განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.02.2020
საქმის ნომერი
330210019003103587
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
24.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/9017-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაია გიგაური

სხდომის მდივანი – ლანა ჩერქეზიშვილი

 

აპელანტი - შპს ,,ა----“

წარმომადგენელი - თ---------------–---–ი, ლევან გელაშვილი

 

მოწინააღმდეგე მხარე – ი-------------–---–ი

წარმომადგენელი - ლ--–----------–---–ი

 

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს ,,ა----ს“ აეკრძალოს ქ. თ---–--–----------------–-–---–-------------ში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული საერთო სარგებლობის ერთადერთი ლიფტით ი-------------–---–ის მიერ სარგებლობაში ხელშეშლა. შპს ,,ა----ს“ დაევალოს ქ. თ---–--–----------------–-–---–-------------ში მდებარე N-- ბინის მესაკუთრე ი-------------–---–ისთვის, ლიფტის გამოყენების მიზნით, ლიფტში დამონტაჟებული ელექტრონული მოწყობილობის გამოსაყენებლად, მოქმედებაში მყოფი, ვარგისი ელექტრონული გასაღების გადაცემა.

 

1.2. შპს ,,ა----ს“ აეკრძალოს ქ. თ---–--–----------------–-–---–-------------ში მდებარე N-- ბინის მესაკუთრე ი-------------–---–ის მიმართ ყველა და ნებისმიერი იმ ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს შეუშლის მესაკუთრე ი-------------–---–ს ამ პუნქტში აღნიშნული ბინით სარგებლობაში და ამ ბინასთან თავისუფალ წვდომაში.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, ი-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს ,,ა----ს“ აეკრძალა ქ-------–--–----------------–-–---–------------ში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული საერთო სარგებლობის ერთადერთი ლიფტით ი-------------–---–ის მიერ სარგებლობაში ხელშეშლა. შპს ,,ა----ს“' დაევალა ქ. თ---–--–----------------–-–---–----------4-ში მდებარე N-- ბინის მესაკუთრე ი-------------–---–ისთვის, ლიფტის გამოყენების მიზნით, ლიფტში დამონტაჟებული ელექტრონული მოწყობილობის გამოსაყენებლად, მოქმედებაში მყოფი, ვარგისი ელექტრონული გასაღების გადაცემა. შპს ,,ა----ს“ ასევე აეკრძალა ქ. თ---–--–----------------–-–---–-------------ში მდებარე N-- ბინის მესაკუთრე ი-------------–---–ის მიმართ ყველა და ნებისმიერი იმ ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს შეუშლის მესაკუთრე ი-------------–---–ს ამ პუნქტში აღნიშნული ბინით სარგებლობაში და ამ ბინასთან თავისუფალ წვდომაში.

 

3. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს ,,ა----მ“ და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა ,,ბინათმესაკუთრეთა” ამხანაგობის კანონი და მისი მე-5, მე-11, მე-19 და 25-ე მუხლები და არ მიიჩნია წინამდებარე შემთხვევა ხსენებული კანონით რეგულირებულ სამართალურთიერთობად, ასევე არ იმსჯელა ი-------------–---–ის, როგორც ამხანაგობის წევრის ვალდებულებებზე, ამხანაგობის სხვა წევრებთან ერთად, იზრუნოს ამხანაგობის ამოცანების კეთილსინდისიერად შესრულებაზე.

 

3.2. აპელანტის შეფასებით, ი-------------–---–ი უსასიდლოდ სარგებლობს იმ სიკეთით (ლიფტის მომსახურებით), რაშიც მისი მეზობლები (ამხანაგობის სხვა წევრები) იხდიან გადასახადს, რაც სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შედეგად, კიდევ უფრო უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მოწინააღმდეგე მხარეს, მისი მეზობლებისგან განსხვავებით.

 

3.3. აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ხელშეშლის აღკვეთის მარეგულირებელი ნორმები, ვინაიდან შპს ,,ა----ს“ მხრიდან არანაირ ხელშეშლას ადგილი არ აქვს, არც საკუთრების ხელყოფის და მისით სარგებლობის შეზღუდვის ფაქტს ჰქონია ადგილი. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, ი-------------–---–ის სარჩელს კი დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ:

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება:

 

5. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ბინა N--, მდებარე მისამართზე ქ. თბ--–------------------–-–---–--------- (ყოფილი ხ--–--------------------–-------------------------------------ის მიმდებარედ), ვ-------------------------, მე-10 სართული, ფართი 50.3 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0-------------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი-------------–---–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 5 დეკემბერს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. I, ს. ფ. 60-61, 94-95).

 

5.2. თავდაპირველი მოსარჩელის ახსნა განმარტებით დადგენილია და აპელანტი სადავოდ არ ხდის ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შპს ,,ა----“ არ აძლევს მოსარჩელეს ლიფტით სარგებლობის შესაძლებლობას, რის გამოც, ი-------------–---–ს მე-10 სართულზე მდებარე ბინაში ფეხით სიარული უწევს. აპელანტის ახსნა-განმარტების თანახმად, ხელშეშლა განპირობებულია იმით, რომ ი-------------–---–ი ხელს არ აწერს მომსახურების ხელშეკრულებას.

 

5.3. მხარეებს შორის 2016 წლის 5 დეკემბერს დაიდო საჯარო რეესტრში ნომერი 0------------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ნასყიდობის საფასურის გადახდის სანაცვლოდ, მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაეცა სადავო მისამართზე, მე-10 სართულზე მდებარე ბინა #--. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მოსარჩელის ვალდებულებას, ხელი მოაწეროს მოპასუხის მიერ შეთავაზებულ მომსახურების ხელშეკრულებას. დადგენილია, რომ ამავე ხელშეკრულებით მოპასუხემ მოსარჩელისთვის შენობაში დამონტაჟებული ლიფტის მფლობელობაში გადაცემა იკისრა (იხ. ტ. I, ს. ფ. 48-53, ს. ფ. 48, მუხლი 3).

 

6. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონი.

 

პალატა შენიშნავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს.

 

ხსენებული კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება, ამავე მუხლის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ,,ინდივიდუალური საკუთრება“ არის ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე - ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.); ხოლო ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება“ არის მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში.

 

ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილის დანაწესით, ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს: ა) მიწის ნაკვეთი; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მომსახურებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები და საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა; გ) მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა. შ.); დ) მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში; ე) სატრანზიტო გაყვანილობა.

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა შენიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით 2020 წლის 24 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე თავად აპელანტის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებიდან დგინდება, რომ ქ. თ---–--–----------------–-–---–----------ში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში არ არის შექმნილი ამხანაგობა და შესაბამისად, არც ამხანაგობის თავმჯდომარეა არჩეული ამავე კორპუსის მაცხოვრებლების მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივი ურთიერთობას ვერ დაუქვემდებარებს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებად სფეროს, მით უფრო, რომ წინამდებარე საქმის აღძვრამდეც შპს ,,ა-----“ და ი-------------–---–ს შორის არსებობდა მრავალწლიანი სახელშეკრულებო ურთიერთობა და მხარეთა ყოველი პრეტენზია და მოთხოვნა სწორედ აღნიშნული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს.

 

7. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით.

 

პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის ორი საშუალება არსებობს – ვინდიკაციური სარჩელი და ნეგატორული სარჩელი. ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ მის მოთხოვნას ეს უკანასკნელი არ დაეთანხმება და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას.... ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთის სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას, ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება, ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან.

 

სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

წინამდებარე შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ აპელანტის მხრიდან ნამდვილად აქვს ადგილი ხელის შეშლას, რის გამოც ი-------------–---–ს ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული, საცხოვრებელი სახლის მე-10 სართულზე მდებარე N-- ბინის დაუბრკოლებლად გამოყენების შესაძლებლობა და შენობის ლიფტით სარგებლობის გარეშე, მოსარჩელე იძულებულია, თავის კუთვნილ ბინაში ფეხით ავიდეს. ამასთან, დადგენილია, რომ ლიფტით სარგებლობასთან დაკავშირებული ხელშეშლის გარდა, მოპასუხის მხრიდან წარსულში ადგილი ჰქონდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, მე-10 სართულზე მდებარე N-- ბინით სარგებლობაში ხელშეშლასაც, რაც მოსარჩელის კუთვნილი ბინის უკანონო მფლობელობაში გამოიხატებოდა, რის თაობაზეც დავა მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

საგულისხმოა ისიც, რომ ხელშეშლის საფუძვლად აპელანტი მხარე მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მომსახურების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარს ასახელებს, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის არსებული ძირითადი ხელშეკრულებით აღნიშნულის კანონისმიერი და არც სახელშეკრულებო ვალდებულება არ არსებობს, მით უფრო, რომ სახელშეკრულებო ნების თავისუფლების პრინციპის საწინააღმდეგოდ განიმარტება ნებისმიერი დათქმა, რაც მხარეს ავალებს უპირობოდ დაეთანხმოს მეორე მხარის მიერ შეთავაზებულ პირობებს, რასაც, როგორც მხარეები აცხადებენ და არ ხდიან სადავოდ, ადგილი აქვს სწორედ შპს ,,ა----ს“ მხრიდან ი-------------–---–ისთვის შეთავაზებული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებშიც.

 

შესაბამისად, რამდენადაც მხარეებს შორის ჯერ არ არის მიღწეული შეთანხმება მომსახურების ხელშეკრულების მხარეთათვის ურთიერთმისაღებ პირობებზე, იგი არ წარმოშობს შპს ,,ა----ს“ უფლებას, ხელი შეუშალოს მოსარჩელეს საკუთრებით თავისუფლად სარგებლობაში, შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო.

 

8. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ხელშეშლის ფაქტის არარსებობის დადასტურება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო დაესაბუთებინა ხელშეშლის არსებობა და მისი არამართლზომიერება.

 

პალატა იზიარებს ი-------------–---–ის პოზიციას მასზედ, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ თავდაპირველ მოსარჩელეს წართმეული აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ლიფტით, რომელიც გონივრული განსჯის შედეგად, წარმოადგენს მეათე სართულზე მდებარე საცხოვრებელ ბინასთან დამაკავშირებელ აუცილებელ, ხოლო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის საჭიროების შემთხვევაში - ერთადერთი დამაკავშირებელ გადასაადგილებელ საშუალებას. ლიფტით სარგებლობის უფლება კი ი-------------–---–ს შეზღუდული აქვს უსაფუძვლოდ აპელანტის მხრიდან, რომელმაც, თავის მხრივ, ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ შეზღუდვა მართლზომიერი და გამართლებულია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ა----მ“ ვერც პირველ ინსტანციაში სარჩელის განხილვისას და ვერც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ვერ შეძლო თავდაპირველი მოსარჩელის არგუმენტებისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის გაქარწყლება, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ შპს ,,ა----ს“ სააპელაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

9. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

საპროცესო ხარჯები

 

10. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე ი-------------–---–ის მიერ დაყენებულია შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის გამო იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის - 2000 ლარის, სატრანსპორტო გადაადგილების ხარჯის - 30 ლარის, წერილობითი პასუხისა და მტკიცებულებების მომზადებისთვის ფურცლებზე და მათ აკინძვაზე გაღებული ხარჯის, ჯამში 40.10 ლარის, საფოსტო გზავნილების ხარჯის - 10 ლარისა და აღსრულების ხარჯის - 200 ლარის აპელანტისთვის ასანაზღაურებლად დაკისრების შესახებ (იხ. სააპელაციო შესაგებელი, ტომი 4).

 

სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების სასარგებლოდ, ი-------------–---–ის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს ,,ა----ს“ უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაღებული სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურება ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ხარჯის გაღების დამადასტურებელი ქვითრების შესაბამისად. იმ ხარჯების ანაზღაურება კი, რომელთა გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია და რომლებიც გარდაუვლად წარმოიშობა სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობისას, აპელანტს უნდა დაეკისროს გონივრულ ფარგლებში და დაანგარიშებულ უნდა იქნეს სავარაუდოდ გაწერილი ხარჯების გონივრული ოდენობის გათვალისწინებით. კერძოდ, ი-------------–---–ის შუამდგომლობის შესაბამისად, შპს ,,ა----ს“ უნდა გადახდეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 700 ლარის, სააღსრულებო წარმოების მოსაკრებლის - 200 ლარისა და სატრანსპორტო გადაადგილებაზე, საქმეზე დახარჯული ფურცლების, კონვერტების და სხვა საკანცელარიო მასალის აკინძვაზე, საფოსტო გზავნილებზე გაღებული ხარჯის გონივრული ოდენობა - 50 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 950 ლარს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,ა----ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო საჩივარზე გაღებული სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. შპს ,,ა----ს“ ივანე პეტრიაშილის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სასამართლოსგარეშე ხარჯების სახით გადახდილი თანხის ნაწილის - 950 ლარის ანაზღაურება.

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია გიგაური