განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.12.2019
საქმის ნომერი
330210019002927495
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210019002927495

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/8726-19 11 დეკემბერი, 2019 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი - თამთა ოთარაშვილი

 

აპელანტი - შპს „გ-–-----–-----------------“

 

წარმომადგენელი - ს---------–-------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე---------ი“, ე-------------ე

 

წარმომადგენელი /დირექტორი - ე-------------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შპს „გ-–-----–-----------------მ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ე---------ისა“ და ე-------------ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, მოპასუხეებისთვის სოლიდარულად, 3300 ლარის გადახდის ვალდებულების დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხე შპს „ე---------მა“ სარჩელი ცნო, ხოლო, ე-------------ემ, როგორც ფიზიკურმა პირმა, სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ე---------ს“, მოსარჩელის სასარგებლოდ, 3300 ლარის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა, ხოლო, სარჩელი ე-------------ის წინააღმდეგ, არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „გ-–-----–-----------------მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2018 წლის 07 ივნისს მოსარჩელე შპს „გ-–-----–-----------------სა“ და შპს „ე---------ს“ შორის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის, სარეალიზაციოდ, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები უნდა მიეწოდებინა. ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების გამო, ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, გამყიდველს პირგასამტეხლოს მოთხოვნა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დავალიანების 0,2%-ის ოდენობით, გააჩნდა.

 

მყიდველს, ავანსის სახით, 500 ლარი გადაეცა, რათა მას სარეალიზაციო ობიექტში სამაცივრე დანადგარის განთავსება უზრუნველეყო (ს.ფ. 18-19, 2019 წლის 10 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

6. შპს „გ-–-----–-----------------მ“, ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ე---------ს“ სარეალიზაციოდ, საერთო ჯამში, 10151 ლარის პროდუქცია გადასცა, საიდანაც მოპასუხეს 2294,49 ლარის ღირებულების პროდუქციის საფასური, არ აუნაზღაურებია (ს.ფ. 21-41, 2019 წლის 10 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

7. 2018 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელემ ხელშეკრულება შეწყვიტა (2019 წლის 10 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ე-------------ისთვის, შპს „გ-–-----–-----------------სთან“ სოლიდარულად, 3330 ლარის დაკისრების ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით, თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი დავა სოლიდარული თავდებობით გამოწვეული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს შეეხება. თავდებობის ინსტიტუტის მარეგულირებელი ნორმები, თავდებისა და სოლიდარული თავდების ფუნქციურ დანიშნულებასა და მის კრედიტორსა და ძირითად მოვალესთან მიმართებას განმარტავს. შინაარსობრივი სხვაობის უკეთ დანახვის მიზნით, სასურველია თავდები სახელდებულ იქნას „სუბსიდიურ თავდებად“, რათა იგი მკვეთრად გაიმიჯნოს სოლიდარული თავდებისაგან. თავდებობის სუბსიდიური ხასიათი ვლინდება იმაში, რომ თავდებს შეუძლია კრედიტორის დაკმაყოფილებაზე უარი თქვას, ვიდრე კრედიტორი ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას არ შეეცდება. კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე მოთხოვნა მხოლოდ სოლიდარულ თავდებს წარუდგინოს. თუმცა, არც სოლიდარული თავდებობაა უპირობო. სოლიდარული თავდების მიმართ წარდგენილი მოთხოვნა საფუძვლიანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება, რომ ძირითადმა მოვალემ ვალდებულება დაარღვია და იგი, ვალდებულების შესრულების თაობაზე უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა არ არსებობს გაფრთხილების ვალდებულება, თუ მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. თავდებობის სოლიდარული ხასიათი კრედიტორს მოთხოვნის უფლებას წარმოუშობს, როგორც სოლიდარული თავდების, ასევე ძირითადი მოვალის მიმართ, საკუთარი არჩევით, რომელიმე მათგანის მიმართ წინმსწრები იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმისათვის, რათა სოლიდარული თავდებობის წარმოშობისა და მისი ნამდვილობის წინაპირობები დადგინდეს, მნიშვნელოვანია, საქმის მასალებში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ თავდების წერილობით განცხადებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს. დოკუმენტი 2018 წლის 07 ივნისითაა დათარიღებული და მასში განმარტებულია, რომ ე-------------ე, შპს „ე---------თან“ ერთად, იღებს პასუხისმგებლობას, შპს „გ-–-----–-----------------სა“ და მყიდველს შორის, 2018 წლის 07 ივნისის მიწოდების გენერალური ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი შეთანხმებით, მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით წარმოშობილი მყიდველის ვალდებულებები, სოლიდარულად იკისროს. დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა მითითებული არ არის.

 

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალნი არიან ნებისმიერ ფაქტზე მიუთითონ. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლოს შეფასების საგანია.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის, როგორც მოპასუხე მხარის თავდაცვის მექანიზმის, გამოყენება მაშინაა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე, როდესაც სარჩელში მითითებული ფაქტები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად სრულად ამართლებს. ასეთ დროს, მოპასუხემ, შესაძლებელია, იმგვარი მოთხოვნის გამომრიცხველი ან შემაფერხებელი ფაქტები მიუთითოს, რომლებიც იურიდიულად გამართული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს, ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება კი, თავის მხრივ, მოპასუხისთვის უარყოფითი შედეგის მომტანია. მაგრამ, როდესაც სახეზეა იმგვარი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც იურიდიულად გამართლებული არ არის, მისი საფუძვლიანობისა და პერსპექტიულობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა და ფორმალური შესაგებლის წარდგენა სასამართლოს ამ პრეროგატივას ვერ წაართმევს.

 

10. სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლი თავდებობის სამართლებრივი ინსტიტუტის ნამდვილობისთვის საჭირო იმპერატიულ და ამომწურავ ჩამონათვალს აკეთებს, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ვინაიდან ჩამონათვალი იმპერატიული, ამომწურავი და თანაც, კუმულატიურია, რომელიმე მათგანის დარღვევა თავდებობის შესახებ გამოთქმულ, თუნდაც ნამდვილ ნებას, იურიდიულ მნიშვნელობას უკარგავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

 

სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით განმტკიცებული თავდების ხელშეკრულების ფორმასავალდებულოობა არა მხოლოდ მისი წერილობითი ფორმით შედგენას, არამედ მის შინაარსს, ანუ მასში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითებას მიემართება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, თავდების ხელშეკრულება ამგვარი თანხის თაობაზე მითითებას არ შეიცავს, პალატა ასკვნის, რომ საქმე მოთხოვნის იურიდიული მართებულობის შეფასებასთან გვაქვს, რომელიც არა მოპასუხის, არამედ სასამართლოს შეფასების საგანია, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქმის მასალებში წარმოდგენილი თავდების განცხადება ბათილია, რაც ე-------------ეს, როგორც ფიზიკურ პირს, სოლიდარული თავდებობით ნაკისრი მოვალეობის შესრულების ვალდებულებას არ წარმოუშობდა.

 

11. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა საკითხის სრულად ამოწურვის მიზნებისთვის განმარტავს, რომ მოსარჩელე კომპანიას სარჩელის სპეციალურ გრაფაში, სადაც მას დავის ფაქტობრივი გარემოებების აღწერის ვალდებულება აქვს, თავდები ე-------------ის პასუხისმგებლობის შესახებ მითითება არ აქვს გაკეთებული, ანუ პასუხისმებლობის საფუძვლები აღწერილი არ არის, სარჩელს მხოლოდ თავდებობის განცხადება ახლავს თან. შესაბამისად, აპელანტის მითითება მასზედ, რომ მოპასუხის მიერ შესაგებელში თავდებობის ნამდვილობისა და მასთან დაკავშირებული პრეტენზიების შესახებ შედავების განუხორციელებლობა მას უფლებას ართმევდა ამგვარი პოზიცია სასამართლო სხდომაზე დაეფიქსირებინა, გაზიარებული ვერ იქნება, მით უფრო, იგი გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას საფუძვლად ვერ დაედება.

 

12. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს თავდებობის ნამდვილობის ვალდებულება ეკისრებოდა, რაც მას არ განუხორციელებია. სამოქალაქო კანონმდებლობით თავდებობის ნამდვილობისთვის დადგენილი კუმულატიური პირობები სახეზე არაა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „გ-–-----–-----------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი