განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.02.2020
საქმის ნომერი
140310018002424738
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002424738

საქმე № 3ბ/3049-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - შოთა გეწაძე

მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი

ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

წარმომადგენელი - მ--- კ-----–---ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ც----- კ---–-----–--ლი;

წარმომადგენელი - მა----–- გ------–-ძე;

 

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი;

წარმომადგენელი - თ--------–---–ი;

 

მესამე პირი (16.2.) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 12 ივნისის № 0------- მიმართვის საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტ ს. ქ----ში მდებარე 2------ მ2 მიწის ნაკვეთზე ს.კ 6-----------, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 13 ივნისის № 8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.2. რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 მარტის № 8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.3. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის № 1----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.4. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 მაისის № 2----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.5. ც----- კ---–-----–--ლის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთთან მიმართებაში (2------ მ2 ფართის ნაწილში) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს № 0------- (დამოწმების თარიღი 12.06.2012 წ.) მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;

 

1.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დავალდებულება, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----ში მდებარე 2------ მიწის ფართზე ს.კ 6----------- ც----- კ---–-----–--ლის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

 

2. მოპასუხეებისა და მესამე პირის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას.

 

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ დაეთანხმა არც ერთ სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი მ--- კ-----–---ი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: ც. კ---–-----–--ლის ერთ - ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, საქართვეელოს ეკომნომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 12 ივნისის № 0------- მიმართვის საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტ ს. ქ----ში მდებარე 2------ მ2 მიწის ნაკვეთზე ს.კ 6-----------, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 13 ივნისის № 8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც არავის საკუთრებაში არ არის რეგისტირებული და არ გაჩნია საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, ასევე, საჯარო რეესტრის ჩანაწერებშიც არ არის რეგისტრირებული, ითვლება სახელმწიფოს საკუთრებად და არ საჭიროებს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენას მის დასარეგისტრირებლად. შესაბამისად, 2012 წლის 12 ივნისის № 0------- მიმართვაშიც რაიმე პრობლემური საკითხები არ წამოჭრილა; როდესაც მარეგისტრირებელი ორგანო ახორციელებს რეგისტრაციას, გარდა იმისა, რომ უფლებას არეგისტრირებს, ზედაპირულად არ შემოიფარგლება და უფლებამოსილია თანდართული დოკუმენტების სისწორესა და შესაბამისობაზე. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ უფლების რეგისტრაცია კანონის ფარგლებში განახორციელა და სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა უძრავი ქონება.

 

2.3. მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა არც ერთ სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია სახელწიფოს სახელზე კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

3.1. ც----- კ---–-----–--ლის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, დაკმაყოფილდა.

 

3.1.1. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 13 ივნისის № 8-------------- გადაწყვეტილება საქართვეელოს ეკომნომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 12 ივნისის № 0------- მიმართვის საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტ ს. ქ----ში მდებარე 2------ მ2 მიწის ნაკვეთზე ს.კ. 6-----------, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

3.1.2. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 მარტის № 8-------------- გადაწყვეტილება, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;

3.1.3. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის № 1----- გადაწყვეტილება, ადმინისტრაცაიული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ;

3.1.4. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 მაისის № 2----- გადაწყვეტილება, ადმინისტრაცაიული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

3.1.5. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს № 0------- (დამოწმების თარიღი 12.06.2012 წ.) მიმართვა, ც----- კ---–-----–--ლის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთთან მიმართებაში (2------ მ2 ფართის ნაწილში);

3.1.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----ში მდებარე 2------ მიწის ფართზე ს.კ 6----------- ც----- კ---–-----–--ლის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ;

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. 2017 წლის 9 ოქტომბერს ც----- კ---–-----–--ლმა № 8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქ. გორში, სოფელ ქ----ში მდებარე 2--- კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

4.2. 2017 წლის 22 აგვისტოს მარეგისტრირებელმა ორგანომ, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების ან/და მართლზომიერი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიების მიზნით, № 3----- წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნულ არქივს (№ 8----------- სარეგისტრაციო წარმოება).

 

4.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 31 აგვისტოს № 2-------- წერილის მიხედვით, მერეთის თემის საკრებულოს სოფელ ქ----ს 1986 - 2007 წლების საკომლო წიგნებში (მათ შორის კავშირგაწყვეტილ პირთა), 1992 - 2001 წლების მიწის განაწილების სიასა და 1996 – 2001 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში ც----- კ---–-----–--ლის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა, ხოლო სოფელ ქერის მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები არქივში დაცული არ იყო.

 

4.4. 2017 წლის 19 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაიცა N 5---ე ცნობა, სადაც მითითებულია, რომ მოქალაქე ც----- კ---–-----–--ლის სახელზე მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სისტემურ რუკებზე ს/კ 6------------ით ირიცხება 2--- კვ. მ. სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 

4.5. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გადასახადების № 8----- და № 1------ ქვითრებით დგინდება, რომ ც. კ---–-----–--ლი იხდიდა გადასახადებს. მისამართი მითითებულია მერეთი. მტკიცებულება: საგადასახადო დეპარტამენტის გადასახადების № 8----- და № 1------ ქვითრები;

 

4.6. 2018 წლის 06 მარტს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ № 8-------------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი არ იყო. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით არ დადასტურდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების ან/და მართლზომიერი მფლობელობის უფლება. გორის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 თებერვლის №14 განკარგულების თანახმად, საკუთრების უფლება აღიარებას არ ექვემდებარებოდა.

 

4.7. 2018 წლის 10 აპრილს ც----- კ---–-----–--ლმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2018 წლის 06 მარტის № 8-------------- რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 13 ივნისის № 8-------------- გადაწყვეტილების გაუქმება;

 

4.8. 2018 წლის 19 აპრილს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო № 1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.

 

4.9. 2018 წლის 10 მაისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო № 2----- დამატებითი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან უფლებადამდგენი დოკუმენტები წარდგენილი არ იყო და სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება. მტკიცებულება: 2018 წლის 10 მაისის № 2----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

4.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 იანვრის № 2---- წერილით ირკვევა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, მდებარე: გორის რაიონი, მერეთი, სოფელი ქ----, ს/კ 6----------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო - სამეურნეო (სახნავი); დაზუსტებული ფართობი: 2------ კვ.მ. რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მომართვა №0-------, დამოწმების თარიღი: 12.06.2012, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

 

უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ ტერიტორიაზე, განხორციელებულია სისტემური აღრიცხვა (ფიქსირდება ჩანაწერი 6--------, ს/კ 6-----------, კ---–-----–--ლი ც-----), რომელიც წარმოადგენს სისტემური აღრიცხვის შედეგად მიღებულ უფლებადაურეგისტრირებელ, დაზუსტებულ, გრაფიკულ, საკადასტრო მონაცემს, რომელთა სარეგისტრაციო წარმოების მასალები/ინფორმაცია საარქივო დოკუმენტაციაში დაცული არ არის.

 

4.11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმისწარმოების ელექტრონულ დოკუმენტბრუნვის სისტემაში არსებული 2012 წლის 12 ივნისის № 0------- წერილის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების მასალა (სადავო უძრავი ქონების ნაწილში: გორის მუნიციპალიტეტი, მერეთის ადმინისტრაციული ერთეული). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 28 იანვრის № 0----- წერილი წარმოდგენილ 2012 წლის 12 ივნისს № 0------- წერილში მითითებულია შემდეგი: ,,გთხოვთ, დაარეგისტრიროთ სახელმწიფო საკუთრებად დანართში მითითებული, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები“;

 

4.12. მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დაცულია მიწის განაწილების სიები, მათ შორის სოფელ ქ----ში. არ არის დადასტურებული ოფიციალური ბეჭდით და ხელმოწერით. მიწის განაწილების სიების მიხედვით ც----- ვახტანგის ასულ კ---–-----–--ლს N 6-------- გამოეყო მიწის ნაკვეთი.

 

4.13. მოწმეებმა ჩ----- კ---–-----–--ლმა და ალ---------- კ---–-----–--ლმა ახსნა- განმარტებაში მიუთითეს, რომ მიწის რეფორმის დროს ც----- კ---–-----–--ლს გამოეყო მიწის ნაკვეთი, რომელზეც გააშენა ხეხილის ბაღი და ფლობს დღემდე. მიღება-ჩაბარების აქტები მათ სოფელში არ გაცემულა არავისზე. მოწმე იაგო ელიკაშვილმა დამატებით განმარტა, რომ არის მერიის წარმომადგენლის ასისტენტი, მიწის ნაკვეთების განაწილების პერიოდში თავადაც იღებდა მონაწილეობას და ც. კ---–-----–--ლზე მესამე კატეგორიის მიწის ნაკვეთის გაცემას. მანვე აღნიშნა, რომ მერეთისა და ნიქოზის საკრებულოში განაწილების დამადასტურებელი სარეგისტრაციო პასპორტები არ გაცემულა.

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. საქმის განმხილველმა სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მიუთითა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრს მსგავსი ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის, რომელიც უკვე სახელმწიფოს მიერვე ც----- კ---–-----–--ლს ჰქონდა გადაცემული და მართლზომიერად ფლობდა, აღნიშნულიდან გამომიდინარე ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს № 0------- (დამოწმების თარიღი 12.06.2012 წ.) მიმართვა, ც----- კ---–-----–--ლის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთთან მიმართებით (2------ მ2 ფართის ნაწილში), რათა არ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, მისი საკუთრების უფლება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფოზე უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია საკუთრების უფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეედარებინა ტექბიუროს არქივსა თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებსა და სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთების გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მხოლოდ ამ მიწაზე სხვა პირთა თანასაკუთრებისა თუ სხვა უფლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში მოეხდინა სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

 

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:

 

დაკმაყოფილდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

6.1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, მიუთითებს გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლებზე და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სასამართლომ მატერიალური სამართლის ნორმათა არასწორი გამოყენებით, საქმეზე მიიღო არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა ც----- კ---–-----–--ლის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. სრულიად დაუსაბუთებელია ის გარემოებაც, თუ როგორ მიაკუთვნა მოსარჩელეს უფლება უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე; მართალია, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობაში მითითებულია, რომ მოქალაქე ც----- კ---–-----–--ლის სახელზე მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სისტემურ რუკაზე ს/კ 6------------ის ირიცხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2--- კვ.მ., თუმცა სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა საქმეში არსებული, დასახელებული გარემოების საწინააღმდეგო სხვა მტკიცებულება, კერძოდ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 31 აგვისტოს წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მერეთის თემის საკრებულოს სოფელ ქ----ს საკომლო წიგნებში (1992-2001წ.), მიწის გადანაწილების სიებსა და მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში ც----- კ---–-----–--ლის შესახებ ჩანაწერი არ მოიძებნა, ხოლო სოფელი ქ----ს მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები არქივში დაცული არ არის.

 

ამდენად, სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც ითხოვს გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7.2. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ სასამართლო დავაზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ამდენად სააპელაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ მოცემული სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად უთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, კერძოდ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სისტემური რეგისტრაცია – საპილოტო პროექტის ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია პროაქტიულ საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; ,,ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება საქმის განმხილველ სასამართლოს, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, არის თუ არა მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი და ამ გარემოების დადასტურების არსებობისას ჰქონდა თუ არა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მასზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების მოთხოვნა და კანონიერად დარეგისტრირდა თუ არა საჯარო რეესტრის მიერ ეს უფლება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად, რომ მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დაცულია მიწის განაწილების სიები, მათ შორის სოფელ ქ----ში, რომელიც არ არის დადასტურებული ოფიციალური ბეჭდით და ხელმოწერით. მიწის განაწილების სიების მიხედვით ც----- ვახტანგის ასულ კ---–-----–--ლს N 6-------- გამოეყო მიწის ნაკვეთი.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 19 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაიცა N 5---ე ცნობა, სადაც მითითებულია, რომ მოქალაქე ც----- კ---–-----–--ლის სახელზე მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სისტემურ რუკებზე ს/კ 6------------ით ირიცხება 2--- კვ. მ. სასოფლო- სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 

უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ ტერიტორიაზე, განხორციელებულია სისტემური აღრიცხვა (ფიქსირდება ჩანაწერი 6--------, ს/კ6-----------, კ---–-----–--ლი ც-----). მიუხედავად იმისა, რომ მიწის განაწილების სიები არ არის დამოწმებული ოფიციალური ბეჭდით და ხელმოწერით, სასამართლო განმარტავს, რომ სიები დაცულია მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში - სახელმწიფო ორგანოში და ამიტომ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად უნდა ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, იგი წარმოადგენს უფლებადამდგენ დოკუმენტს, რომლის საფუძველზე შესაძლებელია საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ც----- კ---–-----–--ლის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა როგორც აღნიშნული სიები, აგრეთვე სისტემური აღწერის საკადასტრო რუკები, რომელიც ინახება საჯარო რეესტრის ეროვნულ ორგანოში და მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. ირკვევა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია ორ ადმინისტრაციულ ორგანოში იყო დაცული. თუმცა, სამინისტრომ ისე მიმართა სააგენტოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის და სააგენტომ ისე დაარეგსიტრირა საკუთრების უფლება სახელმწიფოზე, რომ არ შეუმოწმებია სხვა პირის უფლება ამ ნაკვეთზე, რისი ვალდებულებაც გააჩნდა.

 

ასევე, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ჩ----- კ---–-----–--ლმა და ალ---------- კ---–-----–--ლმა ახსნა-განმარტებაში მიუთითეს, რომ მიწის რეფორმის დროს ც----- კ---–-----–--ლს გამოეყო მიწის ნაკვეთი, რომელზეც გააშენა ხეხილის ბაღი და ფლობს დღემდე. მიღება-ჩაბარების აქტები მათ სოფელში არ გაცემულა არავისზე. მოწმე იაგო ელიკაშვილმა დამატებით განმარტა, რომ არის მერიის წარმომადგენლის ასისტენტი, მიწის ნაკვეთების განაწილების პერიოდში თავადაც იღებდა მონაწილეობას და ესწრებოდა ც. კ---–-----–--ლზე მესამე კატეგორიის მიწის ნაკვეთის გაცემას. მანვე აღნიშნა, რომ მერეთისა და ნიქოზის საკრებულოში განაწილების დამადასტურებელი სარეგისტრაციო პასპორტები არ გაცემულა.

 

პალატა იზიარებს საქმის განმხილველი სასამართლოს პოზიციას მოწმეთა ჩვენებების შეფასების თვალსაზრისით. მათი ახსნა-განმარტებები შესაბამისობაშია სასამართლოში გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებთან და ცალსახად და უტყუარად ადასტურებენ მოსარჩელისათვის მიწის რეფორმისას მიწის ფონდიდან ნაკვეთის გადაცემის ფაქტს. ამავე დროს, ეს პირები არიან სოფლის მაცხოვრებლები, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ იმ დროს მიწების განაწილებას და მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემობები სასამართლოს სარწმუნოდ მიაჩნია. სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ მათი საკრებულოს მიერ სარეგისტრაციო მოწმობები ან მიღება-ჩაბარების აქტები არ გაცემულა. აღნიშნულის გათვალსწინებით სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღება-ჩაბარების აქტების გაუცემლობა და მიწის განაწილების სიების წარუდგენლობა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, არ შეიძლება განიმარტოს მოსარჩელის საზიანოდ.

 

2018 წლის 19 აპრილს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო № 1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. მოპასუხემ შესაგებელში აღნიშნა, რომ საჩივრის განხილვა ამ შემთხვევაში წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას, ამიტომ არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ამ პოზიციასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ დისკრეცია არ უნდა გახდეს ფორმალური უარის საფუძველი და ყოველი ადმინისტრაციული წარმოების ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად უნდა იქნას მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება. როდესაც ადმინსტრაციულ ორგანოს უფრო ადრე და მასთან არსებული მონაცემების შესწავლის გზით შეუძლია საჩივრის განხილვა, იგი უნდა განიხილოს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, კერძოდ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-367-363(კ-12) განჩინება). განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრს მსგავსი ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის, რომელიც უკვე სახელმწიფოს მიერვე ც----- კ---–-----–--ლს ჰქონდა გადაცემული და მართლზომიერად ფლობდა, აღნიშნულიდან გამომიდინარე, პირველი ინსტანციის შეფასება სწორია, რომლის მიხედვითაც, ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს № 0------- (დამოწმების თარიღი 12.06.2012 წ.) მიმართვა, ც----- კ---–-----–--ლის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთთან მიმართებით (2------ მ2 ფართის ნაწილში), რათა არ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, მისი საკუთრების უფლება.

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფოზე უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია საკუთრების უფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეედარებინა ტექ.ბიუროს არქივსა, თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებსა და სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთების გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მხოლოდ ამ მიწაზე სხვა პირთა თანასაკუთრებისა თუ სხვა უფლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში მოეხდინა სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

 

პალატას მიაჩნია, რომ თითოეული ამ აქტის მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია სრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტები და არ შეადარა მასთან არსებული მონაცემებს, არ გამოითხოვა მერეთის ადმინისტრაციული ერთეულიდან საჭირო მტკიცებულებები, რისი ვალდებულებაც გააჩნდა. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარებისას იგი ვალდებული იყო გაეუქმებინა არასწორად აღრიცხული რეგისტრაცია და სადავო უძრავი ქონება დაერეგისტირებინა ც----- კ---–-----–--ლის სახელზე.

 

საქმის განმხილველი სასამართლო მართებულად აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონით მიწის განაწილების სიები, უფლების დამადასტურებელი სხვა დამატებითი დოკუმენტების გარეშე, ითვლება მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად და ამ შემთხვევაში, რაიმე დამატებითი აქტის (მაგ. ბრძანება, რომ ნამდვილად გადაეცა პირს საბაღე ნაკვეთი, დამსაქმებლის მოსამსახურეთა კრების ოქმი და ა. შ.) წარდგენის საჭიროება არ არსებობს.

 

მიწის რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაცია მიღებული იქნა სწორედ იმ მიზნით, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად მომხდარიყო მოქალაქეთა კანონიერ მფლობელობასა და მიწის რეფორმის ფონდში არსებული მიწების მოქალაქეთათვის საკუთრებაში გადაცემა.

 

პალატას მიაჩნია, რომ ც----- კ---–-----–--ლს გააჩნია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი - მიწის განაწილების სიაში მის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი, რაც ქრონოლოგიურად შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მონაცემებს და ადასტურებს ფლობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას; ამავე დროს, მოპასუხეს უნდა დაევალოს ც----- კ---–-----–--ლის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა; აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა ნ ა ჩ ი ნ ა :

 

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. № 6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. № 7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

გიორგი გოგიაშვილი -

 

ილონა თოდუა -