განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2020
საქმის ნომერი
130210119002832202
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 130210119002832202

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი 2020 წ. ქ.თბილისი

საქმე №2ბ/3483-19

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, მიხეილ გოგიშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

 

აპელანტი - ნ---–- მ------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სააქციო საზოგადოება "ფ---- ბანკი ს----------–---

 

დავის საგანი – დავალიანების გადახდის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2017 წლის 16 დეკემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებით, ნ---–- მ------–---–მა ,,ფ---- ბ-----------თველოსაგან“ მიიღო 10 000 ლარი 1 105 დღის ვადით, წლიური 29%-ით. გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 1.00%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე, მხოლოდ 60 დღის ვადაში.

 

2. ლ---- ა------–---–მა მოსარჩელის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ნ---–- მ------–---–ის ვალდებულებაზე; მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი;

 

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართა სააქციო საზოგადოება "ფ---- ბანკი ს----------–----მ და მოითხოვა მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ: ,,ფ---- ბ-----------თველოს“ სასარგებლოდ 13 189 ლარი და 55 თეთრი, საიდანაც 8 926 ლარი და 97 თეთრი სესხის ძირი თანხაა, 3 730 ლარი და 58 თეთრი - სარგებელი, 363 ლარი და 85 თეთრი - პირგასამტეხლო, 18 ლარი და 15 თეთრი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 150 ლარი - ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების საფასური (სარჩელი; სასამართლო სხდომის ოქმი: 15:06:25-15:06:58).

 

4. სარჩელის საფუძვლები:

4.1. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 16 დეკემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებით, ნ---–- მ------–---–მა ,,ფ---- ბ-----------თველოსაგან“ მიიღო 10 000 ლარი 1 105 დღის ვადით, წლიური 29%-ით. გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 1.00%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე, მხოლოდ 60 დღის ვადაში. იმავე დღეს დადებული ხელშეკრულებით, ლ---- ა------–---–მა მოსარჩელის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ნ---–- მ------–---–ის ვალდებულებაზე; მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, გაფრთხილების მიუხედავად, ,,ფ---- ბ-----------თველოს“ წინაშე ვალდებულებას არ ასრულებენ. დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, გადასახდელი აქვთ 13 189 ლარი და 55 თეთრი, საიდანაც 8 926 ლარი და 97 თეთრი სესხის ძირი თანხაა, 3 730 ლარი და 58 თეთრი - სარგებელი, 363 ლარი და 85 თეთრი - პირგასამტეხლო, 18 ლარი და 15 თეთრი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 150 ლარი - ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების საფასური.

 

5. მოპასუხის შესაგებელი:

 

5.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე - 7 000 ლარის მოთხოვნის ნაწილში (შესაგებელი; 2019 წლის 20 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი: 14:41:00-14:41:20; 14:49:20-14:49:35). მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელისაგან მიღებული 10 000 ლარიდან 3 000 ლარი გადახდილი აქვს. არ უნდა დაეკისროს სარჩელში აღნიშნული გამარტივებული წარმოების საფასური 150 ლარი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა 18.15 ლარი. ასევე, მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

6. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნ---–- მ------–---–ს და ლ---- ა------–---–ს დაეკისრათ სააქციო საზოგადოება ,,ფ---- ბ----------რთველოს“ სასარგებლოდ 13 021 ლარის და 40 თეთრის სოლიდარულად გადახდა, საიდანაც 8926 ლარი და 97 თეთრი ძირი თანხაა, 3 730 ლარი და 58 თეთრი - პროცენტი, 363 ლარი და 85 თეთრი - პირგასამტეხლო; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

7. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ---–- მ------–---–მა. (იხ. სააპელაციო საჩივარი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

8. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

9. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტი) და სასამართლოს დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

10. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დაკისრება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი /საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით/, სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილი /მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი/, 873-ე მუხლი /კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა./ 417-ე მუხლი /პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის/

 

11. პალატა უპირველესად განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებელით მოპასუხე/აპელანტი დაეთანხმა დავალიანებას მხოლოდ თანხის ძირითად ნაწილში, ხოლო სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

12. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ ნ---–- მ------–---–ის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეების მიერ 6 თვის განმავლობაში გადახდილია 2556 ლარი, ხოლო სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს გარემოება. ამასთან არ შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და სარგებელი, მიუხედავად იმისა, რომ მზად იყვნენ მორიგების თაობაზე.

- დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეებზე 8 926 ლარის და 97 თეთრის სესხის ძირი თანხის, 3 730 ლარის და 58 თეთრის - სარგებელის, 363 ლარი და 85 თეთრი - პირგასამტეხლოს, დაკისრება.

- ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ აპელანტის მიერ სადაოდ გამხდარ ფაქტს მოსარჩელე არ უარყოფს და მოპასუხეს გადახდილი აქვს 6 თვის განმავლობაში 2556 ლარი, აღნიშნული თანხა აპელანტის განმარტებითვე ასახულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გრაფიკში.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს გარემოება არ არის სარჩელის მხოლოდ 7 000 ლარის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების უარმყოფელი მტკიცებულებები, რომ მის მიერ გადახდილი თანხა არ ნაწილდებოდა ხელშეკრულების პირობების, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, როგორც ასახულია გადახდების ისტორიაში. შესაბამისად, დადგენილია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეებს გადასახდელი აქვთ 8 926 ლარი და 97 თეთრი სესხის ძირი თანხა, 3 730 ლარი და 58 თეთრი - სარგებელი, 363 ლარი და 85 თეთრი - პირგასამტეხლო;

 

13. პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს:

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამასთან პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობის პერიოდი არის ხანგრძლივი, სესხის მოვალეს უნდა დაებრუნებია 2020 წლის 25 დეკემბერს, თუმცა 2018 წლის 25 ივლისიდან ვალდებულება დღემდე შესრულებული არ არის. აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო სესხის ძირ თანხაზე 8 926. 97 ლარზე ჯარიმა - 363.85 ლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში, ის დაკარგავს თავის ძირითად პრევენციულ და ზიანის მაკომპენსიერებლ ფუნქციას. აქედან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა დაუსაბუთებელია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

14. აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, აღნიშნულზე პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილს, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

ამდენად, კანონმა მხარეთა დისპოზიციური ნების გამოვლენის საფუძველზე დაუშვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. როგორც საქმის მასალებით დგინდება მხარეთა შორის 2017 წლის 16 დეკემბრის N336904.3200.001 სესხის ხელშეკრულებების 4.9. მუხლის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში როგორც ზევით აღინიშნა მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის 2017 წლის 16 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. (იხ. სუსგ საქმე ას-840-798-2013; ას-160-153-2013)

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება. არსებობს მხარეთა შეთანხმება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ შუამდგომლობა არ შეიცავს რაიმე მითითებას. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევაა და სასამართლოს აქვს შესაძლებლობა მხარეთა თხოვნის შემთხვევაში ის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს.

 

პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში და მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

15. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი ნ---–- მ------–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნ---–- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. ნ---–- მ------–---–ის საჩივარი გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები ოთარ სიჭინავა,მიხეილ გოგიშვილი