განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.12.2019
საქმის ნომერი
330310019003059607
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2478-19

საქმე №330310019003059607

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

19 დეკემბერი, 2019 წელი თ---–--ი

 

თ---–--ის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ლეილა მამულაშვილი

მოსამართლეები: მანანა ჩოხელი

დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი: სალომე გოგოლაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე): ზ----- ბ---–----–ი (Z----- B------, დაბ. 06.09.1---–., პასპორტის N P--------, ი----------–------- რესპუბლიკა);

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

წარმომადგენელი: ა------------–---;

 

თარჯიმანი: ლ--–-------–-–---–-;

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

 

1.1. ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო დაავალდებულებს მოპასუხეს, გამოსცეს ახალი აინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აპელანტისათვის მუდმივი ბინადრობის მოწმობის გაცემის თაობაზე.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

მოწინააღმდეგე მხარის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმოდგენილ სააპელაციო შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს. ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

3.1.1. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, ზ----- ბ---–----–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 23 მაისის №1000606231 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ----- ბ---–----–ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.2.1. დადგენილია, რომ ზ----- ბ---–----–ი (დაბადებული 1982 წლის 6 სექტემბერს) არის ი----------–------- რესპუბლიკის მოქალაქე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ეროვნული პასპორტი (ტ. I. ს.ფ. 157-159).

 

3.2.2. ზ----- ბ---–----–ი საქართველოში 2012 წლის 14 თებერვლიდან ფლობს შპს „ს------------------“-ის (ს/ნ 4--------) 100%-იან წილს, არის ამავე შპს-ს დირექტორი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ.165; ტ. I.).

 

3.2.3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ზ----- ბ---–----–ი წარმოადგენს ა(ა)იპ საქართველოს პროფესიონალური ბოდიბილდინგის და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის (ს/ნ - 4--------), ასევე ა(ა)იპ თ---–--ის ბოდიბილდინგის, მენფიზიკის და ფიტნესის (ს/ნ - 404543865) ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ. I. ს.ფ. 162-163).

 

3.2.4. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ზ----- ბ---–----–ს თანასაკუთრებაში აქვს ქალაქ თ---–--ში, ვ-----------------–---–------ში მდებარე მანსარდა N54, ფართი - 29.15კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. I. ს.ფ. 166-167).

 

3.2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2012 წლის 21 მარტის №1000277253 გადაწყვეტილებით, ზ----- ბ---–----–ის სახელზე გაიცა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2012 წლის 21 მარტიდან 2013 წლის 21 თებერვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2012 წლის 21 მარტის №1000277253 გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ.168-169).

 

3.2.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2013 წლის 14 იანვრის №1000307270 გადაწყვეტილებით, ზ----- ბ---–----–ს გაუგრძელდა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2014 წლის 14 თებერვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2013 წლის 14 იანვრის №1000307270 გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ.170-171)

 

3.2.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 30 იანვრის №1000372769 გადაწყვეტილებით, ზ----- ბ---–----–ს გაუგრძელდა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 30 ივლისამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 30 იანვრის №1000372769 გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ. 172-173).

 

3.2.8. 2018 წლის 25 აპრილს ი----------–------- რესპუბლიკის მოქალაქე ზ----- ბ---–----–მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მოითხოვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ტ. I. ს.ფ. 153-156).

 

3.2.9. საკითხის განხილვის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 30 აპრილს №1000606231/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, არსებობდა თუ არა ზ----- ბ---–----–ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის SSG 5 18 00076051 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ზ----- ბ---–----–ისთვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 30 აპრილის №1000606231/1 წერილი (ტ. I. ს.ფ 182).

- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის SSG 5 18 00076051 წერილი (ტ. I. ს.ფ 183).

 

3.2.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 25 მაისის №1000606231 გადაწყვეტილებით ზ----- ბ---–----–ს, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 25 მაისის №1000606231 გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ 187-188).

 

3.2.11. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 25 მაისის №1000606231 გადაწყვეტილება ზ----- ბ---–----–მა გაასაჩივრა სასამართლოში.

 

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის N3/3908-18 გადაწყვეტილებით ზ----- ბ---–----–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 25 მაისის №1000606231 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ----- ბ---–----–ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის N3/3908-18 გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ. 191-202).

 

3.2.12. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 01.05.2019 წელსN01/135053 წერილით განმეორებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, არსებობდა თუ არა ზ----- ბ---–----–ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 22.05.2019 წლის SSG 7 19 00090263 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ზ----- ბ---–----–ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 01.05.2019 წლის N01/135053 წერილი (ტ. I. ს.ფ. 204-205);

- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 22 მაისის SSG 7 19 00090263 წერილი (ტ. I. ს.ფ. 206).

 

3.2.13. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 23 მაისის №1000606231 გადაწყვეტილებით ზ----- ბ---–----–ს, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 23 მაისის №1000606231 გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ.208).

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 23 მაისის №1000606231 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

3.3.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

 

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონიის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა, გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-10 მუხლში.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი რეგლამენტირებულია ამავე წესის მე-13 მუხლით, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,გ’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

 

დადგენილია, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა ზ----- ბ---–----–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს და მიღებული ინფორმაციის შედეგად ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

3.3.3. ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 22 მაისის SSG 7 19 00090263 წერილი წარმოადგენს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კომპეტენტური ორგანოს დასკვნას.

 

3.3.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ხოლო ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ: თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. სასამართლო განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები. მან მხედველობაში უნდა მიიღოს მისი პროპორციულობა და თანაზომიერება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ უცხოელისათვის საქართველოს მუდმივი ბინადრობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ზ----- ბ---–----–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 25 მაისის №1000606231 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ----- ბ---–----–ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, თუმცა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სადავო აქტით კვლავ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

 

აღინიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2019 წლის 23 მაისს არ შეიცავს მითითებას რაიმე ახალ გარემოებაზე და დასაბუთებას, თუ რა დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე იქნა მიღებული კვლავ უარყოფითი გადაწყვეტილება ზ----- ბ---–----–ის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე და არ ყოფილა შეფასებული საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება. მოპასუხემ იმ პირობებში, როდესაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 25 მაისის №1000606231 გადაწყვეტილება ზ----- ბ---–----–ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ეყრდნობოდა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის წერილს, რომლითაც დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ზ----- ბ---–----–ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ იმავე სახით იქნა გამოთხოვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან ინფორმაცია, არსებობდა თუ არა ზ----- ბ---–----–ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-110-103(2კ-13). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. სასამართლოს განმარტებით, ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულის უგულებელყოფა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების არსებით დარღვევად, არამედ, ამავდროულად როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის არაღსრულება, რაც სასამართლო აქტების სავალდებულობის შესახებ კონსტიტუციური დანაწესის იგნორირებას ნიშნავს.

 

3.3.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ----- ბ---–----–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 23 მაისის №1000606231 გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს ზემოხსენებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი ითხოვს ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო დაავალდებულებს მოპასუხეს, გამოსცეს ახალი აინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აპელანტისათვის მუდმივი ბინადრობის მოწმობის გაცემის თაობაზე.

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესწავლით არ დგინდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების აუცილებლობა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე მიღებული იყო მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც ფაქტობრივად არ აღასრულა დმინისტრაციულმა ორგანომ. აპელანტი მიიჩნევს, რომ საკითხის გადაწყვეტა შეუძლია სასამართლოს.

 

აპელანტი აღნიშნავს, ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე სასამართლო მსჯელობს განმეორებით და როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, გარემოებათა გამოკველვის გარეშე ბათილად ცნო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ახალი აქტის გამოცემა. სასამართლომ, რომელმაც დავის ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვლია ორგზის, გაეცნო საიდუმლო მასალებს და ორივე შემთხვევაში ჩათვალა, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა დაუსაბუთებელი და უკანონო იყო, თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სამართალწარმოება, რომელსაც არც დავის აღმოფხვრა და არც უფლების დადგენა არ მოსდევს შედეგად, გაუმართლებელია და არღვევს მოსარჩელის უფლებას სამართლიან სასამართლოზე.

 

აპელანტი ითხოვს, სააპელაციო სასამართლომ გამოითხოვოს საიდუმლო მასალები კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რადგან მასზე წვდომა მხარეს არ გააჩნია და დავის ფაქტობრივ გარემოებებს ვერ დაადასტურებს, შესაბამისად, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ აპელანტი აკმაყოფილებს ბინადრობის მოწმობის გაცემის წინაპირობებს, არ შეიძლება მას დაეკისროს, რადგანაც ამ ტვირთს ვერ დაძლევს. გარდა ამისა, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება აქტის გამომცემ ორგნოს, რომელიც საქმის განხილვისას შემოიფარგლა მხოლოდ იმის განმარტებით, რომ მან განმეორებით მიმართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელმაც კვლავ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა აპელანტის მოთხოვნაზე. აპელანტი აღნიშნავს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტსა და სააგენტოს რეალურად არ ჩაუტარებიათ ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებით შესაძლებელია, კვლავ დაირღვეს მოსარჩელის უფლებები და ინტერესები.

 

აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება ნიშნავს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით ყველაზე ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი აქტი. საჯარო და კერძო ინტერესთა თანაფარდობისას არ შეიძლება თვითნებობას ჰქონდეს ადგილი. სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული ინკვიზიციურობის პრინციპი, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, რამდენადაც, სასამართლომ, გარდა საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვა კონტრდაზვერვის დეარტამენტიდან მასალები, გაეცნო ამ მასალებს, თუმცა არ გამოუტანია დასკვნა იმის თობაზე ბინადრობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს იძლეოდა თუ არა ხსენებული დასკვნა.

 

საქმეზე „ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ“ (განაცხადი N10337/04) ევროსასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა. ევროსასამართლოს განმარტებით, სიცხადის ესა თუ ის ხარისხი, რაც შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მოეთხოვება, რეგულირების კონკრეტულ სფეროზეა დამოკიდებული. ეროვნულ უშიშროებას დამუქრებული საფრთხე განსხვავდება ხასიათისა და ბუნების მიხედვით და ამიტომ წინასწარ რთული განმსაზღვრელია, თუმცა ეროვნული უშიშროების მოსაზრებებზე დამყარებულ ღონისძიებას დაქვემდებარებულ პირს არ უნდა წაერთვას თვითნებობის წინააღმდეგ ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ღონისძიება უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რათა ღონისძიების მართლზომიერება გადაწყვიტოს და ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობა გამორიცხოს. საფრთხის აბსტრაქტული ფორმულირების გარდა, ხელისუფლებას განმცხადებლისთვის სხვა რაიმე დეტალი არ უცნობებია, რათა განმცხადებელს გაებათილებინა ეს ინფორმაცია, ამასთან, მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ ბუქარესტის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო გაძევების ბრძანების მხოლოდ ფორმალური შემოწმებით შემოიფარგლა. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ პროკურატურას ეროვნული სასამართლოსთვის იმ დანაშაულის შესახებ, რომლის ჩადენაშიც განმცხადებელი იყო ეჭვმიტანილი, დეტალები არ უცნობებია და სასამართლო არ გასცდენია პროკურატურის ვარაუდებს და არ შეუმოწმებია, მართლა წარმოადგენდა თუ არა განმცხადებელი საფრთხეს ეროვნული უშიშროებისთვის, ვინაიდან განმცხადებელს არ მიუღია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და არც ეროვნული სასამართლოსგან მინიმალური დაცვა თვითნებობის წინააღმდეგ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის პირად ცხოვრებაში ჩარევა კანონის შესაბამისად არ მომხდარა, რამაც კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა გამოიწვია.

 

აპელანტის მითითებით, ზემოაღნიშნული საქმისაგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის საერთოდ უცნობია, თუ რა მიიჩნევა მისი მოთხოვნის უარყოფის ფაქტობრივ საფუძვლად, რაც არღვევს პირის გარანტირებულ უფლებებს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389.2,,ბ“ მუხლით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე.

 

5.1. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზ----- ბ---–----–ი (Z----- B------, დაბ. 06.09.1---–., პასპორტის N P--------) არის ი----------–------- რესპუბლიკის მოქალაქე. არის შპს „ს-------------------ს“ (ს/ნ 4--------) დამფუძნებელი (14.02.2012 წლიდან ტურისტული სააგენტო), დირექტორი და 60%-ის მეწილე. სადაც მისი ანაზღაურება შეადგენს თვეში 1100 (ერი ათას ასი) ლარი. 2016 წლის სექტემბრიდან მუშაობს შპს ,,პროლაიფ-ში“ მწვრთნელის პოზიციაზე, რომლის ანაზღაურება გამოივლება პროპორციულად (საშუალოდ 800 ლარი თვეში). საქართველოს ბ--------–---------------------------------–-----------–-- ადასტურებს, რომ ზ----- ბ---–----–ი არის საქართველოს პროფესიონალური ბოდიბილდინგის და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის (ს/ნ - 4--------) პრეზიდენტი და საქართველოს ბ--------–---------------------------------–-----------–--ში არის ვიცეპრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალთა შორის ბოდიბილდინგიდ ფიტნესის კომისიაში. (ანაზღურება 1500 (ათას ხუთასი ) ლარი). ამასთან, აპელანტს საკუთრების უფლებით ეკუთვნის 29.15. კვ.მ. ფართის მანსარდა N54, მდებარე ქ. თ---–--ი, ვ-----------------–---–----------- (ს/კ N 01.10.13.033.007.01.0---

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ეროვნული პასპორტი ( იხ. ს.ფ. 24; ტ-III);

- შპს „ს-------------------ს“ საინფორმაციო ცნობა. (იხ. ს.ფ. 58; ტ-III);

- შპს ,,პ-----–------ს“ ცნობა (იხ. ს.ფ. 59; ტ-III);

- საქართველოს ბოდიბილდინგის და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის ცნობა

(იხ. ს.ფ. 60; ტ-III);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 130; ტ-II);

 

5.2 ქ. თ---–--ში, ი----------–------- რესპუბლიკის 12/11/2019 წლის N1511/2/73813 ნასამართლობის ცნობის თანახმად, ადასტურებენ, რომ ი----------–------- რესპუბლიკის მოქალაქე ზ----- ბ---–----–ი ( დაბ. 06.09.1---–., პასპორტის N P--------) არ არის ნასამართლევი ირანში

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასამართლობის ცნობა ( იხ. ს.ფ. 62; ტ-III);

 

5.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 21.03.2012 წლის №1000277253 გადაწყვეტილებით, ზ----- ბ---–----–ის სახელზე გაიცა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2012 წლის 21 მარტიდან 2013 წლის 21 თებერვლამდე.

 

5.5. ამავე სააგენტოს 14.01.2013 წლის №1000307270 გადაწყვეტილებით, ზ----- ბ---–----–ს გაუგრძელდა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2014 წლის 14 თებერვლამდე.

 

5.6. ამავე სააგენტოს 30.01.2014 წლის №1000372769 გადაწყვეტილებით, ზ----- ბ---–----–ს გაუგრძელდა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 30 ივლისამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.03. 2012 წლის №1000277253 გადაწყვეტილება (იხ. ს. ფ.168-169; ტ-I);

- 14.01.2013 წლის №1000307270 გადაწყვეტილება (იხ. ს. ფ.170-171; ტ-I);

- 30.01 2014 წლის №1000372769 გადაწყვეტილება (იხ ს. ფ. 172-173; ტ-I).

 

5.7. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 24.05.2018 წლის SSG 5 18 00076051 წერილით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მისივე 30.04.2018 წლის №1000606231/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ დეპარტამენტს, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიაჩნდა ზ----- ბ---–----–ისთვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 30.04.2018 წლის №1000606231/1

წერილი (იხ. ს. ფ 182; ტ-I ).

- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 24.05. 2018 წლის SSG 5 18 00076051 წერილი (იხ. ს .ფ 183; ტ-I ).

 

5.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 25.05.2018 წლის №1000606231 გადაწყვეტილებით ზ----- ბ---–----–ს, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 25.05.2018 წლის №1000606231 გადაწყვეტილება (იხ. ს. ფ 187-188; ტ-I).

 

5.9. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3/3908-18) ზ----- ბ---–----–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 25 მაისის №1000606231 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ----- ბ---–----–ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრისგადაწყვეტილება საქმეზე N3/3908-18 (იხ. ს. ფ. 191-202; ტ-I).

 

5.10. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ჩაატრა ადმინისტრაციული წარმოება თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.09.2018 წლის N3/3908-18 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. გამოითხოვა სათანადო ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოებიდან, მათ შორის 01.05.2019 წლის N01/135053 წერილით, შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, განმეორებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

 

5.11. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 22.05.2019 წლის SSG 7 19 00090263 წერილით, სააგენტოს მისივე 01.05.2019 წლის N01/135053 წერილის პასუხად, ეცნობა, რომ დეპარტამენტს, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიაჩნია ზ----- ბ---–----–ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 01.05.2019 წლის N01/135053

წერილი (იხ. ს. ფ. 204-205; ტ-I );

- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის

22.05.2019 წლის SSG 7 19 00090263 წერილი (იხ. ს. ფ. 206; ტ-I).

 

5.12. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.05.2019წ. №1000606231 გადაწყვეტილების (ზ----- ბ---–----–ის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე) თანახმად, 1) არ დაკმაყოფილდა 2018 წლის 27 აპრილის №1000606231 განცხადება და ზ----- ბ---–----–ს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. 2) გადაწყვეტილება განთავსდა სახელმწიფო განვითარების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge. 3) განიმარტა გასაჩივრების წესი და ვადა.

 

გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განიხილა 2018 წლის 27 აპრილის №1000606231 განცხადება ი----------–------- რესპუბლიკის მოქალაქე ზიენაბ ბ---–----–ისთვის (Z----- B------, დაბ.: 06.09.1982 წელს, ი----------–------ რესპუბლიკაში, პასპორტის №P--------) საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე.

განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ ზ----- ბ---–----–ის მიმართ არსებობს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.05.2019 წლის №1000606231 გადაწყვეტილება (იხ. ს. ფ.208; ტ-I).

 

6. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტი (მოსარჩელე) ზ----- ბ---–----–ი ნაწილობრივ ხდის სადავოდ თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება, კერძოდ, ითხოვს ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდეს პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო დაავალდებულებს მოპასუხეს, გამოსცეს ახალი აინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აპელანტისათვის მუდმივი ბინადრობის მოწმობის გაცემის თაობაზე. შესაბამისად, აპელანტი სადავოდ არ ხდის პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც მისი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

ამრიგად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილია, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეამოწმოს მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სადავოდ არ ხდის პირველი ინსატნციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

6.1. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხი არსებითად სწორად გადაწყვიტა, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება (გასაჩივრებულ ნაწილში). თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

6.2. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

ამ კანონის 14.1 მუხლით, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე ნორმის მე-2 პუნქტით, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 15.1.,,ზ“ მუხლის თანახმად, საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები: ზ) მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.

 

ამ კანონის 16.3. მუხლით, ამ კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ნებართვა და იმავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით.

 

ამ კანონის 20.1. მუხლით, უცხოელზე, რომელმაც მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, სააგენტო გასცემს შესაბამის ბინადრობის მოწმობას.

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა - იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით, შესაბამისად, სახელმწიფო გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისათვის დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში.

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ: ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო ამავე ნორმის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გ) იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს;

 

ამ კანონის 17.10. მუხლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

6.3. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი.“

 

მითითებული ,,წესის" პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.

 

მითითებული ,,წესის" 13.1. მუხლით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.

 

ამავე ნორმის მე-5 პუნქტით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

 

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

 

6.4. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ 13.5 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ჩაატრა ადმინისტრაციული წარმოება, შეისწავლა და შეამოწმა აპელანტის მიერ წარდგენილი დოკუმენტები. კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს სახელმწიფო ორგანოსგან - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია. რაზედაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 22.05.2019 წლის SSG 7 19 00090263 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიაჩნდა ზ----- ბ---–----–ისთვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭება.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 22.05.2019 წლის SSG 7 19 00090263 წერილი არის კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა, რომელიც მომზადებულია ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

6.5. ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.

 

ამ კანონის 6.1. მუხლით, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამ კანონის 7.2. მუხლის თანახმად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

 

ამრიგად, ზემოთ მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას. შესაბამისად, ამ სახელმწიფო ორგანოს წერილობითი ინფორმაცია - დასკვნა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულება, რაც თავის მხრივ წარმოადგენს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოში, ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

 

6.6. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში უფლებამოსილებას ანიჭებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტოს ეკისრება კანონოისმიერი ვალდებულება გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსგან.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ეს გარემოებები იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია და კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიკვლიოს და სათანადოდ შეაფასოს საქმის გარემოებები, რომ აღნიშნულით იგი შესაძლებელია შეიჭრას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში.

 

6.8. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1.,,ლ“ მუხლით, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო ამავე კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი მისი შეხედულებისამებრ, რათა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვით, კანონმდებლობის მიზნის გათვალისწინებით.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან პალატამ დამატებით გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია, რაც თავის მხრივ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამასთან, საქმის მასალების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება არ განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება, ვინაიდან გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის, სადავო შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ აღასრულა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და შესწავლა და ახალი აქტის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით (საქმის გარემოებათა სრულად შესწავლა, დადგენა, შეფასება) გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების პრინციპების დაცვის შედეგად გამოცემა.

 

6.9. სააპელაციო პალატა საქმის მმასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ზ----- ბ---–----–ისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

პალატის მოსაზრებით, მოპასუხე დამინისტრაციულმა ორგანომ დამატებით უნდა მიმართოს სახელმწიფო ორგანოებს, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მიღებული ინფორმაციისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან აპელანტის მხრიდან სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის საკითხის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ აპელანტის მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, თავდაპირველად 21.03.2012 წელს გაიცა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა აპელანტის მიმართვების საფუძველზე არაერთხელ იქნა გაგრძელებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38.1.,,ვ“ მუხლით, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ვ) სააპელაციო საჩივარზე.

 

8.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი (იხ. ს.ფ. 207, ტ-II), რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 372-ე; 386-ე; 390-391-ე; 397-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. აპელანტ ზ----- ბ---–----–ის (Z----- B------, დაბ. 06.09.1---–.; პასპორტის N P--------, ი----------–------- რესპუბლიკა) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თ---–--ი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თ---–--ი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);

 

4. განჩინების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

თავმჯდომარე: ლეილა მამულაშვილი

 

მოსამართლეები: მანანა ჩოხელი

 

დავით ახალბედაშვილი