განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210017002045752
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/8700-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - ს--- „შ--------–----------------“
წარმომადგენელი - გ------ კ------
მოწინააღმდეგე მხარე - ი-- გ------- გ-------–---–-
წარმომადგენელი - ა------ მ-----–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ს--- შ--------–----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ი-- „გ------- გ-------–---–ს“ მოსარჩელე ს--- შ--------–----------------ს სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 30 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის - 11 088 ლარის გადახდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2012 წლის 30 აგვისტოს, ს--- შ--------–---------------სა და ი-- „გ------- გ-------–---–ს“ შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი-- „გ------- გ-------–---–ს“ იჯარით გადაეცა მ--------–ის რაიონის სოფელ კ-------ში, ს--- შ--------–----------------ს ს-- „წ-----–------ის“ ტერიტორიაზე მდებარე ფართის ნაწილი, 70 კვ.მ.-ის ოდენობით, სანაცვლოდ მას ყოველთვიურად საიჯარო ქირის სახით უნდა გადაეხადა 308 ლარი. იჯარის საგნით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 3 წელი, ხოლო ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 10 სექტემბრიდან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იჯარის საგნით სარგებლობის ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე არცერთი მხარე მეორე მხარის წინაშე წერილობით არ გამოთქვამდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობის შეწყვეტის სურვილს, იჯარის საგნით სარგებლობის ვადა ავტომატურად გაგრძელდებოდა ერთი წლით. იგივე წესი იმოქმედებდა იჯარის საგნით სარგებლობის ვადის ყოველი შემდგომი გაგრძელებისას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 30.08.2018 წლის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19);
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.2. მხარეთა შორის საიჯარო ხელშეკრულება ვადის ამოწურვის შემდეგაც გაგრძელდა და მოქმედებდა 2012 წლის სექტემბრიდან - 2017 წლის მარტის ჩათვლით.
თავდაპირველად წარმოდგენილი შესაგებლით და შემდგომ სასამართლო სხდომაზეც მოპასუხე მხარე უთითებდა, რომ მან მიმართა მოსარჩელეს 2013 წლის იანვრის თვეში და მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა. აღნიშნული გარემოების დადგენის მიზნით, სასამართლოს მიერ შ--------–---- ს----------დან გამოთხოვილი იქნა მოპასუხის განცხადება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოპასუხე ი--. „გ------- გ-------–---–მა“ ნამდვილად მიმართა შ--------–---------------ს 2013 წლის 22 იანვარს და მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების გაუქმება. მოგვიანებით, მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე შეცვალა პოზიცია და განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის მიუხედავად ის და მისი მეგობარი კვლავ აგრძელებდნენ იჯარით აღებული ფართის ფლობას და მისით სარგებლობას. მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ და იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადაც სადავოდ აღარ გაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 21.02.2018, 14.03.2018 და 18.04.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმები);
- განცხადება (ს.ფ. 25).
2.3. ი--. „გ------- გ-------–---–ს“ გადახდილი აქვს საიჯარო ქირის ნაწილი, ჯამში 3015 ლარის ოდენობით. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ 2012 წლის ნოემბერში გადაიხადა 538 ლარი, 2012 წლის დეკემბერში - 309 ლარი, 2013 წლის იანვარში - 308 ლარი, 2013 წლის ივნისში - 310 ლარი, 2013 წლის ივლისში - 310 ლარი, 2013 წლის აგვისტოში - 310 ლარი, 2013 წლის ოქტომბერში - 310 ლარი, 2013 წლის ნოემბერში - 310 ლარი, 2013 წლის დეკემბერში - 310 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 20-30);
2.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2012 წლის გადაუხდელი საიჯარო ქირის, ასევე 2013 წლის გადაუხდელი საიჯარო ქირისა და 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით გადაუხდელი საიჯარო ქირის დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
განსახილველ სარჩელში დავის საგანია საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
მოპასუხე ი-- „გ------- გ-------–---–-ს“ დავალიანება წარმოიშვა მხარეთა შორის 2012 წლის 30 აგვისტოს დადებული უძრავი ნივთის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. სადავო დავალიანებას შეადგენს სულ 13 925 ლარი და იგი წარმოშობილია 2012 წლის სექტემბრის თვიდან - 2017 წლის მარტის ჩათვლით. ამ პერიოდში მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა 2012-2013 წლის 9 თვის საიჯარო ქირის გადასახადი.
მოსარჩელე ითხოვს 2017 წლის მარტის თვის მდგომარეობით არსებული საიჯარო ქირის დავალიანების ანაზღაურებას, წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დგინდება, რომ ამ დავალიანების ნაწილი არის 2012 წლის, 2013 წლისა და 2014 წლის ივლისის თვის მდგომარეობით არსებული დავალიანება. ამდენად, ყველაზე გვიან ამ თანხების მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 2017 წლის ივლისის თვიდან. ამ დროიდან ს--- შ--------–---------------ს წარმოეშვა სარჩელით ამ თანხის მოთხოვნის უფლება, რადგან საიჯარო ქირის საფასურის ანაზღაურება ხდებოდა ყოველთვიურად. შესაბამისად, სადავო თანხის სარჩელით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დასრულდა 2017 წლის ივლისში.
განსახილველი სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 10 აგვისტოს. ამდენად, მოსარჩელის მიერ, საიჯარო ქირის ნაწილის (2012 წელი, 2013 წელი და 2014 წლის ივლისის თვე) გადახდევინების თაობაზე, სარჩელი აღძრულია კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 21.02.2018, 14.03.2018 და 18.04.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმები);
- 30.08.2018 წლის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19);
- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 20-30);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.5. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 11 088 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. ამდენად, მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობა წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
განსახილველ შემთხვევაში, თანხის მოთხოვნა იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რის გამოც მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა აითვლება უფლების დარღვევის დროიდან ან იმ დროიდან, როცა დაინტერესებული პირისათვის ობიექტურად შესაძლებელი იყოს უფლების დამრღვევი ქმედების შესახებ ინფორმაციის მიღება. საიჯარო ქირის ნაწილის მოთხოვნის უფლება წარმოშობილი იქნა 2012 წლის სექტემბრის თვეში - 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით. ამ პერიოდში მოპასუხის მიერ ასევე გადახდილია 9 თვის საიჯარო ქირა, რასაც მოსარჩელე მხარე არ ითხოვს და არ წარმოადგენს სადავო თანხას. თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება წარმოიშვა 2014 წლის ივლისიდან, რომლის მომდევნო 3 წლის მანძილზე ს--- შ--------–---------------ს უნდა აღეძრა ი--. „გ------- გ-------–---–-ს“ მიმართ სარჩელი.
ამდენად, სადავო ურთიერთობაში უფლების დარღვევას წარმოადგენს საიჯარო ქირის გადაუხდელობა, რომლის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება წარმოიშვა ყველაზე გვიან 2014 წლის ივლისიდან. სარჩელი აღძრულია 2017 წლის 10 აგვისტოს - ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთან, ხანდაზმულია 2012 წლის 1 თვის, 2013 წლის 5 თვის და 2014 წლის 7 თვის საიჯარო ქირის მოთხოვნა, ხოლო არახანდაზმულ მოთხოვნას კი შეადგენს სულ 32 თვის საიჯარო ქირა (2014 წლის აგვისტო - 2017 წლის მარტი), თუმცა მოსარჩელემ სულ ცნო სარჩელი 36 თვის ქირის დაკისრების ნაწილში, რაც გახდა დამატებით 4 თვის ქირის დაკისრების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის მიმართ არასწორად გაავრცელა მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. გამომდინარე იქედან, რომ საიჯარო ხელშეკრულება უკავშირდება უძრავ ნივთს, ვალდებულების შესრულებისათვის უნდა განსაზღვრულიყო მოთხოვნის 6 წლიანი ვადა, რაც მოსარჩელის მიერ დაცულია. შესაბამისად, სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნა ხანდაზმულად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს. პალატა იმსჯელებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილის მართლზომიერებაზე, რომლითაც სარჩელი არ არის დაკმაყოფილებული.
4.1.1. დადგენილია, რომ 2012 წლის 30 აგვისტოს ერთის მხრივ, ს--- შ--------–---------------სა და მეორეს მხრივ, ი--. „გ------- გ-------–---–ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, იჯარის საგნის სარგებლობის სანაცვლოდ, ი--. „გ------- გ-------–---–ს“ წარმოეშვა ყოველთვიურად იჯარის სახით, 308 ლარის გადახდის ვალდებულება.
4.1.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია (იხ: გასაჩივრებული გადაწყვეტილების 2.1. პუნქტი) და სადავო არ არის გარემოება, რომ 2012 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულება მოქმედებდა და შესაბამისად, მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა არსებობდა 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით. უდავოა, რომ მთელ ამ პერიოდზე (4 წელი და 7 თვე = 55 თვე) მოიჯარეს საიჯარო თანხის სახით უნდა გადაეხადა 16 940 ლარი (308 X 55), საიდანაც გადახდილია მხოლოდ 3 015 ლარი. შესაბამისად, დარჩენილი დავალიანება შეადგენს 13 925 ლარს.
4.1.3. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ აღიარა ბოლო სამი წლის, ანუ სარჩელის აღძვრიდან (10.08.2017 წ.) წინა სამი წლის პერიოდზე 11 088 (308*36=11 088) ლარის ოდენობით დავალიანების არსებობა, ხოლო დარჩენილი, ე.ი. 2 837 (13 925-11 088=2837) ლარის ნაწილში, მოთხოვნა არ ცნო და მის ხანდაზმულობაზე მიუთითა.
4.1.4. სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს იმ ფაქტზე, რომ აპელანტი მხარე სადავოდ არ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სადავო 2837 ლარის ოდენობით დავალიანებაზე მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2014 წლის ივლისიდან (იხ: სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).
4.1.5. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
4.1.6. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრება. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისეურება იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (იხ. სუსგ # ას-445-420-2014, 22 .04.2015 წ.).
4.1.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოპასუხეს ევალებოდა საიჯარო ქირის არა ერთიანად, არამედ პერიოდულად, წელიწადში ერთხელ გადახდა და აქედან გამომდინარე მოსარჩელეს მოთხოვნა წარმოეშობოდა თითოეული პერიოდისათვის ცალ-ცალკე {სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილი და130-ე მუხლი}“ (იხ. სუსგ # ას-1203-1130-2015, 01.06.2016წ).
4.1.8. ამდენად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე, რომლითაც ის ითხოვს გადაუხდელი საიჯარო ქირის - 2837 ლარის გადახდას, უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. სააპელაციო პალატა ხაზგასმით შენიშნავს, რომ ვინაიდან, მოსარჩელის როგორც მეიჯარის მოთხოვნა - იჯარის დავალიანების - 2837 ლარის გადახდაზე, გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული 2012 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საიჯარო ურთიერთობიდან, მოცემულ მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნისათვის კანონის 129-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
4.1.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა, მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლის არსებობის გამო, იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ საიჯარო ქირის მოთხოვნა ნაწილობრივ არ არის განხორციელებადი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს 2837 ლარზე მოთხოვნა წარმოშობილი ჰქონდა 2014 წლის ივლისიდან, ხოლო სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდგომ - 2017 წლის 10 აგვისტოს, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტი (მოსარჩელე), გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს--- „შ--------–----------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური