განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2020
საქმის ნომერი
330210019003053165
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210019003053165

საქმე № 2ბ/9207-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

მოსამართლე- მიხეილ გოგიშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე- შპს ,,ე-–-“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა (ძირითადი სარჩელით):

შპს ,,ე-–-“-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა 16 757,85 ლარის ოდენობით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი შპს ,,ე-–-“-ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2018 წლის 20 სექტემბერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა (შემსყიდველი) და შპს ,,ე-–-“-ის (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N99 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ისა და დანართი N2-ის შესაბამისად ტყის ხანძრებისათვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალების დასაკომპლექტებლად განკუთვნილი სახანძრო სამაშველო აღჭურვილობის შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 237 700 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შესყიდვის ობიექტის მიწოდება განეხორციელებინა დანართი №1-ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.

 

მხარეთა შორის 2018 წლის 20 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 13.3. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია დანართი №1-ით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების ან ხელშეკრულების მე-7 მუხლით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,15%-ის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 18-23);

- ხელშეკრულების დანართი (ს.ფ. 24-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.2. შპს ,,ე-–-“- მა ჯეროვნად არ შეასრულა მასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის 2018 წლის 20 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №99 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით, კერძოდ:

 

ა) 90 ხვეულა - სახელოს 20 მ-იანი F-25 მმ (ღირებულება 101500 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 12 ოქტომბერს, ნაცვლად 04 ოქტომბრისა;

ბ) 40 ცალი - გამაფრქვეველი ლულას ფ-25 მმ, 20 ცალი - ბარჯის (ბაგორი) და 40 ცალი - გადამყვანის ფ-52/25 (ღირებულება 49300 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის

30 ოქტომბერს, ნაცვლად 2018 წლის 18 ოქტომბრისა;

გ) 20 ცალი - სამკაპის და 50 ცალი - სახელოს 20 მ-იანი ფფ-25 მმ (ღირებულება 34 400 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 31 ოქტომბერს, ნაცვლად 2018 წლის 18 ოქტომბრისა;

დ) 110 ხვეულა - სახელოს 20 მ-იანი ფფ-25 მმ (ღირებულება 16500 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 02 ნოემბერს, ნაცვლად 2018 წლის 18 ოქტომბრისა;

ე) 18 ცალი - ელევატორის (ღირებულება 36 000 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 04 დეკემბერს, ნაცვლად 2018 წლის 18 ოქტომბრისა;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 29-40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.3. შპს ,,ე-–-“-ის, მასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის 2018 წლის 20 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №99 ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის ნაწილის მიწოდების ვადის დარღვევის გამო, დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%, ჯამში - 16 757,85 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წერილი (ს.ფ. 50-51);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.4. შპს ,,ე-–-“-ის მიერ 2018 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს თანხიდან - 16 757,85 ლარიდან, ანაზღაურდა 3552,60 ლარი, კერძოდ შპს ,,ე-–-“-ის მიერ პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე 2019 წლის 08 ივლისს ჩაირიცხა 3552,60 ლარი;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება N20840 (ს.ფ. 108);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.5. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაანგარიშებული პირგასამტეხლო მაღალია, რაც შემცირებას ექვემდებარება.

 

სასამართლომ დაადგინა და მოპასუხეც ეთანხმება იმ გარემოებას, რომ მის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ხელშეკრულების საგნის განსაზღვრულ ვადაში მიწოდების შესახებ, თუმცა არ ეთანხმება პირგასამტეხლოს ოდენობას, რადგან თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის მაღალი. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ საჯარიმო სანქცია უნდა დაწესდეს მხოლოდ შეუსრულებელი ვალდებულებიდან და გონივრული ოდენობით მაქსიმუმ 0,1% ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება, რომ მიწოდება განხორციელდა შემდეგნაირად:

ა) 90 ხვეულა - სახელოს 20 მ-იანი F-25 მმ (ღირებულება 101500 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 12 ოქტომბერს, ნაცვლად 2018 წლის 04 ოქტომბრისა;

ბ) 40 ცალი - გამაფრქვეველი ლულას ფ-25 მმ, 20 ცალი - ბარჯის (ბაგორი) და 40 ცალი - გადამყვანის ფ-52/25 (ღირებულება 49300 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 30 ოქტომბერს, ნაცვლად 2018 წლის 18 ოქტომბრისა;

გ) 20 ცალი - სამკაპის და 50 ცალი - სახელოს 20 მ-იანი ფფ-25 მმ (ღირებულება 34 400 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 31 ოქტომბერს, ნაცვლად 2018 წლის 18 ოქტომბრისა;

დ) 110 ხვეულა - სახელოს 20 მ-იანი ფფ-25 მმ (ღირებულება 16500 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 02 ნოემბერს, ნაცვლად 2018 წლის 18 ოქტომბრისა;

ე) 18 ცალი - ელევატორის (ღირებულება 36 000 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 04 დეკემბერს, ნაცვლად 2018 წლის 18 ოქტომბრისა;

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 16 757,85 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ნორმატიულ დანიშნულებიდან გამომდინარე, მისი ოდენობა საქონლის მიწოდების ვადის თითოეული დარღვევიდან გამომდინარე დაანგარიშებული უნდა იყოს შემდეგნაირად:

 

ა) 90 ხვეულა - სახელოს 20 მ-იანი F-25 მმ (ღირებულება 101500 ლარი) მიწოდების 7 დღით დაგვიანებისათვის - 710,5 ლარი (101500*0,1/100=101,5*7);

ბ) 40 ცალი - გამაფრქვეველი ლულას ფ-25 მმ, 20 ცალი - ბარჯის (ბაგორი) და 40 ცალი - გადამყვანის ფ-52/25 (ღირებულება 49300 ლარი) მიწოდების 11 დღით დაგვიანებისათვის - 542,3 ლარი (49300*0,1/100=49,3*11);

გ) 20 ცალი - სამკაპის და 50 ცალი - სახელოს 20 მ-იანი ფფ-25 მმ (ღირებულება 34 400 ლარი) მიწოდების 12 დღით დაგვიანებისათვის - 412,8 ლარი (34400*0,1/100=34,4*12);

დ) 110 ხვეულა - სახელოს 20 მ-იანი ფფ-25 მმ (ღირებულება 16500 ლარი) მიწოდების 14 დღით დაგვიანებისათვის - 231 ლარი (16500*0,1/100=16,5*14);

ე) 18 ცალი - ელევატორის (ღირებულება 36 000 ლარი) მიწოდების 46 დღით დაგვიანებისათვის - 1656 ლარი (36000*0,1/100=36*46);

 

ამდენად, განსაზღვრული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა შეადგენს - 3552,60 ლარს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა16757,85 ლარიდან 3552,60 ლარამდე.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ე-–-“-ის მიერ პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩაირიცხა 3552,60 ლარი;

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა 3552,60 ლარი მიმართული იქნა პირგასამტეხლოს ანგარიშში და სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, გადახდილი პირგასამტეხლოს საფუძველზე მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულად უნდა ჩაითვალოს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 400-ე, 417-ე და 420-ე მუხლებზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის მიწოდება განახორციელა ვადის დარღვევით. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნორმატიულ დანიშნულებიდან გამომდინარე, მისი ოდენობა საქონლის მიწოდების ვადის თითოეული დარღვევიდან გამომდინარე უნდა იყოს დაანგარიშებული. განსაზღვრული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა შეადგენს - 3552,60 ლარს. სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა 16757,85 ლარიდან 3552,60 ლარამდე.

 

2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა რომ შეწყდეს შესრულებით, გადამწყვეტია, რომ ვალდებულება შესრულდეს სრული მოცულობით, რაზეც დამოკიდებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევიდან პროდუქციის მიწოდებამდე დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 16 757,85 ლარს. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ შპს ,,ე-–-“-ის მიერ პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩაირიცხა 3552,60 ლარი; სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მითითებულ თანხაზე სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიჩნეულ იქნა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და იგი შემცირდა 3552,60 ლარამდე, ვალდებულება შესრულებულად უნდა ჩაითვალოს და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ იმსჯელა მისივე მითითებული მოსაზრებებით და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დაანგარიშებით მიიღო გადაწყვეტილება. სწორედ ვალდებულების დარღვევის თანაზომიერებაა პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებაში დარღვეული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. აპელანტს არ მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო 3552.60 ლარი რაიმე სახის პრევენციულ, ვალდებულების მასტიმულირებელ ანდა მიყენებული ზიანის კომპენსაციის საშუალებას წარმოადგენდეს ხელშეკრულებასთან მიმართებაში, რომლის საერთო ღირებულებაცაა 237 700 ლარი. აპელანტის მოსაზრებით, მოპასუხე მხარემ, რომელმაც იცის, რომ ხელშეკრულების დარღვევით მას მხოლოდ მინიმალური ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს არ იქნება ორიენტირებული რაიმე შეფერხების არსებობისას დროულად, ყველა საშუალების გამოყენებით შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. სააპელაციო პალატას უდვოდ მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. 2018 წლის 20 სექტემბერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა (შემსყიდველი) და შპს ,,ე-–-“-ის (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N99 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ტყის ხანძრებისათვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალების დასაკომპლექტებლად განკუთვნილი სახანძრო სამაშველო აღჭურვილობის შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 237 700 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შესყიდვის ობიექტის მიწოდება განეხორციელებინა დანართი №1-ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.

 

მხარეთა შორის 2018 წლის 20 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 13.3. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია დანართი №1-ით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების ან ხელშეკრულების მე-7 მუხლით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,15%-ის ოდენობით.

 

4.1.2. შპს ,,ე-–-“-მა ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის 2018 წლის 20 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №99 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით, კერძოდ:

 

ა) 90 ხვეულა - სახელოს 20 მ-იანი F-25 მმ (ღირებულება 101500 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 12 ოქტომბერს, ნაცვლად 04 ოქტომბრისა;

ბ) 40 ცალი - გამაფრქვეველი ლულას ფ-25 მმ, 20 ცალი - ბარჯის (ბაგორი) და 40 ცალი - გადამყვანის ფ-52/25 (ღირებულება 49300 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 30 ოქტომბერს, ნაცვლად 2018 წლის 18 ოქტომბრისა;

გ) 20 ცალი - სამკაპის და 50 ცალი - სახელოს 20 მ-იანი ფფ-25 მმ (ღირებულება 34 400 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 31 ოქტომბერს, ნაცვლად 2018 წლის 18 ოქტომბრისა;

დ) 110 ხვეულა - სახელოს 20 მ-იანი ფფ-25 მმ (ღირებულება 16500 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 02 ნოემბერს, ნაცვლად 2018 წლის 18 ოქტომბრისა;

ე) 18 ცალი - ელევატორის (ღირებულება 36 000 ლარი) მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 04 დეკემბერს, ნაცვლად 2018 წლის 18 ოქტომბრისა.

 

4.1.3. შპს ,,ე-–-“-ის, მასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის 2018 წლის 20 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №99 ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის ნაწილის მიწოდების ვადის დარღვევის გამო დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%, ჯამში - 16 757,85 ლარი.

 

4.1.4. შპს ,,ე-–-“-ის მიერ 2018 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს თანხიდან - 16 757,85 ლარიდან, ანაზღაურდა 3552,60 ლარი, კერძოდ შპს ,,ე-–-“-ის მიერ პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე 2019 წლის 08 ივლისს ჩაირიცხა 3552,60 ლარი.

 

4.2. სააპელაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის უფლება-მოვალეობები წარმოიშვა 20.09.2018 წელს დადებული სახელმწიფო შესყიდვების N99 ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც აკმაყოფილებდა გარიგების დადების ზოგად პირობებს (სსკ-ის 477-ე მუხლი).

 

გამყიდველის ძირითადი მოვალეობა იყო მყიდველისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის (საქონლის) მოწოდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო საბოლოო ვადად განსაზღვრული იყო 2018 წლის 18 ოქტომბერი (სსკ-ის 487-ე მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, პირგასამტეხლო განისაზღვრა თანხის 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ამასთან, პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ვალდებულების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება.

 

პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის.

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პალატა მიუთითებს, რომ პირველი მიწოდება განხორციელდა (2018 წლის 12 ოქტომბერს) - 7 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2018 წლის 04 ოქტომბერი); მეორე მიწოდება განხორციელდა (2018 წლის 30 ოქტომბერს) - 11 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2018 წლის 18 ოქტომბერი); მესამე მიწოდება განხორციელდა (2018 წლის 31 ოქტომბერს) - 12 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2018 წლის 18 ოქტომბერი); მეოთხე მიწოდება განხორციელდა (2018 წლის 02 ნოემბერს) - 14 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2018 წლის 18 ოქტომბერი); ხოლო მეხუთე მიწოდება (2018 წლის 04 დეკემბერს) - 46 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2018 წლის 18 ოქტომბერი). მიწოდების ვადის დარღვევის გამო კონტრაჰენტი მიიჩნევს, რომ წარმოიშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რასაც ასევე დაეთანხმა ხელშეკრულების მეორე მხარე 2019 წლის 13 მაისის წერილით (ს.ფ.52), თუმცა სადაო გახადა თავად გადასახდელი თანხის ოდენობა.

 

ამასთან დაკავშირებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ, მართალია, მოცემულ შემთხვევაში არსებობს ვალდებულების დარღვევა ვადის გადაცილებით, მაგრამ აღნიშნულ დარღვევასთან მიმართებაში ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი პირგასამტეხლოს გამოსაანგარიშებლად - ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც დღეში 356,55 ლარის ტოლია.

 

ფაქტობრივი გარემოება, არის ის, რომ შპს „ელ +“-მა არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულების პირობები, რამაც გამოიწვია პირგასამტეხლოს დაკისრება. ხოლო, მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ის რომ მოწინააღმდეგე მხარემ, მიუხედავად ვადის გადაცილებისა მაინც შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამასთან, ზიანი კონკრეტული მატერილური სახით სახეზე არ არის, სასამართლოს პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია, შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის 0,1%-მდე დაყვანა და შპს „ე-–-“-სათვის პირგასამტეხლოს სახით 3 552,60 ლარის დაკისრება, რაც განახორციელა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (იხ. სუსგ. №ას-181-181-2018; 23 მარტი, 2018 წელი).

 

მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების დავალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. (იხ. სუსგ. №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი)

 

შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტის, ზიანის უმნიშვნელო ოდენობის, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადის გათვალისწინებით საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა სააპელაციო სასამართლოს შესაბამისად და სამართლიანად მიაჩნია.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმის საფუძვლად არ გამოდგება აპელირება იმაზე, რომ მინიმალური ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდით მოწინააღმდეგე მხარე არ იქნება ორიენტირებული რაიმე შეფერხების არსებობისას დროულად, ყველა საშუალების გამოყენებით შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. შესაბამისად, აპელანტის ხსენებული მსჯელობა გაზიარებული ვერ იქნება.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ შპს ,,ე-–-“-ის მიერ პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩაირიცხა 3552,60 ლარი, ანუ მოწინააღდეგე მხარის მიერ მოცემული ურთიერთობისას დამდგარი ვალდებულება შესრულებულად ითვლება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნტის საფუძველზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მიხეილ გოგიშვილი