განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002328413
საქმე №2ბ/3700-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ლევან მიქაბერიძე
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი: ლანა ჩერქეზიშვილი
აპელანტი - კ---------------ა
წარმომადგენელი - ე-------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - გ-----------–----ა
წარმომადგენელი - ი-----–--------–---–ი
დავის საგანი - პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.03.2019 წლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
28.02.2018წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა კ---------------ამ მოპასუხე გ-----------–----ას მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
11.06.2018წ. კ---------------ამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე გ-----------–----ას მიმართ და მოითხოვა დაევალოს გ-----------–----ას 2018 წლის 7 თებერვალს ჩატარებული პრესკონფერენციისას მოსარჩელე კ---------------ას მისამართით გაჟღერებული არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების უარყოფა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, კერძოდ, ,,როდესაც კომპანია გახდა საინტერესო ისევ გარკვეული პირებისათვის, მათ უკვე დაიწყეს ისევ ამ გზით...იმ...ახალი ვერაფერი ვერ მოიფიქრეს, რა თქმა უნდა, და დაიწყეს ბრძოლა სწორედ იმ მეთოდებით, რომელიც მაგათ იციან და მაგათი ტვინი მეტს ვერ ფლობს. მე მინდა დღეს პირველად დავასახელო, დღევანდელი პრესკონფერენცია იქნება იმ ადამიანების დასახელება, რომლებიც უშუალოდ არიან მონაწილეები ამ პროცესში, თუ ვის ინტერესში შედის ეს ყველაფერი და იმედი მაქვს, რომ...’’; ,,მე მინდა ხაზი გავუსვა და გავაკეთო განცხადება, ეს აღნიშნული ქმედება აბსოლუტური პასუხისმგებლობით გეუბნებით, არის ერთადერთი მიზნის გამო, რომ გარკვეულმა პირობნებებმა ჩაიგდონ კომპანია ხელში აი ასეთი მეთოდით. ეს გახლავთ,,,’’; ,,...ჰო, შემდგომ გვქონდა ჩვენ 2012 წელში ასევე შემტევა. ეს იყო არჩევნების წინა პერიოდი, როდესაც 2012 წლის თებერვლის პერიოდში ჩვენთან შემოვიდა ასევე საგადასახადო ინსპექცია, პარალელურად შექმნეს ჩვენი კონკურენტი ვითომ კომპანია და იყო პირდაპირი მითითება, ჩვენ უნდა დაგვეთმო გარკვეული წილები. სწორედ აი ამ მთელ პროცესს ხელმძღვანელობდა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი დ--------–---–---–ი ჩემი შეფასებით, რა თქმა უნდა, არის დ--------–---–---–ი და ასევე, სავარაუდოდ, იყო კ-----------ა. კარგად გახსოვთ ეს ადამიანი - მაშინ იყო ე---------------------ის მოადგილე და მის ხელთ არსებული კომპანიის, აუდიტორული კომპანიის, რომელიც კარგად გახსოვთ და ისინი გასამართლებულნი იყვნენ უკვე ახალი მთავრობის პირობებში, აი, სწორედ ასეთი საქციელების გამო და ჩვენ, რეალურად გადაგვარჩინა იმ პოლიტიკურმა მოვლენებმა...’’ მოსარჩელემ სარჩელით, ასევე, მოითხოვა დაეკისროს მოპასუხე გ-----------–----ას მოსარჩელე კ---------------ასთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1 ლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.03.2019 წლის გადაწყვეტილებით, კ---------------ას სარჩელი მოპასუხე გ-----------–----ას მიმართ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კ---------------ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ მოპასუხის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადების ფარგლებში, მან ბრალი დასდო მოსარჩელეს იმაში, რომ კ---------------ა დ--------–---–---–თან და ვ-–--------------------სთან ერთად, დაინტერესებულია შპს ,,ბ--------ის“ ხელში ჩაგდებით, რომ ისინი არიან დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები და, რომ ისინი გასამართლებულნი არიან ამგვარი დანაშაულებისათვის. აღნიშნული პრესკონფერენციის ჩატარება მოჰყვა შპს ,,ბ--------ში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის ფაქტს.
მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის/აპელანტის დასახელება მტკიცებით ფორმატში იმ კონტექსტში, რომ მოსარჩელე დაინტერესებულია შპს ,,ბ--------ის“ ხელში ჩაგდებით, არის სიცრუე და ცილისმწამებლური განცხადება. ამგვარი განცხადების გაკეთება წინააღმდეგობაში მოდის უდანაშაულობის პრეზუმციასთან, ვინაიდან, პირის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით, ასეთი განაჩენი კი არ არსებობს აპელანტის წინააღმდეგ. ამასთან, მოპასუხის მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადება გავლენას ახდენს მოსარჩელის საქმიან რეპუტაციაზეც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატას დადგენილა მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ 2000-2008 წლებში კ---------------ა დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, 2005-2008 წლებში ეკავა ს----------–--------------------------------------------ის მოადგილის თანამდებობა.
პალატას, ასევე, დადგენილად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: 2018 წლის 7 თებერვალს შპს „ბ--------ის“ მიერ ორგანიზებული იქნა პრესკონფერენცია, რომლის ფარგლებშიც, კომპანიის ხელმძღვანელმა - გ-----------–----ამ გააკეთა განცხადებები კომპანიის მიმართ განხორცილებული ქმედებების შესახებ. ამ მოვლენებთან კავშირში გ-----------–----ამ მოიხსენია კ---------------აც. კერძოდ, მან განაცხადა შემდეგი:
,,როდესაც კომპანია გახდა საინტერესო ისევ გარკვეული პირებისათვის, მათ უკვე დაიწყეს ისევ ამ გზით...იმ...ახალი ვერაფერი ვერ მოიფიქრეს, რა თქმა უნდა, და დაიწყეს ბრძოლა სწორედ იმ მეთოდებით, რომელიც მაგათ იციან და მაგათი ტვინი მეტს ვერ ფლობს. მე მინდა დღეს პირველად დავასახელო, დღევანდელი პრესკონფერენცია იქნება იმ ადამიანების დასახელება, რომლებიც უშუალოდ არიან მონაწილეები ამ პროცესში, თუ ვის ინტერესში შედის ეს ყველაფერი და იმედი მაქვს, რომ...’’;
,,მე მინდა ხაზი გავუსვა და გავაკეთო განცხადება, ეს აღნიშნული ქმედება აბსოლუტური პასუხისმგებლობით გეუბნებით, არის ერთადერთი მიზნის გამო, რომ გარკვეულმა პიროვნებებმა ჩაიგდონ კომპანია ხელში აი ასეთი მეთოდით. ეს გახლავთ,,,’’;
,,..ჰო, შემდგომ გვქონდა ჩვენ 2012 წელში ასევე შემოტევა. ეს იყო არჩევნების წინა პერიოდი, როდესაც 2012 წლის თებერვლის პერიოდში ჩვენთან შემოვიდა ასევე საგადასახადო ინსპექცია, პარალელურად შექმნეს ჩვენი კონკურენტი ვითომ კომპანია და იყო პირდაპირი მითითება, ჩვენ უნდა დაგვეთმო გარკვეული წილები. სწორედ აი ამ მთელ პროცესს ხელმძღვანელობდა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი დ--------–---–---–ი ჩემი შეფასებით, რა თქმა უნდა, არის დ--------–---–---–ი და ასევე, სავარაუდოდ, იყო კ-----------ა. კარგად გახსოვთ ეს ადამიანი - მაშინ იყო ე---------------------ის მოადგილე და მის ხელთ არსებული კომპანიის, აუდიტორული კომპანიის, რომელიც კარგად გახსოვთ და ისინი გასამართლებულნი იყვნენ უკვე ახალი მთავრობის პირობებში, აი, სწორედ ასეთი საქციელების გამო და ჩვენ, რეალურად გადაგვარჩინა იმ პოლიტიკურმა მოვლენებმა...’’.
მოცემულ საქმეში, შესაძლო დიფამაციური - ცილისმწამებური განცხადების წინააღმდეგ სარჩელი შეტანილია ფიზიკური პირის მიერ, მხარეთა შორის დავის საგანია პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
პალატის შეფასების საგანია გ-----------–----ას მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადება კ---------------ას შესახებ, წარმოადგენს თუ არა აპელანტის (მოსარჩელის) სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცულ სფეროში იმგვარ ჩარევას, რასაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. სხვაგვარად, წარმოადგენს თუ არა გ-----------–----ას განცხადება ცილისწამებას, რომელმაც შელახა აპელანტის პატივი და ღირსება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის თანახმად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
განსახილველ დავაში, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამი შეიცავს თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველია, უნდა გაირკვეს მოწინააღმდეგე მხარის მსჯელობა/განცხადება წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში“ (იხ. სუსგ # ას-1278-1298-2011, 20.02.2012 წ.).
„აზრისა“ და „ფაქტის“ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ, №ას-1477-1489-2011, 03.04.2012 წ.). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ, №ას-179-172-2012, 01.10.2014 წ.).
,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ბ“ პუნქტით, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს, ხოლო, ამავე მუხლის ,,ე“ პუნქტით, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მოსაზრების (შეფასებითი მსჯელობის) ფაქტებით დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომ არც ის შეიძლება, რომ ვინმეს ამ მოსაზრების სისწორის დამტკიცება დაევალოს. „შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცება გადაუჭრელი ამოცანაა. ფაქტის არსი შეიძლება დემონსტრირებული იქნეს, მაგრამ შეფასებითი მსჯელობის სიმართლე არ შეიძლება მტკიცების საგანი იყოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე“ (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 08.08.1986). იმ დროს, როდესაც შესაძლებელია ფაქტების არსებობის დემონსტრირება, სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. „სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცების მოთხოვნა შეუსრულებელია და ეს მოთხოვნა არღვევს თვით აზრის თავისუფლებას. როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი განსახილველი გამონათქვამისათვის, ვინაიდან სუბიექტური შეფასებაც კი, ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლით გამყარების გარეშე შეიძლება ზედმეტი იყოს“ (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დიჩანდი და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ“, 2002წ., ასევე, სუსგ # ას-1052-1007-2014, 30.09.2015 წ.)
,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ი“ პუნქტის თანახმად, საჯარო პირი არის ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, აპელანტი მიჩნეული უნდა იქნეს საჯარო პირად და შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საჯარო პირის ცილისწამებისათვის გათვალისწინებული სტანდარტი, რომლის სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი, რომლის თანახმადაც პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.
ასევე, სარჩელის წარმატებისათვის უნდა გაირკვეს ხომ არ არსებობს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები, კერძოდ, რომ განცხადება, სპეციალური კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური ან სასამართლო სიტყვის თავისუფლების ფარგლებში არ გავრცელებულა; უნდა დადგინდეს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული კვალიფიციური პრივილეგიის მიმნიჭებელი გარემოებების არარსებობა; ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოების არარსებობა (თუ პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა, სადავო განცხადებაში მითითებული ფაქტის დაუდასტურებლობისა და მცდარობის გამო).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (სუსგ, #ას-1477-1489-2011, 3.04.2012).
,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილით, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ (აპელანტმა) თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს მასზედ, რომ მოპასუხემ მის მიმართ გაავრცელა ისეთი ცილისმწამებლური ინფორმაცია, რამაც შელახა აპელანტის პატივის და ღირსება, ვინაიდან, მართალია მოცემულ საქმეზე უდავოდ არის დადგენილი, რომ გ-----------–----ამ კ---------------ას მიმართ გააკეთა განცხადება 2018 წლის 7 თებერვალს შპს ,,ბ--------ის“ მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენაციაზე, თუმცა, აღნიშნული განცხადება წარმოადგენდა სწორედ, რომ ,,აზრს“ და არა ,,ფაქტს“, ვინაიდან, სადავო განცხადებების შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ისინი განმცხადებლის აზრს (სპეციალური კანონის 7.5. მუხლი), მის შეფასებით მსჯელობას წარმოადგენენ, რადგანაც განცხადებათა მთლიანი კონტექსტი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) აყალიბებს საკუთარ სუბიექტურ დამოკიდებულებას მოვლენეთა მიმართ. ამასთან, პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ გ-----------–----ამ კ---------------ა ახსენა შემდეგ კონტექსტში: ,,სწორედ აი ამ მთელ პროცესს ხელმძღვანელობდა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი დ--------–---–---–ი ჩემი შეფასებით, რა თქმა უნდა, არის დ--------–---–---–ი და ასევე, სავარაუდოდ, იყო კ-----------ა. კარგად გახსოვთ ეს ადამიანი - მაშინ იყო ე---------------------ის მოადგილე...“. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოწინააღმდეგე მხარე გამოთქვამს აპელანტის მიმართ თავის ვარაუდს (,, ..და ასევე, სავარაუდოდ, იყო კ-----------ა ...“), აზრს, მსჯელობას, რაც ვერ შეფასდება გ-----------–----ას მიერ გამოთქმულ ფაქტად, რასაც შედეგად მოჰყვებოდა პატივისა და ღირსებისა დაცულ სფეროში ჩარავა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის უარყოფის ნაწილში, შესაბამისად, არ არ არსებობს აპელანტისათვის (მოსარჩელისათვის) მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობასა და შეფასებებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ---------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გენადი მაკარიძე
ამირან ძაბუნიძე