განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001669781 (№3ბ/1829-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ავ--------–-----–--ე;
მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
წარმომადგენელი - ბა--------------ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
1.1. ავ--------–-----–--ე ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ავ--------–-----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
დადგენილია, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს ავ--------–-----–--ემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების და მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ს------–-------ი N5-ში მდებარე 560 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N540 სხდომის ოქმი (ს.ფ. 88-93).
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო (ს.ფ. 96-97, 98).
ავ--------–-----–--ის მოთხოვნაზე ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად კომისიამ მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, რაზედაც სამსახურის წერილით კომისიას ეცნობა, რომ ავ--------–-----–--ის განცხადებით მითითებული, ქ. თბილისში, ს------–-------ი N5-ში მდებარე 560 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო საცხოვრებელ ზონაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წერილი (ს.ფ. 80).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის №540 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ავ--------–-----–--ეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ს------–-------ი N5-ში მდებარე 560 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სხდომის ოქმი (ს.ფ. 88-93).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი და განმარტა შემდეგი: კანონის მიზნებისათვის, განისაზღვრა თუ რა მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად და ვინ წარმოადგენს მასზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე დაინტერესებულ პირს. სასამართლომ ასევე მიუთითა კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და განმარტა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას კომისიამ უნდა გაითვალისწინოს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
სასამართლომ მიუთითა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ ჰქონდა საფუძველი, დაედგინა ქ. თბილისში, ს------–-------ი N5-ში მდებარე 560 კვ.მ მიწის ნაკვეთის 2007 წლის ივლისამდე ავ--------–-----–--ის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი და ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ 2005 და 2010 წლების ორთოფოტოებზე, მიუთითა, რომ აღნიშნულით ცხადად ჩანს, რომ ავ--------–-----–--ის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთზე 2005 და 2010 წლების მდგომარეობით არ არსებობს მის მფლობელობაზე მეტყველი ნიშნები (ორთოფოტოები) ასეთ პირობებში კი, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმეთა სანოტარო წესით დადასტურებული განმარტება ვერ იქნება მიჩნეული მფლობელობისა და სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელ, სარწმუნო მტკიცებულებად.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. ავ--------–-----–--ის სააპელაციო საჩივარი:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ ჯეროვანი შეფასება არ მისცა ყველა მტკიცებულებას, არ მოახდინა საქმეში არასებული სხვადასხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასება და ურთიერთშეჯერება. საჩივრის ავტორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს იმ განმარტებას, რომ არ დასტურდება მის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე თვითნებურად დაკავების ფაქტი.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N540 სხდომაზე 29-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ქალაქ თბილისში, ს------–-------ი N5-ში მდებარე 560 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიარებული იქნება ავ--------–-----–--ის საკუთრების უფლება. ამდენად, უნდა შეფასდეს არსებობს თუ არა მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი.
პალატა სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით მიუთითებს საკითხის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს და განმარტავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონმა (მიღებულია 2007 წლის 11 ივლისს) დაადგინა კერძო პირების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები. კანონის მე-4 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილება შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გააჩნია, რომელიც ამ უფლებამოსილებას კომისიის მეშვეობით ახორციელებს, კომისია კი თავის ფუნქციებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით ასრულებს.
პალატა მიუთითებს, რომ კანონის მიზნებისათვის, განისაზღვრა, თუ რა მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად და ვინ წარმოადგენს მასზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე დაინტერესებულ პირს. კერძოდ: თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა - ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. რაც შეეხება დაინტერესებულ პირს - არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება (კანონის მე-2 მუხლის ,,ე” პუნქტი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება კანონის მე-51 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, რომლითაც განსაზღვრულია კომპეტენტური კომისიისათვის დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, კერძოდ: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
ამავე კანონით განმარტებულია, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას კომისიამ უნდა გაითვალისწინოს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტი).
პალატა მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და დამატებით ყურადღებას ამახვილს საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს წარმოდგენილ ადმინისტრაციული წარმოების მასალაზე. პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ორთოფოტოებით, კერძოდ 2005 წლის მდგომარეობით და ასევე შემდგომ 2010 და 2014 წლის ორთოფოტოებზე სადავო მიწის ნაკვეთზე არ ჩანს კაპიტალური შენობა - ნაგებობა, ხოლო რაც შეეხება წარმოდგენილ აბონენტად აყვანის ქვითრებს, აღნიშნული ქვითრები წარმოდგენილია 2016 წლის მდგომარეობით, სს თელასის 2016 წლის 19 სექტემბრის წერილში კი, მითითებულია, რომ აბონენტად რეგისტრირებულია 2008 წლის 10 ოქტომბრიდან. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, წარმოდგენილი ქვითრები ვერ მიიჩნევა კანონის ამოქმედებამდე სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ თბილისის არქიტექტურის 2016 წლის 24 ოქტომბრის N07/10523-13 წერილს პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში ს------–-------ი N5, 560 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ) ზონაში და კვეთს 0--------------- საკადასტრო ერთეულს.
აქვე ყურადსაღებია საქმეში წარმოდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სწორედ ზემოთმითითებულ საკადასტრო ერთეულზე (0---------------) 2015 წლის 21 ივნისის N02-9-571 ბრძანების საფუძველზე მესაკუთრედ რეგისტრირებულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთმითითებული მტკიცებულებები სრულიად მეორეხარისხოვან მტკიცებულებებად აქცევს საქმეში წარმოდგენ ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას, რომლითაც ს-------–---–---ე, ლ--–--------–--–---–ი და ტ------– ქ---–--ე ადასტურებენ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ავ--------–-----–--ის მიერ ფლობისა და სარგებლობის ფაქტს.
პალატა ვერ გაიზარებს და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევს სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს, ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტზე და განმარტავს, რომ კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი. დასახელებული ნორმებიდან და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, არსებული მტკიცებულებებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქმის მასალებით ვერ დადასტურდა ავ--------–-----–--ის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე თვითნებურად დაკავების ფაქტი. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მართებულად იქნა უარყოფილი მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, რის გამოც ასევე ცალსახად არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ ჰქონდა საფუძველი, დაედგინა ქ. თბილისში, ს------–-------ი N5-ში მდებარე 560 კვ.მ მიწის ნაკვეთის 2007 წლის ივლისამდე ავ--------–-----–--ის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ავ--------–-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი