განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.01.2020
საქმის ნომერი
140310017002208958
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140310017002208958

საქმე №3ბ/743-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლევან მურუსიძე

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ს------------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - ფ--------------–---–-

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

 

ნაწილობრივ გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება და ფ--------------–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით სულ დაეკისროს 1 500 ლარის გადახდა (იხ. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ფ--------------–---–ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 500 (ხუთასი) ლარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ფ--------------–---–-სთვის პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 28 000 ლარიდან 27 500 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ფ--------------–---–- სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2016 წლის 7 სექტემბრის ბრძანებით ჩაირიცხა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელად 2016 წლის 11 სექტემბრიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე.

 

სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” მსმენელი ფ--------------–---–- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2016 წლის 11 სექტემბრიდან და მასთან გაფორმდა კონტრაქტი.

 

კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.1.3 და 6.1.5 ქვეპუნქტების თანახმად, სამინისტროს ინიციატივით მოსამსახურის წინასწარი ინფორმირების გარეშე მასთან კონტრაქტი ცალმხრივად შეიძლება, შეწყდეს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გაუვლელობისა და მოსამსახურის მისი ბრალით სასწავლებლიდან გარიცხვის (მათ შორის დისციპლინური ან აკადემიური საფუძვლით) შემთხვევაში.

 

იმავე მუხლის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.

 

ფ--------------–---–მა 2017 წლის 26-29 ივნისში საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შესრულებაში მიიღო უარყოფითი შეფასება, ხოლო 2017 წლის 20-21 ივლისს გადაბარებისას კვლავ აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც ,,აკადემიის” აკადემიურმა საბჭომ დაადგინა მისთვის იუნკერის სტატუსის შეწყვეტა.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით აკადემიური მოუსწრებლობისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 1-ლი კურსის იუნკერი ფ--------------–---–- დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას” და, მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი” ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა იუნკერებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა ფ--------------–---–მა მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

დადგენილია, რომ ფ--------------–---–მა 2017 წლის 26-29 ივნისში საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შესრულებაში მიიღო უარყოფითი შეფასება, ხოლო 2017 წლის 20-21 ივლისს გადაბარებისას კვლავ აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც ,,აკადემიის” აკადემიურმა საბჭომ დაადგინა მისთვის იუნკერის სტატუსის შეწყვეტა.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით აკადემიური მოუსწრებლობისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 1-ლი კურსის იუნკერი ფ--------------–---–- დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.

 

ეს აქტები მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა. ამასთან, მას არ წარმოუდგენია დადგენილებასა და ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და ფ--------------–---–თან კონტრაქტი სწორედ ამ აქტებითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

 

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხე ,,აკადემიიდან” გაირიცხა და მასთან კონტრაქტი შეწყდა 1-ლი სასწავლო წლის დასკვნით პირველად გამოცდაზე და გადაბარების შემდეგაც საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შესრულებაში არადამაკმაყოფილებელი შეფასების გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე (მოსამსახურის სასწავლებლიდან მისი ბრალით - აკადემიური საფუძვლით გარიცხვის გამო).

 

კონტრაქტის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.5 პუნქტით განსაზღვრული იმ საფუძვლით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) გადახდის ვალდებულება.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ,,აკადემიიდან” გაირიცხა და მასთან კონტრაქტი შეწყდა შესაბამისი სასწავლო წლის დასკვნით პირველად გამოცდაზე და გადაბარების შემდეგაც არადამაკმაყოფილებელი შეფასების გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.

 

პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

 

იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 28 000 ლარი - იყო შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვდა მისი გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არ არის და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით.

 

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მითითებული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვერტიკალურ დაქვემდებარებაში ყოფნას, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადად უფლებები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის - ძირითადად ვალდებულებები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 28 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს, და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის გამო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, შეემცირებინა პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეზე დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ 1. კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით; 2. მოპასუხე დათხოვნისას იყო მხოლოდ პირველი კურსის იუნკერი (19 წლის), სწავლობდა სულ 10 თვე, და შეუძლებელია, ამ პერიოდში სწავლის იმგვარი კურსი გაევლო, რაც საკმარისი იქნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებთან (მათ შორის მიზანში სროლა).

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 500 ლარით, რითაც დაცული იქნებოდა როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.

 

სასამართლო დაუშვა იმის შესაძლებლობაც, რომ, პრაქტიკული თვალსაზრისით, შესაძლოა, მართლაც ყოფილიყო პრობლემები ცეცხლსასროლი იარაღის (რომლითაც ტარდებოდა გამოცდა), სამიზნეების ტექნიკურ გამართულობასთან, ასევე სროლის წარმოების გარემოსთან დაკავშირებით.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები.

 

კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფომების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.

 

ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას; კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები.

 

საბოლოო ჯამში, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი, რომლის ოდენობაც უნდა განსაზღვრულიყო 500 ლარით.

 

პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ სახელმწიფოს თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობა, ასევე ამ პროცესში სამხედრო მოსამსახურეთა კანონიერი ინტერესები და უფლებები.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

თავდაპირველად წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვდა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 27 500 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.

 

2020 წლის 15 იანვარს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით სულ 1 500 ლარის დაკისრება. დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში აპელანტი მიუთითებს შემდეგს:

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაეთანხმა და გაითვალისწინა საერთო სასამართლოების მიდგომა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის #728 და 2011 წლის 17 სექტემბრის #729 ბრძანებებით დამტკიცებული კონტრაქტებით განსაზღვრულ შეუსაბამოდ მაღალი საჯარიმო სანქციის (28 000 ლარი) მიმართ. იმისთვის, რომ ადგილი არ ჰქონოდა პირთა მიმართ დისკრიმინაციის ფაქტს და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევას, სამინისტრომ ამ საკითხის მოგვარება განახორციელა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დონეზე და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 06 ივნისის #264 დადგენილებით მითითებული კონტრაქტების დარღვევისთვის განსაზღვრული საჯარიმო სანქცია შეამცირა გონივრული და მისაღები თანხის ოდენობამდე. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 06 ივნისის #264 დადგენილებით ცვლილება შევიდა ,,სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის #238 დადგენილებაში, რომლის XIX თავს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი - ,,პირს, რომელსაც 2019 წლის 10 ივნისამდე ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით სასწავლებლად მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის #728 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ან ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის #729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო დაეკისრა (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდეს: ა) 1 500 ლარამდე - I კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში.

 

ვინაიდან, ფ--------------–---–- დათხოვნის პერიოდისთვის წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სასაწავლო ბატალიონის I კურსის იუნკერს, კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 06 ივნისის #264 დადგენილების საფუძველზე, მას ეკისრება ვალდებულება სამინისტროს აუნაზღაუროს 1 500 ლარი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე მიღებულად, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში არ დაურღვევია კანონი. შესაბამისად, არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სადაოდ არ ხდის პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეწონილობას, თუმცა თვლის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 06 ივნისის #264 დადგენილების შესაბამისად - 1 500 ლარით.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მისი შეფასების საგანია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, გადაწყვეტილება უნდა შემოწმდეს მისი გამოტანის დროისთვის არსებულ ნორმატიულ აქტებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის #264 დადგენილება მიღებული იქნა 2019 წლის 06 ივნისს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. ამდენად, მითითებული დადგენილება არ მოქმედებდა არც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის და მით უფრო, მხარეთა შორის ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების დროისთვის. გარდა ამისა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება, სააპელაციო პალატა თვლის, რომ სათანადო წინაპირობების არსებობისას, სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა შეემცირებინა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

ამასთან, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით და მოიხმობს საკასაციო სასამართლოს განმარტებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლთან მიმართებაში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს: ,,სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს “შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არამარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან'' (იხ. საქმე ბს-740-734(2კ-11).

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ფ--------------–---–-ს მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის ფაქტი, რაც ამავე კონტრაქტის 6.2 პუნქტის მიხედვით, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, როგორც კონტრაქტით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, ასევე აპელანტის მიერ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება შემცირებას.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-880-876(კ-17), სადაც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ,,კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.. პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა''.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოცდის ჩაუბარებლობის გამო კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტა და პირგასამტეხლოს სახის თუნდაც 1 500 ლარის დაკისრება არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. ამდენად, სახეზეა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და შესაბამისად, მისი შემცირების წინაპირობები. სააპელაციო სასამართლო სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნევს სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს თანხის ოდენობის შემცირებას 500 ლარამდე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს და თვლის, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში მიღებულია ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაც გამორიცხავს მისი გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

საპროცესო ხარჯები:

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავადაცვის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ლევან მურუსიძე