განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002682489
საქმე № 2ბ/8742-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე- მიხეილ გოგიშვილი
აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე- შპს ,,გ-- კ---–-“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხე შპს „გ-- კ---–-სათვის“ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 5 643 ლარის გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შპს „გ-- კ---–-ს“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „გ-- კ---–-ს“ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 564.3 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „გ-- კ---–-ს“ შორის 2018 წლის 05 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N90 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიეწოდებინა საქონლის ხორცის კონსერვი.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის 2.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 940 500 ლარით.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით (შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად).
ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულია მიწოდების გრაფიკი და მიწოდების ვადები, რომლის თანახმად, საქონლის მიწოდება ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ხდება შემსყიდველის მოთხოვნის მიხედვით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N90 ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების დანართი N1.
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 01 ივნისის წერილით, მოსთხოვა მოპასუხეს 15 000 კილოგრამი საქონლის ხორცის კონსერვის მიწოდება 22 ივნისამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 1 ივნისის წერილი.
2.3. 2018 წლის 20 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, დადასტურებულია 6000 კგ. საქონლის ხორცის კონსერვის მიწოდების ფაქტი. 2018 წლის 22 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით - 4224კგ. საქონლის მიწოდების ფაქტი და 25 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით - 4776 კგ. საქონლის მიწოდება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტები.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
2.5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N90 ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.6.მოპასუხე შპს „გ-- კ---–-ს“ მიერ დარღვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადები და პროდუქციის მიწოდება მოხდა 4 დღის დაგვიანებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, კი ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული
მოპასუხე სადავოდ გახადა მისი ბრალით საქონლის მიწოდების ვადის 3 დღით გადაცილების ფაქტი და განმარტა, რომ მან მიწოდების ვადა გადააცილა მხოლოდ ერთი დღით, 22 ივნისს მოსარჩელის მიზეზების გამო ვერ მოხდა დაცლა, შემდეგ კი დაემთხვა შაბათ-კვირა და არ მუშაობდნენ. აღნიშნული მიზეზების გამო, პროდუქციის მიწოდება მოხდა ორშაბათს - 25 ივნისს.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებიდან დადგინდა, რომ 2018 წლის 22 ივნისს მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 4224 კგ. საქონლის ხორცის კონსერვი ღირებულებით - 44 140.8 ლარი, რომლის მიღება დაფიქსირებულია იმავე დღეს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით.
რაც შეეხება სადავო 4776კგ. საქონლის მიწოდების დროს, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა ორი სასაქონლო ზედნადები, ერთი გამოწერილია 22 ივნისს და იმავე საქონლის მიწოდების თაობაზე 25 ივნისს არის შედგენილი სასაქონლო ზედნადები. ამ ოდენობის საქონლის მიწოდებაზე საქონლის მიღება მყიდველის მიერ დადასტურებულია 25 ივნისს. ამდენად, ცალსახად დადგენილია, რომ 22 ივნისს მიტანილი საქონელი მყიდველს არ ჩაუბარებია, მხოლოდ მოპასუხის განმარტებას, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიზეზით არ მოხდა ამ დღეს საქონლის მიღება, სასამართლომ არ გაიზიარა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ პროდუქცია მიაწოდა 2018 წლის 25 ივნისს - 4 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან - 2018 წლის 21 ივნისიდან -25 ივნისამდე პერიოდი წარმოადგენს შპს „გ-- კ---–-ს“ მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადისგადაცილებას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 400-ე, 361-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „გ-- კ---–-მ“ ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, საქონელი მიაწოდა ვადაგადაცილებით.
2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
2018 წლის 05 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „გ-- კ---–-ს“ შორის გაფორმებული №90 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 9.3. პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. შპს „გ-- კ---–-ს“ მიერ პროდუქცია მიწოდებულ იქნა 2018 წლის 25 ივნისს, 4 დღის დაგვიანებით, რის გამოც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის მიწოდების ვადის დარღვევის გამო, დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით - სულ 5 643 ლარი.
სასამართლო მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 5 643 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ნორმატიულ დანიშნულებიდან გამომდინარე, მისი ოდენობა საქონლის მიწოდების ვადის თითოეული დარღვევიდან გამომდინარე შეამცირა 10-ჯერ და დასაკისრებელი თანხის ოდენობა ნაცვლად 5 643 ლარისა განსაზღვრა - 564.3 ლარით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, წინამდებარე საქმეში, შეფასების საგანს წარმოადგენს რამდენად სწორად მოახდინა სასამართლომ სსკ 420-ე მუხლის განმარტება და მის საფუძველზე არსებული დავის გადაწყვეტა. აპელანტის პოზიციით სახეზეა მნიშვნელოვანი სამართლებრივი უსწორობები, რამაც გამოიწვია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკით დადგენილია ის კრიტერიუმები, რომლითაც უნდა მოხდეს სსკ 420-ე მუხლის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება. სახელდობრ, შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.2012წ. საქმე Noას-1560-1463-2012; სუსგ 16.05.2014წ.-ის საქმე Noას-1200-1145 2013).
სასამართლოს გადაწვეტილების თანახმად, "პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს." (გადაწყვეტილება, გვ. 8); - სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას პირგასამტეხლოს შეუსაბამობაზე მსჯელობისას არ დაეთანხმა აპელანტი, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, "ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს." შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა, რომ მინიმალურ პრეზუმირებულ ზიანზე მაღალი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ შეიძლება ჩაითვალოს მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს.
სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითებს, რომ "პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა." აპელანტის მტკიცებით, აღნიშნული მსჯელობა მხოლოდ ნაწილობრივაა სწორი, კერძოდ პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ ნამდვილად უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და დარღვეული ვალდებულების ურთიერთმიმართება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს დარღვევით გამოწვეული შედეგების პროპორციული, 420-ე მუხლის ფარგლებში მნიშვნელოვანია პირგასამტეხლო არ იყოს დარღვევით გამოწვეულ შედეგებთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალი. სხვა მხრივ კი, პირგასამტეხლო შესრულების აღმატებული მოთხოვნაა, და იგი დამოუკიდებელია ზიანის ანაზღაურებისაგან.
აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს 564.3 ლარამდე შემცირებას (10-ჯერ) ვერ მივიჩნევთ საფუძვლიანად. როგორც ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით დგინდება, პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს როგორც სხვადასხვა სუბიექტური ასევე ობიექტური გარემოებებიც. მოცემულ შემთხვევაში, სუბიექტურ გარემოებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ის ფაქტი, რომ მეწარმე სუბიექტი წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა იმ პირობას, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში, გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით. რაც შეეხება ობიექტურ გარემოებას, მოცემულ შემთხვევაში ობიექტურ გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული ის, რომ მოპასუხე თავისი ქმედების გამო, სამინისტროს ვერ აწვდიდა საკვებ პროდუქტს - აღნიშნული ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს შემცირება 554.3 ლარამდე არაპროპორციულია და ვერ აკმაყოფილებს სსკ 420-ე მუხლის მოთხოვნას, რომ შემცირებულ უნდა იქნეს მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, სხვადასხვა საქმისათვის მნიშვნელოვანი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, გონივრულ ოდენობამდე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი უსწორობების გათვალისწინებით, აპელანტის პოზიციით, საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატას უდვოდ მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „გ-- კ---–-ს“ შორის 2018 წლის 05 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N90 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიეწოდებინა საქონლის ხორცის კონსერვი.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის 2.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 940 500 ლარით.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით (შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად).
ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულია მიწოდების გრაფიკი და მიწოდების ვადები, რომლის თანახმად, საქონლის მიწოდება ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ხდება შემსყიდველის მოთხოვნის მიხედვით.
4.1.2. 2018 წლის 20 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, დადასტურებულია 6000 კგ. საქონლის ხორცის კონსერვის მიწოდების ფაქტი. 2018 წლის 22 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით - 4224კგ. საქონლის მიწოდების ფაქტი და 25 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით - 4776 კგ. საქონლის მიწოდება.
4.1.4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
4.1.5. მოპასუხე შპს „გ-- კ---–-ს“ მიერ დარღვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადები და პროდუქციის მიწოდება მოხდა 4 დღის დაგვიანებით.
4.2. სააპელაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის უფლება-მოვალეობები წარმოიშვა 05.02.2018 წელს დადებული სახელმწიფო შესყიდვების N90 ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც აკმაყოფილებდა გარიგების დადების ზოგად პირობებს (სსკ-ის 477-ე მუხლი).
გამყიდველის ძირითადი მოვალეობა იყო მყიდველისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის (საქონლის) მოწოდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო საბოლოო ვადად განსაზღვრული იყო 2018 წლის 20 დეკემბერი (სსკ-ის 487-ე მუხლი). ხოლო, ხელშეკრულების დანართი №1-ით განისაზღვრა, რომ მიწოდება მოხდება შემსყიდველის მოთხოვნის მიხედვით.
საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 1 ივნისის წერილი, რომლის თანახმად, სამინისტრო ითხოვს 15000 კილოგრამი საქონლის მიწოდებას ამავე წლის 22 ივნისამდე ეტაპობრივად.
საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ მოთხოვნილი პროდუქციის ნაწილის, კერძოდ, 4776 კგ საქონლის მიწოდება ნაცვლად 22.06.2018წ.-სა განხორციელდა 25.06.2018წ.-ს (ს.ფ.61).
განსახილველ შემთხვევაში, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, პირგასამტეხლო განისაზღვრა თანხის 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს.ფ.20, ხელსეკრულების 9.3 პუნქტი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ამასთან, პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ვალდებულების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება.
პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (იხ. სუსგ. №ას-181-181-2018; 23 მარტი, 2018 წელი)
მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების დავალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ. №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მართალია, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ვალდებულების დარღვევა ვადის გადაცილებით, მაგრამ აღნიშნულ დარღვევასთან მიმართებაში ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი პირგასამტეხლოს გამოსაანგარიშებლად - ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც დღეში 1410,75 ლარის ტოლია, 4 დღიანი ვადაგადაცილების პირობებში კი 5643 ლარის.
რაიმე ფორმულა თუ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორ გამოითვალოს სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა დადგენილი არ არის. ფაქტობრივი გარემოება, არის ის, რომ შპს „გ-- კ---–-მ“ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულების პირობები, რამაც გამოიწვია პირგასამტეხლოს დაკისრება. ხოლო, მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ის რომ მოწინააღმდეგე მხარემ, მიუხედავად ვადის გადაცილებისა მაინც შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამასთან, ზიანი კონკრეტული მატერილური სახით სახეზე არ არის, ასევე, შესრულების ვადის გადაცილება არის მხოლოდ 4 დღე, სასამართლოს პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება 10-ჯერ, რაც განახორციელა პირველი ინსტანციის სასამართლომ და შპს „გ-- კ---–-ს დააკისრა 564,3 ლარის გადახდის ვალდებულება მოსარჩელის სასარგებლოდ. შესაბამისად, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმის საფუძვლად არ გამოდგება აპელირება იმაზე, რომ მხარემ ხელშეკრულების ფარგლებში თავად იკისრა ვალდებულება მითითებული პროცენტით პირგსამტეხლოს გადახდაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნტის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მიხეილ გოგიშვილი