიცებულებების არ ქონის გამო.

 

განმცხადებლის მტკიცებით ციხიდან გამოსვლისთანავე (2014 წლიდან) მის მიმართ დაღუპულთა ოჯახის წევრების მხრიდან დაიწყო მუქარები, თუმცა საერთო ნაცნობების მეშვეობით აწვდიდნენ ამ ინფორმაციას (განმცხადებლის მტკიცებით ციხეში ყოფნის პერიოდშიც და ციხიდან გამოსვლის შემდეგ 2014 წელს მისი და მისი ოჯახის კუთვნილი 4 მაღაზია და ოფისი დაცხრილეს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა). აღნიშნული მუქარებიდან გამომდინარე განმცხადებელმა გადაწყვიტა ქ. ქოჯაელის დატოვება და გადავიდა სამუშაოდ ქ. ბურდურში, სადაც განმცხადებელი 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და შემდეგ კვლავ დაბრუნდა ქ. ქოჯაელში. იქ ცხოვრების პერიოდში 2016/17 წელს განმცხადებელს ერთ-ერთმა მეგობარმა უთხრა, რომ ყურადღებით ყოფილიყო, შესაძლოა ქამკარას ხალხს განმცხადებელი მოეკლა, აქედან გამომდინარე განმცხადებელი არალეგალურად ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. აღნიშნულის პარალელურად მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე განმცხადებლის მიმართ, პირველ ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (21 წლით პატიმრობასთან დაკავშირებით) განმცხადებელს გასაჩივრებული ჰქონდა. 2017 წლის მაისში განმცხადებელმა დატოვა თურქეთის ტერიტორია, რადგან ეშინოდა, რომ ქამკარას ხალხი მასზე შურს იძიებდა, ხოლო 2017 წლის ივნისში უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და განმცხადებელს საბოლოოდ მიესაჯა 21 წლითა და 6 თვით პატიმრობა. თავშესაფრის მაძიებლის მტკიცებით, თურქეთის ფედერაციაში დაბრუნების შემთხვევაში მას დააპატიმრებენ დანაშაულისათვის, რომელიც არ ჩაუდენია, ამასთან შესაძლოა, რომ ქამკარას მეგობრებმა სცადონ განმცხადებელზე შურისძიება, რის შედეგადაც ან განმცხადებელი მოკვდება, ან მოუწევს თავდამსხმელების მოკვლა თავდაცვის მიზნით (ტომი მეორე, ს.ფ 68-75).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება, ხოლო სხვა დანარჩენი პუნქტები, რომლებიც სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტების უტყუარობისა და დაინტერესებული პირის ქცევის სანდოობის ანალიზს შეეხება, უნდა გამომდინარეობდეს თავად თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოძიება, უკვე წარდგენილი მტკიცებულებების ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით შეფასება, მათი საჭიროება, განისაზღვრება მაძიებელ პირთან უშუალო გასაუბრების შედეგად მიღებული სრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის (თავშესაფრის) მინიჭების საკითხთან დაკავშირებული დასკვნის შედგენისას, უმთავრესია თავად დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც ლოგიკური და თანმიმდევრული უნდა იყოს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებს ჩაუტარდათ გასაუბრება, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოებათა გამოკვლევის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილებები და მათ საფუძვლად დაედო თავად დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი მონაცემები, რომლებმაც ასახვა ჰპოვა ანკეტირებისა და გასაუბრების მასალებში, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება დაფუძნებულია იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომლებიც ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ 13.12.1957წ. ექსტრადიციის შესახებ პარიზის კონვენციით (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2001 წლის 13 სექტემბრიდან) ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ ამ კონვენციით განსაზღვრული დებულებებისა და პირობების დაცვით, ერთმანეთისათვის ყველა პირის გადაცემის შესახებ, რომლის წინააღმდეგაც თხოვნის გამგზავნი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ აღძრულია საქმე დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლებიც იძებნებიან ხსენებული კომპეტენტური ორგანოების მიერ მათზე განაჩენის ან დაკავების ორდერის აღსასრულებლად. კონვენციის 22-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს კონვენცია სხვაგვარად განსაზღვრავს, ექსტრადიციისა და წინასწარი დაპატიმრების პროცედურა განისაზღვრება თხოვნის მიმღები მხარის კანონით.

 

სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის, ექსტრადიციის, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემის (გადმოცემის) პროცედურებს განსაზღვრავს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებას და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას შეეხება აღნიშნული კანონის 30-ე მუხლი.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან მოცემული შემთხვევა შეეხება საექსტრადაციო პატიმრისათვის ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხს, მნიშვნელოვანია, განიმარტოს, თუ რა განსხვავებაა სისხლისსამართლებრივ დევნასა და კონვენციით გათვალისწინებულ დევნას შორის, რა სამართლებრივ შედეგს იწვევს თითოეული, პირის ექსტრადიციის საკითხთან მიმართებით.

 

პალატა მიუთითებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა, სახელმწიფოს უფლებაა, გამოავლინოს დანაშაულის ჩამდენი პირი და დააკისროს მას კანონით დადგენილი, შესაბამისი პასუხისმგებლობა ამგვარი დევნით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების შესრულება - ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პირის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, რასაც შეიძლება მოჰყვეს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. ამდენად, პირები, რომლებიც სისხლისსამართლებრივ დევნას ან სასჯელს გაურბიან, ვერ ჩაითვლებიან ლტოლვილებად და მათზე ვერ გავრცელდება ის პირობები, რაც ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციით არის გათვალისწინებული. „დევნის“ განმარტება კონვენციული გაგებით, მოცემულია ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ კონვენციაში, ცნება ,,ლტოლვილთან“ მიმართებით. კერძოდ, კონვენცია ლტოლვილად მოიაზრებს პირს, რომელსაც აქვს საფუძვლიანი და არა აბსტრაქტული შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება. ამდენად, კონვენციური გაგებით დევნა გულისხმობს პირის მიმართ იძულებითი ღონისძიების გატარებას რომელიმე კონკრეტული ნიშნით (რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის ნიშნით), ასეთ შემთხვევებში, ადგილი არ აქვს პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და მასთან დაკავშირებით, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას. სახელმწიფო კონკრეტული ნიშნით გამორჩეული პირის მიმართ ახორციელებს დევნას, ახდენს მისი ძირითადი უფლებების შეზღუდვას/ხელყოფას, დამოუკიდებლად იმისა, ჩაიდინა კანონით დასჯადი ქმედება თუ არა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით და მხარეთა განმარტებებით არ არის დადასტურებული ისეთი სახის ფაქტობრივი გარემოებანი, რომლებიც „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციით და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ რომელიმე ნიშანს შეესაბამება. ამ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება კონვენციით გარანტირებული უფლების საწინააღმდეგოდ, რაც შეიძლებოდა მიჩნეულიყო არა სისხლისსამართლებრივ, არამედ კონვენციურ დევნად.

 

სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს და სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს საფუძვლიანი შიში. პალატა განმარტავს, რომ საფუძვლიანი შიში არ მდგომარეობს მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობებში. პირის განწყობა გამყარებული უნდა იყოს ობიექტური გარემოებებით. „საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისაგან. თავშესაფრის მაძიებელმა უნდა დაასაბუთოს, პირადად მას რატომ აქვს კონვენციური დევნის შიში. 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე, დევნა განსხვავდება საერთო სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად დანიშნული სასჯელისგან. ზოგადი განმარტების თანახმად, ლტოლვილი უსამართლობის მსხვერპლი ან პოტენციური მსხვერპლია და არა პირი, რომელიც მართლმსაჯულებას გაურბის. ამდენად, მართებულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ,,საფუძვლიანი შიში“ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის და მოსარჩელის მიზანს წარმოადგენს თავი აარიდოს მართლმსაჯულებას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს 2019 წლის 20 აგვისტოს პირველი ინსტანციის სასამართლო მთავარ სხდომაზე მოსარჩელის მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებასა და საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნაში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვთაც იგი პოლიტიკური ნიშნით იდევნება, ეიუბ ჩეთინთან კავშირის გამო. აპელანტის მითითებით, იგი პოლიტიკურად არ არის აქტიური, არ არის გაწევრიანებული პარტიაში და მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა უკავშირდება მხოლოდ აიუბ ჩეთინთან კავშირს, აღნიშნულ კავშირს კი იგი აღწერს როგორც საქმიანსა და უკავშირებს ერთ საბედისწერო შემთხვევას, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პიროვნების თხოვნით მან კონკრეტულ ადგილზე მიიყვანა ეიუბ ჩეთინი და მისი თანხმლები პირები, სადაც მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება მათსა და სხვა პირებს შორის, თუმცა თავად მოსარჩელე არ იღებდა მონაწილეობას ამ დაპირისპირებაში, არ იცოდა იქ მისვლის მიზეზი და სწორედ აღნიშნულის საფუძვლით, მასზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რასაც არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ ეს არის მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდება და უკავშირდება ჩეთინის სახელს. აპელანტმა სასამართლო სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ ის მოსამართლეები თუ სხვა უფლებამოსილი პირები, რომლებიც მასიურად უკანონო აკავებდნენ და დევნიდნენ თურქეთის მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით უკვე არიან პასუხისგებაში მიცემულნი. მიუხედავად აღნიშნულისა, აპელანტი თავადაც არ უარყოფს, რომ იგი არ არის პოლიტიკურად აქტიური და აღნიშნავს, რომ მას დევნიან ჩეთინთან კავშირის გამო, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ აპელანტი განმარტავს, რომ ჩეთინთან არ აქვს არანაირი კავშირი, გარდა საქმიანისა. აპელანტის განმარტებით, წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მას არ უნდა თავდაცვისას ან თავად დაიღუპოს ან სხვისი სიცოცხლე იმსხვერპლოს, მისივე განმარტებით, მან არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან არ ენდობა, ამავე განმარტების საწინააღმდეგოდ კი აღნიშნავს, რომ პასუხისგებაში არიან მიცემულნი ის პირები, რომლებიც პოლიტიკურად დევნიდნენ სხვადასხვა პირებს.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება მეტყველებს სამართალდამცავი ორგანოების ადეკვატურ მოქმედებაზე და მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობაზე. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ისეთი ფაქტი, რომელიც თავისი არსით მიეკუთვნება ლტოლვილის სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციითა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ ნიშანს. შესაბამისად, პალატა მართებულად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს უარის მოპასუხისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ აპელანტის განცხადების განხილვისას ასევე შეისწავლა მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისობა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის (ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება) მოთხოვნებთან. მოპასუხემ მიუთითა, რომ საქმის ინდივიდუალური გარემოებებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, არ იკვეთებოდა საჭიროება, კვლევა განხორციელებულიყო ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32.3 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმებით, რადგანაც არ იკვეთებოდა განმცხადებლის მიმართ სიკვდილით დასჯის რისკი ან მისი სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. ამასთან, ვინაიდან აპელანტს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლოა დამუქრებოდა პატიმრობა, საჭიროდ იქნა მიჩნეული კვლევა განხორციელებულიყო ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებით, კერძოდ, შეფასებულიყო მათ მიმართ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რეალური რისკი. ამ მიზნით, მოპასუხის მიერ შესწავლილ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში არსებული საპატიმრო პირობები, კერძოდ EASO-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე წყარო მიუთითებს თურქეთის ციხეებში განხორციელებული არაერთი პოზიტიური ცვლილების შესახებ. მაგალითაც როგორიცაა ციხის პირობებისა და ციხეში იზედამხედველობის გაუმჯობესება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, „ციხეების მდგომარეობა თურქეთში იყო არაადეკვატური და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ უკვე წერს, რომ ციხის პირობები ზოგადად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, ცალკეული გამონაკლისების გარდა. აღსანიშნავია, რომ ასევე მიღებული იქნა ზომები, რათა მომხდარიყო ციხის გადატვირთულობის თავიდან აცილება, ციხის შესაძლებლობების გათვალისწინებით და ასევე, პრობაციის სისტემის შემოღებით, დამონტაჟებული იქნა ზედამხედველობის კამერები დაკავების ადგილების 97 პროცენტში და საერთო ადგილებში, მათ შორის გასაუბრების ოთახებში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საანგარიშო პერიოდი - 2018 წელი) წერს, რომ საპატიმრო დაწესებულებები, ზოგადად, ბევრ ასპექტში თავსებადი იყო საერთაშორისო სტანდარტებთან. გადავსებულობა (განსაკუთრებით, 2016 წლის ჩაშლილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ) და ადეკვატურ ჯანდაცვაზე წვდომა კვლავ რჩებოდა მნიშვნელოვან პრობლემად.

 

სააპელაციო პალატა განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას მასზედ, რომ თავშესაფრის მაძიებელს არ გააჩნია ისეთი სახის ინდივიდუალური გარემოება, რომ ექსტრადირებისა და საპატიმრო პირობებში მოთავსების შემთხვევაში დადგეს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის რეალური რისკის ქვეშ. პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს თავად მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში 2019 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც, ზოგადად თურქეთის ციხეებში მდგომარეობა კარგია, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საქართველოზეც უკეთესიც კი, თუმცა უშუალოდ მისი ინდივიდუალური პროფილიდან გამომდინარე შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით მართებულად უნდა ჩაითვალოს მოპასუხის უარი აპელანტისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზეც, ვინაიდან თავშესაფრის მაძიებელმა ვერ მიუთითა ისეთი სახის გარემოებებზე, რაც დაადასტურებდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკის ქვეშ დადგომის ფაქტს. ასევე აღსანიშნავია, რომ ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკაში არ ფიქსირდება განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევები.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია ეფექტურად და ცხადად დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს წონადი, ღირებული და სანდო ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. იმავე კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამდენად, მითითებული ნორმები ადგენენ მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთანავე, მართალია, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმების პირობებში მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. ამასთანავე, კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის შეფასებით, საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის კანონშესაბამისია, არ ეწინააღმდეგება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციისა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 31 მაისის N MIA 8 1901404491 გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევიდან გამომდინარე კი, ასევე არ არსებობს მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2125 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სე----------------–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე: დავით ახალბედაშვილი