განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.07.2019
საქმის ნომერი
330310018002354630
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002354630

საქმე №3ბ/2312-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

01 ივლისი 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი: დიანა გოხაძე

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ-–-------- რ-----–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება

აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

1.სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

1. ვ-–-------- რ-----–---–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა აღიარებული იქნეს არარად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის N------- ბრძანება ვ-–-------- რ-----–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის N------- ბრძანება ვ-–-------- რ-----–---–ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ; დაევალოს მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე ვ-–-------- რ-----–---–ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; დაევალოს მოპასუხეს - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვ-–-------- რ-----–---–ისათვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება.

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ვ-–-------- რ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარად იქნა აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის N------- ბრძანება ვ-–-------- რ-----–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის N------- ბრძანება ვ-–-------- რ-----–---–ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დაევალა ვ-–-------- რ-----–---–ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დაევალა ვ-–-------- რ-----–---–ისათვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის გასამრჯელოს ანაზღაურება.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 21 სექტემბრის N------- ბრძანების ამონაწერის თანახმად, შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების ყოფილი უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვ-–-------- ა----- ძე რ-----–---–ი (პირადი N0----------) დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხარისხის მართვისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოს შიდა დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსად (იხ.ს.ფ. 15).

 

2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის N------- ბრძანების ამონაწერის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ხარისხის მართვისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოს შიდა დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვ-–-------- ა----- ძე რ-----–---–ი (პირადი N0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში (იხ.ს.ფ. 17).

 

2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის N------- ბრძანების ამონაწერის თანახმად, კადრების განკარგულებაში მყოფი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ყოფილი ხარისხის მართვისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოს შიდა დაცვისა და უსაფრთხოების სამმართველოს შიდა დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვ-–-------- ა----- ძე რ-----–---–ი (პირადი N0----------) დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2015 წლის 22 ნოემბრიდან (იხ.ს.ფ. 18).

 

2.4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის 2018 წლის 28 მაისის წერილობითი ინფორმაციის თანახმად, ვ-–-------- რ-----–---–ი 2015 წლის 21 ივლისის N-------7 ბრძანებით აყვანილია კადრების განკარგულებაში. შესაბამისად, ივლისის თვეში ანაზღაურებული იქნა 20 დღის ხელფასი, რაც შეადგენდა 1184.52 ლარს, ასევე 2015 წლის ოქტომბრის თვეში აუნაზღაურდა კადრების განკარგულებაში ყოფნის (ორი თვე) თანხა 2560 ლარი.

 

ამავე ინფორმაციის თანახმად, ვ-–-------- რ-----–---–ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა მომსახურების სააგენტოში ვაკანტური არ არის, ხოლო ფუნქციური თვალსაზრირით ვაკანტურია სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შიდა უსაფრთხოებისა და ოპერატიული სანომრე ნიშნების სამმართველოს შინა უსაფრთხოების განყოფილების მე-2 ჯგუფის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობა (თანამდებობრივი სარგო - 950 ლარი) (იხ.ს.ფ. 75).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 23-25-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-60 მუხლი, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მეორე, მე-11, 36-ე, 118-ე მუხლები, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-4-5, 36-ე მუხლები, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-2 მუხლი, მე-5 მუხლი, მე-9 მუხლი, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების პირველი, მეორე 74-ე მუხლები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 მარტიდან) დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების მე-3 მუხლი.

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამსახურის გავლის წესს; სამსახურის გავლა კი ასევე გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების მე-2 მუხლი ახდენს დიფერენცირებას და განასხვავებს ერთმანეთისაგან „სამინისტროს მოსამსახურეს“ და „სსიპ- ის მოსამსახურეს“. კერძოდ, ამ მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე არის პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ხოლო ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურე არის სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე; ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტში ასევე განმარტებულია ტერმინი „პოლიციელი“, ეს არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი. ამდენად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სამინისტროს მოსამსახურის ჩამონათვალ პირებში მითითებულია ტერმინი ,,პოლიციელი“, სწორედ მე-2 მუხლში მოცემული ტერმინთა განმარტებები არ იძლევა ნორმის ინტერპრეტაციის საშუალებას იმდაგვარად, რომ სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირში დასაქმებული წოდების მქონე პირი (პოლიციელი) მიჩნეული იქნეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამინისტროს მოსამსახურედ; ცალსახაა, რომ ასეთი პირი შედის ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ „სსიპ-ის მოსამსახურის“ ჩამონათვალში და როდესაც, საკითხი დგება ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე, იგი უნდა გადაწყდეს იმ ნორმების შესაბამისად, რომელიც ეხება „სსიპ-ის მოსამსახურის“ დანიშვნა- გათავისუფლებას.

 

4.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების’’ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმებით (მინისტრი - აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, იგი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელე, ვინაიდან იგი წარმოადგენდა სამინისტროს მმართველობაში შემავალ სსიპ-ის მოსამსახურეს.

 

4.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ კიდევ ერთხელ მიუთითა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 74-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. სადავო შემთხვევაში განხორციელდა სწორედ სსიპ-ის მოსამსახურე ვ-–-------- რ-----–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლება.

 

4.4. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1. მუხლით, რომლითაც განსაზღვრულია შემთხვევები, რომლებიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძველს, კერძოდ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

 

ზემოთ აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, არარად უნდა იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, ვ-–-------- რ-----–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ, ვინაიდან ისინი გამოცემულია არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტომ და მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

5.1. აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ დავაზე სასამართლო მსჯელობს მხოლოდ საჯარო მოხელის (პოლიციელის) სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაზე და არავითარ მსჯელობას არ ავითარებს კადრების განკარგულებაში პირის აყვანის შესახებ ბრძანების კანონიერებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელსაც არარად ცნობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით; სამსახურიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა თვისობრივად სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობაა. საქართველოს კანონმდებლობა (ზაკი) იცნობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გაუქმების ორ შემთხვევას, ერთი, როცა აქტი ცნობილი იქნა ბათილად და მეორე, როცა აქტი ცნობილი იქნა ძალადაკარგულად. აქტის არარად ცნობა არ გულისხმობს გადაწყვეტილების გაუქმებას და შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მუხლიდან გამომომდინარე პირის სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებაზე, აპელანტისათვის გაუგებარი და დაუსაბუთებელია.

 

5.2. აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილზე და თვლის, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს კანონმდებლის მიერ მოცემულ წინაპირობებს, შესაბამისად მოსარჩელის მოსაზრებები არის უსაფუძვლო.

 

5.3. აპელანტი მიუთითებს "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილების მე-5 მუხლის "ე" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანა-ყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე მიანიჭა სსიპ - ის ხელმძღვანელსაც, "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანების 74-ე მუხლით, რაც აპელანტის მოსაზრებით, არ ნიშნავს იმას, რომ მინისტრს არ გააჩნია აღნიშნული უფლებამოსილება. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ობიექტური პირისათვის აღნიშნული დასაბუთება არ არის დამაჯერებელი ან/და მიუღებელია, ადმინისტრაციული ორგანო უთითებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 21 ივლისის N1596081 პატაკზე, რომლის საფუძველზეც განხორციელდა მოსარჩელის კადრების განკარგულებაში აყვანა. კერძოდ, პატაკი სამინისტროს სისტემაში წარმოადგენს ზემდგომი თანამდებობის პირისთვის მიმართვის ფორმას და ფაქტობრივად ცხადყოფს სსიპ-ის ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

 

5.4. აპელანტი განმარტავს, რომ "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით, რასაც წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი". აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

 

5.5. "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონისა და "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. ზემოაღნიშნული წესის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად პირი შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი თვლის, რომ შს ორგანოებიდან დათხოვნის ბრძანება კანონიერია, ვინაიდან თავად კადრების განკარგულებაში აყვანა არის კანონიერი. კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტები იმპერატიულად განსაზღვრავს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდს და აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, პირი ავტომატურად ითვლება სამსახურიდან დათხოვნილად და თანმდევი აქტი არის ნორმატიული აქტით განსაზღვრული იმპერატიული ჩანაწერის აღწერა.

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ერთმანეთისგან განასხვავებს უკანონო (მუხლი 60 პრიმა), კანონის შესაბამისად გამოცემული (მუხლი 61) აქტების გაუქმების და არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი (მუხლი 60) აქტების სამართლებრივ შედეგებს. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონო და მით უმეტეს კანონის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტებისგან არსობრივად განსხვავდება მისი სამართლებრივი შედეგით. კანონიერი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი შესასრულებლად სავალდებულოა მისი ადრესატისთვის, იგივე შეიძლება ითქვას უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე, რომელიც ასევე სავალდებულოა შესასრულებლად მისი ადრესატ(ებ)ისთვის, მანამ სანამ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს მიერ არ მოხდება მისი ბათილად ცნობა, რაც შეეხება არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, იგი იმთავითვე, გამოცემისთანავე ითვლება არარად, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არავისთვის და პირველ რიგში აღნიშნული აქტის ადრესატ(ებ)ისთვის არ აქვს შესასრულებლად სავალდებულო ძალა, იგი ითვლება არარად და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. შესაბამისად, შეუძლებელია არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივმა აქტმა მის ადრესატს მიაყენოს რაიმე სახის ზიანი, რადგან მას იურიდიული ძალა არ გააჩნია. აპელანტი აღნიშნავს, მოსარჩელე ვ-–-------- რ-----–---–ის შემთხვევაშიც, თუნდაც რომ დავუშვათ, რომ მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანებები არის არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მას არ შეეძლო უარყოფითი სამართლებრივი შედეგები გამოეწვია მოსარჩელისთვის. უარყოფითი შედეგები შესაძლოა გამოეწვია არა სამართლებრივი ძალის არმქონე არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებას, რომელიც არ უკავშირდება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას (ვინაიდან არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლებრივი შედეგების წარმომშობ აქტად).

 

5.6. აპელანტი მიუთითებს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3-4 პუნქტზე და მიიჩნევს, რომ კანონმდებელი მოხელის სამსახურში აღგენასა და განაცდურის ანაზღაურებას უკავშირებს გადაწყვეტილების (აქტის) გაუქმებას, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს აქტის გაუქმების ორ მექანიზმს, ერთი აქტის ბათილად ცნობა და მეორე, აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება. მოცემულ დავასთან მიმართებაში არცერთ მითითებულ გარემებას ადგილი არ აქვს და შესაბამისად, მითითებული დებულებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი.

 

5.7. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლების ლეგალური დეფინიციიდან გამომდინარე, განაცდურის ანაზღაურების მითითებული საფუძვლით მიღება დაკავშირებულია აქტის უკანონოდ ცნობასთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ითხოვდა მოსარჩელე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ არ ჰქონდა ლოგიკური საფუძველი მოსარჩელის დასაბუთებას და მიუღებელია მსჯელობა იმის შესახებ, რომ "განაცდური" მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მთელი პერიოდის განმავლობაში. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს რომ აქტი ნამდვილად არის არარა (მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის საფუძველი არ არსებობს) , იარსებებს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მოსარჩელის მხირდან, რა დროსაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს გონივრულობის, შესაბამისობის და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, რომ სახელმწიფოს სახსრებიდან არ გაიცეს დაუსაბუთებელი ხარჯი და არ შეილახოს საჯარო ინტერესი.

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

6.1. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 მარტის N337 დადგენილების მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, იმავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

 

6.2. აპელანტი მიიჩნევს, რომ "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის,საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესისა“ და 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების თანახმად მინისტრი უფლებამოსილი იყო აღნიშნულ ბრძანებაზე მოეწერა ხელი. შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის თანახმად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს, ხოლო 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს; გავლის წესის თანახმად სამინისტროს მოსამსახურე – პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ამავე წესის თანახმად პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი; „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის თანახმად პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წოდებების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები (შემდგომ — სამინისტროს მოსამსახურეები). პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. გავლის წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ( შემდგომში -მინისტრი ), ხოლო სსიპ - ების საშტატო განრიგს კურატორმინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით – სსიპ - ის ხელმძღვანელი. გარდა ამისა, აპელანტი აღნიშნავს, რომ სიპებთან დაკავშირებით მინისტრი უფლებამოსილების დელეგირებას აკეთებს მინისტრის მოადგილეებზე, დელეგირება არ ნიშნავს რომ ამ უფლებამოსილებას თვითონ მინისტრი ვერ გამოიყენებს, რაც სასამართლომ არ გაიზიარა უსაფუძლოდ.

 

6.3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე იმ შემთხვევაში თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. აპელანტი თვლის, რომ სწორედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი გავლის წესი არის სპეციალური ნორმატიული აქტი, რომლითაც წესრიგდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) სამსახურის გავლის წესი, იგი განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს მომსახურების სააგენტოს და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით; ამავე კანონს 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; ხოლო სამსახურის გავლა თავისთავად გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნას. შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი გავლის წესის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით, ხოლო ამავე წესის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი; ამავე წესის 72-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანა და კადრების განკარგულებიდან დათხოვნა ხდება კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებით; მინისტრის საკურატორო სფეროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის და ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეების - მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანებით, ხოლო 71-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად სამინისტროს მოსამსახურის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, თანამდებობაზე დანიშვნა, თანამდებობიდან გათავისუფლება, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა სამხედრო და სპეციალური წოდების მინიჭება ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, თუ არ განხორციელდა ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

 

7. სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

8. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილევს პირველი ინსტანციიის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

8.1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 21 სექტემბრის N------- ბრძანების ამონაწერის თანახმად, შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების ყოფილი უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვ-–-------- ა----- ძე რ-----–---–ი (პირადი N0----------) დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხარისხის მართვისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოს შიდა დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსად (იხ.ს.ფ. 15).

 

8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის N------- ბრძანების ამონაწერის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ხარისხის მართვისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოს შიდა დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვ-–-------- ა----- ძე რ-----–---–ი (პირადი N0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში (იხ.ს.ფ. 17).

 

8.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის N------- ბრძანების ამონაწერის თანახმად, კადრების განკარგულებაში მყოფი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ყოფილი ხარისხის მართვისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოს შიდა დაცვისა და უსაფრთხოების სამმართველოს შიდა დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვ-–-------- ა----- ძე რ-----–---–ი (პირადი N0----------) დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2015 წლის 22 ნოემბრიდან (იხ.ს.ფ. 18).

 

8.4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის 2018 წლის 28 მაისის წერილობითი ინფორმაციის თანახმად, ვ-–-------- რ-----–---–ი 2015 წლის 21 ივლისის N-------7 ბრძანებით აყვანილია კადრების განკარგულებაში. შესაბამისად, ივლისის თვეში ანაზღაურებული იქნა 20 დღის ხელფასი, რაც შეადგენდა 1184.52 ლარს, ასევე 2015 წლის ოქტომბრის თვეში აუნაზღაურდა კადრების განკარგულებაში ყოფნის (ორი თვე) თანხა 2560 ლარი.

 

ამავე ინფორმაციის თანახმად, ვ-–-------- რ-----–---–ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა მომსახურების სააგენტოში ვაკანტური არ არის, ხოლო ფუნქციური თვალსაზრირით ვაკანტურია სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შიდა უსაფრთხოებისა და ოპერატიული სანომრე ნიშნების სამმართველოს შინა უსაფრთხოების განყოფილების მე-2 ჯგუფის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობა (თანამდებობრივი სარგო - 950 ლარი) (იხ.ს.ფ. 75).

 

9.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება იმის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამსახურის გავლის წესს; სამსახურის გავლა კი ასევე გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების მე-2 მუხლი ახდენს დიფერენცირებას და განასხვავებს ერთმანეთისაგან „სამინისტროს მოსამსახურეს“ და „სსიპ- ის მოსამსახურეს“. კერძოდ, ამ მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე არის პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ხოლო ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურე არის სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე; ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტში ასევე განმარტებულია ტერმინი „პოლიციელი“, ეს არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სამინისტროს მოსამსახურის ჩამონათვალ პირებში მითითებულია ტერმინი ,,პოლიციელი“, სწორედ მე-2 მუხლში მოცემული ტერმინთა განმარტებები არ იძლევა ნორმის ინტერპრეტაციის საშუალებას იმდაგვარად, რომ სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირში დასაქმებული წოდების მქონე პირი (პოლიციელი) მიჩნეული იქნეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამინისტროს მოსამსახურედ; ცალსახაა, რომ ასეთი პირი შედის ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ „სსიპ-ის მოსამსახურის“ ჩამონათვალში და როდესაც, საკითხი დგება ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე, იგი უნდა გადაწყდეს იმ ნორმების შესაბამისად, რომელიც ეხება „სსიპ-ის მოსამსახურის“ დანიშვნა- გათავისუფლებას.

 

9.2. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების’’ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმებით (მინისტრი - აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, იგი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელე, ვინაიდან იგი წარმოადგენდა სამინისტროს მმართველობაში შემავალ სსიპ-ის მოსამსახურეს.

 

9.3. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 74-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. სააპელაციო პალატა თვლის, სადავო შემთხვევაში განხორციელდა სწორედ სსიპ-ის მოსამსახურე ვ-–-------- რ-----–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლება.

 

9.4. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილოთ, რომლითაც განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძვლები; კერძოდ, მე-60 მუხლის პირველი ნაწილის " ბ" ქვეპუნქტში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არარად უნდა იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები ვ-–-------- რ-----–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ, ვინაიდან ისინი გამოცემულია არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ.

 

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოდ უნდა იქნას მიჩნეული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 390-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი.

2. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი.

3. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა).

 

მოსამართლე მარიამ ცისკაძე