განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.01.2020
საქმის ნომერი
080310019003378139
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
27.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310019003378139

საქმე N3/ბ-27-20წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 იანვარი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

შემადგენლობა

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

ნანა კალანდაძე, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

საჩივრის ავტორი - შ---------------------ი

წარმომადგენელი - ს----------------ე

თარჯიმანი - გ-----------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო

წარმომადგენელი - გ----------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ--------------–---–ი

წარმომადგენელი - კ-----------–-----ე

 

დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე და საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:

 

1. 2019 წლის 30 დეკემბერს ზ--------------–---–მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის გ----------------ის მიერ 2019 წლის 28 დეკემბერს გამოცემული №-----2 შემაკავებელი ორდერის გაუქმება მოითხოვა;

 

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 28 დეკემბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა გ----------------ემ გამოსცა შემაკავებელი ორდერი №-----2 მის მიმართ იმ მოტივით, რომ თითქოს იგი ,,მოძალადე’’, მეუღლეს შ---------------------ის აყენებდა ,,ფსიქოლოგიურ“ და ,,ფიზიკურ“ ძალადობას. 2019 წლის 28 დეკემბრის შემაკავებელი ორდერით ზ--------------–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან ყოველგვარი სახის კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ირლანდიის მოქალაქე შ---------------------თან. თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი: 2014 წლის 3 ივნისს - ე-–----------–---–ი, ხოლო 2014 წლის 1 ივნისს - დ------------–---–ი. მეუღლემ თხოვა მასთან ერთად ირლანდიაში საცხოვრებლად გადასვლა, რაზედაც არ თანხმდება. ამის შემდეგ მეუღლემ დაიწყო მისი შევიწროება, რადგან ცხოვრობს მეუღლის სახლში და დროებით არ მუშაობს. მეუღლე უწოდებს უსაქმურს, ამადლის საჭმელს, აიძულებს წავიდეს სახლიდან, რასაც მიიჩნევს ფსიქოლოგიურ ძალადობად.

 

2017 წელს მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც არ გაუსაჩივრებია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განაჩენით მის მიმართ უცვლელი დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის განაჩენი და ცნობილი იქნა უდანაშაულოდ სსს კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 27 დეკემბერს მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა ქ. ქუთაისში, ლ-------------- ქ. N9-–- მდებარე სახლში. მეუღლის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა სახლიდან წასვლა და დაიწყო ნივთების ჩალაგება, რის გამოც ატირდნენ ბავშვები და მეუღლეს უთხრა, რომ სახლიდან წავიდოდა ბავშვების დაძინების შემდეგ. აღნიშნულმა გააღიზიანა შ---------------------ი და სამზარეულოს დანით მიაყენა სხეულის დაზიანება, რის შემდეგ მის მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია, ხოლო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა გ----------------ემ გამოსცა შემაკავებელი ორდერი №-----2 მის მიმართ მისი მხრიდან შ---------------------ის ,,ფსიქოლოგიური“ და ,,ფიზიკური“ ძალადობის ფაქტზე, რაც უსაფუძვლოდ მიაჩნია, რადგან თვითონ არის მსხვერპლი. მისი მეუღლის მიზანია შეუზღუდოს მშობლის უფლება და შვილები მისი თანხმობის გარეშე წაიყვანოს საზღვარგარეთ.

 

მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის გ----------------ის განმარტებით, სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ არსებობდა შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი, რადგან შემაკავებელი ორდერი გამოცემული იყო ,,მსხვერპლის“, შ---------------------ის მიერ მითითებული ფაქტების საფუძველზე. შემაკავებელ ორდერში ,,ფიზიკური“ ძალადობის შესახებ მითითება გამომდინარეობდა კანონის მოთხოვნიდან და სპეციალური კითხვარის შევსების შემდეგ, სწორედ ,,მსხვერპლის“ განმარტების საფუძველზე მოხდა აღნიშნულის მითითება.

 

მესამე პირის შ---------------------ის განმარტებით, არ არსებობდა №-----2 შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი, რადგან ზ-------------–---–ი სისტემატურად ძალადობდა მასზე. აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა იმ მოტივით, რომ მან ზ--------------–---–ის და მისი მშობლების თხოვნით, უარი თქვა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

შ---------------------ის განმარტებით, ის მუშაობს და არჩენს შვილებს და მეუღლეს. ნამდვილად ეუბნება და უთითებს, რომ იშოვოს სამუშაო და დაეხმაროს ოჯახის რჩენაში. რაც შეეხება სამზარეულოს დანით სხეულის დაზიანების მიყენებას, აღნიშნულს სირცუედ მიიჩნევს, რადგან ზ--------------–---–მა თვითონ მიიყენა თვითდაზიანება.

 

2. 2019 წლის 31 დეკემბერს შ---------------------იმ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის გ----------------ის მიერ, 2019 წლის 28 დეკემბერს შ---------------------ის სახელზე გამოცემული №-----3 შემაკავებელი ორდერის გაუქმება;

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლიდან ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე ზ--------------–---–თან. თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი: 2014 წლის 3 ივნისს - ე-–----------–---–ი, ხოლო 2014 წლის 1 ივნისს - დ------------–---–ი. 2019 წლის 28 დეკემბერს მის მიმართ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა გ----------------ემ მის სახელზე გამოცა №-----3 შემაკავებელი ორდერი, ზ--------------–---–ზე ,,ფსიქოლოგიური“, ,,ფიზიკური“ და ,,ეკონომიკური“ ძალადობის ფაქტზე.

 

მოსარჩელის მოსაზრებით, შემაკავებელ ორდერში მითითებული გარემოებები სრული სიცრუეა, რადგან თვით ზ--------------–---–ი სისტემატურად ძალადობს მასზე. აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა იმ მოტივით, რომ მან ზ--------------–---–ის და მისი მშობლების თხოვნით, უარი თქვა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. რაც შეეხება სამზარეულოს დანით სხეულის დაზიანების მიყენებას, აღნიშნული სიცრუეა და ზ-------------–---–მა თვითონ მიიყენა თვითდაზიანება. ასევე, უსაფუძვლოა მითითება მისი მხრიდან ზ--------------–---–ზე ეკონომიკური ძალადობის ფაქტზე, რადგან ზ-------------–---–ი სრულად აკონტროლებს ოჯახის შემოსავალს.

 

მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პარტრულ-ინსპექტორის გ----------------ის განმარტებით, შ---------------------ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ,,მსხვერპლის“ ზ--------------–---–ის მიერ მითითებული ფაქტების საფუძველზე და არ არსებობს №-----3 შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი. შემაკავებელ ორდერში ,,ფიზიკური“ ძალადობის შესახებ მითითება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან და სპეციალური კითხვარის შევსების შემდეგ სწორედ ,,მსხვერპლის“ განმარტების საფუძველზე, მოხდა ,,ფსიქოლოგიურ“, ,,ფიზიკურ“ და ,,ეკონომიკურ“ ძალადობაზე მითითება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილებით ზ--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა იმერეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის გ----------------ის მიერ 2019 წლის 28 დეკემბერს ზ--------------–---–ის მიმართ გამოცემული №-----2 შემაკავებელი ორდერი; შ---------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; იმერეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის გ----------------ის მიერ 2019 წლის 28 დეკემბერს შ---------------------ის მიმართ გამოცემული №-----3 შემაკავებელი ორდერიდან ამოირიცხა მითითება ,,ეკონომიკური“ და ,,ფიზიკური“ ძალადობის ფაქტზე.

 

ამ დასკვნამდე საქალაქო სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს განმარტებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულია საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობა, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი და ორგანიზაციულ საფუძვლები, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიები. ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს. ხოლო ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ფსიქოლოგიურ ძალადობად შეიძლება ჩაითვალოს ძალადობის ,,ფარულ’’ ფორმად, რომელიც მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას და სხვა ამგვარ მოქმედებებს. ეს კი პიროვნებას უკარგავს საკუთარი თავის რწმენას, აეჭვებს მას საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში, ამასთან ერთად იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის ამ ფორმას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს და აზიანებს მთლიანად პიროვნებას. ფსიქოლოგიური ძალადობის დროს არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი და ძალადობის კერა ხშირად ოჯახია.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა.

 

ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებელის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ხოლო ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ზ--------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და 2019 წლის 28 დეკემბერს გამოცემული №-----2 შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმებულიყო, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ზ--------------–---–ის მხრიდან შ---------------------ის მიმართ ,,ფიზიკური“ და ,,ფსიქოლოგიური“ ძალადობის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენდა დადგენილიყო, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში შ---------------------ის უფლებებს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვებოდაა და ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმომადგენლი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ზ--------------–---–მა ფიზიკურად იძალადა შ---------------------იზე. სასამართლოსთვის მხარეს არ წარმოუდგენია ზ--------------–---–ის მიერ შ---------------------იზე ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რომელიც სასამართლოს მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში ვერ გახდებოდა ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან იგი ეწინააღმდეგებოდა სსს კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ სტანდარტს-საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ შემაკავებელი ორდერი ასევე გაცემული იყო ფსიქოლოგიური ძალადობის აღკვეთის მიზნით. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის საჭირო და მნიშვნელოვანი კომპონენტია ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობა თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა, თუმცა არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ძალადობის გამოვლინების ხარისხსა და ინტენსიურობაზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნა და სამედიცინო დიაგნოზი, წერილობითი სახის მტკიცებულება, ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 28 დეკემბერს, ოჯახური ძალადობის ფაქტზე შეტყობინების ინიციატორი იყო ზ--------------–---–ი. შემთხვევის ადგილზე მისულმა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა გ----------------ემ, 2019 წლის 28 დეკემბერს ზ--------------–---–ის სახელზე, შ----------------------ის მითითების საფუძველზე გამოცა №-----2 შემაკავებელი ორდერი.

 

სასამართლოს მოსაზრებით ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობა არ იკვეთებოდა, რადგან რეალურად არ არსებობდა და არც წარსულში არსებობდა ზ--------------–---–ის მხრიდან რაიმე სახის ძალადობის ფაქტი და არ არსებობდა ,,მსხვერპლი“-ს დაცვის აუცილებლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობდა საოჯახო დავიდან, რომელიც ეყრდნობოდა პიროვნულ ურთიერთბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციას, ხოლო აღნიშნული არ შეიძლება შეფასებულიყო ზ--------------–---–ის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინებად.

 

რაც შეეხება შ---------------------ის მიმართ გამოცემული ორდერის კანონიერებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2019 წლის 28 დეკემბერს გამოცემული №-----3 შემაკავებელი ორდერიდან უნდა ამორიცხულიყო მითითება ,,ფიზიკური“ და ,,ეკონომიკური“ ძალადობაზე, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა შ---------------------ის მხრიდან ზ--------------–---–ის მიმართ ამგვარი ძალადობის განხორცეილების ფაქტი. ამასთან სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობა იკვეთებოდა შ---------------------ის მიმართ და ვინაიდან მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ დიდი ალბათობით ფსიქოლოგიური ძალადობა იარსებებდა მომავალშიც.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა შ---------------------ის მიერ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგი დასაბუთებით:

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობდა საოჯახო დავიდან, რომელიც ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთობებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციას, მხარეთა კონფლიქტურ დამოკიდებულებას, რაც მხოლოდ ზ-------------–---–თან მიმართებაში ჩათვალა ფიქოლოგიური ძალადობის შემცველ გარემოებად, ხოლო სრულიად დაუსაბუთებლად მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოება მის მიმართ არ შეიძლება ყოფილიყო ძალადობის შემცველი. საჩივრის ავტორის მოსაზრებით ასევე სასამართლოს მხრიდან არასწორად იქნა ფორმულირებული შ---------------------ის განცხადება, რომ თითქოს იგი მიუთითებდა მეუღლეს ეშოვა სამსახური და დახმარებოდა ოჯახის რჩენაში, რადგან მსგავსი მოთხოვნას მისი მხრიდან ადგილი არ ქონია.

 

საჩივრის ავტორის მითითებით, მას შემდეგ რაც მიღებული იქნა სასამართლოს გადაწყვეტილება და გაუქმდა ზ-------------–---–ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, იგი სისტემატიურად ცდილობს ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელოს მეუღლის მიმართ, უკავშირდება მის სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონზე, ცდილობს მოაწყოს პროვოკაცია და სხვადასხვა სახის პროვოკაციული ქმედებებით შეუზღუდოს შვილებთან ურთიერთობა, იგი თვად ცდილობს მასთან დაკავშირებას იმ ფონზე, როდესაც მას ზ-------------–---–თან აკრძალული აქვს ყველა სახის კომუნიკაცია და კონტაქტი.

 

საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს მხრიდან დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული მისი პოზიცია და მოითხოვს გაუქმდეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ზ-------------–---–ის მიმართ 2019 წლის 28 დეკემბერს გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ და აღნიშნული ორდერი დარჩეს ძალაში.

 

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული

გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ შ---------------------ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება იმერეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის გ----------------ის მიერ 2019 წლის 28 დეკემბერს შ---------------------ის მიმართ გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება N------ შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას - გასაჩივრებული გადაწყვეტილება N------ შემაკავებელი ორდერის კანონიერებაზე მსჯელობასთან მიმართებაში ნაწილობრივ იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც ამ ნაწილში მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე. დანარჩენ ნაწილში კი პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეეტილებას როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

კანონის მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

ამავე მუხლის 31 პუნქტის მიხედვით, შემაკავებელ ორდერში მიეთითება: ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას; გ) მოძალადის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი; დ) ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს.

 

,,შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანებით შემაკავებელ ორდერთან ერათად გამოიცემა შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელშიც დეტალურად მიეთითება პოლიციის შესაბამისი მუშაკის მიერ დადგენილი გარემოებები.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 16.1 მუხლი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოცემული იქნეს შემაკავებელი ორდერი.

 

ანალოგიური შინაარსის დანაწესს შეიცავს ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ადგენს, რომ პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსს და განმარტავს, შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს ოპერატიული, მყისიერი რეაგირება იმ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რაც მომდინარეობს სავარაუდო მოძალადის მხრიდან და საფრთხეს უქმნის მე-3 პირთა უფლებებს. შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს.

 

სააპელაციო სასამართლო ორდერის კანონიერების შემოწმების პროცესში არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ შემაკავებელი ორდერი გაცემული იყო ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიური ძალადობის აღკვეთის მიზნით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილებით N------ შემაკავებელი ორდერიდან, რომელიც გამოცემული იყო შ---------------------ის მიმართ, ამოირიცხა მითითება ,,ეკონომიკური’’ და ,,ფიზიკური’’, რა ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კნონიერ ძალაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

პალატა განმარტავს, რომ ფსიქოლოგიური ანუ ემოციური (მორალური) ძალადობა ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა და იგი ხშირად შეფარვით ხასიათს ატარებს. იგი ყველაზე ძნელად ამოსაცნობი ძალადობის ფორმაა, რადგან არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი. ამ ტიპის ძალადობა დამახასიათებელია ძალაუფლების დისბალანსის სიტუაციებში, როგორიცაა ძალადობრივი ურთიერთობები, ძალადობა, განსაკუთრებით სამუშაო ადგილებზე და ბავშვთა ძალადობა. ძალადობის ეს ფორმა აზიანებს მთლიანად პიროვნებას, შესაბამისად ცალკეულ შემთხვევებში სიმძიმის თვალსაზრისით უსწრებს ძალადობის სხვა ფორმის გამოვლინებით დამდგარ შედეგებს.

 

კონფლიქტის ტაქტიკების სკალის (CTS) მიხედვით, ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს: შეურაცხყოფის მიყენება, კრიტიკა, აგრესიული და ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება, დაშინება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი, იზოლირება, დაცინვა და დამცინავი სახელებით მიმართვა, მუდმივად გაკრიტიკება, მუდმივი დამცირება, შერცხვენა (განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით) და ყვირილი. ამგვარი სახის ძალადობამ მისი ინტენსივობისა და ემოციური ზეწოლის სიმწვავის გათვალისწინებით შეიძლება გამოიწვიოს: დაბალი თვითშეფასება, დეპრესია, შფოთვა, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, ქცევითი პრობლემები სკოლაში, ბავშვსა და მშობელს შორის კავშირის შესუსტება, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და სხვა.

 

სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერი და ოქმი წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, თუმცა მხოლოდ ამ დოკუმენტის საქმეში არსებობა არ ქმნის პირის მოძალადედ მიჩნევის წინაპირობას, რადგან შემაკავებელი ორდერი და ოქმი თავისი დანიშნულებით საქმის გარემოებათა ფიქსაციის და დამცავი ღონისძიების გამოყენების საშუალებაა. ამდენად, მისი მტკიცებულებითი ძალის განსასაზღვრად სავალდებულოა მასში ასახული მონაცემების სისწორე უტყუარად და სარწმუნოდ დასტურდებოდეს სხვა მტკიცებულებებით, მითუმეტეს, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ რომელიმე უფლების შეზღუდვას. ამგვარი მტკიცებულებების შეგროვების საჭიროება კიდევ უფრო იზრდება მაშინ, როდესაც ოჯახის წევრებს, მათ შორის მეუღლეებს შორის არსებობს განქორწინების და მისგან განპირობებული ქონებრივი თუ შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ დავის წამოწყების წინაპირობები, რის გამოც მხოლოდ ერთ-ერთის მეუღლის მითითება მეორე მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ ვერ აქცევს ამ უკანასკნელს მოძალადედ სხვა ობიექტურ მტკიცებულებათა გაანალიზების გარეშე. აღსანიშნავია, რომ ამგვარ კონფლიქტში მყოფი თითოეული მოდავე მხარე მოწადინებულია მის სასარგებლოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის თაობაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე - მოპასუხე სუბიექტზე.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური და გონივრული შეფასების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ საკმარისად არ დასტურდება შ---------------------ის მხრიდან ზ-------------–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი. ამგვარი ერთმანეთთან კავშირში მყოფი საკმარისი მტკიცებულებები მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე უკრიტიკოდ მიიჩნია შემაკავებელი ორდერი მტკიცებულებად, რომ არ შეაჯერა მასში ასახული გარემოებები საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები დაეყრდნო მხოლოდ ზ-------------–---–ის ზეპირ განმარტებას. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მოძალადე პირის დასადგენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ობიექტურ პირთა წრის გასაზღვრას, რომლებმაც ჩვენება უნდა მისცენ საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებათა დასადგენად და სწორებ ამ გზით შეგროვებული მტკიცებულებების საკმარისობისა და პრიორიტეტულობის და მათი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს უნდა ჩამოუყალიბდეს დასკვნა პირის მოძალადედ მიჩნევისა და შესაბამისად მისთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რომელიმე უფლების შეზღუდვის აუცილებლობის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის, ამდენად შ---------------------ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, როგორც დაუსაბუთებელი, ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან პალატა იგივე მოტივებით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ზ-------------–---–ის მიმართ გამოცემული ორდერის გაუქმების კანონიერების შესახებ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2113 მუხლის 71 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შ---------------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება იმერეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის გ----------------ის მიერ 2019 წლის 28 დეკემბერს შ---------------------ის მიმართ გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. შ---------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს იმერეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის გ----------------ის მიერ 2019 წლის 28 დეკემბერს შ---------------------ის მიმართ გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერი;

 

4. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება;

 

5. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაეგზავნოს კანონით დადგენილი წესით მხარეებს;

 

6. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ნანა კალანდაძე

მურთაზ მეშველიანი