განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.12.2019
საქმის ნომერი
330210018002619406
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002619406

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5696-19 16 დეკემბერი, 2019 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – მარიამ ირემაშვილი

 

აპელანტი - შპს „ვ--------------“

 

წარმომადგენელი - ლ-----------–--

 

მოწინააღმდეგე მხარე - დ----------–--–-–---–-

 

წარმომადგენელი - ქ----------------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, ჯარიმის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შპს „ვ---------------“ თბილისის საქალაქო სასამართლოში დ----------–--–-–---–-ს მიმართ სარჩელი აღძრა. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზიანის, 2875 ლარის, ანაზღაურება და ჯარიმის, 5000 ლარის ოდენობით, დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ვ---------------“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2018 წლის 27 იანვარს სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე დაზარალებულად შპს „ვ--------------“ იქნა ცნობილი. დადგენილებაში დაზარალებულად ცნობის საფუძვლად მიეთითა, რომ ვინაიდან დ----------–--–-–---–-ს დანაშაულებრივი ქმედებით შპს „ვ-------------ს“ მორალური ზიანი მიადგა, ამ უკანასკნელის დაზარალებულად ცნობის, კანონით დადგენილი საფუძველი, არსებობდა (ს.ფ. 22-23).

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით, დ----- ტ--–--–-–---–ს ბრალი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში დაედო. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც დ----------–--–-–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში იქნა დამნაშავედ ცნობილი და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით განესაზღვრა (ს.ფ. 24-27).

 

7. შინაგანაწესით სამუშაო დღეები და საათები, ასევე შვებულებით სარგებლობის პირობები, სანქციების დაკისრების წესი, სამუშაოდან დათხოვნის საფუძვლები და სხვა პირობები იყო განსაზღვრული (ს.ფ. 31-32, 39-43).

 

8. 2016 წლის 05 ოქტომბერს, მოსარჩელემ მოპასუხეს სექტემბრის თვის ხელფასი 394 ლარი, 2016 წლის 02 ნოემბერს - ოქტომბრის თვის ხელფასი - 388 ლარი, 2016 წლის 08 ნოემბერს - აგვისტოს თვის ბონუსი - 186 ლარი და 2016 წლის 02 დეკემბერს - ნოემბრის თვის ხელფასი 400 ლარის ოდენობით, ჩაურიცხა (ს.ფ. 39-43, 57-60).

 

9. 2017 წლის 21 მარტს შპს „ე----–--–-----------“ დარეგისტრირდა, რომლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ნ----------- იყო, 60%-იანი წილის მესაკუთრე - შპს „ჯ--------------------------------------–---------“, 20%-იანი წილის მესაკუთრე - ნ----------- და 20%-იანი წილის მესაკუთრე - დ----------–--–-–---–- იყვნენ. აღნიშნული საზოგადოების საქმიანობის საგანს ტრანსპორტირება, გადაზიდვები, ლოჯისტიკა, ასევე ნებისმიერი აუკრძალავი საქმიანობა, წარმოადგენდა (ს.ფ. 46-47, 49-55).

 

10. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ დ----------–--–-–---–-სთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

განსახილველი დავა დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოეშობა. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციური არსებობაა საჭირო: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს.

 

11. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი არსებობს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

 

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;

 

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

 

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

 

4. ან მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.

 

12. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მხარე უთითებდა, რომ შპს „ვ-------------ს“ აქვს ვებ.გვერდი ------------------- რომელიც მოსარჩელის მიერ ნაქირავებ სერვერზეა განთავსებული. აღნიშნულ ვებ.გვერდზე, რომელსაც პროგრამული ფუნქციაც აქვს, საბუღალტრო ინფორმაციის, მონაცემთა ბაზისა და კლიენტების მიერ მოწერილი კითხვა-პასუხის ინფორმაციის დაფიქსირება ხდება. ვებ.გვერდზე თითოეულ თანამშრომელს საკუთარი სამომხმარებლო გვერდი გააჩნია, რომელიც მხოლოდ თანამშრომლებისთვისაა ხელმისაწვდომი. ყველა თანამშრომელს ერთიდაიგივე სახელი და პაროლი აქვს მინიჭებული. აპელანტის მითითებით, მოპასუხე დ----- ტ--–--–-–---–მა, რომელიც 2017 წლის 01 იანვრამდე შპს „ვ-------------ში“ მუშაობდა, 2017 წლის მარტში შპს „ე----–--–-----------ი“ დააფუძნა, რომელიც მოსარჩელე კომპანიის მსგავსად საერთაშორისო გადაზიდვების შუამავალ მომსახურებას ეწეოდა. ვინაიდან მოპასუხეს კლიენტების მოზიდვა სჭირდებოდა, მათ შესახებ კი, ინფორმაცია შპს „ვ--------------ს“ ვებ.გვერდზე ინახებოდა, აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით, მოპასუხემ შპს „ე----–--–-----------ის“ ოფისიდან, მის სარგებლობაში არსებული კომპიუტერით, სხვადასხვა დროს, უნებართვოდ, კომპანიის თანამშრომლების გ---–--------------, ლ--–---–---------–---–--- და თ----------------–---–-- მომხმარებლის გვერდზე შეაღწია და სისტემაში არსებულ ინფორმაციას დაეუფლა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანში ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი მოიაზრება. ზიანი სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს წარმოადგენს. პალატა მიუთითებს, რომ ზიანი წარმოადგენს პირის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების მისი ნების გარეშე ხელყოფას, რისი ანაზღაურებაც აღიარებულია ბრუნვის წეს-ჩვეულებებით და კანონმდებლობით შეზღუდული არ არის. როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ასევე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა, ერთმანეთისაგან განასხვავებს ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს. ქონებრივი ზიანი ქონებრივი სიკეთის ხელყოფით შემოიფარგლება, არაქონებრივი ზიანი კი, ეტიმოლოგიურად მორალური ზიანის იდენტურია. ქონებრივ ზიანში არა მხოლოდ დაზარალებულის ქონებრივი აქტივების შემცირება, არამედ პასივების გაზრდაც იგულისხმება.

 

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა მიიჩნევა. მართლწინააღმდეგობა, როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას მოიცავს.

 

უფრო მეტიც, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც შესაძლებელია სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას წარმოადგენდეს, სამოქალაქოსამართლებრივი თვალსაზრისით, უპირობოდ, ზიანის ანაზღაურების საფუძველი არ შეიძლება იყოს, რადგან ასეთ დროს, აუცილებელია დადგეს შედეგი, რომელიც დაზარალებულისთვის მატერიალური დანაკლისის განცდაში უნდა გამოიხატოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შეუდავებელი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებითა და კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდება, რომ მოპასუხეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის, დაეკისრა. თუმცა, არცერთ მათგანში, მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების თაობაზე განმარტება, არ მოიძებნება. ასევე, თავად მოსარჩელესაც არ მიუთითებია, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა მისთვის, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტისთვის, მატერიალური ზიანის მიყენება, მიღებული ინფორმაციით მოპასუხემ მიიღო, თუ არა მატერიალური სარგებელი, მოსარჩელე კომპანიას ქმედების შედეგად მატერიალური დანაკლისი ხომ არ განუცდია, მიღებული ინფორმაციის შედეგად მოპასუხემ რეალურად მიიზიდა თუ არა მოსარჩელის კლიენტები და ა.შ.. ამიტომ, პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და აპელანტის ახსნა-განმარტებით, მოპასუხის მიერ მოსარჩელე კომპანიისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, არ დგინდება.

 

13. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოაღნიშნულ მსჯელობას მხედველობაში არ მივიღებდით და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით ზიანის არსებობის ფაქტს დადგენილად მივიჩნევდით, სარჩელს წარმატების პერსპექტივა მაინც არ ექნებოდა, ვინაიდან ქმედებასა და მოსარჩელის მიერ გაცხადებულ ზიანს (2875 ლარი) შორის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა არ დგინდება.

 

სამოქალაქო სამართალში მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, გარდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და ზიანის არსებობისა აუცილებელია ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადასტურება. ანუ, მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. შესაბამისად, ნათელია, რომ საქმის მასალებით, მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედების არარსებობის პირობებში, დამდგარი ზიანის წარმოშობის შეუძლებლობა უნდა დასტურდებოდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მიუთითებდა, რომ თუ მოსარჩელე სადავოდ გამხდარ ქმედებას არ ჩაიდენდა, მას 2875 ლარის ოდენობით ზიანი არ მიადგებოდა. თავის მხრივ, ზიანის ოდენობა მოპასუხის მიერ ინფორმაციის მოძიების დროს, მოსარჩელე კომპანიაში დასაქმებული სამი თანამშრომლის (რომელთა სისტემაში უკანონოდ შეღწევაც მოხდა) ხელფასის სახით გაცემული თანხის ჯამური ოდენობით იყო დაანგარიშებული. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავად მოსარჩელის მიერაა საქმის მასალებში წარმოდგენილი დასაქმებულისთვის ყოველთვიურად ხელფასის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სადავოდ გამხდარ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობას, ანუ იმას, რომ, თუ არა მოპასუხის ქმედება, მოსარჩელეს თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდის ვალდებულება არ დაეკისრებოდა.

 

უფრო მეტიც, მოსარჩელის მიერ დასახელებული ზიანის ოდენობის არარელევანტურობას, საქმის მასალებში წარმოდგენილი განაჩენიც ამტკიცებს. აღნიშნული იმ გარემოებიდან გამომდინარეობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა 2000 ლარზე მეტი იქნებოდა, დ----------–--–-–---–-ს ქმედება, არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, არამედ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტით დაკვალიფიცირდებოდა, კერძოდ, ქმედებად, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი ანუ, 2000 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი გამოიწვია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ამ ნაწილშიც სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, მარტოოდენ ის ფაქტი, რომ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა, სამოქალაქო წესით მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებს არ ქმნის. მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული შედეგის, ზიანისა და მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არარსებობის პირობებში, მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

 

14. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ დ----------–--–-–---–-სთვის, 5000 ლარის ოდენობით, ჯარიმის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

 

აპელანტის მტკიცებით, მოსარჩელე კომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 2.4.7. პუნქტით გათვალისწინებული იყო, რომ დასაქმებულს არ ჰქონდა უფლება პარალელურად დაკავებული ყოფილიყო იგივე საქმიანობით და დამოუკიდებლად ეწარმოებინა ისეთი საქმიანობა, რასაც დამსაქმებელი ეწეოდა. ასევე, დასაქმებულს უფლება არ ჰქონდა, სამსახურიდან წამოსვლიდან 6 თვის განმავლობაში, ისეთივე საქმიანობით დაკავებულიყო, რასაც დამსაქმებელი ეწეოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრებოდა. აპელანტის მითითებით, ვინაიდან მოპასუხემ ექვსთვიანი ვადის დარღვევით დააარსა და წილს ფლობდა ისეთ საწარმოში, რომელიც მოსარჩელე იურიდიული პირის მსგავს საქმიანობას ეწეოდა, მოპასუხეს ჯარიმის სახით 5 000 ლარი უნდა დაკისრებოდა.

 

აპელანტის მსჯელობას სააპელაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს და განმარტავს, რომ საქმის მასალებში შინაგანაწესის მოპასუხისთვის გაცნობის ფაქტი წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. შრომის სამართალში ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი მოქმედებს, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. ისეთ პირობებში, როდესაც დამსაქმებლის მიერ გამოცემულია შინაგანაწესი, რომელიც დასაქმებულებს დამატებით ვალდებულებებს აკისრებს, რაც თავის მხრივ, შესაძლებელია დამსაქმებლის მხრიდან მუშაკისთვის დამატებითი პასუხისმგებლობების დაკისრებასაც კი, მოიცავდეს და ხსენებული შინაგანაწესის დასაქმებულისთვის გაცნობის, სათანადო ინფორმაციის მიწოდებისა და დასაქმებულის მიერ დამატებითი ვალდებულების აღებაზე თანხმობის ფაქტი არ დგინდება, აღნიშნულს სააპელაციო პალატა იმგვარ ფორმალურ დარღვევად მიიჩნევს, რომელსაც დასაქმებულისთვის არ შეიძლება შრომით ხელშეკრულებაში მითითებული ძირითადი მოვალეობებისგან განსხვავებული ვალდებულებები წარმოეშვა და ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი გამხდარიყო.

 

შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის იმ პირობის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რომელზე თანხმობაც მას არ გაუცია. ამდენად, პალატა ადგენს, რომ ამ ნაწილშიც სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გახდეს.

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 200 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „ვ--------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი