განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010141319700080607, №1/აგ-60-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 მარტი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი - ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი----------–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - პ----- რ---------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: გ--------------ი, სოფელი ა---–-----;
ადვოკატი - მ------ ნ------ე
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი;
სასჯელი:
15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 მაისის განაჩენით, პ----- რ---------–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი მასში, რომ ჩაიდინა მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად.
განაჩენის მიხედვით, პ----- რ---------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში: პ----- რ---------–---–ს, დ----- მ------–---–ს და მ-----– მ------–---–ს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კონფლიქტი ჰქონდათ თანასოფლელ ვ------- ნ-–--–-–---–ისა და მისი შვილების - ვ------- და გ------- ნ-–--–-–---–ების ოჯახებთან. იყო შემთხვევები, როდესაც მათი უთანხმოება ხშირად გადაზრდილა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. აღნიშნულით განაწყენებულებმა განიზრახეს გ------- ნ-–--–-–---–ის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2004 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 10 საათზე, მივიდნენ სოფელ ა---–-----ში, ფერმებთან, სადაც იმყოფებოდა გ------- ნ-–--–-–---–ი. ისინი მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით. დ----- მ------–---–მა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დანაშაულის ჩადენის უშუალო ამსრულებლობით, გ------- ნ-–--–-–---–ს მიაყენა ჭრილობა ზურგის არეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა მიწაზე. აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულის ჩადენის თანაამსრულებლებმა - მ-----– მ------–---–მა და პ----- რ---------–---–მა დ----- მ------–---–ს მოუწოდეს მეორედაც ესროლა გ------- ნ-–--–-–---–ისათვის, რათა აუცილებლად დამდგარიყო მისი სიკვდილი. ამ მიზნით, დ----- მ------–---–მა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ------- ნ-–--–-–---–ს მიაყენა ჭრილობები მარცხენა საფეთქლისა და შუბლის ძვლების მოტეხილობით, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 08 მაისის განაჩენით პ----- რ---------–---–ს მოეხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილი ბრალდებები.
პ----- რ---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2004 წლის 16 აგვისტოდან.
ამავე განაჩენით, დ----- მ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი მ-----– მ------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მსჯავრდებულ პ----- რ---------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 08 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2019 წლის 17 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ პ----- რ---------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ ნ------ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 08 მაისის განაჩენის გადასინჯვა.
შუამდგომლობის და საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ 2018 წლის 8 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე „რ---------–---–ი საქართველოს წინააღმდეგ“ (R--------------------------------------------) დასაშვებად ცნო წარმოდგენილი საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის საფუძველზე, შიდასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების არაადეკვატურ დასაბუთებასთან დაკავშირებით, ხოლო საჩივრის დანარჩენი ნაწილი ცნო დაუშვებლად. სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება საბოლოო ძალაში შევიდა 2019 წლის 8 თებერვლიდან.
შუამდგომლობის, გადაწყვეტილების და სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით, შუამდგომლობა დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა 1998 წლის 20 თებერვლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე, რის გამოც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მოცემული განაჩენის კანონიერებისა და დასაბუთებულობის საკითხს, აგრეთვე, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს 1998 წლის 20 თებერვლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.
სხდომაზე მხარის სტატუსით მოწვეული იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვ------- ნ-–--–-–---–ი. სხდომის თარიღის არაერთხელ შეტყობინების მიუხედავად, დაზარალებულის უფლებამონაცვლე სხდომაზე არ გამოცხადებულა, რის გამოც პროცესი ჩატარდა მისი მონაწილეობის გარეშე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 08 მაისის განაჩენის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინების გადასინჯვის ფარგლებში პალატამ მიიჩნია, რომ პ----- რ---------–---–ის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ზემოთმითითებულ საქმეში (რ---------–---–ი საქართველოს წინააღმდეგ), სხვა საქმეების მსგავსად, აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს საკმარისი სიზუსტით აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები და რომ გადაწყვეტილების მიზეზების წარმოდგენის ვალდებულების მოცულობა განსხვავდება გადაწყვეტილების ბუნების მიხედვით და უნდა განისაზღვროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე.
სასამართლომ მიუთითა, რომ მომჩივნის მიერ ყოველ წამოყენებულ არგუმენტზე დეტალური პასუხის მოთხოვნის გარეშე (იხ. Fomin v. Moldova, No 36755/06, § 31, 11 ოქტომბერი 2011), ეს ვალდებულება წინასწარვე ვარაუდობს, რომ მხარეებს აქვთ კონკრეტული და ზუსტი პასუხის მიღების მოლოდინი არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ. სხვა ინსტანციებს შორის, Moreira Ferreira, ციტირებული ზემოთ, § 84; Tchankotadze v. Georgia, No 15256/05, § 103, 21 ივნისი, 2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, §33, 21 ივლისი, 2015). გადაწყვეტილებიდან უნდა ჩანდეს, რომ საქმეში არსებული საკვანძო საკითხები განხილულ იქნა (იხ. Boldea v. Romania, No 19997/02, § 30, 15 თებერვალი, 2007, და Uche v. Switzerland, No 12211/09, § 37, 17 აპრილი, 2018).
წინამდებარე საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, თუნდაც მოკლედ, მაგრამ მაინც მიმოიხილა მომჩივნის არგუმენტი ალიბთან დაკავშირებით. ეროვნულმა სასამართლომ განმარტა, რომ დაცვის მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო და ამის გამო ეს ჩვენებები ჩაითვალა არასანდოდ. ამის საპირისპიროდ, მომჩივნის მიერ ეროვნული სასამართლოების წინაშე წამოყენებულ ორ მთავარ არგუმენტს არ გაეცა ზუსტი პასუხი. პირველი - მომჩივანი დავობდა, რომ საქმეზე სხვა ბრალდებულისაგან განსხვავებით მტკიცებულების არც ერთი ნაწილი, რომელიც ეხებოდა მას და მის სავარაუდო ქმედებებს, არ ცხადყოფდა დანაშაულში მის მონაწილეობას; და მეორე, მომჩივანი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მკვლელობის შემდეგ მალევე მსხვერპლის მამა სახლში ნახეს, თითქოს მან არ იცოდა შვილის მკვლელობის ამბავი; გაუგებარი იყო რატომ აჩვენებდა ის თავს, რომ მისთვის არ იყო ცნობილი შვილის მკვლელობის ამბავი. ეს სწორედ ღიად ბადებს ეჭვს, იყო თუ არა იგი ნამდვილად დანაშაულის თვითმხილველი. ამ გარემოებებზე დაყრდნობით მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდება მოკლებული იყო ყოველგვარ ფაქტობრივ და მტკიცებულებით საფუძველს და დამყარებული იყო უბრალო ეჭვზე, რაც არღვევდა შესაბამის კანონმდებლობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოცემულ საქმეში განმეორებით განმარტა, რომ მის ამოცანას არ წარმოადგენდა იმ მეთოდის შემოწმება, რომლითაც ეროვნული სასამართლოები აფასებენ ექსპერტის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და მოწმის მტკიცებულებებს. [სტრასბურგის] სასამართლო არც იმისთვის არის მოწვეული, რომ დაადგინოს ეროვნული სასამართლოების მიერ მსჯავრდებული პირის ბრალეულობა ან უდანაშაულობა, ეს საკითხი ეროვნული სასამართლოების კომპეტენციას მიეკუთვნება (იხ. mutatis mutandis, Rohlena v. the Czech Republic [GC], No 59552/08, § 55, ECHR 2015, და Popov v. Russia, No 26853/04, § 188, 13 ივლისი, 2006). ამასთანავე სასამართლო აღიარებს, რომ ასეთ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც ბრალდებულის დამნაშავეობის განსასაზღვრად ეყრდნობა მოწმის ჩვენებას, შეუძლია დაეყრდნოს უშუალო კონტაქტს მოწმესთან, რომლის ჩვენების საიმედოობაც მან სათანადოდ უნდა შეაფასოს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებშია შეაფასოს, შეესაბამებოდა თუ არა კონვენციას სასამართლო პროცესები მთლიანობაში, რაც მოიცავს ეროვნული სასამართლოების ვალდებულებას, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებები. სასამართლო თვლის, რომ მომჩივნის მიერ ეროვნული სასამართლოების წინაშე წამოყენებული ორი არგუმენტი უკავშირდებოდა მის მიმართ წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის ძირითად ნაწილს და მოითხოვდა კონკრეტულ და ზუსტ პასუხს. თუმცა არცერთ ეროვნულ სასამართლოს აღნიშნული პასუხი არ გაუცია. ეროვნული სასამართლოების მიერ გაცემული ზოგადი პასუხი, რომ „საქმის მასალებში არსებული ყველა მტკიცებულება“ საკმარისი იყო მომჩივნის დამნაშავედ ცნობისთვის, არ შეიძლება ჩაითვალოს მომჩივნის მიერ სასამართლოებისადმი წარდგენილ არგუმენტებზე კონკრეტულ და ზუსტ პასუხად. ფაქტობრივად ასეთი პასუხი წინამდებარე საქმის ფაქტებზე წარმოადგენს დასაბუთების აშკარა ნაკლებობას ეროვნული სასამართლოების მხრიდან, ექსპერტების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების არცერთი ნაწილი არ მიუთითებდა მომჩივნის დამნაშავეობაზე და ერთადერთი თვითმხილველის ჩვენება არაერთხელ იქნა გასაჩივრებული იმის გამო, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მისი უტყუარობა და მტკიცებულებითი ღირებულება. აქედან გამომდინარე, ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის დასაბუთებულ არგუმენტებს, ვერცერთი ფორმით, პასუხი ვერ გასცეს (იხ. Fomin, ციტირებული ზემოთ, § 30, და საპირისპიროდ Kuparadze v. Georgia, No. 30743/09, §§ 72-73, 21 სექტემბერი, 2017).
სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოტანისას ვერ შეასრულეს სამართლიანი განხილვის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, კერძოდ, წარმოედგინათ გადაწყვეტილების მიღების ადეკვატური მიზეზები. შესაბამისად, დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის დარღვევა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ცხადია დადგენილი დარღვევის საფუძველი - კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის საფუძველზე, შიდასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების დასაბუთებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში, პალატა მიმოიხილავს მხოლოდ იმ საკითხებს, რაც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ დარღვევას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 08 მაისის განაჩენის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინების თანახმად, პ----- რ---------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნო ძირითადად დაზარალებულის უფლებამონაცვლის ვ------- ნ-–--–-–---–ის ჩვენებას.
განაჩენში მითითებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენების თანახმად, დაზარალებულისა და განსასჯელების ოჯახებს, მათ შორის წინა თაობებს, წლების მანძილზე ჰქონდათ კონფლიქტი. დედამისს მ------–---–ების მამა ახრჩობდა წყალში და სწორედ აქედან იღებს სათავეს მათ შორის დაძაბული ურთიერთობა. განსასჯელების მხრიდან ადგილი ჰქონდა მისი ოჯახის დაყაჩაღების არაერთ მცდელობას. 2004 წლის 14 აგვისტოს, ის დილით იმყოფებოდა ფერმაში, სადაც მივიდა ასევე მისი შვილი გ------- ნ-–--–-–---–ი. რამდენიმე წუთში მან გაიგონა ცეცხლსასროლი იარაღის ხმა. მივარდა ფანჯარასთან და დაინახა, რომ 40-45 მეტრის მოშორებით გ------- ნ-–--–-–---–ს თავზე ადგნენ მ-----– და დ----- მ------–---–ები და პ----- რ---------–---–ი. დ----- მ------–---–ს ხელში ეჭირა გადაჭრილი თოფი. დ-----ს მ-----–ი და პ----- უყვიროდნენ „კიდევ ესროლე, მაგის დედაო“. დ-----მაც კვლავ გაისროლა, რის შემდეგაც ისინი გაიქცნენ, დ-----ი კომბოსტოების მხარეს, ხოლო დანარჩენები ტბის მხარეს. თავად გადახტა ფანჯრიდან და მივიდა შვილთან, რომელიც წაქცეული იყო და ფართხალებდა. მან სხვა ვერაფერი მოიფიქრა, მოკლეზე წავიდა მანქანის მოსაყვანად, რათა შვილისთვის როგორმე ეშველა. სახლში მისულმა აიღო მაკაროვის პისტოლეტი შურისძიების მიზნით. ამ დროს მასთან მივიდნენ მ--–---- და დ----- მ--------–---–ები, რომლებმაც უამბეს გ------- ნ-–--–-–---–ის მკვლელობის შესახებ. მან არ შეიმჩნია, რომ იცოდა ყველაფერი. ისინი ერთად წავიდნენ მანქანით შემთხვევის ადგილზე. გ------- ნ-–--–-–---–ი უკვე მკვდარი იყო. მან ყველას გასაგონად თქვა, რომ შვილი მოუკლეს ს------ას და „კ--------ს“ ბიჭებმა, კვალიც აჩვენა პოლიციელებს და მკვლელობის დეტალების თაობაზეც უამბო მათ. აღნიშნულის შემდეგ ის მივიდა მ------–---–ების ოჯახში, თუმცა სახლში არ დახვდა არც დ----- მ------–---–ი და არც მ-----– მ------–---–ი. სახლში ასევე არ დახვდა პ----- რ---------–---–იც. მკვლელობის შემდეგ იყო ზეწოლა განსასჯელთა ოჯახების მხრიდან, სატელეფონო ზარები მუქარით, შემოთავაზება, რომ გადაეთქვა ჩვენებები სასამართლო პროცესზე. უცნობმა პირებმა რამდენჯერმე - ჯერ ავტომატური იარაღით, შემდეგ ხელყუმბარით დააზიანეს მათი საცხოვრებელი სახლი, ასევე საფლავის ქვები.
ახლად გამოვლენილი გარემოების ფარგლებში განაჩენის გადასინჯვისას, დაცვის მხარემ მიუთითა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენება არ წარმოადგენდა უტყუარს და ჩვენებაში ეჭვის შეტანის ძირითად საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, თუ რატომ არ განაცხადა მან პირველივე დღეს, რომ იყო დანაშაულის თვითმხილველი პირი. პალატა აღნიშნულ არგუმენტს ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
უდავოა, რომ გ------- ნ-–--–-–---–ის მკვლელობა მოხდა 2004 წლის 14 აგვისტოს, ხოლო ვ------- ნ-–--–-–---–ის დაკითხვა 2004 წლის 15 აგვისტოს, სადაც მან მიუთითა იმ გარემოების თაობაზე, რომ სროლის ხმაზე გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა დ----- მ------–---–ი გადაჭრილი თოფით ხელში, ასევე დაინახა მ-----– მ------–---–ი და პ----- რ---------–---–ი. უკანასკნელი ორი პირი მოუწოდებდა დ----- მ------–---–ს კიდევ ესროლა გ------- ნ-–--–-–---–ისთვის, რაც მან შეასრულა. სადავო საკითხს წარმოადგენს ის ფაქტი, დაინახა თუ არა ვ------- ნ-–--–-–---–მა მკვლელობის ფაქტი. აღნიშნულის საპირისპიროდ დაცვის მხარემ მიუთითა მოწმეების: მ--–---- მ--------–---–ის და დ----- მ--------–---–ის ჩვენებებზე, რომლებმაც აღნიშნეს, რომ შემთხვევიდან უახლოეს პერიოდში იმყოფებოდნენ ვ------- ნ-–--–-–---–ის სახლში, სადაც მას შეატყობინეს მომხდარი ფაქტის შესახებ.
პალატა, რასაკვირველია, არ უარყოფს ზემოაღნიშნულ გარემოებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თავად ვ------- ნ-–--–-–---–მა, როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის დროს არ უარყო ეს ფაქტი და აღნიშნა, რომ დაბრუნდა სახლში, აიღო იარაღი და ავტომანქანის გამოყვანის დროს მასთან მივიდნენ მ--–---- და დ----- მ--------–---–ები, რომლებთან ერთადაც დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე. თუ რატომ არ განუცხადა აღნიშნულ პირებს, რომ იყო დანაშაულის თვითმხილველი პირი, დაკითხვისას ახსნა დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, განაცხადა, რომ იყო გაბოროტებული და არ იცოდა რას მოიმოქმედებდა.
იმის გასარკვევად, შეძლებდა თუ არა ვ------- ნ-–--–-–---–ი შემთხვევის ადგილზე მისვლას და უკან დაბრუნებას, მნიშვნელოვანია საქმის მასალების და სასამართლოში მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების დეტალური გაანალიზება.
1. დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენება, რომ სულ იყო ორი გასროლა, შესაბამისობაშია მოწმეთა ჩვენებებთან და საქმის მასალებთან;
2. დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენება, რომ გადავიდა ფანჯრიდან, არ არის წინააღმდეგობაში მოწმეთა ჩვენებებთან. მაგალითისთვის, მ--------- მ--------–---–ის ჩვენებით, ვ------- ნ-–--–-–---–ის კარიდან გამოსვლას დაინახავდა, ფანჯრიდან გამოსვლას ვერა;
3. დაზარალებულის უფლებამონაცვლის ემოციურ მდგომარეობაზე ისაუბრა დ----- მ--------–---–მა. მოწმემ აღნიშნა, რომ დასაძახებლად მისულებს ვ------- ნ-–--–-–---–ი ნორმალურ მდგომარეობაში დახვდათ, თუმცა მოწმემ ამავე ჩვენებაშივე მიუთითა, რომ ის აფორიაქებული არ ყოფილა არც ავტომანქანაში, ანუ მაშინ, როდესაც მოწმეთა ჩვენებებითაც კი ვ------- ნ-–--–-–---–მა უკვე იცოდა შვილის ამბავი. აღნიშნული გარემოება, თუნდაც, ვ------- ნ-–--–-–---–ის, როგორც მამის, ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არ მეტყველებს დაცვის მხარის არგუმენტის უპირობო სისწორეზე, სტრესის გამო თითოეული ადამიანის მხრიდან ინდივიდუალურად გამოხატული ემოციის გათვალისწინებით.
4. დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენება, რომ ფანჯრიდან შემთხვევის ადგილამდე იყო დაახლოებით 45 მეტრი, არ არის მკაცრად უარყოფილი საქმის მასალებით (დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმით მანძილი 55 მეტრია). მოწმეების: მ--------- მ--------–---–ის და მ--–---- მ--------–---–ის ჩვენებებით, მათ ნაკვეთს და გ------- ნ-–--–-–---–ის ნაკვეთს შორის, სადაც ის მუშაობდა, იყო დაახლოებით 200 მეტრი. 200 მეტრის მანძილზე მიუთითა დაკითხვისას ს------ პ-----–---–მაც. შესაბამისად, არაა გამორიცხული ვ------- ნ-–--–-–---–ის ფანჯრიდან გადასვლის შესაძლებლობა, მირბენა შვილთან და შემდეგ უკან წამოსვლა ისე, რომ ეს ვერ დაენახათ მეზობელ ნაკვეთში მომუშავე პირებს.
შემდეგი საკითხი ეხება იმ გარემოებას, დაზარალებულის მიერ პირველივე დღეს ჩვენების მიუცემლობა გამორიცხავს თუ არა მისი ჩვენების სისწორეს. ამ მხრივ აღსანიშნავია რამდენიმე გარემოება:
1. დადგენილია, რომ მ--–---- მ--------–---–თან და დ----- მ--------–---–თან ერთად შემთხვევის ადგილზე მისვლისას ვ------- ნ-–--–-–---–ი ამბობდა, რომ შვილი მოუკლეს დ-----, მ-----– მ------–---–ებმა და პ----- რ---------–---–მა.
2. ასევე დადგენილია, რომ ვ------- ნ-–--–-–---–ი შემთხვევის ადგილზე არ დაელოდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მისვლასაც კი და ავტომანქანით მიაკითხა სახლში როგორც დ----- და მ-----– მ------–---–ებს, ასევე პ----- რ---------–---–საც. აღნიშნული გარემოება პალატას მიაჩნია დადასტურებულად მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე.
როგორც ზემოთაც აღინიშნა, დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას ახსნა, თუ რატომ არ განუმარტა არავის ნანახის შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ აღუნიშნავს, რომ ვ------- ნ-–--–-–---–ის ჩვენება იყო უპირობოდ არასარწმუნო. სასამართლომ განმარტა, რომ მომჩივნის მიერ ეროვნული სასამართლოების წინაშე წამოყენებული ორი არგუმენტი უკავშირდებოდა მის მიმართ წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის ძირითად ნაწილს და მოითხოვდა კონკრეტულ და ზუსტ პასუხს, თუმცა არც ერთ ეროვნულ სასამართლოს აღნიშნული პასუხი არ გაუცია. ეროვნული სასამართლოების მიერ გაცემული ზოგადი პასუხი, რომ „საქმის მასალებში არსებული ყველა მტკიცებულება“ საკმარისი იყო მომჩივნის დამნაშავედ ცნობისთვის, არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მომჩივნის მიერ სასამართლოებისადმი წარდგენილ არგუმენტებზე კონკრეტულ და ზუსტ პასუხად.
მართალია, მოწმე ნ-----–- ნ-–--–-–---–ი (ვ------- ნ-–--–-–---–ის მეუღლე და გ------- ნ-–--–-–---–ის დედა) არ წარმოადგენს შემთხვევის უშუალო შემსწრე პირს, თუმცა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შემთხვევის დღესვე ვ------- ნ-–--–-–---–მა უთხრა მომხდარი ფაქტის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, დაკითხულ მოწმეთა უმრავლესობამ ახსენა, რომ ვ------- ნ-–--–-–---–ი პირველივე დღეს ბრალს დებდა როგორც დ----- და მ-----– მ------–---–ებს, ასევე პ----- რ---------–---–საც. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ვინაიდან დაზარალებულმა მ--–---- და დ----- მ--------–---–ებს არ უთხრა ნანახის თაობაზე და იმავე დღეს არავის განუცხადა ამის შესახებ, არ წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს.
რაც შეეხება მეორე არგუმენტს - მტკიცებულებების სიმწირეს კონკრეტულად პ----- რ---------–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილში, აღნიშნულ შემთხვევაზე ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების არც ერთი ნაწილი არ მიუთითებდა მომჩივნის დამნაშავეობაზე და ერთადერთი თვითმხილველის ჩვენება არაერთხელ იქნა გასაჩივრებული იმის გამო, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მისი უტყუარობა და მტკიცებულებითი ღირებულება. აქედან გამომდინარე, ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის დასაბუთებულ არგუმენტებს, ვერცერთი ფორმით, პასუხი ვერ გასცეს.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 132-ე მუხლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე მტკიცებულებას აფასებენ თავისუფლად, შინაგანი რწმენით. ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი რწმენით. მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, ვ------- ნ-–--–-–---–ის ჩვენების გარდა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, არ მიუთითებენ პ----- რ---------–---–ზე, როგორც დანაშაულის უშუალო ჩამდენ პირზე. ის ექსპერტიზის დასკვნები, რაც საქმეშია წარმოდგენილი, ეხება დ----- და მ-----– მ------–---–ებს და რაიმე კავშირში არ არიან პ----- რ---------–---–ის ტანსაცმელზე აღმოჩენილ კვალთან, რაც იქნებოდა დამატებითი მტკიცებულება და შესაძლოა შეექმნა ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დასატოვებლად.
დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა სავარაუდო დარღვევაზეც, რაზეც ეროვნულ სასამართლოებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობა დაშვებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისად, ვერ გაცდება გადაწყვეტილების ფარგლებს და მსჯელობას ვერ იქონიებს დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ იმ არგუმენტებზე, რაც ცდება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება გამამტყუნებელ განაჩენს დ----- და მ-----– მ------–---–ების ნაწილში, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განაჩენის გადასინჯვა მოხდა მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ პ----- რ---------–---–ის მიმართ კონვენციის 6.1. მუხლის დარღვევის საფუძველზე. დ----- და მ-----– მ------–---–ების მიმართ არათუ არ არსებობს გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ კონვენციის შესაბამისი მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, არამედ მათი მხრიდან ეროვნულ დონეზე არ მომხდარა 2006 წლის 08 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებაც კი. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოში, განაჩენის გადასინჯვისას არ წარმოდგენილა ახალი მტკიცებულებები და შეფასდა ის მტკიცებულებები, რაც გამოკვლეული იქნა საოლქო სასამართლოს მიერ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც კი მიუთითა, რომ განსხვავებით დ----- და მ-----– მ------–---–ების შემთხვევებისა, პ----- მ------–---–ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობოდა მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებას. როგორც ზემოთ აღინიშნა, პალატას, ვ------- ნ-–--–-–---–ის ჩვენების სისწორეში ეჭვი არ შეუტანია და მისი ჩვენება დ----- მ------–---–ის და მ-----– მ------–---–ის ნაწილში გამყარებული იქნა სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებით. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დ----- და მ-----– მ------–---–ების მიმართ არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რაც გამოიწვევდა გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვისას არ ყოფილა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით პ----- რ---------–---–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, მაშინ, როდესაც გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 08 მაისის განაჩენში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინებაში პ----- რ---------–---–ის მიმართ და მის მიმართ დადგეს გამამართლებელი განაჩენი. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებებიდან უნდა ამოირიცხოს მითითება პ----- რ---------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე, 535-ე, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 537-ე, 543-ე, 546-ე, 550-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია),-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ პ----- რ---------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ------ ნ------ის შუამდგომლობის საფუძველზე, ცვლილება შევიდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 08 მაისის განაჩენში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინებაში პ----- რ---------–---–ის მიმართ.
პ----- რ---------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით არსებულ მსჯავრდებაში.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებიდან ამოირიცხოს მითითება პ----- რ---------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ.
პ----- რ---------–---–ს აქვს რეაბილიტაციისა და ზიანის ანაზღაურების უფლება.
სხვა ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 08 მაისის გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე