განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.11.2019
საქმის ნომერი
330310019002806771
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2339-19

საქმე №330310019002806771

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

12 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ლეილა მამულაშვილი

მოსამართლეები: გ------ი ტყავაძე

მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი: სალომე გოგოლაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე): გ------ი მ-----–---–-;

წარმომადგენელი: ი-----–-------------;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;

წარმომადგენელი: ც-------------–---–-;

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს გ------ი მ-----–---–-ს სარჩელი.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარის, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს. წარმოდგენილ სააპელაციო შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, გ------ი მ-----–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.2.1. შპს „თ---–-------------------------------------------–---------------მა“ 2012 წლის 29 ივნისს გ------ი მ-----–---–-ს სახელზე გასცა დიპლომი T------------, რომლის თანახმად, შპს „თ---–-------------------------------------------–---------------ის“ 2012 წლის №2 გადაწყვეტილებით გ------ი მ-----–---–ს მიენიჭა განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საფინანსო-საბანკო საქმიანობის მენეჯერის სპეციალობით.

 

3.2.2. გ------ი მ-----–---–მა 2018 წლის 07 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს „თ---–-------------------------------------------–---------------ის“ მიერ მასზე გაცემული T------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.

 

3.2.3. საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 03 დეკემბერს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-17-08/2514 ლიცენზია, რომლითაც ნება დართო მოქალაქეთა სადამფუძნებლო ჯგუფს რეგისტრაციაში გაეტარებინა თ---–-------------------------------------------–---------------ი.

 

ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1995 წლის 12 დეკემბრის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს „ქ. თ---–-------------------------------------------–---------------ი“.

 

საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის 1996 წლის 19 თებერვლის №01-17-08/161 გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტრომ ნება დართო დამფუძნებლებს, ქ. ს-----------ში ეფუნქციონირა თ---–-------------------------------------------–---------------ის ფილიალს, როგორც არასახელმწიფო საერო უმაღლეს სასწავლებელს. აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი არ არის ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის (სალიცენზიო კომისიის თავმჯდომარის) მიერ, თუმცა გადაწყვეტილება რეგისტრირებულია უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (რეგისტრაციის №406). გადაწყვეტილების რეკვიზიტები მითითებულია, ასევე, სარეგისტრაციო მოწმობაში, რომელიც ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის მიერ.

 

სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №1-19/30 გადაწყვეტილებით, შპს „თ---–-------------------------------------------–---------------ს“ უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე.

 

თ---–-------------------------------------------–---------------ს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში წარდგენილი ჰქონდა ჩარიცხულ პირთა სია და საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ რეჟიმში. ამასთან, 2014 წლის 18 დეკემბრის №5 კორესპონდენციით (ცენტრში რეგისტრაციის №916173) აღნიშნულმა იურიდიულმა პირმა ცენტრს აცნობა ლიცენზირებულ რეჟიმში საქმიანობის დასრულების შესახებ.

 

3.2.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის 07 თებერვალს MES 6 19 00136926 წერილით მიმართა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს გ------ი მ-----–---–-ს მიერ ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

 

სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 11 თებერვლის MES 1 19 00147578 წერილის თანახმად, გ------ი მ-----–---–- (პ/ნ 0----------) არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შორის. ამასთან, არაავტორიზებულ დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიის მიხედვით გ------ი მ-----–---–- 2006 წელს ჩაირიცხა შპს „თ---–-------------------------------------------–---------------ში“.

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.3.1. სასამართლო განმარტებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 08 იანვრის MES 7 19 00006525 გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა კანონმდებლობასთან.

 

3.3.2. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. მე-5 მუხლის მიხედვით კი, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი” (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

 

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი; საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი; საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

 

ამრიგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.

 

3.3.3. დადგენილ იქნა, რომ 2006 წელს გ------ი მ-----–---–- შპს „თ---–-------------------------------------------–---------------ში“ ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნის სიებს შესაბამის ფაკულტეტებს, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით” გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა 2012 წელს შპს „თ---–-------------------------------------------–---------------ის“ მიერ გ------ი მ-----–---–-ს სახელზე გაცემული T------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.

 

3.3.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 08 იანვრის MES 7 19 00006525 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი ითხოვს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

აპელანტის განმარტებით, დავის გადაწყვეტისას სასამართლოს შეფასების გარეშე დარჩა ის გარემობა, თუ რამდენად გააჩნდა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. დიპლომი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ არის უკვე არსებული ფაქტის სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისთვის აღმჭურველ ბუნებას ატარებს. აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ, კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე. მათ კონკრეტულ შემთხვევაში,მოსარჩელემ სტუდენტის სტატუსი მიიღო ისე, რომ მონაწილეობა არ მიუღია ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა როცა მოსარჩელე ჩაირიცხა შპს „თ---–-------------------------------------------–---------------ში“ და როცა მასზე გაიცა დიპლომი, ეს უმაღლესი სასწავლებელი მოქმედებდა ლიცენზირებულ რეჟიმში. ამდენად, მოსარჩელე ენდობოდა შპს „თ---–-------------------------------------------–---------------ის“ მიერ მის სახელზე გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას და ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.

 

აპელანტის განმარტებით, თუ მოცემულ შემთხვევაში შევადარებთ კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე თვალნათელია, რომ არ არსებობს კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესი. ასეთ შემთხვევაში მოქალაქი ნდობა უფრო მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3.,,გ“ მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:

 

5.1. საქმეში წარმოადგენილია არავტორიზებულ დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სია, რომლის თანახმადაც: გ------ი მ-----–---–- (პ/ნ 0----------) 04.10.2006 წელს ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში - შპს „თ---–-------------------------------------------–---------------ი“, ბრძანების ნომერი 24.

 

5.2. საქმეში წარმოადგენილია თ---–-------------------------------------------–---------------ის დიპლომი, რომლის თანახმადაც: საქართველო, თ---–-------------------------------------------–---------------ის დიპლომი T------------, ეკონომიკის ფაკულტეტის 2012 წლის 29 იანვრის N2 გადაწყვეტილებით გ------ი მ-----–---–ს მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საფინანსო-საბანკო მენეჯერის სპეციალობით. ხელმოწერილია დეკანისა და რექტორის მიერ. თბილისი 2012, სარეგისტრაციო N455

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- არაავტორიზებულ დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სია (იხ. ს.ფ. 67).

- დიპლომი T------------ (იხ. ს.ფ 56-59).

 

5.3. 2018 წლის 07 დეკემბერს, გ------ი მ-----–---–მა საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების შესახებ განცხადებით, მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა, განცხადებაზე თანდართული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება. დოკუმენტის მფლობელი გ------ი მ-----–---–-. დანართი: თ---–-------------------------------------------–---------------ის დიპლომი T------------.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გ------ი მ-----–---–-ს 2018 წლის 07 დეკემბრის განცხადება (იხ. ს.ფ. 47-48).

 

5.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 08 იანვრის №MES 7 19 00006525 გადაწყვეტილებით ( ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ), გ------ი მ-----–---–ს უარი ეთქვა შპს თ---–-------------------------------------------–---------------ის მისერ 2012 წელს, გაცემული კუთვნილი ბაკალავრის T------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. განემარტა ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.

 

გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ გ------ი მანიაშვილმა სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გვერდის ავლით, რექტორის 2006 წლის 04 ოქტომბრის N24 ბრძანების საფუძველზე, შესაბამისად, გ------ი მ-----–---–მა სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გარეშე (ლიცენზირებულ არ აღიარებულ რეჟიმში)

 

აღინიშნა, რომ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების წესით გათვალისწინებულია ლიცენზირებულ რეჟიმში მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება. ნამდვილობის დადასტურების წესის პირველი და მე-4 მუხლებიდან გამომდინარე, ლიცენზირებულ სახელმწიფო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებას, დაინტერესებული პირების მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს ცენტრი. აღნიშნული პროცედურის გავლის წინაპირობას წარმოადგენს პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა), სტუდენტის სტატუსის მოპოვება და მიღებული განათლების სახელმწიფო აღიარების თაობაზე ცენტრისთვის განცხადებით მიმართვა.

 

აღინიშნა, რომ ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1995 წლის 12 დეკემბრის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს „თ---–-------------------------------------------–---------------ი“. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის 1996 წლის 19 თებერვლის №01-17-08/161 გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტრომ ნება დართო დამფუძნებლებს, ქ. ს-----------ში ეფუნქციონირა თ---–-------------------------------------------–---------------ის ფილიალს, როგორც არასახელმწიფო საერო უმაღლეს სასწავლებელს. ცენტრში დაცული სალიცენზიო კომისიის №01-17-08/161 გადაწყვეტილების ასლი არ არის ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის (სალიცენზიო კომისიის თავმჯდომარის) მიერ. გადაწყვეტილება რეგისტრირებულია უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (რეგისტრაციის №406) და აღნისნული გადაწყვეტილების რეკვიზიტები მითითებულია სარეგისტრაციო მოწმობაში, რომელიც ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის მიერ. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №1-19/30 გადაწყვეტილებით, შპს „თ---–-------------------------------------------–---------------ს“ უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუენტებისთვის ჩაითვალა აკრედიტირებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. აღნიშნულმა დაწესებულებამ ცენტრში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, წარდგინა ჩარიცხულ პირთა სია და საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ რეჟიმში. ამასთან, 2014 წლის 18 დეკემბრის №5 კორესპონდენციით №916173) აღნიშნულმა დაწესებულებამ ცენტრს აცნობა ლიცენზირებულ რეჟიმში საქმიანობის დასრულების შესახებ.

 

ცენტრმა იმსჯელა ბაკალავრის T------------ დიპლომის მიმართ გ------ი მ-----–---–-ს კანონიერი ნდობს არსებობის თაობაზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდებოდა კნონიერ ნდობის დაცვითი ფუნქცია. მიეთითა, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლელო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა გ------ი მ-----–---–-ს მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი.

 

მიეთითა, რომ გ------ი მ-----–---–-ს მიერ შპს თ---–-------------------------------------------–---------------ში 2012 წლის ჩათვლით მიღებული განათლება, მისი სწავლის პერიოდი (მათ შორის 2012 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის T------------ დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1.,,გ“ მუხლის, ,,ნამდვილობის დადასტურების წესის“ მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 ნაწილები, მე-7 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, მე-8 ნაწილის საფუძველიზე ცენტრმა უარი განაცხადა დაადასტუროს ბაკალავრის T------------ დიპლომი ს ნამდვილობა.

 

სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი; ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88.11; 88.1.; 89.23. მუხლები; საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1.,,გ“ მუხლი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ 1-4; 2.1. მუხლები, მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 ნაწილები, მე-7 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, მე-8 ნაწილი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 08.01.2019 წლის №MES 7 19 00006525 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 62-66).

 

6. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე.

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხი არსებითად სწორად გადაწყვიტა, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

6.1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ბ1) ავტორიზაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; მ) ბაკალავრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება; მ1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა − აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს; ნ) ბაკალავრიატი − აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური; ო) დიპლომი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

ამ კანონის 88.1. მუხლით, „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე. ამავე ნორმის 11. ნაწილის მიხედვით, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.

 

ამ კანონის 89.23. მუხლით, 2010 წლის 1 სექტემბრიდან 10 დღის ვადაში ყველა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგინოს ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით). ამავე ნორმის 231. ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიაში მითითებული პირი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი აქვს ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 20.01.2005 წლის №1-19/30 გადაწყვეტილებით, შპს „თ---–-------------------------------------------–---------------ს“ უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე, ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88.1. მუხლის თანახმად, „თ---–-------------------------------------------–--------------- მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალა აკრედიტირებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებისთვის. შესაბამისად, აპელანტის ჩარიცხვის მომენტისათვის (04.10.2006 წელი) შპს თ---–-------------------------------------------–---------------ი ითვლება აკრედიტირებულად, მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტებისთვის (ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისათვის)

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (04.10.2006 წლისათვის მოქმედი რედაქცია) 52.1. მუხლის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე ნორმის მე-9 ნაწილის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების რანჟირებას იმ კოეფიციენტების მიხედვით, რომელიც ფაკულტეტებმა წლის დასაწყისში გამოაქვეყნეს. სიები ეგზავნება შესაბამის ფაკულტეტებს, ხოლო მე-10 ნაწილით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს 2006 წელს, პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველ საფეხურზე სწავლის უფლებას აბიტურიენტები მოიპოვებდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად. ამასთან, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მხოლოდ მონაწილეობა და მინიმალური სავალდებული ზღვრის გადალახვა არ არის საკმარისი სწავლის უფლების მოსაპოვებლად, არამედ მიღებული ქულების შესაბამისად გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით. ამრიგად, აბიტურიენტს, ერთი მხრივ, მონაწილეობა უნდა მიეღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში და გადაელახა მინიმალური ზღვარი, მეორე მხრივ კი, მის მიერ მიღებული შედეგი საკმარისი უნდა ყოფილიყო გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ სიაში მოხვედრისთვის, რასაც უკავშირდებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა.

 

6.2. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1. მუხლით, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი).

 

ამ კანონის 5.1.გ მუხლის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას;

 

ამ კანონის 25-ე მუხლით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

6.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცდა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი" (დანართი N1).

 

მითითებული ,,წესის“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირების (შემდგომში – საერთაშორისო დაცვის მქონე პირი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

ამ ,,წესის“ 2.1. მუხლით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.

 

მითითებული ,,წესის“ მე-3 მუხლის (2019 წლის 08 იანვრისთვის მოქმედი რედაქცია) პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე ნორმის მე-5 ნაწილით, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი, ხოლო მე-6 ნაწილის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესესულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა.

 

ამავე ნორმის მე-7 ნაწილით, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო მე-8 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.

 

მითითებული,, წესის“ 4.2. მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ფაქტს, პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს, საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან, აგრეთვე საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალურ შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაცია ან გავლილი სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, ცენტრი ვალდებულია ნამდვილობის შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს აღნიშნულის თაობაზე, ხოლო

 

ამ ,,წესის“ 6.1. მუხლით, უმაღლესი განათლების აღიარების წინაპირობაა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ამ წესის“ 7.1. მუხლით, ამ დანართის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას/აღიარებს განათლებას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე/უარს ამბობს განათლების აღიარებაზე. ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტი არ არის გაცემული დოკუმენტში მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ან გაცემულია შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე/განათლების აღიარებაზე და მიმართავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისთვის ცენტრმა უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა პირის სახელზე გაცემული დიპლომი, რაც თავისთავად ადასტურებს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს, შეამოწმოს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შეამოწმოს სწავლის პერიოდის, საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარება და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან, დაადგინოს პირისათვის მინიჭებული კვალიფიკაციის პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხი, ასევე, პირის სასწავლებელში კანონით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტი. მითითებული ნორმა განსაზღვრავს უფლებამოსილების კონკრეტულ ფარგლებს, თუ რა საკითხები უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ცენტრმა დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისას.

 

6.4. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით დასტურდება და განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არ არის გამხადარი, რომ აპელანტ გ------ი მ-----–---–-ს სასწავლო დაწესებულებაში ჩარიცხვა არ მოხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე). ამრიგად, პალატა იზიარებს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებას იმაზე, რომ აპელანტმა გ------ი მ-----–---–მა სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გარეშე (ლიცენზირებულ არ აღიარებულ რეჟიმში) და გ------ი მ-----–---–-ს მიერ შპს თ---–-------------------------------------------–---------------ში 2012 წლის ჩათვლით მიღებული განათლება, მისი სწავლის პერიოდი (მათ შორის 2012 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის T------------ დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის უმაღლესი განათლების აღიარების წინაპირობა - აპელანტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები).

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1.,,ვ“ მუხლით, ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ვ) აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს;

 

ამ კოდექსის 601.4. მუხლით, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე ნორმის მე-5 ნაწილით დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

კანონიერ ნდობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს აღმჭურველი აქტის არსებობას, თუმცა კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომელიც შეიძლება არსებობდეს როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით. დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს ეხება. კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით ამ უფლების მატარებელს უფლება აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. ამასთანავე, კანონმდებლობით გათვალისწინებულია კანონიერი ნდობის არსებობის გამომრიცხველი გარემოებები.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგან არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, არამედ, დავის საგანია - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ (უარი, თ---–-------------------------------------------–---------------ის მიერ 2012 წელს, გაცემული კუთვნილი ბაკალავრის T------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე). ამასათან, სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 08 იანვრის MES 7 19 00006525 გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, არის კანონშესაბამისი და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული. შესაბამისად, არ არსებობს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ფამომდინარე სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს აპელანტისა და მისი წარმომადგენლის მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსატანციის სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38.1.,,ვ“ მუხლით, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ვ) სააპელაციო საჩივარზე.

 

8.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი (იხ. ს.ფ. 117), რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 372-ე; 386-ე; 390-391-ე; 397-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------ი მ-----–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში;

 

4. განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.

 

თავმჯდომარე: ლეილა მამულაშვილი

 

მოსამართლეები: გ------ი ტყავაძე

 

მანანა ჩოხელი