განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.09.2019
საქმის ნომერი
110310118002377705
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
05.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110310118002377705

საქმე N3/ბ-236-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

5 სექტემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტები:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი – ი----------------–---–ი

 

2. შპს ,,ფ----------’’

წარმომადგენელი – გ---------------–-–---–ი

 

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება

 

1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

 

1.2. შპს ,,ფ----------ს’’ მოთხოვნა – სარჩელის უარყოფის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2018 წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს ,,ფ----------ს’’ წარმომადგენელმა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი:

 

− სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №------------ ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მომწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 05 მარტის N---------- საოქმო გადაწყვეტილება შპს „ფ----------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

− სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის, შპს „ფ----------ს“ მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის შესახებ და სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N-------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N----------, რომლითაც შპს „ფ----------“ დაეკისრა ჯარიმის სახით 642 060,20 ლარის გადახდა;

 

სარჩელის მიხედვით, 2017 წლის 22 ნოემბერს სოციალური მომსახურების სააგენტომ უკანონოდ გამოსცა შპს ,,ფ----------ს“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების" მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N-------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N-------------, რომლითაც შპს ,,ფ----------“ დაეკისრა ჯარიმა 642 060.20 ლარის ოდენობით. აღნიშნული თემატური შემოწმების აქტი მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სსიპ სოციალური დაცვის სააგენტოში, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №---------- ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისია) მიერ 2018 წლის 05 მარტს ასევე უკანონოდ მიღებული იქნა №---------- საოქმო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც გახდა სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი.

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის განჩინებით შპს ,,ფ----------ს’’ სარჩელი მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.

 

2.2. მოპასუხე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.

 

2.3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით შპს „ფ----------ს“ სასარჩელო მოთხოვნაზე - ბათილად ყოფილიყო ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის, შპს „ფ----------ს“ მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის N-------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N----------, რომლითაც შპს „ფ----------“ დაეკისრა ჯარიმის სახით 642 060.20 ლარის გადახდა, შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის მოტივით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ფ----------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №------------ ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მომწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 05 მარტის N---------- საოქმო გადაწყვეტილება შპს „ფ----------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. 2017 წლის 22 ნოემბერს სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოსცა შპს ,,ფ----------ს“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების’’ მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N-------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N-------------, რომლითაც შპს ,,ფ----------“ დაეკისრა ჯარიმა 642060.20 ლარის ოდენობით;

 

2.1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის თემატური შემოწმების აქტი N------------- მოსარჩელემ გაასაჩივა სსიპ სოციალური დაცვის სააგენტოში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №---------- ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისია) მიერ 2018 წლის 05 მარტს მიღებული იქნა №---------- საოქმო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

2.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 05 მარტის №-------- გადაწყვეტილებით შპს ,,ფ----------ს“ 09 თებერვლის N----- და 2018 წლის 02 მარტის დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით მიმწოდებელს - შპს ,,ფ----------“ განემარტა, რომ უფლებამოსილი იყო საჯარიმო სანქციების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, ნებაყოფლობით გადაეხადა დაკისრებული თანხა ან მისი დარჩენილი ნაწილი. ამასთან, მიეთითა საბანკო მონაცემები უკან დასაბრუნებელი თანხისა და დამატებითი ფინანსური ჯარიმების გადახდის მიზნით;

 

2.1.4. სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ ,,2017 წლის 22 ნოემბრის N------------- აქტი ვერ წარმოშობდა ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე უშუალო სამართლებრივ შედეგს. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია მისი აღსრულების მექანიზმზე და არ გაუთვალისწინებია, რომ თანხის დაკისრების საკითხი სასამართლო დავის საგანს წარმოადგენდა და N------------- აქტი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს“.

 

მოპასუხის წარმომადგენელი კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებდა იმ გარემოების შესახებ, რომ ,,სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 12 აპრილის N--------- ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მიმწოდებლის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ამსახველი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენი ელექტრონული ანგარიშების ფორმის წარმოების დარღვევის შემთხვევაში გეგმიური ამბულატორიული დაფინანსება ძირითადი და დამატებითი კონტიგენტისთვის გათვალისწინებული იყო პროგრამის ამოქმედებისთანავე. ბრძანების მოთხოვნებს გააჩნდა სავალდებულოდ შესასრულებელი ძალა; კერძოდ, ძირითადი კონტიგენტის რაოდენობაში იწერებოდა დაწესებულებაში რეგისტრირებული ბენეფიციარის ჯამური ოდენობა, რომელთა თანხმობის ფორმაში ფაქტობრივ მისამართზე დაფიქსირებული იყო ქალაქი ან დაბა, ხოლო დამატებითი კონტიგენტის რაოდენობაში იწერებოდა დაწესებულებაში დარეგისტრირებულ ბენეფიციართა ჯამური ოდენობა, რომელთა თანხმობის ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული იყო სოფელი. ოპერატორი ვალდებული იყო მოდელში ინფორმაცია შეეყვანა სათანადოდ შევსებული და მოსარგებლის ხელმოწერით დადასტურებული თანხმობის ფორმის საფუძველზე. არასწორად რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარებოდა გაუქმებას და ხელახალ რეგისტრაციას. 2013 წლის 12 აპრილის N--------- ბრძანებით ცალსახად იქნა გადმოცემული ძირითადი და დამატებითი კატეგორიის განსაზღვრება. მიმწოდებლის მსჯელობა აღნიშნული უზუსტობის შესახებ იყო არამართებული, რადგან მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა ყველა შემთხვევაში რეგისტრაციას ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო მითითებული თანხმობის ფორმაში“.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესებზე და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის მიღების დროს არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავდა წერილობით დასაბუთებას თუ რა გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე დააფუძნა მოპასუხემ თავისი გადაწყვეტილება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლოს განმარტებით, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა)პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ შერჩევის პრინციპით.

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით. ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა (დანართი №1-ის შესაბამისად), ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსებას უზრუნველყოფს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად, მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსება ხდება თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალურად, რომელსაც თან ერთვის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლის მეშვეობით რეგისტრაციისას, დამატებით, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიმწოდებლის მიერ დამოწმებული ასლი. არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციისას ერთ-ერთი მშობლის მოთხოვნით, მშობელს წარმომადგენლობის დოკუმენტი არ მოეთხოვება. მე-8 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი პირობების დარღვევისათვის, მათ შორის, შევსებული ან შეუვსებელი თანხმობის ფორმების დაკარგვის, განადგურების, დაზიანების ან სხვა სახით ხელყოფისათვის, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 და/ან მე-20 მუხლების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებით ან შესაბამის ფაქტზე მესამე პირების მიმართ დაწყებულია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება (უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით).

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის მე-2 პუნქტით სადაოდ გახადა შემდეგი საკითხი: სააგენტომ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ 4447 ბენეფიციარი (8273 ჩანაწერი) დარეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში, თუმცა თანხმობის ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია სოფელი. მოსარჩელის განმარტებით (იხ.ადმინისტრაციული საჩივარი) კი 4447 ბენეფიციარის მიერ მითითებული მისამართები წარმოადგენენ მათი რეგისტრაციის მისამართს და არა ფაქტობრივს, ხოლო ძირითად კონტიგენტში მათი განთავსება მოხდა სწორედ მათი ფაქტობრივი მისამართის გამო, რომელიც მდებარეობს ქალაქში. კანონის მოთხოვნას კი წარმოადგენს ბენეფიციარის დარეგისტრირება შესაბამის კონტიგენტში მისი ფაქტობრივი მისამართის მიხედვით. მათივე მითითებით სააგენტოს მიერ 8273 ჩანაწერის კანონსაწინააღმდეგოდ ცნობა არ იყო მართებული. ამასთან, 2016 წლის შემდეგ სააგენტოს მიერ მოხდა ელექტრონული პროგრამის განახლება, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ თვითონ ადგენს ბენეფიციარის მისამართსა და კონტიგენტს, შესაბამისად, ამ სახის დარღვევები აღარ არსებობდა.

 

ადმინისტრაციული საჩივრის მე-3 პუნქტით მოსარჩელემ სადაოდ გახადა შემდეგი საკითხი: სააგენტომ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2190 შემთხვევაში (3988 ჩანაწერი) თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი. მოსარჩელის მითითებით (იხ.ადმინისტრაციული საჩივარი) თანხმობის ფორმის შევსებას თან ახლდა პირადობის მოწმობის ასლები, თუმცა ზოგიერთი ვერ იქნა მოძიებული იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19ნ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანებით გაწერილია მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის, ბენეფიციარის თანხმობის ფორმის შევსების კრიტერიუმები, რომელიც 2017 წლის 02 აგვისტოს N01-50/ნ ბრძანებით შესულ ცვლილებამდე არ იცნობდა მკაცრი აღრიცხვის ფორმის შენახვის კონკრეტულ ვადას. ანალოგიურად ვერ მოხერხდა 731 შემთხვევაში (1498 ჩანაწერი) თანხმობის ფურცლების მოძიება (ადმინისტრაციული საჩივრის მე-4 პუნქტი), რადგან მათი შენახვის ვალდებულება 2017 წლის 02 აგვისტომდე ორგანიზაციას არ გააჩნდა. რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის მე-5 პუნქტში მითითებულ გარემოებას - 68 შემთხვევაში (141 ჩანაწერი) თანხმობის ფორმებში მონაცემები იყო გადასწორებული, აღნიშნულს მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა და თვითონვე ადასტურებდა, თუმცა განმარტავდა, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო მექანიკურად, რადგან მათი შევსება ხდებოდა თავად ბენეფიციარების ან დაწესებულების თანამშრომლის მიერ ბენეფიციარის კარნახით.

 

სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული აქტის შინაარსიდან გამომდინარე დგინდებოდა, რომ პროგრამის ზედამხედველობის განმახორციელებელმა ორგანომ არასრულყოფილად გამოიკვლია გარემოებები და ფორმალურად მიუდგა საკითხს. დაადგინა მხოლოდ ის გარემოება, რომ 4447 ბენეფიციარი (8273 ჩანაწერი) დარეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში, თუმცა თანხმობის ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია სოფელი; 2190 შემთხვევაში (3988 ჩანაწერი) თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; 731 შემთხვევაში (1498 ჩანაწერი) ვერ მოხერხდა თანხმობის ფურცლების მოძიება; 68 შემთხვევაში (141 ჩანაწერი) თანხმობის ფორმებში მონაცემები იყო გადასწორებული - თუმცა აღნიშნულ საკითხს დეტალური შეფასება არ მისცემია არც გასაჩივრებულ აქტის შინაარსსა და არც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 05 მარტის №---------- საოქმო გადაწყვეტილების შინაარსში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტულად არ აღუწერია და ცალკეულ შემთხვევისთვის შეფასება არ მიუცია ზემოთ მითითებული გარემოებებისათვის.

 

სასამართლოს განმარტებით, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიების ეფექტიანი შესრულების მიზნით, ხოლო მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, ერთ საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად. დასახელებული დადგენილების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხარვეზით წარდგენილი შემთხვევები მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, საჭიროების შემთხვევაში, ნაბეჭდი სახით დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად, მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შემთხვევები განიხილება როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას, შემთხვევა არ ანაზღაურდება. 151-ე მუხლის მე-4 პუნქტით, კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს მიმწოდებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია არ გადაუმოწმებია, არ მიუღია ახსნა-განმარტებები მიმწოდებლისგან, პაციენტთან, მის ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება არ მოუხდენია, რისი უფლებამოსილებაც მაკონტროლებელ ორგანოს გააჩნია დასახელებული ნორმების საფუძველზე. მოპასუხეს ყველა სადავო შემთხვევაში არ შეუსწავლია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარგებლეებმა მიმწოდებლისგან მიიღეს თუ არა სამედიცინო მომსახურება, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება დადგენილების მიზანს - საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა.

 

შესაბამისად სასამართლომ იხელძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით და დაასკვნა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას თუ რა გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე დააფუძნა მოპასუხემ თავისი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მითითებით, მართალია შპს ,,ფ----------ს“ შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 4447 ბენეფიციარი (8273 ჩანაწერი) დარეგისტრირებული იყო ძირითად კონტიგენტში, თუმცა თანხმობის ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული იყო სოფელი, 2190 შემთხვევაში (3988 ჩანაწერი) თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი, 731 შემთხვევაში (1498 ჩანაწერი) ვერ მოხერხდა თანხმობის ფურცლების მოძიება, 68 შემთხვევაში (141 ჩანაწერი) თანხმობის ფორმებში მონაცემები იყო გადასწორებული, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ მოსარგებლეებმა რეალურად მიიღეს თუ არა სამედიცინო მომსახურება. მოპასუხის მიერ თავდაპირველ ეტაპზევე არ შემოწმდა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და არ გამოვლინდა დოკუმენტაციის წარმოებისას არსებული ტექნიკური ხარვეზი, აღნიშნულის განხორციელებისას კი მოსარჩელე გამოასწორებდა ხარვეზს.

 

ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით იყო კანონსაწინააღმდეგო, რის გამოც სახეზე იყო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები. შესაბამისად სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-246-243 (კ-14)), რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით.

 

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს’’.

 

სასამართლომ კეთილსინდისიერი ადმინისტრირების სტანდარტის საფუძველზე განმარტა, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების დარეგისტრირება იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რის მიმართ პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს, ვინაიდან სახელმწიფომ კანონით უზრუნველყო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით, ამ პროცესში კი უფლებამოსილმა ორგანომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ამ უფლების ეფექტურ რეალიზებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტომ’’, ისე შპს ,,ფ----------მ’’.

 

3.1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს’’ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მომწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 5 მარტის N---------- საოქმო გადაწყვეტილება მიღებული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით, აღნიშნული გადაწყვეტილებით სრულად იქნა განმარტებული თუ რა მოსაზრებით ეთქვა უარი შპს ,,ფ----------’’ საჩივრის დაკმაყოფილებაზე;

 

3.1.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა თითქოს კომისიამ შპს ,,ფ----------ს’’ საჩივარზე უარის თქმის შესახებ საკითხის გამოურკვევლად მიიღო გადაწყვეტილება, რასაც არ ეთანხმებიან. აპელანტი უთითებს სასამართლო გადაწყვეტილების 6.6 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადა თემატური აქტის 7.2 პუნქტი; კერძოდ ის ფაქტი, რომ ბენეფიციართა გარკვეული რაოდენობა რეგისტრირებულია ,,ძირითად კონტიგენტად’’ ნაცვლად ,,დამატებითისა’’, რაც გამოწვეულია მათი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მითითებით რეგისტრაციის მოდულში და აღნიშნა, რომ 2016 წლის მარტიდან ელექტრონული პროგრამა განახლებულია და ამ სახის დარღვევებს აღნიშნული პერიოდის შემდეგ მათი მხრიდან ადგილი აღარ ჰქონია. კომისიამ საოქმო გადაწყვეტილებაში დეტალურად იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და 2016 წლამდე არსებული დარღვევები სააგენტოს მიერ სწორად იქნა გამოვლენილი და ასახული თემატური შემოწმების აქტში;

 

3.2.3. აპელანტის მითითებით, პირველი ისნტანციის სასამართლო 6.9 პუნქტში უთითებს, რომ მოპასუხეს მიმწოდებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია არ გადაუმოწმებია, არ მიუღია ახნსა-განმარტებები მიმწოდებლისაგან, პაციენტისაგან და ა.შ. რომელიც ეხება პირადობის მოწმობების არარსებობას და თანხმობის ფურცლების წარმოუდგენლობას. თანხმობის ფორმა ერთადერთი დოკუმენტური მტკიცებულებაა, რაც მოწმობს კონკრეტულ მიმწოდებელთან რეგისტრაციაზე მოსარგებლის ნების გამოვლენის ნამდვილობას და სანამ მიმწოდებელი წარმოადგენს პროგრამაში მონაწილე სუბიექტს, ვადებულია შეინახოს მკაცრი აღრიცხვის ფორმები, მკაცრი აღრიცხვის ფორმებში დაუშვებელია ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება ან კორექტორის დახმარებით მოშორება, ხოლო სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევით შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმა, როგორც გამოსაყენებლად უვარგისი ექვემდებარება ჩამოწერას;

 

3.2.4. აპელანტის განმარტებით, სააგენტოსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის ადგილი აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობას, კერძოდ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან.

 

შპს ,,ფ----------’’ კანონმდებლობით ჰქონდა განსაზღვრული მის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევის შესაბამისობა იმ საკანონმდებლო ნორმებთან, რომლითაც რეგულირდება მიმწოდებლის საქმიანობა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. აპელანტის მოსაზრებით ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 05 მარტის N---------- საოქმო გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების და გამოცემის წესი და არ არსებობდა აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3.2. შპს ,,ფ----------ს’’ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.2.1. აპელანტის განმარტებით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა შპს ,,ფ----------ს’’ მიერ მითითებული არგუმენტები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N------------ ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მომწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 05 მარტის N---------- საოქმო გადაწყვეტილება ცნო ბათილად, თუმცა სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება და თვითონვე უნდა მიეღო გადაწყვეტილება შპს ,,ფ----------ს’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლო იხილავდა შპს ,,ფ----------ს’’ სარჩელს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს’’ წინააღმდეგ, რომლითაც ითხოვდნენ ბათილად ყოფილიყო ცნობილი სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს’’ დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N------------ ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მომწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 05 მარტის N---------- საოქმო გადაწყვეტილება შპს ,,ფ----------ს’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

3.2.2. აპელანტის მოსაზრებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის თემატური შემოწმების N------------- აქტი ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით არ მიიჩნია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, ვინაიდან აღნიშნული აქტი ვერ წარმოშობდა ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე უშუალო სამართლებრივ შედეგს. ადმინისტრაციულ ორგანოს კი სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველმა სათათბირო ორგანომ (კომისიამ) ისე მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,ფ----------ს’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, არ უმსჯელია მისი აღსრულების მექანიზმზე და არ გაუთვალისწინებია, რომ თანხის დაკისრების საკითხი სასამართლო დავის საგანია და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის აქტი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

 

3.2.3. აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა იმსჯელოს შპს ,,ფ----------ს’’ იმ ადმინისტრაციული საჩივრის ბათილად ცნობაზე, რომლითაც მოითხოვეს თემატური შემოწმების N------------- აქტის ბათილად ცნობას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული თემატური აქტი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით არ წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, გაურკვეველი იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რა დოკუმენტის კანონიერებაზე უნდა ემსჯელა, შესაბამიისად მიიჩნევს, რომ არ არსებობდა გამოსაკვლევი რაიმე გარემოება, ადმინისტრაციული ორგანოსათვის სასამართლოს მიერ დავალდებულება გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არარელევანტურია და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,ფ----------ს’’ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალათა გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო არსებითად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ზემოაღნიშნული კანონის 89-ე მუხლი მიუთითებს, რომ სახელმწიფო განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს და შეიმუშავებს სათანადო პროგრამებს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშესაწყობად. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ვალდებულებები აისახება შესაბამის სახელმწიფო და ადგილობრივ პროგრამებში (851 მუხლი).

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებრვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა (თუ ის არ წარმოადგენს ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევას) მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ანაზღაურებული თანხის 10%-ით..

 

საქართველოს მთავრობის დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება კონტროლის ან რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ანაზღაურებული თანხის 10%-ით.

 

მოცემულ შემთხვევაში სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს’’ მიერ განხორციელდა შპს „ფ----------ს“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის შესახებ და სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N-------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმება, რაზეც 2017 წლის 22 ნოემბერს შედგა N---------- აქტი.

 

შემოწმების შედეგად დაფიქსირდა ცალკეულ ბენეფიციართა რეგისტრაციისას არსებული დარღვევები, მათ შორის დასარეგისტრირებელი კონტიგენტების აღრევა, სამედიცინო დოკუმენტებში გარკვეულ ბენეფიციართა პირადობის მოწმობების არარსებოდა, თანხმობის ფორმებში მონაცემების ჩასწორება, ხოლო ცალკეულ შემთხვევბში ფორმების მოუძიებლობა. სწორედ ამ დარღვევებთან დაკავშირებით შპს „ფ----------“ დაეკისრა ჯარიმის სახით 642 060,20 ლარის გადახდა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებრვლის №36 დადგენილების მე-20 მუხლით განსაზღვრულია პროგრამებში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები. კერძოდ, ამ ნორმის მე-5 პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე, ხოლო ზედამხედველობის სხვა ეტაპებზე არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) მიწოდება.

 

დადგენილების მიხედვით, შემოწმების აქტი და რევიზიის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე (151 და 16 მუხლები).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

 

პალატა განმარტავს, რომ დადგენილების მე-20 მუხლისა და კოდექსის 83-ე მუხლის დანაწესით კანონმდებელმა საჯარო სამართლებრივ ურთიერთობაში შემოიტანა ხარვეზის ინსტიტუტი, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფისა და შესაბამისად ობიქტური გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის საჭირო დოკუმენტის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს ხარვეზის დადგენის და არა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს ვალდებულება, განუმარტოს მხარეს, საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო რომელი დოკუმენტი არ წარადგინა, ასევე, არსებობის შემთხვევაში, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების თაობაზე და დაეხმაროს მოთხოვნის სწორად ფორმულირებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება და ვერც სოციალური მომსახურების სააგენტოს წამომადგენელი უთითებს შემმოწმებლების მიერ ხარვეზის დადგენის პროცედურების დაცვაზე, ასევე იმ გარემოებაზე, მოსარგებლეებმა მიმწოდებლისგან მიიღეს თუ არა სამედიცინო მომსახურება. მიუხედავად ამ და სხვა საკითხებისა, რაც მხარეს მითითებული ჰქონდა ადმინისტრაციულ საჩივარში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა სადავო გადაწყვეტილება შპს „ფ----------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

პალატა თვლის, რომ დარღვევის ფორმალურ ნიშნებზე მითითებით მოსარჩელის დაჯარიმება, როგორც შემზღუდველი ღონისძიება უნდა იყოს ქმედების თანაზომიერი და ემსახურებოდეს სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპს, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის უფლების შეზღუდვა იმდენად არის დასაშვები, რამდენადაც ის საჯარო ინტერესების დაცვისათვის გარდაუვალი საშუალებაა. ასეთის იგნორირების პირობებში ირღვევა ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი - კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რაც მმართველობის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია.

 

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხისადმი ფორმალური მიდგომა და დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე მოსარჩელის დაჯარიმება ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნებს, რაც სრულყოფილად იქნა ასახული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის, შპს ,,ფ----------ს’’ წარმომადგენლის მოსაზრებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე მითითების შესახებ და აღნიშნავს, რომ მართალია მოცემულ განჩინებაში ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ თემატური შემოწმების აქტი N---------- არ მიიჩნია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, თუმცა სააპელაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე დავის საგნიდან გამომდინარე არ არის შეზღუდული კიდევ იმსჯელოს ამ საკითხზე.

 

პალატა მიუთითებს, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 თებრვლის №36 დადგენილება გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დადგენისა და მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევის სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმების მიზნით ითვალისწინებს კონტროლისა და რევიზიის პროცედურებს, რასთან დაკაცშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიიღება კონტროლის ან რევიზიის აქტი, რაც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე (151 და მე-16 მუხლები). ამდენად პალატა ასკვნის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე შპს ,,ფ----------ს’’ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში ხელახლა იმსჯელოს 2017 წლის 22 ნოემბრის თემატური შემოწმების N---------- აქტის, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო შპს ,,ფ----------ს’’ მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს ,,ფ----------ს’’ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. შპს ,,ფ----------ს’’ მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე