განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.12.2019
საქმის ნომერი
330310018002550061
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2516-19

საქმე №330310018002550061

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

5 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოპასუხე): საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე);

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): აჰ------–---------------------–---------- (A-------------------------------, დაბ. 01.09.1991წ. პასპორტი P---------------, ერაყის რესპუბლიკა );

წარმომადგენელი: აკაკი ლომსაძე;

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

თარჯიმანი: ვახტანგ იმერლიშვილი. მარიამ მახნიაშვილი;

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე N3/4498-18), საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს სრულად ეთქმევა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარე აჰ------–---------------------–---------- და მისი წარმომადგენელი არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს. ითხოვეს უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, 1) აჰმედ ლ--------------–----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 25 ივნისის №02-01/05/14701 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, კანონით დადგენილი წესით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აჰმედ ლ--------------–----------ისათვის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.2.1. ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე, აღმსარებლობით მუსლიმი სუნიტი ა-------–---------------------–----------ი დაიბადა 1992 წლის 21 ოქტომბერს ერაყის რესპუბლიკაში, ქ. კ-------ში, სადაც 6 წლამდე ცხოვრობდა. ექვსი წლის იყო განმცხადებელი, როდესაც ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ მო----–ში, სადაც 1997-2012 წლებში მიიღო დაწყებითი, საშუალო და პროფესიული განათლება. თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის წევრები: მშობლები და უმცროსი ძმა ცხოვრობენ ქ. მო----–ში, დედა დიასახლისია, მამა უმუშევარია, ძმა სკოლის მოსწავლეა. განმცხადებლის უფროსი ძმა დროებით ქურთისტანის მკვიდრია, სწავლობს უნივერსიტეტში და აპირებს მო----–ში დაბრუნებას. 2012 წელს განმცხადებელმა დატოვა წარმოშობის ქვეყანა და სწავლის გაგრძელების მიზნით გაემგზავრა ინდოეთის რესპუბლიკაში, ქ. დელიში, თუმცა არ მოეწონა ეს ქვეყანა და 6 თვეში დაბრუნდა ერაყის რესპუბლიკაში. სამი თვის შემდეგ, 2013 წლის მარტში ჩამოვიდა საქართველოში, ქ. თბილისში. სადაც თავდაპირველად თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გაიარა ინგლისური ენის შემსწავლელი სამთვიანი კურსი, რის შემდეგაც ოჯახის წევრების მოსანახულებლად დაბრუნდა ერაყში. თავშესაფრის მაძიებელი სამი თვის შემდეგ კვლავ დაბრუნდა საქართველოში და ჩააბარა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ამჟამად სწავლობს ამ უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის (სტომატოლოგიის განხრით) დამამთავრებელ კურსზე. განმცხადებლის განმარტებით, ერაყში ცხოვრების პერიოდში პრობლემები არ ჰქონია, თუმცა მო----–ში განვითარებული მოვლენების გამო აქვს შიში ერაყში დაბრუნების. საქართველოში ცხოვრების პერიოდში განმცხადებელი 2-ჯერ ჩავიდა ერაყში. 2014 წლის დასაწყისში ოჯახის მონახულების მიზნით 2 დღით ჩავიდა მო----–ში, ხოლო 2017 წლის მაისში ჩავიდა ქ. ბ--------ში. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი კვლავ ოჯახის მონახულება იყო, სურდა აეღო მართვის მოწმობა, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო მო----–ში ჩასვლა ვერ შეძლო. ამჟამად განმცხადებელი ოჯახთან - მეუღლესა (მეუღლე საქართველოს მოქალაქე) და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ქალაქ თბილისში, სადაც ერთ წელზე მეტია გახსნილი აქვს ტურისტული კომპანია. განმცხადებელი აცხადებს, მას სურვილი აქვს, რომ დამკვიდრდეს საქართველოში. აქვე აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ მისი მშობლები და ძმები.

 

3.2.2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 2 მარტის NSSG 9 18 00032413 წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ერაყის რესპუბლიკის მოქალაქისათვის - ა-------–---------------------–----------ისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 1 მარტის NMIA 6 18 00488363 წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერაყის რესპუბლიკის მოქალაქისათვის - ა-------–---------------------–----------ისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

3.2.3. აჰმედ ლ--------------–----------ს ჰყავს მეუღლე, საქართველოს მოქალაქე - ს-------- გ--–---–--- და მცირეწლოვანი შვილები.

 

3.2.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 25 ივნისის №02-01/05/14701 გადაწყვეტილებით, ა-------–---------------------–----------ს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან მიჩნეული იქნა, რომ მართალია, პირი აკმაყოფილებდა 1951 წლის ჟენევის კონვენციითა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისათვის მოთხოვნებს, თუმცა არსებობდა ვარაუდი, რომ პირი საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს უსაფრთხოებას.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.3.1. სასამართლო განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 25 ივნისის №02-01/05/14701 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა კანონმდებლობასთან.

 

3.3.2. ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს 1951 წლის კონვენციის შესაბამისად, ცნება ,,ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც საფუძვლიანი შიშის გამო შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები: ა) ლტოლვილის სტატუსი; ბ) ჰუმანიტარული სტატუსი; გ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 25 ივნისის №02-01/05/14701 გადაწყვეტილებით, ა-------–---------------------–----------ს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ პირი საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს უსაფრთხოებას.

 

დადგენილ იქნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 2 მარტის NSSG 9 18 00032413 წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ერაყის რესპუბლიკის მოქალაქისათვის - ა-------–---------------------–----------ისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია. ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 1 მარტის NMIA 6 18 00488363 წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერაყის რესპუბლიკის მოქალაქისათვის - ა-------–---------------------–----------ისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამინისტრო: ა) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემო----–ი თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხზე რეკომენდაციის მისაღებად; ბ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემო----–ი თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე რეკომენდაციის მისაღებად;

 

მიეთითა ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

 

3.3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება. მე-2 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

 

ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი; გ) თავშესაფრის მაძიებლის პირადი მონაცემები; დ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა; ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თავშესაფრის მაძიებელი. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება. ამავე კანონის 43-ე მუხლის თანახმად კი, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

სადავო შემთხვევაში ანკეტირება-გასაუბრების მასალების, ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 ჟენევის კონვენციისა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიიჩნია, რომ ა-------–---------------------–----------ი აკმაყოფილებდა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისათვის კანონით დადგენილ კრიტერიუმებს, თუმცა უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია ვარაუდის არსებობა, რომ პირი საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს უსაფრთხოებას.

 

სასამართლოს განმარტებით, მოპასუხემ ვერ გამორიცხა ის ფაქტი, რომ წარმოშობის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე იქ დაბრუნების შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მაძიებელი არ დადგება სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე. ამგვარი რისკის არსებობა უნდა შეფასდეს პირის დაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ურთიერთშეპირისპირების, დაბალანსების შედეგად.

 

3.3.4. აღინიშნა, რომ იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დაფუძნებულია ისეთ გარემოებებზე, რომლებიც არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები.

 

3.3.5. ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 2018 წლის 25 ივნისის №02-01/05/14701 გადაწყვეტილება და მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მოქმედი კანონით დადგენილი წესით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აჰმედ ლ--------------–----------სათვის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

აპელანტის განმარტებით, სამინისტრო მოქმედებდა კანონის სრული დაცვით და არ დაურღვევია აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები. სამინისტროს მხრიდან აპლიკანტისა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის უპირატესობა მართებულად და კანონიერად გაკეთდა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ლტოვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა. სამინისტრომ მიმართა შესაბამის ორგანოს თავშესაფრის მაძიებლი პირის მხრიდან ქვეყნის უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხზე რჩევის მისაღებად და მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო ყველაზე მისაღები, კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა ის და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ და მე-6 მუხლებზე მითითებით, აპელანტმა განმარტა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ სამინისტროსთვის და შემდგომ სასამართლოსათვის წარდგენლი მტკიცებულებები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, რომლის შინაარსი ცნობილი იყო სასამართლოსთვის. ვინაიდან საკითხი ეხება სახელმწიფოს ეროვნულ ინეტრესებს და შესაბამისი უწყების მიერ მიჩნეულ იქნა, რომ თავშესაფრის მაძიებლის საქართველოში ყოფნა, მისი საქმიანობის, ცხოვრების წესის, მსოფლმხედველობის ან სხვა რიგი გარემოებების გამო, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს სახელმწიფო ინტერესებს, ვინაიდან სახელმწიფოს უსაფრთხოებაში მოიაზრება საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მათი უფლებები და თავისულფლებები. ამასთან, თუკი დღის წესრიგში დადგება საკითხი, გაირკვეს ესა თუ ის პიროვნება უქმნის თუ არა საფრთხეს სახელმწიფოს, ეს უნდა დადგინდეს კონტრდაზვერვითი საქმიანობით და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ.

 

გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრო მოქმედებდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ ეროვნულ მთავრობებს უფლება აქვთ, დაადგინონ ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი აპლიკანტის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით (საქმეები: „ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ“ (leander v. Sweden 26/03/1987), „კლასსი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ“ (Klass and others v. German, 06/09/1978), სეგერშტედტ-უიბერგი და სხვები შვედეთის წინააღმდეგ (SegerstedtWiberg and others v. Sweden 26/06/2006). მოსარჩელის მიმართ სამინისტროში ჩატარებული ადმინისტრაციული კვლევის პროცესში სამინისტრომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნებს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად. თუმცა, სამინისტროსთვის ცნობილი გახდა, რომ თავშესაფრის მაძიებლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მისი საქართველოში ყოფნა ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება პირს, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა, ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ან/და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ“ მიიჩნია, რომ შვედეთის მთავრობას უფლება ჰქონდა, დაედგინა ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი აპლიკანტის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით. ასევე, საქმეზე „კალასსი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა, აპლიკანტის მიერ გასაჩივრებული კანონი (შეზღუდვები ელექტრონული ფოსტის და ტელეკომუნიკაციის საიდუმლოებაზე) სასამართლომ მიიჩნია საჭიროდ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ეროვნული უსაფრთხოების ინეტესებიდან გამომდინარე და დანაშაულისა და არეულობის პრევენციის მიზნით. გარდა ამისა, საქმეზე „სეგერშტეედტ-უიბერეგი და სხვები შვედეთის წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ არ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა, ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის ინტერესებს უპირატესობა მიენიჭა აპლიკანტის ინტერესებთან შედარებით, მიეღოთ დაცის პოლიციაში მათზე არსებული საქმის მასალები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვენ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და არ დაკმაყოფილდეს აჰ------–---------------------–----------ის სარჩელი.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389.2.,,ბ“ მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3.,,გ“ მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

6. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:

 

6.1. აჰ------–---------------------–----------ი (A-------------------------------, დაბ. 01.09.1991წ. პასპორტ P---------------) არის ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე. 04.05.2015 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე ს-------- გ--–---–---სთან (პ/ნ 5----------). ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი (დაბ. 26.03.2018 წელს და 03.11.2016 წელს). 2018 წლის 07 თებერვალს აჰ------–---------------------–----------მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საქართველოში თავშესაფრის მინიჭება. აჰ------–---------------------–----------ის განცხადებაზე ჩატარდა ადმნისტრაციული წარმოება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-პასპორტები (იხ. ს.ფ. 125-130);

- საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნა (იხ. ს.ფ. 71-82);

- თავშესაფარის მაძიებელი პირის ანკეტა (იხ. ს.ფ. 98-105);

- თავშესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრების მასალები (იხ. ს.ფ. 86-89).

- თავშესაფრის მაძიებლის განცხადება (იხ. ს.ფ. 107);

- ქორწინების მოწმობა (იხ. ს.ფ. 124);

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 1 მარტის №MIA 6 18 00488363 წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (უფლებამონაცვლე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი), მისივე 02-01/05/5504 21/02/2018 წლის წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერაყის რესპუბლიკის მოქალაქისათვის - აჰ------–---------------------–----------ისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 2 მარტის №SSG 9 18 00032413 წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (უფლებამონაცვლე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი), მისივე 22.02.2018 წლის N02-01/05/5620 წერილის პასუხად ეცნობა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ერაყის რესპუბლიკის მოქალაქისათვის - აჰ------–---------------------–----------ისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 02.03. 2018 წლის წერილი №SSG 9 18 00032413 (იხ. ს.ფ. 83);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 01.03.2018 წლის წერილი №MIA 6 18 00488363 (იხ.ს.ფ. 84).

 

6.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (უფლებამონაცვლე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი) 25.06.2018 წლის №02-01/05/14701 გადაწყვეტილებით (შეტყობინებით) , ა-------–---------------------–----------ს (A-------------------------------, დაბ. 01.09.1991 წელს) ეცნობა, რომ იგი ვერ აკამყოფილბსაკმაყოფილებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად, რადგან:

 

1) სამინისტრომ მიიჩნია, რომ განმცხადებელი აკმაყოფილებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციი 1A(2) მუხლითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებასთან დაკავშირებით.

 

2) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ განმცხადებელი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, რასაც არეგულირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, ვადა, უფასო იურიდიული დახმარების შესაძლებლობა და თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადგილსამყოფელი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 25.06.2018 წლის შეტყობინება (გადაწყვეტილება) №02-01/05/14701 (იხ. ს.ფ. 67-68).

 

6.4. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ აჰ------–---------------------–----------იზე 13.09.2017 წელს გაცემული 13.09.2022 წლამდე მოქმედი საქართველოს ბინადრობის მოწმობა .

 

6.5. საპელაციო სასამართლოში აჰ------–---------------------–----------ისა და მისი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იქნა აჰ------–---------------------–----------ის (A-------------------------------) სახელზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2019 წლის 08 აპრილს გაცემული ბინადრობის მოწმობა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2024 წლის 08 აპრილამდე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ბინადრობის მოწმობა (იხ.ს.ფ. 96; 210).

 

7. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე.

 

7.1. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხი არსებითად სწორად გადაწყვიტა, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

7.2. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი’’ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.

 

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები: ა) ლტოლვილის სტატუსი; ბ) ჰუმანიტარული სტატუსი; გ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი. ამავე კანონის 15.1. მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირის ლტოლვილად მიჩნევისთვის იგი უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ კრიტერიუმებს, მათ შორის, უნდა განისაზღვროს დევნის საფუძვლიანი შიშის არსებობა, ადგილი უნდა ჰქონდეს დევნას რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით, უნდა დგინდებოდეს მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა. დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში, უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელისუფლება ვერ, ან არ იცავს მას. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ ლტოლვილი პირის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვება კონკრეტული საფუძვლებით ხდება და არ უკავშირდება პირის თავისუფალი ნების გამოვლენას, არის იძულების შედეგი. შესაბამისად, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ ის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში გახდება დევნის მსხვერპლი გარკვეული გარემოებების გამო (რასის, რელიგიის, აღმსარებლობის გამო და სხვა).

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ წარმოებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა და გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიეთითა, რომ განმცხადებელი აკმაყოფილებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციი 1A(2) მუხლითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად. ამასთანავე მიიჩნია, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ განმცხადებელი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, რასაც არეგულირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. შესაბამისად, უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

7.3. „საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი 17.1.,,ბ“ მუხლის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს.

 

ამ კანონის 69.1. მუხლით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს თავშესაფრის მაძიებლის იდენტიფიკაციას და შესაბამისი სტატუსის განსაზღვრისას ამოწმებს ამ პირის მიერ მიწოდებულ ფაქტებს, აგრეთვე სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროება გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს კავშირი აქვს: ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ) სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან; გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; დ) სხვა დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან) ან/და შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან.

 

სააპელაციო სასამართლოს განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 02 მარტის №SSG 9 18 00032413 წერილი რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (უფლებამონაცვლე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი) ეცნობა, აჰ------–---------------------–----------ისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონელობის თაობაზე წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა, რომელიც მომზადებულია ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

7.4. ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.

 

ამ კანონის 6.1. მუხლით, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე ნორმის მე-2 პუნქტით, კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამ კანონის 7.2. მუხლის თანახმად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

 

ამრიგად, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას. შესაბამისად, ამ სახელმწიფო ორგანოს წერილობითი ინფორმაცია - დასკვნა არის ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულება, რაც თავის მხრივ არის პირისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

7.5. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე) დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1.,,ლ“ მუხლით, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო ამ კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სააპელაციო სასამართლო მოსაზრებით, კანონმდებლის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი მისი შეხედულებისამებრ, რათა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვით, კანონმდებლობის მიზნის გათვალისწინებით.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან პალატამ დამატებით გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია, რაც თავის მხრივ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება არ განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება, შესაბამისად, გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის, სადავო შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით.

 

7.6. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, თავშესაფრის მაძიებელ პირზე აჰ------–---------------------–----------იზე 2019 წლის 08 აპრილს გაიცა 08.04.2024 წლამდე მოქმედი საქართველოს ბინადრობის მოწმობა. პალატა განმარტავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა კანონისმიერი ვალდებულება გამოეთხოვა შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან. მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ადგენს დასკვნას, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, აგრეთვე იმის შესახებ შეუქმნის თუ არა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 18.1. მუხლის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები).

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, 2019 წლის 08 აპრილს გაცემული ბინადრობის მოწმობით, ასევე დასტურდება, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ურთიერთშეჯერების შედეგადა სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინსტრაციულმა ორგანომ (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი) თავშესაფრის მაძიებლის, აჰ------–---------------------–----------ის (A-------------------------------, დაბ. 01.09.1991წ. პასპორტი P---------------, ერაყის რესპუბლიკა ) განცხადების განხილვისას განმეორებით უნდა მიმართოს სახელმწიფო ორგანოებს და მიღებული ინფორმაციისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ თავშესაფრის მაძიებელი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან და ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილები.

 

7.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ეს გარემოებები იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია და კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიკვლიოს და სათანადოდ შეაფასოს საქმის გარემოებები, რომ აღნიშნულით იგი შესაძლებელია შეიჭრას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში.

 

სყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში.

 

8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

8.1. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125.4. მუხლით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

9. საპროცესო ხარჯები:

 

9.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 5.1.,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; 2124-ე-2125 ; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. აპელანტ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი