განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002764515
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5245-19 10 დეკემბერი, 2019 წელი
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლე თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ააიპ თბილისის ს----–--- ბ----------ის მ-------ს სააგენტო (მოპასუხე)
წარმომადგენელი - გ------- ო-------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „B---- T--------“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - თ------- ც-------ნი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.05.2019წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძველი:
მოპასუხეს დაეკისროს 230 108 ლარის გადახდა, შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
1.1. 28.06.2017წ. ააიპ „თბილისის ს----–--- ბ----------ის მ-------ს სააგენტოს“ (შემდგომში „მოპასუხე“) და შპს „B---- T--------“-ს (შემდგომში „მოსარჩელე“) შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0-------, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ახალი საბავშვო ბ--------ის სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვალდებულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 2 501 172. 75 ლარი.
1.2. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 28.06.2018 წლამდე, თუმცა სხვადასხვა, მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარება შედგა დაგვიანებით.
1.3. 46 დღის ვადაგადაცილების გამო მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც ჯამში შეადგინა 230 108,10 ლარი.
1.4. მოპასუხემ პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხა გამოაკლო მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელ თანხას და ნაცვლად 977 534,31 ლარისა, გადაუხადა 747 426,21 ლარი.
1.5. არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები (ვადის დარღვევა არ იყო გამოწვეული მოსარჩელის ბრალეულობით) და ასევე, დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
სარეზოლუციო ნაწილი
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.05.2019წ. გადაწყვეტილებით:
1. შპს „B---- T--------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
1.1. დაეკისრა მოპასუხე ა(ა)იპ თბილისის ს----–--- ბ----------ის მ-------ს სააგენტოს მოსარჩელე შპს „B---- T--------“-ს სასარგებლოდ 207 097.2 ლარის გადახდა.
1.2. სარჩელის მოთხოვნა 23 010.8 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება.
3.2. მოსარჩელეს (მენარდეს) სამუშაოები უნდა დაესრულებინა 28.06.2018 წლამდე, თუმცა სამუშაოების ნაწილი დასრულდა 46 დღის ვადაგადაცილებით.
3.3. შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 977 534. 31 ლარი.
3.4. 03.09.2018წ. წერილით მოპაუხემ მოითხოვა მოსარჩელისაგან სამუშაოების დასრულების ვადის 46 დღით გადაცილების გამო პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) გადახდა 230 108.10 ლარის ოდენობით.
3.5. 04.09.2018წ. მოპასუხემ განახორციელა საბოლოო ანგარიშსწორება მოსარჩელესთან, რომლის ფარგლებშიც პირგასამტეხლოს თანხა გამოაკლო შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელ ღირებულებას (977 534.31 ლარი) და მოსარჩელეს გადაუხადა მხოლოდ 747 426. 21 ლარი.
3.6. პირგასამტეხლო დაანგარიშებულია ხელშეკრულების 11.2. მუხლის მიხედვით, რომლის ძალითაც შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 3.2. პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით (ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაში არ ჩაითვლება იმ დღეების რაოდენობა, რომელიც დაჭირდება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ დასკვნის (ცნობის) გასაცემად).
3.7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა, რომ 28.06.2018წ. მოსარჩელეს არ ჰქონდა დასრულებული სამუშაოთა ნაწილი. ამასთან, არ დგინდება იმ გარემოებების არსებობა, რასაც შეეძლო მოსარჩელისაგან დამოუკიდებლად შეეშალა ხელი სამუშაოების ვადაში შესრულებისთვის. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მოსარჩელეზე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
3.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
სასამართლომ დაადგინა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები არსებობს. ამასთან, რადგან პირგასამტეხლოს ოდენობაც შეცილებულია, სასამართლომ მის ოდენობაზე უნდა იმსჯელოს. სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი _ ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2 501 172.75 ლარის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობაა 23 010.08 ლარი (10-ჯერ შემცირებული). შესაბამისად, მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის წინაშე უნდა განისაზღვროს ამ თანხით.
სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ- ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დადგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. მოთხოვნათა სადავოობის შემთხვევაში გაქვითვა შესაძლებელია დავის გადაწყვეტის შემდგომ ანუ, სასამართლოს მიერ ვალდებულების არსებობის ფაქტისა და დადასტურების შემდგომ.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ასანაზღაურებლად 230 108 ლარი. მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილებისათვის ეკისრება პირგასამტეხლოს 23 010.8 ლარის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, ამ ნაწილში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე შეწყვეტილია, ხოლო 207 097.2 ლარის ნაწილში მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება არა აქვს ანაზღაურებული. მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.05.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ:
4.1. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები ასახულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისთვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
4.2. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ პირგასამტეხლო შემცირდა არაგონივრულ ოდენობამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 28.06.2017წ. მოპასუხეს (შემსყიდველს/შემკვეთს) და მოსარჩელეს (მიმწოდებელს/მენარდეს) შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0------- (ნარდობა), რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ახალი ს----–--- ბ--------ის სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვალდებულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 2 501 172. 75 ლარი.
6.2. მოსარჩელეს (მენარდეს) სამუშაოები უნდა დაესრულებინა 28.06.2018 წლამდე, თუმცა სამუშაოების ნაწილი დასრულდა 46 დღის ვადაგადაცილებით.
6.3. შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 977 534. 31 ლარი.
6.4. მოპაუხემ მოითხოვა მოსარჩელისაგან სამუშაოების დასრულების ვადის 46 დღით გადაცილების გამო პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) გადახდა 230 108.10 ლარის ოდენობით.
6.5. 04.09.2018წ. მოპასუხემ განახორციელა საბოლოო ანგარიშსწორება მოსარჩელესთან, რომლის ფარგლებშიც პირგასამტეხლოს თანხა გამოაკლო შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელ ღირებულებას (977 534.31 ლარი) და მოსარჩელეს გადაუხადა მხოლოდ 747 426. 21 ლარი.
6.6. არ დადგინდა იმ გარემოებების არსებობა, რასაც შეეძლო მოსარჩელისაგან დამოუკიდებლად შეეშალა ხელი სამუშაოების ვადაში შესრულებისთვის. არსებობს მოსარჩელეზე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
7. პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზედ, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეს გასაჩივრებული არ აქვს, შესაბამისად, დადგენილია, რომ არსებობდა მენარდისთვის 46 დღის ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი აქვს მხოლოდ მოპასუხეს, რომელიც არ მიიჩნევს გონივრულად პირგასამტეხლოს იმ ოდენობას, რაც განსაზღვრა სასამართლომ.
შესაბამისად, წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანია მხოლოდ ის, რამდენად გონივრულია სასამართლოს მიერ დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა.
8. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ:
შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2 501 172.75 ლარის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე,- ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობაა 23 010.08 ლარი (10-ჯერ შემცირებული). შესაბამისად, მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის წინაშე უნდა განისაზღვროს ამ თანხით. მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ასანაზღაურებლად 230 108 ლარი; მოსარჩელეს კი სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილებისათვის ეკისრება პირგასამტეხლოს 23 010.8 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, ამ ნაწილში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე შეწყვეტილია, ხოლო 207 097.2 ლარის ნაწილში მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება არა აქვს ანაზღაურებული.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან (სუსგ. Nას-318-301-2017 , 05.05.2017წ.).
პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები (სუსგ.Nას- 318-301-2017 , 05.05.2017წ.).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე ვადაგადაცილების ხანგრძლივობას. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებებს იმის შესახებ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ: მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულება იყო 2 501 172. 75 ლარი; ვადის დარღვევით შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებულებამ კი შეადგინა 977 534. 31 ლარი; მიუხედავად ამისა, მოპაუხემ პირგასამტეხლო ხელშეკრულების 11.2. პუნქტის საფუძველზე დაიანგარიშა 2 501 172. 75 ლარის 0,2%-ის ოდენობით 46 დღის ვადაგადაცილებაზე. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების დავალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს.
პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 23 010.08 ლარი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. შესაბამისად, მოპასუხეს არ ჰქონდა სადავო პირგასამტეხლოს მთელი ოდენობის ცალმხრივად გაქვითვის და შესრულებული სამუშაოსთვის მენარდის ანაზღაურების 207 097.2 ლარის ნაწილში არგაცემის უფლება.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
გათვალისწინებით იმისა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 230 108 ლარს და მართლზომიერად იქნა მიჩნეული მოსარჩელის ვალდებულება პირგასამტეხლოს სახით 23 010.8 ლარის ოდენობით გადახდაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ამ ნაწილში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე შეწყვეტილია, ხოლო 207 097.2 ლარის ნაწილში მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება არა აქვს ანაზღაურებული და არსებობს მოპასუხისთვის 207 097.2 ლარის გადახდის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
11. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
12. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.2, ს.ფ. 11).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ააიპ თბილისის ს----–--- ბ----------ის მ-------ს სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.05.2019წ. გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი