განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019003074129
საქმე №3ბ/2927-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - იუ----– ურ-----–-
წარმომადგენელი - ნ-------–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
აპელანტის მოთხოვნა:
აპელანტი ითხოვს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით, იუ----– ურ-----–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2019 წლის 22 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების მიერ დაკავებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი ბრალდებული იუ----– ურ-----–-, რომელსაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 მარტის განჩინებით შეეფარდა წინასწარი საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით იუ----– ურ-----–-ს საექსტრადიციო პატირმობის ვადა გაუგრძელდა 3 თვით, სულ 6 თვემდე (ტომი პირველი, ს.ფ. 49, 93-101).
2018 წლის 14 ნოემბერს იუ----– ურ-----–-მ (YUCEL URCANLI, დაბ.12.08.1963 წ.) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს.
2018 წლის 27 ნოემბერს იუ----– ურ-----–-ს ჩაუტარდა ანკეტირება და განმცხადებელი დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებელ პირად (ტომი პირველი, ს.ფ. 56-75);
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა იუ----– ურ-----–-სთან ჩაატარა გასაუბრება. გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად თურქი, მუსლიმი სუნიტი იუ----– ურ-----–- დაიბადა 1963 წლის 12 აგვისტოს თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. აქისარში. თავშესაფრის მაძიებლის დედა, ღვიძლი და, ნახევარ დები და ძმები ცხოვრობენ თურქეთის რესპუბლიკაში. 1972 – 1977 წლებში განმცხადებელი სწავლობდა ფათიჰის დაწყებით სკოლაში, ქ.აქისარში. 1977 – 1979 წლებში სწავლობდა ფათიჰის საშუალო სკოლაში, ქ აქისარი. 1978 წელს (15 წლის ასაკში) განმცხადებელი დააპატიმრეს 2 თვით ქურდობისათვის. 1980 – 1983 წლებში ამუშავებდა საკუთარ კაფეს ს.მეჯილიეში, ქისარის რაიონი, 1984 წელს განმცხადებელი დაპატიმრებული იყო ქურდობისათვის და იარაღის უკანონო შენახვისათვის 2 წლის განმავლობაში. 1986 – 1987 წლებში (4 თვის მანძილზე) განმცხადებელი დაპატიმრებული იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების გამო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაგზავნეს ჯარში სახედრო სამსახურისათვის, თუმცა 1 თვეში გამოიქცა. 1987 – 1991 წლებში განმცხადებელი დაპატიმრებული იყო ადამიანის დაჭრის გამო.
1991 წელს ციხიდან გათავისუფლებიდან 25 დღეში განმცხადებელი კვლავ დააპატიმრეს, მისი მტკიცებით დანაშაულს ვერ იხსენებს და ეს დანაშაული არ ჩაუდენია და იგი პატიმრობაში იმყოფებოდა 2001 წლამდე (4 წელი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეეხო ამნისტია).
2001 წელს, ციხიდან გამოსვლისთანავე განმცხადებელი დააკავეს კვლავ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდებისათვის და ქ. ჩანქირში მე-9 სამხედრო მექანიზებულ ბატალიონში გაგზავნეს, თუმცა განმცხადებელ იქიდანაც გამოიქცა 1 თვეში და თავის დასთან გაემგზავრა ქ. იზმირში. 2002 წლის იანვარში კი განმცხადებელს მისმა მეგობარმა გაუპატიურება დააბრალა (როგორც აცხადებს ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა) და განმცხადებელს მიუსაჯეს 19 წელი პატიმრობა. განმცხადებელი 9 წელი და 6 თვე იმყოფებოდა პატიმრობაში და გათავისუფლდა, როგორც პრობაციონერი 2011 წელს.
2011 წელს ციხიდან გამოსვლიდან 3 თვეში კვლავ დააპატიმრეს 1 წლით 2013 წლამდე, ციხეში ყოფნის პერიოდში ადამიანის დაჭრის გამო. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ განმცხადებელი ვალდებული იყო ყოველდღე, შაბათ- კვირის გარდა პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებულიყო, როგორც პრობაციონერი, ასევე 9 თვის განმავლობაში ევალებოდა მეჩეთის დალაგება.
მოსარჩელე 2013 – 2014 წლებში ამუშავებდა საკუთარ ჩაიხანას ქ. აქისარში, ხოლო 2014 – 2016 წლებში მუშაობდა მის მეგობრის კაფეში ადმინისტრატორად. თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით ნასამართლევ ადამიანებს თურქეთში უჭირთ სამსახურის შოვნა, არც სხვა ოჯახებს უნდათ თავიანთი შვილი მიათხოვონ ნასამართლევ ადამიანს. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე ნასამართლევი ადამიანები იძულებული ხდებიან ანაზღაურების სანაცვლოდ არალეგალურ საქმიანობაში ჩაერთონ, ამასთან, განმცხადებელი 30 წლის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში და ჰქონდა გარკვეული „საპატივცემულო“ პოზიცია. განმცხადებლის თქმით, 2013 წელს მასთან მივიდნენ ბანდა „ფოლადის“ დაჯგუფების წევრები (უმეტესად მიდიოდა ადამიანი სახელად თურან ქიზიკი) და შესთავაზეს მათთან თანამშრომლობა და არალეგალური საქმიანობის დაწყება, რაზეც განმცხადებელმა უარი განუცხადა, რადგან არალეგალურ საქმიანობას შეეშვა. მიუხედავად უარისა, განმცხადებლის თქმით, „ფოლადის“ ბანდის წევრები მასთან ხშირად მიდიოდნენ - 2013-2016 წლებში დაახლოებით 20-ჯერ იყვნენ მისული, თუმცა განმცხადებელი მაინც უარზე იყო.
2015 წელს ერთ-ერთი მისვლაზე „ფოლადის“ წევრებმა უარის შემდეგ განმცხადებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რადგან გაბრაზდნენ. როგორც განმცხადებელი ამბობს, 2016 წლის შუა რიცხვებამდე მას რამდენჯერმე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო განმცხადებელი პოლიციას არ მიმართავდა, რადგან ეს მისი მსოფლმხედველობით არასწორი იყო. თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით ამ ბანდას სურდა განმცხადებლის მათთან ყოფნა, რადგან მას ჰქონდა „სახელი“ და ხალხს იგი უყვარდა.
თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, 2016 წლის ივნისში, როდესაც განმცხადებელი ველოსიპედით მიდიოდა ქ. აქისარში, მას დაუძახა თურან ქიზიკმა, რომელიც საკუთარ მაღაზიაში იმყოფებოდა (განმცხადებლის თქმით, მას ქიზიკის ვალი ჰქონდა, რომელიც 5-6 დღით ადრე გამოართვა; მანამდე გამორთმეული ვალებიც თავის დროზე ჰქონდა ჩაბარებული). განმცხადებელმა ქიზიკის მაღაზიაში შესვლამდე იცოდა, რომ ქიზიკი მას უბანში შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა მის ოჯახის წევრებს სახალხოდ (ამით ცდილობდა განმცხადებლის სახელის შელახვას და მის პროვოცირებას). განმცხადებლის თქმით, იმიტომ შევიდა მაღაზიაში, რომ ქიზიქს არ ეფიქრა, რომ მისი ეშინოდა. მაღაზიაში შესვლისთანავე ქიზიკი წამოდგა და განმცხადებელს გინება დაუწყო, ფულს როდის დამიბრუნებო. განმცხადებელი ქიზიკის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ, ასევე ეკითხებოდა თუ სახალხოდ რატომ აყენებდა შეურაცხყოფას უბანში. ქიზიკმა უთხრა, რომ არ აინტერესებდა განმცხადებლის ციხეში ყოფნის გამოცდილება და კვლავ შეაგინა. ამის შემდეგ განმცხადებელი ქიზიქს მიუახლოვდა და მიუშვირა იარაღი, დედა შეაგინა და ფეხებში რამდენჯერმე ესროლა, ამის შემდეგ კი თვალებში ჩახედა და უთხრა, რომ სიკვდილს იმსახურებდა, თუმცა გაითვალისწინებდა მის ოჯახს და სასწრაფოს გამოიძახებდა. ამის შემდეგ განმცხადებელი მიბრუნდა და მაღაზიიდან გასვლა დააპირა, თუმცა ამ დროს ქიზიკმა მას ზურგიდან ხელები ჩაავლო, ჰაერში ასწია და იარაღის გამორთმევას ცდილობდა. ამ შეხლა-შემოხლის დროს განმცხადებელს გაუმიზნებლად იარაღი გაუვარდა, იგრძნო რომ ქიზიკს მოხვდა, თუმცა არ დაკვირვებია სად და ადგილიდან მიიმალა (განმცხადებელმა შემდგომ გაარკვია, რომ ქიზიკს ტყვია თავში მოხვდა). განმცხადებელი იმავე დღეს გაიქცა ქალაქიდან და 6 თვის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას იმალებოდა. 6 თვის შემდეგ განმცხადებელმა გაიგო, რომ ქიზიკი გარდაიცვალა და 2017 წლის თებერვალს არალეგალურად გადმოკვეთა საქართველოს ტერიტორია ყალბი დოკუმენტაციით (გამოიყენა ვინმე ჰუსეინ თამირის პირადობის მოწმობა). განმცხადებელი ამჟამად იმყოფებდა #8 პენიტენციურ დაწესებულებაში. თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში მას დააპატიმრებენ იმის გამო, რომ მოკლა ადამიანი, ასევე, მისი თქმით, შესაძლებელია, რომ „ფოლადის“ ბანდის წევრებმა მისი მოკვლა სცადონ შურისძიების მიზნით. განმცხადებლის თქმით, მას სიკვდილის არ ეშინია, თუმცა არ უნდა, რომ თავდაცვის დროს ვინმე შემოაკვდეს (ტომი პირველი, ს.ფ. 56-65).
დადგენილია, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილებამ იუ----– ურ-----–-ს საქმეზე შეადგინა დასკვნა, რომლის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომლებიც თავად თავშესაფრის მაძიებელმა გადმოსცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გასაუბრების დროს.
დასკვნაში ასევე განმარტებულია, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე იუ----– ურ-----–-ს (YUCEL URCANLI, დაბ.12.08.1963 წ.) საქმეზე კვლევის პროცესში არ გამოვლინდა ისეთი სახის ფაქტები, რაც თავისი არსით მიეკუთვნება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ რომელიმე ნიშანს, აღნიშნულის საფუძველზე ამ მიმართულებით დასკვნის შემდგენ ორგანოს მიერ შემდგომი კვლევა აღარ განხორციელდა.
ასევე დადგინდა, რომ იუ----– ურ-----–- (YUCEL URCANLI, დაბ.12.08.1963 წ.) ვერ აკმაყოფილებს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისათვის, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილ პირობებს.
ამდენად, დასკვნის შემდგენმა ორგანომ გასცა რეკომენდაცია იუ----– ურ-----–-სათვის (YUCEL URCANLI, დაბ. 12.08.1963 წ.) როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ (ტომი პირველი, ს.ფ. 46-55).
მოსარჩელისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლების არსებობის შეფასებისას, კვლევა გაგრძელდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ‘’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც გულისხმობს, მოსარჩელისათვის წარმოშობის ქვეყანაში წამების, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა ან სასჯელის საფრთხეს, რადგან თავად განმცხადებელი მიუთითებდა წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მისი დაპატიმრების შედეგად მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საშიშროებაზე. აღნიშნული მიმართულებით კვლევის პროცესში, დასკვნის შემდგენი ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში არსებული საპატიმრო პირობები და დადგინდა, რომ თურქეთის ციხეებში პოზიტიურ ცვლილებას აქვს ადგილი პრობლემების აღმოფხვრის კუთხით. თურქეთის რესპუბლიკაში საპატიმრო პირობები გასული წლების განმავლობაში გაუმჯობესდა და სახელმწიფოს გააჩნია აღნიშნული მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესების კონკრეტული რეფორმა, რაც დგინდება სხვადასხვა ოფიციალური წყაროდან მიღებული და შესწავლილი ინფორმაციებით.
ზემოაღნიშნულ დასკვნაში აღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით განყოფილებამ დაასკვნა, რომ თავშესაფრის მაძიებელს არ გააჩნია ისეთი სახის ინდივიდუალური გარემოება, რომ ექსტრადირებისა და საპატიმრო პირობებში მოთავსების შემთხვევაში დადგეს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რეალური რისკის ქვეშ. ამასთან, ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკაში არ ფიქსირდება განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევები და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - იუ----– ურ-----–- (YUCEL URCANLI, დაბ.12.08.1963 წ.) წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში არ დადგება სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს ჰუმანიტარულ დაცვას.(ტომი პირველი, ს.ფ. 46-55).
გასაუბრების მასალებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 31 მაისს მიღებულ იქნა N MIA 5 19 01404425 შეტყობინება (გადაწყვეტილება), რომლის თანახმადაც იუ----– ურ-----–-ს უარი ეთქვა საქართველოში როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე (ტომი პირველი, ს.ფ. 42-43).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დავის საგნის ფარგლებში, იმისათვის, რომ დადასტურდეს მოსარჩელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გასაუბრებისას და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტების საფუძვლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს მოსარჩელის მიმართ კონვენციური დევნის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ნამდვილობის საკითხი.
სასამართლოს განმარტებით, ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.
თავის მხრივ, დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს.
ამდენად, ლტოლვილის ცნებიდან გამომდინარე, ლტოლვილი არის პირი, რომელსაც არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი საცხოვრებელი ქვეყანა. იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. დევნა კი უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევას, როგორიც არის წამება, შეურაცხყოფა, ძალადობა და სხვა ზიანის მიყენება და წარმოადგენდეს ქვეყნის დატოვების - უკიდურესი ქმედების შედეგს.
სასამართლომ სრულად გაიზიარა სადავო გადაწყვეტილების საფუძვლად არსებულ დასკვნაში დაფიქსირებულ პოზიციას, რომლის მიხედვითაც სანდოდ იქნა მიჩნეული ფაქტი, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ხორციელდება განმცხადებლის მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნა. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „დევნა“ უნდა განვასხვავოთ საერთო სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის საფუძველზე მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნისგან. საქმის მასალების მიხედვით არ იკვეთება განმცხადებლის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებები ან უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნისა და თუ შეუსაბამოდ მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფრთხე, რაც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციის 1ა მუხლის მე-2 პუნქტით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ რომელიმე ნიშანთან (რასა, რელიგია, ეროვნება, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილება ან პოლიტიკური შეხედულება). შესაბამისად, განმცხადებლის შიში, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაექვემდებარება სისხლისსამართლებრივ დენას, თავისი არსით არ მიეკუთვნება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციის და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ რომელიმე ნიშანს. ზემოაღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელე მხარის მიმართ აღარ გაგრძელდა კვლევა, მისთვის ლტოლვილის სტატუსის დადგენის მიმართულებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის იუ----– ურ-----–-სათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნაზე, სადაც ნათქვამია, რომ თავშესაფრის მაძიებელი აცხადებს მასთან კონტაქტში მყოფ ბანდა „ფოლადის“ წევრების შესახებ, რომლებსაც სურდათ ბანდაში მისი გაწევრიანება, რადგან მისი ,,რეპუტაცია" მათ საქმიანობაზე დადებითად იმოქმედებდა. თავშესაფრის მაძიებელი განმარტავს, რომ მისი მხრიდან აღნიშნულ შეთავაზებაზე რამდენიმე უარის შემდეგ მას უკვე დაჯგუფების წევრები ემუქრებოდნენ ფიზიკურსწორებით და აგინებდნენ. ალოგიკურია ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელემ რამდენჯერმე გამოართვა და დაუბრუნა ვალი იმ პიროვნებას, რომელიც მას ფიზიკურად უსწორდებოდა და მის ოჯახს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ამასთან, კითხვაზე იცნობდა თუ არა ბანდის წევრებს, განმცხადებელი განმარტავს, რომ მათი სახელები არ იცის, მხოლოდ „ფოლადის“ ბანდის სახელწოდება სმენია. მიუხედავად იმისა, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე უბანში ხალხს იცნობდა, სხვა ბანდების ჩათვლით და ამ ადამიანებს არაერთხელ დალაპარაკებია, მას დაუბრკოლებლად შეეძლო პოლიციისთვის მიემართა უსაფრთხოების გარანტიის მიღების მიზნით. მაშინ როდესაც, მისივე განცხადებით, აღნიშნული ბანდა იდევნებოდა და ლიდერი იმალებოდა (რომელიც, მოსარჩელის, განცხადებით ადრე ჰყავდა ერთხელ ნანახი, თუმცა არ იცნობდა). საგულისხმოა, რომ იუ----– ურ-----–-ს განმარტებით, მიერ მიერ სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვა არ იქნებოდა მართებული ქცევა. თავშესაფრის მაძიებელი აცხადებს, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში „ფოლადის“ ბანდის წევრებმა შესაძლოა მასზე შური იძიონ ბანდის წევრის მკვლელობის გამო, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ თითქმის 2 წელი და 6 თვეა გასული ამ ფაქტის შემდეგ და არც კი იცის, ბანდა „ფოლაფი“ კვლავ ფუნქციონირებს, თუ არა. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ხსენებული დაჯგუფების მიმართ თურქეთის სამართალდამცავმა უწყებებმა აღძრეს სისხლისსამართლებრივი დევნა, რის შედეგადაც ლიდერი იმალებოდა და შესაძლოა, ბანდამ ამ ეტაპზე შეწყვიტა კიდეც ფუნქციონირება, რაც მეტყველებს სამართალდამცავების ადექვატურ მოქმედებაზე.
თავის მხრივ, დასკვნის თანახმად, სანდოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელის განაცხადი წარმოშობის ქვეყანაში მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, რასაც ადასტურებდა მისი განაცხადი და საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოგზავნილი საექსტრადიციო მასალები, რომლის თანახმად, იუ----– ურ-----–-ს (დაბ.12.08.1963 წ.) თურქეთის რესპუბლიკაში ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის #5237 81- მუხლით (ადამიანთა განზრახ მკვლელობა).
სასამართლოს მითითებით, პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს საფუძვლიანი შიში, რაც მდგომარეობს არა მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობაში, არამედ პირის განწყობა გამყარებული უნდა იყოს ობიექტური გარემოებებით. ამდენად, „საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისაგან. თავშესაფრის მაძიებელმა უნდა დაასაბუთოს, რატომ აქვს დევნის შიში. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ კონვენციური დევნა უნდა განვასხვავოთ საერთო სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზნით პირის დევნისაგან. ადამიანები, რომლებიც სამართლებრივ დევნას ან სასჯელს გაურბიან, როგორც წესი, არ ითვლებიან ლტოლვილებად. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ლტოლვილი არის უსამართლობის მსხვერპლი - ან პოტენციური მსხვერპლი, და არა პირი, რომელიც მართლმსაჯულებას გაურბის ან მისი მსოფლმხედველობის გამო არ სურს მიმართოს დახმარებისათვის წარმოშობის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლი თავადაც არ უარყოფს და აღნიშნავს, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მას არ უნდა თავდაცვისას კვლავ „ვინმე შემოაკვდეს“, არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან მისი მსოფლმხედველობით „ეს არ არის სწორი საქციელი“, რაც ასევე მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობაზე და კონვენციის მიზნებისათვის შიშის არარსებობაზე. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს თავად მოსარჩელის კრიმინალურ წარსულზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი აქვს გატარებული თურქეთის რესპუბლიკის საპატიმრო დაწესებულებებში, რაც ასევე მიუთითებს მოსარჩელის მიზანზე აარიდოს თავი მართლმსაჯულებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლო დაეთანხმა მოპასუხის განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ისეთი სახის არსებითი ფაქტი, რომელიც თავისი არსით მიეკუთვნება ლტოლვილის სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციით და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ ნიშანს. შესაბამისად, სასამართლო ეთანხმება მოპასუხის არგუმენტაციას და მართებულად მიიჩნევს მოპასუხის უარს მოსარჩელისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.
მოსარჩელის განცხადების განხილვისას შესწავლილ იქნა ასევე თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისობა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის (ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება) მოთხოვნებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხემ მიუთითა, რომ საქმის ინდივიდუალური გარემოებებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, არ იკვეთებოდა საჭიროება, რომ კვლევა განხორციელებულიყო ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმებით, რადგანაც არ იკვეთებოდა განმცხადებლის მიმართ სიკვდილით დასჯის რისკი ან მისი სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. ამასთან, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თავშესაფრის მაძიებელს, წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა დამუქრებოდა პატიმრობა, საჭიროდ იქნა მიჩნეული კვლევა განხორციელებულიყო ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებით, კერძოდ, შეფასებულიყო მის მიმართ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რეალური რისკი. ამ მიზნით, მოპასუხის მიერ შესწავლილ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში არსებული საპატიმრო პირობები, კერძოდ EASO-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე წყარო მიუთითებს თურქეთის ციხეებში განხორციელებული არაერთი პოზიტიური ცვლილების შესახებ, მაგალითად როგორიცაა ციხის პირობებისა და ციხეში ზედამხედველობის გაუმჯობესება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, „ციხეების მდგომარეობა თურქეთში იყო არაადეკვატური და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ უკვე წერს, რომ ციხის პირობები ზოგადად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, ცალკეული გამონაკლისების გარდა. აღსანიშნავია, რომ ასევე მიღებული იქნა ზომები, რათა მომხდარიყო ციხის გადატვირთულობის თავიდან აცილება, ციხის შესაძლებლობების გათვალისწინებით და ასევე, პრობაციის სისტემის შემოღებით, დამონტაჟებული იქნა ზედამხედველობის კამერები დაკავების ადგილების 97 პროცენტში და საერთო ადგილებში, მათ შორის გასაუბრების ოთახებში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საანგარიშო პერიოდი - 2018 წელი) წერს, რომ საპატიმრო დაწესებულებები, ზოგადად, ბევრ ასპექტში თავსებადი იყო საერთაშორისო სტანდარტებთან. გადავსებულობა (განსაკუთრებით, 2016 წლის ჩაშლილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ) და ადეკვატურ ჯანდაცვაზე წვდომა კვლავ რჩებოდა მნიშვნელოვან პრობლემად. დეტალურად აღნიშნული კველევების შესახებ ასევე აღნიშნულია საქმეში არსებულ დასკვნაში, რომელიც შეფასებულ იქნას სასამართლოს მიერ შესაბამის ეტაპზე და ერთვის საქმეს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება მასზედ, რომ თავშესაფრის მაძიებელს არ გააჩნია ისეთი სახის ინდივიდუალური გარემოება, რომ ექსტრადირებისა და საპატიმრო პირობებში მოთავსების შემთხვევაში დადგეს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის რეალური რისკის ქვეშ. ამასთან, ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკაში არ ფიქსირდება განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოპასუხის უარს იუ----– ურ-----–-სათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზეც, ვინაიდან თავშესაფრის მაძიებელმა ვერ მიუთითა ისეთი სახის გარემოებებზე, რაც დაადასტურებდა ადამიანის ფუნდამეტური უფლებების დარღვევის რისკის ქვეშ დადგომის ფაქტს.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის თანახმად, აპელანტი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. წარმოშობის ქვეყანაში ის განიცდიდა დევნას გარკვეული დაჯგუფებების მხრიდან, სახელმწიფო კი არ ახორციელებდა მისი უფლებების დაცვას. კერძოდ, 2013 წელს თურქეთში არსებული დაჯგუფების - ,,ფოლადის“ წევრებმა აპელანტს შესთავაზეს მათთან თანამშრომლობა და არალეგალური საქმიანობის დაწყება, რაზეც აპელანტმა განუცხადა უარი. შემდგომ მასზე სისტემატიურად ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა ზემოხსენებული ბანდის მხრი აპელანტმა ვერ მიმართა პოლიციას რადგან ეს აზრს მოკლებული იყო და პოლიცია მას ვერ დაეხმარებოდა.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, 2016 წლის ივნისში აპელანტს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა დაჯგუფების ერთ-ერთ წევრთან - თურან ქიზიტთან, რა დროსაც იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა თუმცა არ იცოდა სად მოხვდა ტყვია ქიზიტს; მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა რომ დაჯგუფების წევრს ტყვია თავში მოხვდა და გარდაიცვალა. აპელანტმა გააცნობიერა, რომ ამის შემდეგ მის სოცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა და დატოვა წარმოშობის ქვეყანა. თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში მას დააპატიმრებენ და პატიმრობის დროს ,,ფოლადის“ ბანდის წევრები ეცდებიან მის მოკვლას შურისძიების მიზნით. შესაბამისად, აპელანტის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დაირღვევა ფუნდამენტური უფლებები და ის დიდი ალბათობით გახდება წამების და არაადამიანური მოპყრ მსხვერპლი. ამდენად, წარმოუდგენელია მისი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც, თურქ საპატიმროებში საკმაოდ გავრცელებულია შურისძიების მიზნით პატიმრებზე თავდასხმა და მკვლელობები. აპელანტმა საერთაშორისო დაცვის მინიჭების თხოვნით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ სრულ დაუსაბუთებლად უარი უთხრა მას საერთაშორისო დაცის მინიჭებაზე, ისე რომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული ყველა გარემოება და წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო არსებითად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.
სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 31 მაისის № MIA 5 19 01404425 გადაწყვეტილება (შეტყობინება), რომლითაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.
უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს, თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს, უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს, სახელმწიფო უწყებათა კომპეტენციებს თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფის სფეროში განსაზღვრავს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
მითითებული კანონის მესამე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია თავშესაფრის მაძიებლის ცნება - თავშესაფრის მაძიებელი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან, რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს 1951 წლის კონვენციის შესაბამისად, ცნება „ლტოლვილი“ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც საფუძვლიანი შიშის გამო შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ”ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
ამდენად, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციით განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომელთა არსებობის დროსაც დგინდება ლტოლვილის სტატუსთან კონკრეტული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში, დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით, მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა. ამასთანავე, დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს. ამდენად, ლტოლვილის ცნებიდან გამომდინარე, ლტოლვილი არის პირი, რომელსაც არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი საცხოვრებელი ქვეყანა. იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. დევნა კი უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევას, როგორიც არის წამება, შეურაცხყოფა, ძალადობა და სხვა ზიანის მიყენება და წარმოადგენდეს ქვეყნის დატოვების - უკიდურესი ქმედების შედეგს.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტი (მოსარჩელე) ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს მის მიმართ დევნის განხორციელების საფრთხეზე რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძვლით. სწორედ ამიტომ, საკითხის სრულყოფილად შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გათვალისწინებული იქნა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები. დასახელებული მუხლის შესაბამისად, თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ცალკეული საფუძვლები შესაბამისი დოკუმენტური ან სხვა მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, ასეთ გარემოებებს არ სჭირდება დამტკიცება შემდეგი გარემოებების ერთობლივად არსებობის შემთხვევაში: ა) თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასასაბუთებლად მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენა; ბ) თავშესაფრის მაძიებელმა წარადგინა საქმის განხილვისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ინფორმაცია, ამასთანავე, დამაკმაყოფილებლად ახსნა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის არარსებობა; გ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია თანამიმდევრულია, დამაჯერებელია და არ ეწინააღმდეგება წარმოშობის ქვეყნის შესახებ არსებულ ინფორმაციას; დ) თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვა მოითხოვა ასეთი შესაძლებლობის გაჩენისთანავე, თუ მის მიერ არ იქნა წარდგენილი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემაფერხებელი მიზეზები; ე) დადგინდა თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ზოგადი სანდოობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მითითებულ მოთხოვნებსაც, რაც ეჭვის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო.
სააპელაციო პალატა განსახილველ შემთხევაში ყურადღებას ამახვილებს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის იუ----– ურ-----–-სათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნაზე, სადაც ნათქვამია, რომ თავშესაფრის მაძიებელი აცხადებს მასთან სისტემატურად კონტაქტში მყოფ ბანდა „ფოლადის“ წევრების შესახებ, რომლებსაც სურდათ ბანდაში მისი გაწევრიანება, რადგან მისი რეპუტაცია მათზე დადებითად იმოქმედებდა. თავშესაფრის მაძიებელი განმარტავს, რომ მისი მხრიდან აღნიშნულ შეთავაზებაზე რამდენიმე უარის შემდეგ მას უკვე დაჯგუფების წევრები ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ. ალოგიკურია ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელემ რამდენჯერმე გამოართვა და დაუბრუნა ვალი იმ პიროვნებას, რომელიც მას ფიზიკურად უსწორდებოდა და მის ოჯახს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ამასთან, კითხვაზე იცნობდა თუ არა ბანდის წევრებს, განმცხადებელი განმარტავს, რომ მათი სახელები არ იცის, მხოლოდ „ფოლადის“ ბანდის სახელწოდება სმენია. მიუხედავად იმისა, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე უბანში ხალხს იცნობდა, სხვა ბანდების ჩათვლით და ამ ადამიანებს არაერთხელ დალაპარაკებია, მას დაუბრკოლებლად შეეძლო პოლიციისთვის მიემართა უსაფრთხოების გარანტიის მიღების მიზნით. მაშინ როდესაც, მისივე განცხადებით, აღნიშნული ბანდა იდევნებოდა და ლიდერი იმალებოდა (რომელიც, მოსარჩელის, განცხადებით ადრე ჰყავდა ერთხელ ნანახი, თუმცა არ იცნობდა). საგულისხმოა, რომ იუ----– ურ-----–-ს განმარტებით, მიერ მიერ სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვა არ იქნებოდა მართებული ქცევა. თავშესაფრის მაძიებელი ასევე აცხადებს, რომ თურქეთში „ფოლადის“ ბანდის წევრებმა შესაძლოა მასზე შური იძიონ ბანდის წევრის მკვლელობის გამო, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ თითქმის 2 წელი და 6 თვეა გასული ამ ფაქტის შემდეგ და არც კი იცის, ბანდა „ფოლადი“ კვლავ ფუნქციონირებს, თუ არა. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ხსენებული დაჯგუფების მიმართ თურქეთის სამართალდამცავმა უწყებებმა აღძრეს სისხლისსამართლებრივი დევნა, რის შედეგადაც ლიდერი იმალებოდა და შესაძლოა, ბანდამ ამ ეტაპზე შეწყვიტა კიდეც ფუნქციონირება, რაც მეტყველებს სამართალდამცავების ადექვატურ მოქმედებაზე.
თავის მხრივ, დასკვნის თანახმად, სანდოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელის განაცხადი წარმოშობის ქვეყანაში მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, რასაც ადასტურებდა მისი განაცხადი და საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოგზავნილი საექსტრადიციო მასალები, რომლის თანახმად, იუ----– ურ-----–-ს (დაბ.12.08.1963წ.) თურქეთის რესპუბლიკაში ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის N5237 81-ე მუხლით (ადამიანთა განზრახ მკვლელობა) ხოლო მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან, 1951 წლის ჟენევის კონვენციის თანახმად, კონვენციური დევნა განსხვავდებოდა საერთო სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნისგან, აღნიშნულის განხილვა სცილდებოდა მოპასუხის კომპეტენციას.
სასამართლო მიუთითებს, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს საფუძვლიანი შიში, რაც მდგომარეობს არა მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობაში, არამედ პირის განწყობა გამყარებული უნდა იყოს ობიექტური გარემოებებით. ამდენად, „საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისაგან. თავშესაფრის მაძიებელმა უნდა დაასაბუთოს, რატომ აქვს დევნის შიში. პალატა კვლავ განმარტავს, რომ კონვენციური დევნა უნდა განვასხვავოთ საერთო სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზნით პირის დევნისაგან. ადამიანები, რომლებიც სამართლებრივ დევნას ან სასჯელს გაურბიან, როგორც წესი, არ ითვლებიან ლტოლვილებად. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ლტოლვილი არის უსამართლობის მსხვერპლი - ან პოტენციური მსხვერპლი, და არა პირი, რომელიც მართლმსაჯულებას გაურბის ან მისი მსოფლმხედველობის გამო არ სურს მიმართოს დახმარებისათვის წარმოშობის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლი თავადაც არ უარყოფს და დაბეჯითებით აღნიშნავს, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, თუკი მას ზემოხსენებული ,,ბანდა" მიაკითხავს არ უნდა თავდაცვისას კვლავ „ვინმე შემოაკვდეს“. ამასთან, არ მიაჩნია მიზანშეწონილად საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს, რადგან მისი მსოფლმხედველობით „ეს არ არის სწორი საქციელი“, რაც ცალსახად მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობაზე და კონვენციის მიზნებისათვის შიშის არარსებობაზე. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს თავად მოსარჩელის კრიმინალურ წარსულზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი აქვს გატარებული თურქეთის რესპუბლიკის საპატიმრო დაწესებულებებში, რაც ასევე მიუთითებს მოსარჩელის მიზანზე აარიდოს თავი მართლმსაჯულებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ისეთი სახის არსებითი ფაქტი, რომელიც თავისი არსით მიეკუთვნება ლტოლვილის სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციით და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ ნიშანს. შესაბამისად, სასამართლო ეთანხმება მოპასუხის არგუმენტაციას და მართებულად მიიჩნევს მოპასუხის უარს მოსარჩელისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.
რაც შეეხება ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს მე-19 მუხლის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. შესაბამისად, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისთვის პირმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება წარმოშობს მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს, იმავდროულად, სერიოზული ზიანის ცნება კანონმდებელმა დეტალურად განმარტა. კერძოდ, საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თავშესაფრის მაძიებელს, წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა დამუქრებოდა პატიმრობა, საჭიროდ იქნა მიჩნეული კვლევა განხორციელებულიყო ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებით, კერძოდ, შეფასებულიყო მის მიმართ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რეალური რისკი. ამ მიზნით, მოპასუხის მიერ შესწავლილ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში არსებული საპატიმრო პირობები, კერძოდ EASO-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე წყარო მიუთითებს თურქეთის ციხეებში განხორციელებული არაერთი პოზიტიური ცვლილების შესახებ, მაგალითად როგორიცაა ციხის პირობებისა და ციხეში ზედამხედველობის გაუმჯობესება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, „ციხეების მდგომარეობა თურქეთში იყო არაადეკვატური და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ უკვე წერს, რომ ციხის პირობები ზოგადად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, ცალკეული გამონაკლისების გარდა. აღსანიშნავია, რომ ასევე მიღებული იქნა ზომები, რათა მომხდარიყო ციხის გადატვირთულობის თავიდან აცილება, ციხის შესაძლებლობების გათვალისწინებით და ასევე, პრობაციის სისტემის შემოღებით, დამონტაჟებული იქნა ზედამხედველობის კამერები დაკავების ადგილების 97 პროცენტში და საერთო ადგილებში, მათ შორის გასაუბრების ოთახებში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საანგარიშო პერიოდი - 2018 წელი) წერს, რომ საპატიმრო დაწესებულებები, ზოგადად, ბევრ ასპექტში თავსებადი იყო საერთაშორისო სტანდარტებთან. გადავსებულობა (განსაკუთრებით, 2016 წლის ჩაშლილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ) და ადეკვატურ ჯანდაცვაზე წვდომა კვლავ რჩებოდა მნიშვნელოვან პრობლემად. (დეტალურად აღნიშნული კველევების შესახებ აღნიშნულია საქმეზე თანდართულ დასკვნაში).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ თავშესაფრის მაძიებელს არ გააჩნია ისეთი სახის ინდივიდუალური გარემოება, რომ ექსტრადირებისა და საპატიმრო პირობებში მოთავსების შემთხვევაში დადგეს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის რეალური რისკის ქვეშ. ამასთან, ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკაში არ ფიქსირდება განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევები.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რათა პირს მიენიჭოს თავშესაფარი, აუცილებელია იმ ფაქტის დამტკიცება, რომ მან ქვეყანა დატოვა არა უბრალოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, არამედ სახელმწიფოს მიერ ისეთი ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებების დარღვევის შედეგად, რაც ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისათვის დევნისა და საფუძლიანი შიშის შემადგენლობას ქმნის ან მიუთითებს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების წინაპირობების არსებობაზე. აპელანტის მიერ კი მსგავსი გარემოებები და მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები:
აპელანტი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 2125, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. იუ----– ურ-----–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი