განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.12.2019
საქმის ნომერი
820210019002891142
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210019002891142

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 1001

19 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე: თ----- სვანიძემ

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

აპელანტი: კ---- ა----–- მ------ ს---

წარმომადგენლები: ს--–---- ხ------ე, თ---------- ქ--–----

მოწინააღმდეგე მხარე: ა---------– გ---------ე

წარმომადგენელი: თ----- ფ----------ე

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხ--–--------ის რაინული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და მოპასუხე მხარისათვის ალიმენტის სახით, არასრულწლოვანი შვილის ს-------- გ---------ის სასარგებლოდ 1500 აშშ დოლარის დაკისრება

მოსარჩელის განმარტება:

1. კ---- ა----–- მ------ს ს---მ სარჩელით მიმართა ხ--–--------ის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხედ ა---------– გ---------ე მიუთითა და მოითხოვა მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის ს-------- გ---------ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით ყოველთვიურად 1500 აშშ დოლარის დაკისრება (სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე მუხლები).

2. მოსარჩელის განმარტებით: მხარეები არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ს-------- გ---------ე, დაბადებული ქალაქ ბ------ში, 2009 წლის 20 იანვარს. 2009 – 2010 წლებში ს-------- გ---------ე მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ხ--–--------ის რაიონში, ხოლო შემდგომ დედამ ის წაიყვანა პ-----ში, სადაც დედა-შვილი ერთად აგრძელებს თანაცხოვრებას. მამა მეზღვაურია. მას ხშირად უწევდა ჩასვლა პ-----ს რესპუბლიკაში, სისტემატურად ნახულობდა შვილს და აქცევდა მას სათანადო ყურადღებას, თუმცა ბოლო წლებია მამა აღარ ინტერესდება შვილის საჭიროებებით და არ ნახულობს მას. მოსარჩელემ არაერთგზის მოუწოდა მოპასუხეს ეზრუნა საკუთარ შვილზე და განუმარტა, რომ მხოლოდ თავისი შემოსავლით ვერ უზრუნველყოფდა ბავშვის საჭიროებებს სრულად, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხე საზღვაო კომპანიაში მექანიკოსის პოზიციაზე არის დასაქმებული და მისი შემოსავალი შეადგენს კვარტალში 13 000 ევროს. მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა მოპასუხე არ ახორციელებს შვილზე მზრუნველობას და თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მზად არის გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად, მაგრამ გონივრული ოდენობით და არა იმ ოდენობით, რასაც მოსარჩელე მოითხოვს. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ ის დასაქმებულია C-----------------------ში და შრომის ანაზღაურება გემზე ყოფნის პერიოდში შეადგენს 1255 აშშ დოლარს. გემზე ყოფნის პერიოდი კი შეადგენს წელიწადში 5-6 თვეს. მოპასუხე მეორე ქორწინებაშია ნ---- გ-----–--–--ესთან, და ყავს ორი შვილი ა----- და მ------ გ---------ეები. მცირეწლოვანი მ------ გ---------ე სწავლოს ააიპ სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრში, სადაც სწავლის საფასური შეადგენს წელიწადში 2200 ლარს. მოპასუხის კმაყოფაზე ასევე არიან მისი მშობლები. მოპასუხემ ითხოვა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწოს აღნიშნული გარემოებები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით: კ---- ა----–- მ------ს ს---ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს - ა---------– გ---------ეს დაეკისრა არასრულწლოვანიშვილის ს-------- გ---------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2019 წლის 12 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე. ა---------– გ---------ეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 144 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5. კ---- ა----–- მ------ს ს--- და ა---------– გ---------ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების მანძილზე შეეძინათ ერთი შვილი: ს-------- გ---------ე (პ/ნ 6----------, დაბადებული ქ. ბ------ში 2009 წლის 20 იანვარს).

6. კ---- ა----–- მ------ს ს--- და ა---------– გ---------ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და ბავშვი აღსაზრდელად იმყოფება დედასთან პ-----ში.

7. იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ სასამართლოში ვერ წარადგინა მოპასუხე მხარის შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მოპასუხემ მიუთითა, რომ თავისი შემოსავალი გემის ბორტზე ყოფნისას არის 1255 აშშ დოლარი, სასამართლომ დაადგინა, რომ ალიმენტვალდებული პირის ბაზისური შემოსავალი შეადგენს 1225 აშშ დოლარს.

8. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1198-ე, 1212-1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებზე;

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი საფუძვლები

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე კ---- ა----–- მ------ს ს---ს მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით.

10. აპელანტმა განმარტა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება არის უკანონო, სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უსწორო. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არასწორად განმარტა სამართლებრივი ნორმები, არასრულად გამოიკვლია მოპასუხის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები - არასრულწლოვანი ბავშვის ს-------- გ---------ის სასარგებლოდ ალიმენტის ოდენობის ნაწილში.

11. სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხე ა---------– გ---------ე დასაქმებულია საზღვაო კომპანიაში მექანიკოსად, სადაც მისი შემოსავალი კვარტლის განმავლობაში შეადგენს 13 000 ევროს, ბაზისური ანაზღაურება კი გემის ბორტზე ყოფნისას არის 1255 აშშ დოლარი. მოპასუხე არ არის მოკლებული შესაძლებლობას უზრუნველყოს თავისი არასრულწლოვანი შვილი-ს-------- გ---------ე ყოველთიურად გადასახდელი ალიმენტით - 1500 აშშ დოლარის ოდენობით.

12. მოცემულ კატეგორიის დავების განხილვისას სასამართლო ვალდებულია დაიცვას ბალანსი, ისე რომ ბავშვის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე არცერთი მშობლის უფლება არ იყოს დამცირებული და მათ თანაბრად ჰქონდეთ შვილზე ზრუნვისა და მოვლის შესაძლებლობა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება არ არის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების საფუძველზე მიღებული.

13. სადაოდ არ გამხდარა ფაქტი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე კ---- ა----–- მ------ს ს--- ცხოვრობს თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად პ-----ს რესპუბლიკაში, სადაც ცხოვრების პირობები აბსოლუტურად შეესაბამება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ საალიმენტო თანხას. არასრულწლოვანი ს-------- გ---------ე სწავლობს პ-----ს რესპუბლიკაში "ს-------–------" სკოლაში, სადაც არასრულწლოვნის დედას გადახდილი აქვს 2016 წელს 3600 სოლი, 2017 წელს- 3800 სოლი და 2018 წელს 3200 სოლი. ამასთანავე არასრულწოვნის სკოლაში გადაყვანის ტრანსპორტირებას უსაფრთხოებასა და მის მგზავრობას უზრუნველყოფდა კომპანია "ლ-----" და სკოლის სატრანსპორტო მომსახურეობის კომპანია, შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე. ყოველივე ამის ფონზე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მცირეწლოვანი ს-------- გ---------ის ყოველთვიური სწავლისა და ნორმალური, ჯანსაღი საცხოვრისი პირობების შექმნა უმუშევარი დედისათვის არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას და მეტიც, მოპასუხე - ა---------– გ---------ის მიმართ ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 300 ლარის ოდენობით სავსებით საკმარისია, რათა იგი გაიზარდოს საზოგადოების ღირსეულ წევრად, ზოგად და ჰიპოთეტურ მაგალითებზე მითითებით.

14. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მოსარჩელეზე დაკისრებული ალიმენტის თანხა 300 ლარის ოდენობით არის აბსოლუტურად შეუსაბამო არასრულწლოვანი ს-------- გ---------ის ცხოვრების პირობებთან, არასაკმარისი განათლების მიღებისათვის და მოცემული გადაწყვეტილებით სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა ბავშვის საუკეთესო ინტერესები, პირიქით, აღნიშნული გადაწყვეტილებით იზღუდება არასრულწლოვნის კანონიერი უფლებები და ინტერესები. იგი იძულებულია მოკლებულ იქნას შესაძლებლობას მიიღოს ნორმალური სრულფასოვანი განათლება და ელემენტარული საცოხვრებელი პირობები.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ სასამართლომ არასწორად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

16. სააპელაციო პალატა იზიარებს განსახილველ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას და დამატებით მიუთითებს შემდეგს:

17. მოდავე მხარეები არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ერთმანეთთან. ეთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ს-------- გ---------ე, დაბადებული ქ. ბ------ში, 2009 წლის 20 იანვარს (ს.ფ. 21);

18. მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ მოდავე მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ; მოსარჩელე შვილთან ს-------- გ---------ესთან ერთად ცხოვრობს პ-----ს რესპუბლიკაში, ხოლო მოპასუხე ცხოვრობს საქართველოში, ის მეორე ქორწინაშია მოქ. ნ---- გერგეშელიძესთან. მოპასუხეს მეორე ქორწინებიდან ყავს ორი შვილი: 2011 წლის 30 ივლისს დაბადებული ა----- გ---------ე და 2013 წლის 09 იანვარს დაბადებული მ------ გ---------ე (ს.ფ.189-190);

19. საქმეში განთავსებულია ცნობა, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ ს-------- გ---------ემ 2014 წელს დაასრულა განათლება, რომელიც შეესაბამება სკოლამდელი განათლების დონის ჩვეულებრივ საბაზო განათლების მე-3, მე-4 და მე-5 წლებს. (ს.ფ.32).

20. სკოლამდელი დაწესებულება „ნ-----------ს“ მიერ, 2014 წლის 18 დეკემბერს, ს-------- გ---------ის სახელზე გაცემული იქნა დიპლომი კითხვისა და წერის სწავლაში მიღწევების აღიარების ნიშნად. (ს.ფ.36).

21. შპს „მარკოს“ მიერ ს-------- გ---------ე მ------ზს გადაეცა სერთიფიკატი, რომლითაც ის აღიარებული იქნა KIDS ტექნოლოგიების ახალგაზრდა სპეციალისტად. (ს.ფ.40).

22. კერძო სასწავლო დაწესებულება „ს-------–------“ დირექტორის მიერ 2018 წლის 08 ნოემბერს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოსწავლე ს-------- გ---------ე მანიოზმა დაასრულა მეორე კლასი (2016), მე-3 კლასი (2017) და სწავლობს ამავე საგანმანათლებო დაწესებულებაში. (ს.ფ.52-53).

23. ამავე სასწავლებელში, სწავლის საფასურის სახით 2016 წელს გადახდილი იქნა 3600 სოლი; 2017 წელს 3800 სოლი, ხოლო 2018 სასწავლო წელს - 3200 სოლი; აღნიშნული საფასური მოიცავს სწავლისა და გახანგრძლივებული სწავლების (კვება, ნაშუადღევის პროგრამა) საფასურს. (ს.ფ.56-57).

24. სკოლაში უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით, ს--------ს ტრანსპორტირებისთვის, 2018 წელს, მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა თვეში 100 სოლი (ს.ფ.79-80).

25. ბავშვთა კლინიკის მიერ, 2018 წლის 10 მაისს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ს-------- გ---------ეს აქვს ორმხრივი ჰიდროცელე (სათესლის წყალმანკი). ოპერაციასა და მედიკამენტებისთვის საჭირო თანხას შეადგენს 4902 სოლი. (ს.ფ.130-131).

26. სპეციალიზებული ოფთალმოლოგიური კლინიკის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ს-------- გ---------ეს მარჯვენა და მარცხენა თვალში ესაჭიროება შორსმხედველობისთვის ლინზა +0.50. (ს.ფ.135-137).

27. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, 2019 წლის 04 მარტს, გაცემული ცნობით დადგენილია, რომ 2019 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით, ოფიციალური გაცვილითი კურსის შესაბამისად, 1 აშშ დოლარი არის 2.6751 ლარის შესაბამისი, ამასთან 1 აშშ დოლარი არის - 3.3035 პ-----ს სოლის ტოლი. (ს.ფ.150).

28. შპს „ქოლუმბია შიფმენეგმენთ ჯორჯიას“ მიერ, 2019 წლის 18 მარტს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ ა---------– გ---------ე მუშაობს C-----------------------ის გემზე, კონტრაქტით (4+1თვე), ელექტრო მექანიკოსად. ანაზღაურება ერიცხება მხოლოდ კონტრაქტის მოქმედების ვადის დროს, საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ (კ---------), გემთმფლობელის მიერ, რომლის გემებზეც ის მუშაობს; ბაზისური ყოველთვიური ანაზღაურება გემის ბორტზე ყოფნისას არის 1 255 აშშ დოლარი. (ს.ფ.186).

29. დადგენილია, რომ ა---------– გ---------ის შვილი, მეორე ქორწინებიდან - მ------ გ---------ე სწავლობს ააიპ სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრში და სწავლის საფასური წლიურად შეადგენს 2200 ლარს (ს.ფ.187).

30. დადგენილია, რომ ა---------– გ---------ის შვილი, მეორე ქორწინებიდან - ა----- გ---------ე სწავლობს შპს „ბ------ის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში“ და სწავლის საფასური წლიურად შეადგენს 750 ლარს (ს.ფ.188).

31. საქმეში განთავსებულია ცნობა, რომელიც ასახავს მოპასუხე ა---------– გ---------ის მამის სერგო გ---------ის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ცნობის თანახმად დადგენილია, რომ პაციენტს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და მისი დიაგნოზია: არასტაბილური სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია. (ს.ფ.191).

32. იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, თუ რა ოდენობის თანხა უნდა გაიღოს ერთ -ერთმა მშობელმა ყოველთვიურად, ბავშვის ნორმალური რჩენა - აღზრდისათვის, პალატა ითვალისწინებს ბავშვის ასაკს, ალიმენტვალდებული პირის მატერიალურ მდგომარეობას (ა.გ---------ის შემოსავალი შეადგენს თვეში 1255აშშ დოლარს, გემის ბორტზე ყოფნისას, რაც ხორციელდება წელიწადში მიახლოებით 6 თვე, მის კმაყოფაზე არიან მშობლები და კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთ ერთს განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროება) და მიაჩნია, რომ ხ--–--------ის რაიონული სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით დაკისრებული თანხა 300 ლარის ოდენობით - გონივრული და სამართლიანია და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

33. უკეთებს რა სამართლებრივ შეფასებას დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, პალატა მიუთითებს შემდეგს:

34. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

35. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

36. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

37. „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

38. „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

40. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

41. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, რაც იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის, ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა---------– გ---------ის შემოსავალი შეადგენს თვეში 1255აშშ დოლარს, გემის ბორტზე ყოფნისას, რაც ხორციელდება წელიწადში მიახლოებით 6 თვე, მოპასუხის კმაყოფაზე არიან მშობლები, (მათ შორის მამა რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს) მეუღლე მეორე ქორწინებიდან და კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთ ერთს განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროება.

42. პალატა განმარტავს, რომ პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანთა აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას.

43. სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე, თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს მოპასუხე მხარის შემოსავლის ოდენობას. ხელფასი 1255 დოლარი რომელსაც იგი იღებს წელიწადში 5-6 თვის განმავლობაში, ე.ი. წელიწადში, საუკეთესო შემთხვევაში ა---------– გ---------ის შემოსავალია 7530 დოლარი, რაც ყოველ თვეზე გადაანგარიშებით უდრის 7530 : 12=627 დოლარს, რაც დაახლოებით ეროვნულ ვალუტის კურსთან შესაბამისობაში უდრის 1800 ლარს.

44. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, არის თვეში 300 ლარი.

45. იმის გათვალისწინებით, რომ ა---------– გ---------ეს ყავს მეორე ოჯახი, 2 შვილი, რომელთაგან ერთი განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს,ასევე მშობლები(რომელთაგან ერთს ჯანმრთელობის პრობლემები გააჩნია), პალატა ალიმენტის გონივრულ ოდენობად მიიჩნევს მისთვის თვეში 300 ლარის დაკისრებას.

რაც შეეხება იმას,რომ ა---------– გ---------ის ყოველთვიური შემოსავალი აღემატება მითითებულ თანხას და არის კვარტალში 13 000 ევრო-საქმის მასალებით-დაუდასტურებელია.

სსსკ 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს გარემოებები რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას.

მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მითითებული და მოპასუხის მიერ სადაოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოება ხელფასის 13 000 ევროს ოდენობასთან დაკავშირებით.

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კანონშესაბამისია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

საპროცესო ხარჯები:

 

47. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

 

1. კ---- ა----–- მ------ს ს---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე