განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2019
საქმის ნომერი
020234519700095365
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამეწარმეო-სამართლებრივი დავები
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020234519700095365

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-1057 12 დეკემბერი 2019 წელი ქ. ქუთაისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე: თამარ სვანიძე

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

აპელანტი (მოპასუხე): სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი: ნ----- ბ---------ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): რ---- ს--------–--ე

წარმომადგენელი: დ----- კ--------ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი: შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:

1. 2018 წლის 01 აგვისტოს, რ---- ს--------–--ემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე მხარედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიუთითა და ითხოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის, 2012 წლის 11 მაისის 04/303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N1 ოქმის გაუქმება, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ სახელფასო ანგარიშზე არასწორად ზედმეტი ოდენობით ჩაერიცხათ შრომის ანაზღაურების თანხები (ხელფასი) სოციალურ აგენტებს, მათ შორის რ---- ს--------–--ეს, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილების უფროსი სოციალური აგენტის (შტატგარეშე) მოვალეობის შემსრულებელს და მოეთხოვა ზედმეტად ჩარიცხულად მიჩნეული 3942.00 ლარის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე დაბრუნება. მოსარჩელემ ასევე ითხოვა დაქვითული ხელფასის თანხის დაბრუნება (მომსახურების სააგენტოს დავალდებულება დარიცხოს მოსარჩელის ანგარიშზე დაქვითული ხელფასი).

2. მოსარჩელის განმარტებით: 2008 წლის ივნისიდან მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონულ განყოფილებაში სოციალური აგენტის თანამდებობაზე. ანაზღაურება 2008 წლის 23 დეკემბრის 01/226 ბრძანებით დამტკიცებული სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სოციალურ აგენტთა შრომის აღრიცხვისა და ანაზღაურების წესის შესაბამისად შეადგენდა 100 ლარს, ხოლო ყოველ შესრულებულ ერთეულზე 6 ლარს. 2015 წლის 10 მარტიდან მოსარჩელეს დაევალა დამატებით უფროსი სოციალური აგენტის მოვალეობის შესრულება, 2010 წლის 27 ოქტომბრის 01/272 ბრძანებით დამტკიცებული სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროს სოციალურ აგენტთა შრომითი ანაზღაურების წესის შესაბამისად. რადგან მოსარჩელეს შეთავსებული ქონდა უფროსი სოციალური აგენტის ფუნქციების შესრულება, ხელფასი გაიზარდა და გახდა 450 ლარი, ხოლო შესრულებული ერთეულის ფასი განისაზღვრა 6 ლარით.

3. სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის 04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის, 2017 წლის 17 აპრილის 1 ოქმის საფუძველზე, მოსარჩელეს დაეკისრა 3942 ლარის გადახდა, რადგან სააგენტომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო არ უნდა ანაზღაურებულიყო, რადგან ის ასრულებდა უფროსი სოც. აგენტის მოვალეობას. მოსარჩელის განმარტებით, მას არასოდეს არ დაურღვევია მაქსიმალური ლიმიტი, როგორც სოციალური აგენტისა, ისე უფროსი სოციალური აგენტის, რის გამოც მოსარჩელისთვის გაუგებარია, თუ როგორ მიიჩნია სააგენტომ, რომ დასაქმებულმა აიღო ზედმეტი ხელფასი.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

4. მოპასუხე მხარემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა. მოპასუხის განმარტებით: რ----ი ს--------–--ის მიერ 2015 წლის მარტიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით, გადამეტებულია შესრულებული ერთეულის რაოდენობა - სულ 667 ერთეულის ოდენობით.

5. ჩოხატაურის რაიონულ განყოფილებაში, 27 შემთხვევაში ოჯახის დეკლარაციაში განთასებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებში (ფორმა NIV-100/ა) დაფიქსირებული დიაგნოზები კონკრეტული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეუსაბამობაში მოდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგოარეობის შეფასების წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალსიწინებულ დაავადებათა ჩამონათვალთან. დეკლარაციის “B3” პუნქტში „ფიზიკური მდგომარეობა“ ყოველ წევრზე უნდა შემოიხაზოს მხოლოდ დეკლარაციაში ჩამოთვლილი ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისი კოდები. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს (ვიზუალურად ან დოკუმენტურად), რომ ფიზიკური პირის მდგომარეობა შეესაბამება დეკლარირებულს.

6. შევსებული დეკლარაციების თანახმად, 9 ოჯახს შეუჩერდა საარსებო შემწეობის დარიცხვა, აღნიშულ საკითხზე პასუხისმგებელი - უფლებამოსილი პირებიდან ერთ - ერთი არის რ----ი ს--------–--ე. აღნიშნული საკითხი გატანილი იქნა „სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიების შესახებ “სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის, 2012 წლის 11 მაისის N04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის, 2016 წლის 19 მაისის სხდომაზე (ოქმი N5), რომელზეც გადაწყდა, რომ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ გასატარებელი დისციპლინური ღონისძიებების საკითხის განხილვა მოხდებოდა დამატებით მონაცემების მომზადების შემდეგ და აღნიშნული საკითხი განხილული იქნა კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N4).

 

სარჩელის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

7. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ---- ს--------–--ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის 04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის 1 ოქმი რ---- ს--------–--ის ნაწილში. დაევალა სოციალური მომსახურების სააგენტოს რ---- ს--------–--ის ანგარიშზე დაქვითული ხელფასის დარიცხვა. რ---- ს--------–--ეს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით: შემდეგი ანგარიშიდან: მიმღების დასახელება: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE 22; სახაზინო კოდი 300 903 150 (სახელმწიფო ბაჟის მიღების თარიღი 01.08.2018; საგადახდო დავალება №17271432,).;

5. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ 2008 წლის ივნისიდან, მოსარჩელე მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონულ განყოფილებაში სოციალური აგენტის თანამდებობაზე. ანაზღაურება 2008 წლის 23 დეკემბრის 01/226 ბრძანებით დამტკიცებული სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სოციალურ აგენტთა შრომის აღრიცხვისა და ანაზღაურების წესის შესაბამისად შეადგენდა 100 ლარს, ხოლო ყოველ შესრულებულ ერთეულზე 6 ლარს. 2015 წლის 10 მარტიდან მოსარჩელეს დაევალა დამატებით უფროსი სოციალური აგენტის მოვალეობის შესრულება 2010 წლის 27 ოქტომბრის 01/272 ბრძანებით დამტკიცებული სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროს სოციალურ აგენტთა შრომითი ანაზღაურების წესის შესაბამისად. რადგან მოსარჩელეს შეთავსებული ქონდა უფროსი სოციალური აგენტის ფუნქციების შესრულება, ხელფასი გაიზარდა და გახდა 450 ლარი, ხოლო შესრულებული ერთეულის ფასი განისაზღვრა 6 ლარით.

6. დადგენილი იქნა, რომ რ---- ს--------–--ე ასრულებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობას რისთვისაც იღებდა ანაზღაურებას. ანაზღაურების გაცემა, ასევე საქმიანობის შეფასება ხდებოდა უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ.

7. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ რ----ი ს--------–--ის სარჩელი განიხილა ადმინისტრაცული სამართალწარმოების წესით და განმარტა, რომ ადმინისტრაციული აქტით არ არის დასაბუთებული ხელფასის დაკავების ფორმალური საფუძვლები, რაც გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

8. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.

9. აპელანტის განმარტებით: გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შემოწმება, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

10. 2015 წლის 10 მარტიდან, სააგენტოს გურიის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით, რ----ი ს--------–--ეს დაეკისრა უფროსი სოციალური აგენტის მოვალეობის შესრულება. საქმის მასალებით დგინდება, რომ რ----ი ს--------–--ის მიერ, 2015 წლის მარტიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით, გადამეტებულია შესრულებული ერთეულების რაოდენობა - სულ 667 ერთეული. ვინაიდან 2015 წლის მარტიდან რ----ი ს--------–--ე ასრულებდა უფროსი სოციალური აგენტის მოვალეობას და ფიქსირებული შრომის ანაზღაურებას იღებდა უფროსი სოციალური აგენტის შრომის ანაზრაურების ოდენობით, შესაბამისად მისთვის შესასრულებელი ერთეულების მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული იყო 70 ერთეულით, ხოლო დღიური მაქსიმალური ოდენობა 6 ერთეულით. მოსარჩელე არასწორად განმარტავს, თითქოს მისთვის, როგორც სოცალური აგენტისათვის მაქსიმალური ოდენობები დღიურად განსაზღვრული იყო 7 ერთეულით, ხოლო თვიურად 145 ერთეულით. აღნიშნული მსჯელობა არასწორია, რადგან ის ასრულებდა უფროსი სოციალური აგენტის მოვალეობას და იღებდა ფიქსირებულ შრომის ანაზღაურებას, რომლის ლიმიტი იყო განსხვავეული სოციალური აგენტისათვის განსაზღვრული ლიმიტისგან, არასწორი ლიმიტით შესრულებულმა სამუშაომ გამოიწვია მისთვის ხელფასის არასწორად დარიცხვა, რაც გახდა ზედმეტად დარიცხული თანხის დაქვითვის საფუძველი.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით, საქმე N3/ბ-287-19წ რ---- ს--------–--ის სარჩელისა გამო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საივრით, განსადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

13. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

14. მოცემულ შემთხვევაში, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2008 წლის ივნისიდან მოყოლებული, მოსარჩელე რ---- ს--------–--ე მუშაობს სსიპ სოციალური მოსმახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილების სოციალური აგენტის თანამდებობაზე.

15. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2015 წლის 10 მარტის N2/კ ბრძანებით, რ---- ს--------–--ეს, 2015 წლის 10 მარტიდან დაევალა ჩოხატაურის რაიონული განყოფილების უფროსი სოციალური აგენტის (შტატგარეშე) მოვალეობის შესრულება (ტ.1. ს.ფ.21). აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება მოსარჩელეს ეკისრებოდა 2017 წლის 31 დეკემბრამდე, პერიოდულად მიღებული ბრძანებებით (ს.ფ. 22-42).

16. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დირექტორის, 2008 წლის 23 დეკემბრის N01/226-ო ბრძანებით დამტკიცებული იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სოციალურ აგენტთა შრომის აღრიცხვისა და ანაზღაურების წესი, რომლითაც განისაზღვრა სოციალური აგენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები. კერძოდ მითითებული დოკუმენტის მე-3 მუხლის თანახმად: დაწესდა სოციალური აგენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მინიმალური მოცულობა 60 ერთეულის ოდენობით და მაქსიმალური მოცულობა 130 ერთეულის ოდენობით. ყოველდღიურად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 7 ერთეული (ტ.1. ს.ფ. 252-257);

17. ამავე ბრძანების მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: სოციალური აგენტის მიერ შესარულებული სამუშაო ანაზღაურდება შემდეგნაირად: ა) სოციალურ აგენტს თვეში სამუშაოს შესრულებისათვის მიეცემა ფიქსირებული თანხა-100 ლარი, ხოლო თითოეულ შესრულებულ ერთეულზე - 6 ლარი. (მაგალითად: თუ აგენტმა შეასრულა 90 ერთეული, მისთვის დაირიცხება ხელფასი 100 + 90 *6 = 640 ლარის ოდენობით).

18. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 25 ივნისის ბრძანებით დამტკიცდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროს სოციალურ აგენტთა და სოციალურ აგენტთა შრომის აღრიცხვისა და ანაზრაურების წესი. დანართი N1-ით განისაზღვრა სოციალურ აგენტთა შრომის აღრიცხვისა და ანაზღაურების წესი, ხოლო დანართი N2-ით უფროსი აგენტის შრომის აღრიცხვისა და ანაზღაურების წესი; კერძოდ დანართი N1-ის მე-4 მუხლის თანახმად: აგენტის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ჩაითვლება მინიმუმ 60 (სამოცი) ერთეულის სამუშაოს შესრულებისას, და მაქსიმუმ 145 (ასორმოცდახუთი) ერთეული სამუშაოს შესრულებისას. აგენტის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 100 ლარით და სააღრიცხვო პერიოდში მის მიერ ამ წესის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს ერთეულების ღირებულებისგან; (ტ.1. ს.ფ.260-266).

19. უფროსი აგენტის ყოველთვიური შრომის ანაზრაურება შედგება 450 ლარისა და სააღსრიცხვო პერიოდში მის მიერ ამ წესის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს ერთეულების ღირებულებისგან; უფროსი აგენტის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ჩაითვლება მინიმუმ 15 (თხუთმეტი) ერთეულის სამუშაოს შესრულებისას, და მაქსიმუმ 70 (სამოცდაათი) ერთეული სამუშაოს შესრულებისას. (ტ.1. ს.ფ. 267-271);

20. საქმეში, ტ.1. ს.ფ.60-196-ზე განთავსებულია უფროსი სოციალური აგენტის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის ანგარიშები და სახელმწიფო რეესტრის ელექტრონული ვერსიები, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ რ----ი ს--------–--ის მიერ, როგორც უფროსი სოციალური აგენტის მიერ, 2015 წლის მარტიდან - 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, სამუშაოები შესრულდა გადაჭარბებით, და მის მიერ დარღვეული იქნა უფროსი აგენტისათვის გაწერილი ლიმიტი, რომელიც ითვალსწინებდა ერთეული სამუშაოს შესრულებას მაქსიმუმ 70 ერთეულის ოდენობით, თუმცა სამუშაო ამ უკანასკნელის მიერ რეალურად შესრულებული და განხორციელებული იყო (აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს თავად აპელანტი).

21. დადგენილია, რომ „სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის N04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N1 სხდომის ოქმით დადგინდა რომ გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში და მასში შემავალ რაიონულ განყოფილებაში დასაქმებული პასუხისმგებელი პირების მიერ დარღვეული იქნა სააგენტოს 2010 წლის 27 ოქტომბრის N01/272-ო ბრძანებით დამტკიცებული „სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროს სოციალურ აგენტთა შრომის ანაზრაურების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით, ასევე 2008 წლის 23 დეკემბრის N01/226-ო ბრძანებით დამტკიცებული „სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სოციალურ აგენტთა შრომის აღრიცხვისა და ანაზღაურების წესით“ გათვალისწინებული მოთხოვნები, რამაც გამოიწვია შრომის ანაზღაურების (ხელფასის) თანხების ზედმეტად ჩარიცხვა. კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ზედმეტად (არასწორად) ჩარიცხული შრომის ანაზღაურების (ხელფასის) თანხები, სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის და მასში შემავალ რაიონულ განყოფილებების პასუხისმგებელი პირების მიერ აღდგენილ იქნეს სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე, რომელმაც რ----ი ს--------–--ის შემთხვევაში შეადგინა 3942 ლარი (657 გადაჭარბებული ერთეული * 6 ლარზე = 3942 ლარს) ; (ტ.1. ს.ფ.15-19).

22. უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა,რომ რ---- ს--------–--ე 3 წლის განმავლობაში და დღემდეც ასრულებს იმ მოვალეობებს რომლის შესრულების გამო მას სააგენტომ ჯერ დაურიცხა ხელფასი, ხოლო შედგომ სარჩელი წარადგინა მის წინააღმდეგ და ითხოვს ხელფასის სახით ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნებას.

23. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა,რომ რ---- ს--------–--ე დადიოდა ვიზიტებზე, აბარებდა ანგარიშებს, ავსებდა დეკლარაციებს და მის მიერ შესრულებულ სამუშაოს ადმინისტრაციული ორგანო ღებულობდა, იგი არავის დაუბრკოლებია სამუშაოს შესრულების დროს, პირიქით, ავალებდნენ რომ ეს სამუშაო მას უნდა შეესრულებინა.

24. უდავო გარემოებაა,რომ რ---- ს--------–--ეს სამუშაო ჩაუთვალეს კიდევაც შესრულებულად, ანაზღაურებაც დაურიცხეს, თუცა შემდგომ ეს ყველაფერი ადმინისტრაციული განკარგულებებთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული და წარდგენილი სარჩელით მოსარჩელე სწორედ ამ თანხების უკან დაბრუნებას სთხოვს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა როგორც აპელანტმა, ისე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმაც. (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 2019 წლის 28 ნოემბერი, 13:49:33 სთ.)

25. დადგენილია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს, 2018 წლის 14 მაისის N04-28დ ბრძანებით შემოწმების მასალებში დაფიქსირებული დარღვევების გამო საყვედური გამოეცხადა და შრომის ანაზღაურებიდან 30% დაუკავდა სააგენტოს ჩოხატაურის რაიონულ განყოფილებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს რ---- ს--------–--ეს; (ტ.1. ს.ფ.197-203.);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

26. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც არსებითად სწორი, უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

27. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით ასევე აღიარებულია შრომის თავისუფლება. იგი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ უფლებას წარმოადგენს. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში. როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზით დგინდება, რომ შრომის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვას, ის გაცილებით ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს უფლებათა ვრცელ სპექტრს: პროფესიისა და საქმიანობის სახეობის არჩევის თავისუფლებას, შრომითი შესაძლებლობების თავისუფალ გამოყენებას, სათანადო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას, სამართლიანი და ადეკვატური გასამრჯელოს მიღების უფლებას, სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლებისა და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისაგან დაცულობას და რაც მთავარია თავად უმუშევრობისგან დაცვის უფლებას.

28. საქართველოში შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია "საქართველოს შრომის კოდექსი". აღნიშნული კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

29. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

30. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დასაქმებული დამსაქმებლისაგან ანაზღაურებას იღებს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ.

31. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად: შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

32. დადგენილია, რომ დამსაქმებელმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება დასაქმებულისთვის, უსაფუძვლოდ გადახდილი 3942 ლარის დაკავების თაობაზე. დამსაქმებელი უსაფუძვლოდ გაცემულად, შესაბამისად რ---- ს--------–--ის მიერ მიღებულად მიიჩნევს იმ თანხას, რომელიც დასაქმებულმა მიიღო ხელფასის სახით, რეალურად თუმცა გადაჭარბებით შესრულებული სამუშაოს გაანგარიშების შედეგად (657 გადაჭარბებული ერთეული * 6 ლარზე = 3942 ლარს). რეალურად აღნიშნული თანხის გაანგარიშება დამსაქებლის მიერ განხორციელდა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დირექტორის, 2008 წლის 23 დეკემბრის N01/226-ო ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სოციალურ აგენტთა შრომის აღრიცხვისა და ანაზღაურების წესის მე-5 მუხლის თანახმად. პალატა განმარტავს, რომ 2015 წლის 10 მარტიდან - 2017 წლის 31 დეკემბრამდე, რ----ი ს--------–--ის მიერ მიღებული თანხა - 3942 ლარი, წარმოადგენს რ---- ს--------–--ის მიერ არა უსაფუძვლოდ მიღებულ თანხას, არამედ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას, რადგან დადგენილია, რომ აღნიშნული სამუშაო, უფროსი აგენტის პოზიციაზე მუშაობის პარალელურად დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად შესრულებული იქნა. ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზრაურება კი შრომის კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არ ექვემდებარება დაბრუნებას.

33. არც თუ უმნიშვნელო გარემოებას დავის გადაწყვეტისათვის წარმოადგენს ის ვითარება, რომ რ---- ს--------–--ის მიერ სამუშაოთა შესრულება (ე.წ. გადაჭარბებით შესრულება) ცნობილი იყო სამუშაოს შესრულების პერიოდში სააგენოს ხელმძღვანელობისთვის და მეტიც, ისინი ითხოვდნენ კიდეც ამ სამუშაოთა შესრულებას რ---- ს--------–--ისაგან.

34. ეს გრძელდებოდა მთელი 3 წელი და გრძელდება დღემდე. სააგენტო ამას ხედავდა, ეს იყო იმ ტიპის სამუშაო, როცა მოსარჩელე დადიოდა ვიზიტებზე, აბარებდა ანგარიშებს, ავსებდა დეკლარაციებს, იგი არავის შეუჩერებია, მეტიც... რ. ს--------–--ის განმარტებით პირიქით ავალებდნენ რომ შეესრულებინა სამუშაო, შესრულებულად ჩაუთვალეს კიდეც და ანაზღაურებაც დაურიცხეს....თუმცა შემდგომ მიჩნეულ იქნა რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოს შესრულება გარკვეულ ადმინისტრაციულ განკარგულებებთან იყო შეუსაბამო, რის გამოც გაცემული შრომის საზღაურის უკან დაბრუნება მოითხოვეს.

35. პალატა მიიჩნევს, რომ რ---- ს--------–--ემ მიიღო მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მუშაობის საზღაური, რისი უკან გამოთხოვაც დაუსაბუთებელი, უსამართლო და უკანონოა.

 

საპროცესო ხარჯები:

 

36. აპელანტი გათავისულებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი გათავისულებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე