განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 330310119002885496
საქმე №3ბ-1691-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - ხატია არდაზიშვილი
მოსამართლეები - გია ბერაია
ნინო ყანჩაველი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - მ---------–---–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს------–----ე
წარმომადგენელი - ს--–----------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ს------–----ეს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 05 თებერვლის №1--------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს------–----ესთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. ი--------ის მოქალაქე ს------–----ე 2016 წლის 12 აპრილიდან არის თ--------------ის მეუღლე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 25 ოქტომბრის №1--------- გადაწყვეტილებით, თ--------------ს გაუგრძელდა სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2021 წლის 26 ივნისამდე.
1.2.2. 2019 წლის 17 იანვარს, ი--------ის რესპუბლიკის მოქალაქე ს------–----ემ ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
2019 წლის 18 იანვარს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მოსარჩელე ს------–----ეს განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, წერილობით მიმართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა – არსებობდა თუ არა ს------–----ესთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 31 იანვრის წერილობითი მიმართვით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ს------–----ესთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა.
2019 წლის 05 თებერვალს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგნეტოს №1--------- გადაწყვეტილებით ს------–----ეს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე უარი ეთქვა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების მიზნით, ხოლო ”გ” პუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებაზე, რომლითაც განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა კი მოცემულია ამავე დადგენილების მე-7 მუხლში, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ადმინისტრაციულ ორგანოში.
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი და ვადები რეგლამენტირებულია ამავე დადგენილების მე-13 მუხლით, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
ამრიგად, პირისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი ორგანოდან გამოითხოვს ინფორმაციას საქართველოში პირის ცხოვრების მიზანშეწონილობის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული ქმედების აუცილებლობა მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოირიცხოს კანონის მე-18 მუხლში მითითებული პირისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა რა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს და მიღებული ინფორმაციის შედეგად ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძველი გახდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი ხოლო მისთვის სამართლებრივი შედეგი წარმოშვა გასაჩივრებულმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც ს------–----ეს უარი ეთქვა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
1.3.2. სასამართლომ მიუთითა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე და აღნიშნა, რომ ს------–----ეს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,გ’’ ქვეპუნქტები. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ პრიორიტეტულად მიიჩნევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებს, თუმცა თვლის, რომ მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა და შესაბამისად, გაეცნო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 31 იანვრის წერილის საფუძვლად არსებულ ინფორმაციას და მიიჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ჰქმნის საფუძლიან ვარაუდს, რომ მოსარჩელე საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ ს------–----ეს მეუღლეს თ--------------ს მინიჭებული აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა და იგი ძალაშია 2021 წლის 26 ივნისამდე.
1.3.3. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მომსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს დაგაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანის ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 05 თებერვლის №1--------- გადაწყვეტილება ს------–----ეს ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ს------–----ესთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღოს ის გარემოება, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების გზით მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
აპელანტი მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და განმარტავს, რომ ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებაზე უფლებამოსილი ორგანო არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას მოიპოვოს დასკვნის გამაბათილებელი მტკიცებულებები.
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. მე-15 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების მიზნით, ხოლო ”გ” პუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე.
ამავე კანონის 18-ე მუხლით განსაზღვრულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ამავე წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
ამრიგად, პირისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი ორგანოდან გამოითხოვს ინფორმაციას საქართველოში პირის ცხოვრების მიზანშეწონილობის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული ქმედების აუცილებლობა მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოირიცხოს კანონის მე-18 მუხლში მითითებული პირისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა რა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს და მიღებული ინფორმაციის შედეგად ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძველი გახდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი, ხოლო მისთვის სამართლებრივი შედეგი წარმოშვა გასაჩივრებულმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც უარი ეთქვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
სააპელაციო სასამართლო აპელანტის ყურადღებას მიაპყრობს ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური სამსახურები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 31 იანვრის წერილი წარმოადგენს ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპეტენტური ორგანოს დასკვნას, ვინაიდან მითითებულ უარყოფით დასკვნას საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომელიც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე სრულად აღნიშნულ დოკუმენტში ვერ აისახებოდა.
პალატა განმარტავს შემდეგს: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ სასამართლო პრიორიტეტულად მიიჩნევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებს, თუმცა მიაჩნია, რომ მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ჰქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. პალატის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. გადმოცემული ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. აღნიშნული ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვითა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები არ აისახა სასამართლო გადაწყვეტილებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის), ასევე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ ს------–----ეს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის საფუძველზე, უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ს------–----ესთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლეები:
ხატია არდაზიშვილი
ნინო ყანჩაველი
გია ბერაია