განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/988-19
საქმე №330310018002571206
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
27 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი: სალომე გოგოლაძე
აპელანტი (მოსარჩელე): ჰ------–-–------ (H---------------------------------–------------–--------------------------------------------------------------–--ა) ;
წარმომადგენელი: რ----------------–-–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი: გ-------------–---–-;
თარჯიმანი: ვ--------------–-–---–-;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №3/4861-18 და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
2.1. მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს, მოითხოვა არ დაკმაყოფილეს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად იქნეს დატოვებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჰ------–-–------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.2.1. ჰ------–-–------ არის სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნკურად არაბი, აღმსარებლობით სუნიტი მუსლიმი. იგი დაიბადა 1----–-–---------------- ქალაქ დ----–------------------–-–-----. 1996 წლიდან იგი დასახლდა სირიის არაბთა რესპუბლიკის ქალაქ დამასკოში. ჰ------–-–------ს მშობლები, და დღემდე ცხოვრობენ ქალაქ დამასკოში, ჯეზირას უბანში. მამას აქვს უძრავი ქონება გაქირავებული, დედა - დიასახლისია, და სწავლობს რაშიდის უნივერსიტეტში ფარმაციის ფაკულტეტზე. განმცხადებლის მეორე და დიასახლისია და ცხოვრობს საუდის არაბეთში, ხოლო ძმა იმყოფება ქალაქ დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროები, სადაც მუშაობს სამშენებლო კომპანია ,,როსტომანში'' ინჟნრის თანაშემწედ. 1992-1995 წლებში, თავშესაფრის მაძიებელი სწავლობდა - ჰილალის სკოლაში, ქალაქი ალ მადანის სკოლაში, ქალაქი დამასკო. 1997 წლიდან 2000 წლამდე, ჰ------–-–------ სწავლობდა ბურჰან დინ შამდინის სკოლაში. 2000-2003 წლებში, განმცხადებელმა განათლების მიღება განაგრძო მეორე პროფესიულ სასწავლებელ სკოლაში, რომელიც მდებარეობდა ქალაქ დამასკოში. 2007 წლიდან 2011 წლამდე, თავშესაფრის მაძიებელი სწავლობდა - ეფტირადიას უნვერსიტეტში, პროგრამირებისა და ბიზნეს ადმინისტრაციის ფაკულტეტე, ქალაქი დამასკო, ხოლო 2013-2014 წლებში განათლების მიღება გააგრძელა - სირიის ეფტირადიის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში, სადაც ონლაინ სასწავლებელ კურსს გადიოდა კომპიუტერული ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, ეფტირადიის უნივერსიტეტში, ქალაქი შარჟა, არაბთა გაერთიანებული საამიროები. მისი განცხადებით ეფტირადიის უნივერსიტეტში სწავლა არ დაუმთავრებია. აღნიშნულის შემდეგ გაიარა უძრავი ქონების მართვისა და მარკეტინგის კურსები და აგრეთვე ინგლისურის კურსი ქალაქ შარჟაში. 2005 წლიდან 2007 წლამდე ჰ------–-–------ დასაქმებული იყო ტანსაცმლის გამყიდვლად ქალაქ დამასკოში სირიის არაბთა რესპუბლიკაში. მომდევნო სამი წელი იგი მუშაობდა ტანსაცმლის საწყობის უფროსად. 2010-2013 წლებში იგი დასაქმებული იყო ოპერატორად კომპანია ,,მიქს ჯეტი''.
თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, სირიის არაბთა რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით, სწავლის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცი ვალდებულია მოიხადოს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჰ------–-–------ს განმარტებით, სწავლის დამთავრების შემდეგ, მან მიიღო სავალდებულო სამხედროს სამსახურში გაწვევის საბუთი, სადაც ეწერა, რომ 2013 წლის აპრილში უნდა გამოცხადებულიყო სამხედრო კომისარიატში. 2013 წლის 21 თებერვალს განმცხადებელმა დატოვა სირიის არაბთა რესპუბლიკა, წარმოშობის ქვეყანაში არსებული საომარი მოქმედებებისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში იძულებით გაწვევის საფრთხის გამო. მისი თქმით, სირიის არაბთა რესპუბლიკაში არის არასტაბილური მდგომარეობა, მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, სირიის ჯარი იყენებს ძალას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და მას არ სურს აღნიშნულში მონაწილეობის მიღება. წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდეგ, ჰ------–-–------ სახმელეთო გზით წავიდა ლიბანის რესპუბლიკაში. ამავე დღეს, ლიბანის აეროპორტიდან თვითმფრინავით გაემგზავრა შარჟას აეროპორტში, არაბთა გაერთიანებული საამიროები. 2013 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა ოპერატორად კომპანია ,,მიქს ჯეტში'' საიდანაც გაათავისუფლეს დაშვებული შეცდომის გამო. გათავისუფლებიდან 8 თვის შემდეგ მან დატოვა არაბთა გაერთიანებული საამიროები. 2017 წლის 2 დეკემბერს ჰ------–-–------ მარტო ჩამოვიდა საქართველოში. მას წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება არ სურს, სირიის არაბთა რეპუბლიკაში არსებული საომარი მოქმედებებისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში იძულებით გაწვევის საფრთხის გამო.
3.2.2. ჰ------–-–------მ 2018 წლის 20 თებერვალს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. განცხადებაში მიუთითა, რომ სირიაში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები და იქ დაბრუნება წარმოადგენს საფრთხეს.
3.2.3. თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ მომზადდა დასკვნა სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე, რომლის თანახმადაც, სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე - ჰ------–-–------ (დაბ. 11.11.1987 წ.) აკმაყოფილებდა "ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალქეს - ჰანი ალ შარანს მიენიჭოს ლტოლვილის სტატუსი. თუმცა, დასკვნის დამატებით გარემოებებში აღინიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მისი საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ეწინააღმდეგენა ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება პირს, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. საბოლოოდ სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე - ჰანი ალ შარანს (დაბ. 11.11.1987 წ) უარი ეთქვას, ლტოლვილის, სტატუსის მინიჭებაზე.
3.2.4. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 07 მაისის წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰ------–-–------ს შესახებ მოთხოვნილ ინფორმაციას არ ფლობდა. საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2018 წლის 16 მაისის წერილის თანახმად, ჰ------–-–------ს შესახებ საქართველოს დაზვერვის სამსახურს ინფორმაცია არ გააჩნდა.
3.2.5. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 20 ივნისის SSG 4 18 00092070 წერილის თანახმად, დეპარტამენტს სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქისთვის ჰ------–-–------შვის საქართველოს ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
3.2.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 02 ივლისის №02-01/05/14997 გადაწყვეტილებით (შეტყობინებით) ჰანი ალ შარანს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.3.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 02 ივლისის №02-01/05/14997 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
3.3.2. ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციასა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმს, და მის მიზანს წარმოადგენს - ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა და გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.
ამავე საკანონმდებლო აქტის მესამე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულია თავშესაფრის მაძიებლის ცნება - უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, ხოლო ამავე მუხლის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ტერმინი "საერთაშორისო დაცვა" ამ კანონის მიზნებისათვის განიმარტება, როგორც, თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი რეგლამენტირებულია ამავე საკანონმდებლო აქტის მე-17 მუხლში.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ: ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს; გ) იგი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
სასამართლოს განმარტებით, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
3.3.3. აღინიშნა, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლი, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ჩვეულებრივი ან დაჩქარებული წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) იგი აშკარად დაუსაბუთებელია ან/და ბ) განმცხადებელი ყალბი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტროს შეცდომაში შეყვანით ბოროტად იყენებს თავშესაფრის პროცედურას.
ამავე კანონის მე-30 მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა თითოეული საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ინდივიდუალურად უნდა განიხილოს და უნდა შეაფასოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესაბამისი ელემენტები, მათ შორის, თავშესაფრის მაძიებლის ხელთ არსებული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება პირის ასაკსა და წარმომავლობას, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებთან, მის იდენტობასთან, მოქალაქეობასთან (მოქალაქეობებთან), წარმოშობის ქვეყანასთან (ქვეყნებთან), ადგილთან (ადგილებთან), საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან, წარმოშობის ქვეყნის დატოვების და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზეზებთან და გარემოებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის აშკარა დასაბუთების შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადება პრიორიტეტულად განიხილება.
,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი’’ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
განსახილველ შემთხვევაში, სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე - ჰ------–-–------ (დაბ. 11.11.1987 წ.) აკმაყოფილებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. თუმცა, სამმართველოს დასკვნის დამატებით გარემოებებში აღინიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მისი საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ეწინააღმდეგენა ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება პირს, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. საბოლოოდ სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე - ჰანი ალ შარანს (დაბ. 11.11.1987 წ) უარი ეთქვას ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებს, კერძოდ, „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ: არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს;
განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის თანახმად, მოსარჩელისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა შესაბამისი ინფორმაცია, რომლის თანახმად არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მისი საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ეწინააღმდეგენა ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
3.3.4. ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური სამსახურები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
აღინიშნა, რომ პრიორიტეტულად მიიჩნევა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა, მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ყოველმხრივ გაანალიზებული, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება გამოკვლეული და დასაბუთებული. ამასთან, სასამართლომ კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა და შესაბამისად, გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 20 ივნისის წერილს, რომელსაც საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომლებიც არცერთი მხარის მიერ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ ინფორმაცია შეიცავს დასაბუთებას საფრთხის პოტენციური ხასიათის შესახებ, ასევე გაანალიზებულია საფრთხის სერიოზულობა და დასაბუთებულია ისეთი ელემენტი, როგორიცაა პროპორციულობის მოთხოვნა. ინფორმაცია შეიცავს დასაბუთებას საფრთხის სერიოზულობის შესახებ, რომელიც ექმნება ქვეყნის უსაფრთხოებას, ალბათობას იმისა, რომ აღნიშნული საფრთხე განხორციელდება და სახეზეა მისი გარდუვალობა, ინდივიდის გაძევების შემთხვევაში აღმოიფხვრება ან შემცირდება თუ არა ეს საფრთხე, ასევე რისკის ხასიათი და სერიოზულობა.
სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია შეიცავს დასაბუთებას თავშესაფრის მიმცემი ქვეყნის ინტერესების საფრთხის თაობაზე, ასევე მითითებას იმ მნიშვნელოვან გარემოებებზე, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, არსებობს მოსარჩელე ჰ------–-–------სთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
3.3.5. აღინიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 02 ივლისის №02-01/05/14997 გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებულ აქტში სამინისტრომ მიუთითა, რომ აპელანტი აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსს, მაგრამ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აპელანტს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ზუსტად არის გაწერილი, რა შემთხვევაში შეიძლება თავშესაფრის მაძიებელმა საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს უსაფრთხოებას, ამის მიუხედავად, არც სამინისტროს და არც სასამართლოს გადაწყვეტილებებში არ არის მითითება ამ კანონის 69-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ რომელ გარემოებას ჰქონდა ადგილი აპელანტის მიმართ.
აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში საქმე ეხება სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს, ეთნიკურად არაბ, აღმსარებლობით სუნიტ მუსლიმს, რომელიც სირიაში არსებული საომარი ვითარებისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში იძულებითი გაწვევისა და საომარ მოქმედებებში იძულებითი ჩართვის საფრთხის გამო, წამოვიდა სირიიდან და 2017 წელს ჩამოვიდა საქართველოში. სამინისტროს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნის მეორე პუნქტში მითითებულია, რომ მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ სირიაში მყოფი მამაკაცები, როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციური დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ექვემდებარებიან საომარ მოქმედებებში იძულებით ჩართვას. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 2017 წლის ანგარიშში მითითებულია, რომ სირიაში სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდება, ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად მიიჩნევა. პირს, რომელიც ეცდება თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს, სისხლისსამართლებრივი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელი ელოდება, რაც მოიცავს სასტიკ მოპყრობას, დაკავებას, დაკითხვას, დაპატიმრებას ან სამხედრო სამსახურში იძულებით დაბრუნებას. პრაქტიკაში პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს თავს აარიდებს, სისხლისსმართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად, დაკავებიდან რამდენიმე დღეში იგზავნება მოწინავე პოზიციებზე საბრძოლველად, ხშირ შემთხვევაში ასეთ პირებს მინიმალური წვრთნა აქვთ გავლილი. ამავე დასკვნის მეხუთე, დამატებით გარემოებებში მითითებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ აპელანტი აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისათვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მისი საქართველოში ყოფნა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ინტერესებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმეზე N3ბ/1196-18, სადაც დავის საგანს წარმოადგენდა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს აქტის ბათილად ცნობა. ამ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმებისას გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ისე აქტის შესაბამისობა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ - „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციასა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმთან. ამასთანავე, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლო მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ სამართლებრივ და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლო აღნიშნა, რომ ჟენევის კონვენცია არ ანიჭებს პირს რაიმე მატერიალური სახის უფლებებს, მაგალითად, სიცოცხლის უფლებას, რელიგიის თავისუფლებას და ა.შ. ეს და სხვა უფლებები ან ადამიანის ძირითადი უფლებებია, ან აღიარებულია სხვა საერთაშორისო აქტით, ჟენევის კონვენცია კი ახდენს უკვე არსებული, მინიჭებული უფლებებით (ხუთი კონვენციური ნიშანი - რასა, რელიგია, სქესი, პოლიტიკური შეხედულება, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილება) სარგებლობის შესაძლებლობას და გარანტირებულს ხდის მათ. განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელსაც იცავს 1951 წლის ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენცია, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და ქვეყნის შიდა კანონმდებლობა, აქედან გამომდინარე, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა სადავო საკითხი და სრულად დაეკმაყოფილებინა აპელანტის (მოსარჩელის) სასარჩელო მოთხოვნა.
აპელანტი ასევე მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე საქმეზე N3ბ/1231-14, სადაც დავის საგანს აგრეთვე წარმოადგენდა საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხი. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გასჩენია რაიმე ეჭვი მოსარჩელეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნამდვილობაში, ისინი იყვნენ თანმიმდევრულები, ამასთან, კანონით აკრძალულია ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის შესახებ რაიმე ინფორმაციის გამოთხოვა წარმოშობის ქვეყნიდან, ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტობრივად დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასება, რისი უფლებაც და ვალდებულებაც სასამართლოს გააჩნია, ისე, რომ არ არღვევს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებს.
განსახილველ შემთხვევაში, სირიის მოქალაქე, რომელიც იმყოფება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისა და საომარი საფრთხის ქვეშ, ხოლო თავის არიდების შემთხვევაში მას ემუქრება არამხოლოდ სისხლისსამართლებრივი დასჯის საფრთხე, არამედ არაჰუმანური მოპყრობა, ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობა, აკმაყოფილებს ლტოლვილის კონვენციურ ნიშნებს. დევნის განმახორციელებელი სუბიექტები ერთდროულად არიან სირიის არაბთა რესპუბლიკის ხელისუფლება და ოპოზიციურად განწყობილი შეიარაღებული ძალები, ამასთანავე, არც ადმინისტრაციული ორგანო აყენებს ეჭვქვეშ ამ გარემობას. აქედან გამომდინარე, აპელანტი წარმოშობის ქვეყანაში ვერ ისარგებლებს ეფექტური დაცვით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი. ამავე კონვენციის მესამე მუხლის მიხედვით, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. ხოლო მე-6 მუხლის თანახმად, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აპელანტი მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ინფორმაცია ცხადჰყოფს, რომ აპელანტის მიმართ შესაძლებელია დაირღვეს კონვენციით დაცული უფლებები.
აპელანტის განმარტებით, სირიაში კონფლიქტის კომპლექსურობა გამოწვეულია მრავალი ჩართული სახელმწიფო, არასახელმწიფო და გარეშე/საერთაშორისო აქტორით. პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ქვეყნის მასშტაბით კონტროლის მოპოვებას ცდილობს, მისი მოწინააღმდეგეა სუნიტურ-ისლამური ოპოზიცია, რომლებსაც შიდა უთანხმოება აქვთ ასადის შემდგომი სახელმწიფოს წარმოდგენებზე. მნიშვნელოვანი არასახელწმიფო ფაქტორია ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე სახელმწიფო მოშლისა და ისლამური სახელმწიფოს დაარსებისკენ ისწრაფვის. მათ ამჟამად უმეტესად ქურთები ებრძვიან, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ავტონომიური ან დამოუკიდებელი სამშობლოს ჩამოყალიბებას ცდილობენ (). გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის 2017 წლის ნოემბრის სახელმძღვანელოში სირიიდან გაქცეული ადამიანებისთვის საერთაშორისო დახმარების აღმოჩენის თაობაზე გამოყოფილია სავალდებულო სამხედრო სამსახურს დაქვემდებარებულ პირთა პრობლემა. სირიაში სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაულია, იგი დიდი ალბათობით სირიაში ანტისამთავრობო ქმედებად ჩაითვლება, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრად დაისაჯოს, ვიდრე სისხლის სამართლის სხვა დანაშაულები. არსებობს ცნობები, რომ დაპატიმრების ნაცვლად ასეთი პირები მათი დაკავებიდან მალევე ნორმალური გადამზადების გარეშე პირდაპირ ფრონტზე იგზავნებიან. რადგან სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მცდელობამ მასშტაბური ხასიათი მიიღო, მთავრობა აქტიურ ძალისხმევას იჩენს სირიის მოქალაქეთა გასაწვევად, არის რეიდები და ძებნები. იმ გეოგრაფიულ არეალებში, რომელზეც სამთავრობო ძალებმა კონტროლი მოიპოვეს, სამხედრო სამსახურის შესაბამისი ასაკის პირები მასობრივად აიყვანეს და ჯარში გაიწვიეს. დაპატიმრებული პირები წამების რისკის ქვეშ არიან (UNHCR “International Protection Considerations with Regard to People Fleeing the Syrian Arab Republic”, Nov. 2017, https://www.ecoi.net/en/file/local/1416983/90_1509950296_2017-11-03-unhcr-syria-protection-considerations-v.pdf p. 40).
ამავე ანგარიშის თანახმად, გარემოება, რომ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება შესაძლოა პოლიტიკურ აქტად იქნას აღქმული, ამ ნიშნით დაპატიმრებულებს განსაკუთრებულად ცუდი მოპყრობის რისკის ქვეშ მოაქცევს. ასევე, არის უსამართლობის მაღალი დონე სამხედრო სამსახურში გაწვევის განხრით, მაგალითად, ბევრი ისეთი მოქალაქე, ვინც აქამდე არ ექვემდებარებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს, იძულებით გაიწვიეს, ასევე ბევრ სამსახურ-მოხდილს გაუხანგრძლივეს მსახურების ვადა ან იძულებით ჩაწერეს არმიის რიგებში. ამან მრავალი პირის გაქცევა და დამალვა გამოიწვია (იქვე, 41). დეზერტირობა, ასევე, სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა, ცნობების თანახმად, ისინი, ვინც დეზერტირობა სცადა ან უარი თქვა სამხედრო ბრძანების შესრულებაზე (მაგ. სროლა), გახდნენ თვითნებური დაკავების, წამების ან სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის მსხვერპლი. მეტიც, ცნობების თანახმად, დეზერტირების ოჯახის წევრები ასევე იდევნებიან, ხოლო მათ საცხოვრებელს/ კერძო საკუთრებას ანადგურებენ. როგორც გაეროს უმაღლესი კომისრის ანგარიში იუწყება, მთავრობამ 2011 წლიდან მოყოლებული არაერთი საამნისტიო დეკრეტი გამოსცა, თუმცა პირები, ვინც ამას არ ეთანხმება, ისევ არიან ცუდი მოპყრობის რისკის ქვეშ (იქვე, 42-43). გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ასკვნის, რომ პირებს, ვინც სავალდებულო ან სარეზერვო სამხედრო სამსახურს თავი აარიდა ან გაიქცა შეიარაღებული ძალებიდან, შეიძლება სჭირდებოდეთ საერთაშორისო ლტოლვილის დაცვა მათი პოლიტიკური აზრის საფუძველზე და/ან სხვა რელევანტურ საფუძვლებზე, საქმის ინდივიდუალური გარემოებების მიხედვით. ანგარიშის რეკომენდაცია ეფუძნება ორგანიზაციისავე დაკვირვებას, რომ სამხედრო სამსახურზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ თუ ჯარში მსახურება საერთაშორისო ჰუმანიტარული, სისხლის ან ადამიანთა უფლებების სამართლის დამრღვევ აქტივობებში ჩართვას ნიშნავს, ასეთ შემთხვევებში ლტოლვილის სტატუსის მინიჭება შეესაბამება 1951 წლის კონვენციის გამონაკლისი საფუძვლების (exclusion clause) რაციონალს.
აპელანტის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სირიაში დაბრუნების მიმართ გადაწყვეტილება აქვს მიღებული 2017 წელს, საქმეზე S.K. v. Russia (ECtHR, S.K. v. Russia, no. 52722/15, ECHR 2017, Judgment of 14 February 2017). ევროსასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობას არ უნდა დაებრუნებინა პირი სირიაში, რადგან იქ არსებული ვითარება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლეს და მას არაადამიანური, ან ღირსებისშემლახავი მოპყრობის პოტენციურ საშიშროებას უქმნიდა. სასამართლომ დაადგინა, რომ სირიაში დაბრუნებით რუსეთი არღვევდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით დაცულ სიცოცხლის უფლებას, წამების აკრძალვას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვას, სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლებას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სირიაში არსებულ საომარ ვითარებაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივად დაღუპვის თემაზე და აღნიშნა, რომ სწორედ ის რისკი, რაც უკავშირდებოდა სიცოცხლის უფლების ხელყოფასა და არაადამიანური მოპყრობის საშიშროებას, გათვალისწინებული უნდა იქნას სახელმწიფოს მიერ თავშესაფრის საკითხის განხილვისას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს არამხოლოდ საერთაშორისო დაცვის მინიჭებისას განსახილველი გარემოებები, არამედ უარის შემთხვევაში პირის იძულებით დაბრუნების საკითხი და ის საფრთხე, რომელიც მას შეიძლება ელოდეს უკან დაბრუნების შემთხვევაში.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე ნორმის მეორე ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო არსებითად იზიარებს, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
5.1. ჰ------–-–------ (H---------------------------------–------------–--------------------------------------------------------------–--ა) არის სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე, რომელმაც 2018 წლის 20 თებერვალს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. განცხადებაში
მიუთითა, რომ სირიაში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები და იქ დაბრუნება წარმოადგენს საფრთხეს. გაეცნო „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ თავშესაფრის პროცედურას და თანახმაა, მის განცხადებასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები შესწავლილი და დამუშავებული იქნეს აღნიშნული კანონის შესაბამისად, ამავე კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელების მიზნით.
მტკიცებულება. რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ეროვნული პასპორტი (იხ.ს.ფ.67);
- 20.02.2018 წლის განცხადება (იხ. ს.ფ. 65-66).
5.2. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის 07.05.2018წ. MIA 2 18 01067699 წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტს მათივე წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰ------–-–------ს (H---------------------------------), შესახებ წერილში მოთხოვნილ ინფორმაციას არ ფლობდა
5.3. საქართველოს დაზვერვის სამსახურის 16.05.2018წ. N5/1113 წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტს, მათივე წერილის პასუხად ეცნობა, რომ ჰ------–-–------ს შესახებ საქართველოს დაზვერვის სამსახურს ინფორმაცია არ გააჩნია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 27.05. 2018წ. წერილი (იხ. ს.ფ. 63);
- საქართველოს დაზვერვის სამსახურის 16.05.2018წ. წერილი (იხ. ს.ფ. 64).
5.4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 20.06.2018წ. SSG 4 18 00092070 წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტს, მათივე წერილის პასუხად ეცნობა, რომ აქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქისთვის: ჰ------–-–------ (H---------------------------------) საქართველოს ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 20.06.2018 წლის SSG 4 18 00092070 წერილი (იხ. ს.ფ. 62).
5.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 02.07.2018წ. №02-01/05/14997 შეტყობინება (გადაწყვეტილება) სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქისათვის ჰ------–-–------. (H---------------------------------). შეტყბინების თანახმად, სამინისტრომ განიხილა მისი განაცხადი საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც აცნობებენ, რომ:
- იგი კმაყოფილებდა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციის 1A(2) მუხლით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებათან დაკავშირებით.
- არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მისი საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს ,,საერთაშორის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ,,საერთაშორის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტრომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.
განიმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, ვადა.
განიმარტა ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად, უფასო იურიდიული დახმარების უფლება. მიეთითა უფასო იურიდიული დახმარების ბიუროს ადგილსამყოფელი
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 02.07.2018წ. №02-01/05/14997 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 18-19).
5.6. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა (27.03.2018 წ), რაც შევსებული იქნა თავშესაფრის მაძიებლის - ჰ------–-–------ს (H---------------------------------–-) მითითებით, თარჯიმანის მონაწილეობით, რაც დასტურება უფლებამოსილი პირის, თვითონ, თავშესაფრის მაძიებლის, თარჯიმანის ხელმოწერებით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა (იხ. ს.ფ. 71-80).
5.7. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გასაუბრების ჩატარების მასალები თავშესაფრის მაძიებელ პირთან - სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე ჰანი ალ შარანთან , გასაუბრების ჩატარების თარიღი 11.05.2018 წ. გასაუბრების თანახმად, ჰ------–-–------ გაეცნო თავის უფლება-მოვალეობებს და პროცედურის მსვლელობის წესებს და დაადასტურა, რომ თარჯიმანთან და სტატუსის დამდგენ სპეციალისტთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს. თითოეული გვერდი ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის, თვითონ, თავშესაფრის მაძიებლის და თარჯიმანის მიერ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თავშესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრების მასალები (იხ. ს.ფ. 95-100).
5.8. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რეგისტრაციისა და სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნა.
დასკვნაში მიეთითა:
I განცხადების მოკლე შინაარსი;
II სანდოობის შეფასება;
III „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის დადგენა.
IV რეკომენდაციები:
სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე - ჰ------–-–------ (H---------------------------------–-) აკმაყოფილებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და სამმართველოს მიზანშეწონილად მიაჩნია სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალქეს - ჰანი ალ შარანს მიენიჭოს ლტოლვილის სტატუსი.
V დამატებითი გარემოებები:
თავშესაფრის მაძიებლის მიმართ არსებობს საფუძველიანი ვარაუდი, რომ მისი საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს ,,საერთაშორის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება პირს, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს;
VI საბოლოო რეკომენდაცია:
სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე - ჰანი ალ შარანს (H---------------------------------–-) უარი ეთქვას როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საერთაშირისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნა (იხ. ს.ფ. 102-117).
5.9. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების ინფორმაცია თავშესაფრის მაძიებელი პირის წარმოშობის ქვეყნის (სირიის არაბთა რესპუბლიკის) შესახებ. ინფორმაციის მომზადების თარიღი 26.02.2018 წელი.
5.10. თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ, ქვეყანა: სირიის არაბთა რესპუბლიკა. კვლევის ავტორი: ნ---------------, კვლევის ჩაბარების თარიღი: 27.03.2019 წელი
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ინფორმაცია (იხ. ს.ფ. 118-130; 199-210).
6. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
6.1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს; სახელმწიფო უწყებათა კომპეტენციებს თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფის სფეროში.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განიმარტა ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა, სახელდობრ: ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების გამოხატვა პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით; გ) თავშესაფრის პროცედურა – სამართლებრივი პროცესი, რომელიც მოიცავს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტიდან საერთაშორისო დაცვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წერილობითი განცხადება, რომლითაც იგი საქართველოში ითხოვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას; ე) თავშესაფრისმაძიებელი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა. ნ) წარმოშობის ქვეყანა – უცხოელის მოქალაქეობის ქვეყანა, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა;
ამ კანონის 4.1. მუხლით, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებებს იცავს სახელმწიფო.
ამ კანონის მე-14 მუხლით, ამ კანონის შესაბამისად, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები: ა) ლტოლვილის სტატუსი; ბ) ჰუმანიტარული სტატუსი; გ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.
ამ კანონის 15.1. მუხლით, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
ამ კანონის 23.1. მუხლით, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა როგორც საქართველოში შემოსვლისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ისე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, სახელმწიფო უწყებამ უნდა უზრუნველყოს იმ ინფორმაციის უცხოელისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის გასაგებ ენაზე თარგმნა, რომელიც საჭიროა თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. თავშესაფრის პროცედურა რეგულირდება მინისტრის ნორმატიული აქტით.
ამ კანონის 28.1. მუხლით, თავშესაფრის მაძიებელმა უნდა წარადგინოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასაბუთებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია) და მტკიცებულება და მათი შეფასების პროცესში უნდა ითანამშრომლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან. თავშესაფრის მაძიებელი აგრეთვე ვალდებულია სარწმუნოდ განმარტოს ინფორმაციისა და მტკიცებულების წარუდგენლობის ან არარსებობის მიზეზი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტების დადგენის ვალდებულება თანაბრად ნაწილდება თავშესაფრის მაძიებელსა და უფლებამოსილ თანამდებობის პირს შორის. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ყველა არსებითი ფაქტობრივი გარემოება და წარმოდგენილი მტკიცებულებები ინდივიდუალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა შეაფასოს.
6.2. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის (საქართველო შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 28 მაისის № 1996-IIს დადგენილებით და ძალაშია 1999 წლის 7 ნოემბრიდან) პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი’’ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
მითითებული კონვენციის 12.1. მუხლის თანახმად, ლტოლვილის პირადი სტატუსი განისაზღვრება მისი საცხოვრებელი ქვეყნის კანონებით, თუ მას ასეთი არ გააჩნია, მისი ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონით.
ამრიგად, ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია, დადგინდეს, რომ სტატუსის მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში იმისა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი - რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, შესაბამისად, შიშიდან გამომდინარე არ სურს ან არ შეუძლია, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. შესაბამისად, პირის ლტოლვილად მიჩნევისთვის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ კრიტერიუმებს, მათ შორის, უნდა განისაზღვროს დევნის საფუძვლიანი შიშის არსებობა, ადგილი უნდა ჰქონდეს დევნას რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით, უნდა დგინდებოდეს მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა. დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში, უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელისუფლება ვერ, ან არ იცავს მას. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ ლტოლვილი პირის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვება კონკრეტული საფუძვლებით ხდება და არ უკავშირდება პირის თავისუფალი ნების გამოვლენას, არის იძულების შედეგი.
6.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ განმცხადებელი აკმაყოფილებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად, მაგრამ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მისი საქართველოში ყოფნა ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს ,,საერთაშორის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად არსებობს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების გამომრიცხავი, კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 17.1.,,ბ“ მუხლის შესაბამისად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ: ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს.
ამ კანონის 67.2. მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამინისტრო: ა) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხზე რეკომენდაციის მისაღებად; ბ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე რეკომენდაციის მისაღებად.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში უფლებამოსილებას ანიჭებს სამინისტროს მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
6.4. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.
ამ კანონის 6.1. მუხლით, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე ნორმის მე-2 პუნქტით, კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამ კანონის 7.2. მუხლის თანახმად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას. შესაბამისად, ამ სახელმწიფო ორგანოს წერილობითი ინფორმაცია - დასკვნა არის ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულება, რაც თავის მხრივ არის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო პალატა დადგენელად მიაჩნია, თავშესაფრის მაძიებელ ჰ------–-–------ს (H---------------------------------–-) განაცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება. კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს უფლებამოსლმა პირმა მიმართა და გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი 20.06.2018წ. SSG 4 18 00092070 წერილით სამინისტროს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქისთვის ჰ------–-–------სთვის საქართველოს ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან პალატამ დამატებით გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია, რაც თავის მხრივ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამასთან, წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის შესაბამისი წერილობითი დასკვნის არსებობის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი გახლდათ მიეღო გადაწყვეტილება აპელანტისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამ კოდექსის 33-ე მუხლით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლო ეთანხმება წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ დასკვნებს, ამასთან მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, აპელანტის მიერ ვერც დავის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, იმ გარემოებების დასადგენად, რომ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
6.1. საპელავიო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125.4. ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1.„პ“ მუხლის საფუძველზე, აპელანტი, გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-13; 2124-ე-2125-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 372-ე; 386-ე; 390-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჰ------–-–------ს (H---------------------------------–------------–--------------------------------------------------------------–--ა) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ლეილა მამულაშვილი