განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.03.2020
საქმის ნომერი
190210019002914969
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210019002914969

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/9659-19 16 მარტი, 2020 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - რ---------------–----–---------------

 

წარმომადგენელი - ს-------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „რ-----–--------------“

 

წარმომადგენელი - თ---------------–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შპს „რ-----–--------------“-მა მოპასუხე რ---------------–----–-------------იის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.3%-დან 0.02%-მდე შემცირება, მოპასუხისთვის ზედმეტად გადახდილი პირგასამტეხლოს თანხის - 5659.57 ლარის უკან დაბრუნება და მოპასუხისთვის ასანაზღაურებელი თანხის - 2782.73 ლარისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ის - 6161. 84 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო

 

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების და ზედმეტად გადახდილი პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, თუმცა ქალაქ რუსთავის მერიას შპს „რ-----–--------------“-ის სასარგებლოდ 2782.73 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება რ---------------–----–---------------მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, მხოლოდ 2782,73 ლარისა და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2016 წლის 05 აპრილის S----------- ელექტრონული ტენდერის საფუძველზე ქალაქ რ---------------–----–---------------სა და შპს „რ-----–--------------“-ს შორის №----- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ქალაქ რუსთავში--- საბავშვო ბაღის შიდა სარემონტო, შემოღობვისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებდა, ხელშეკრულების საერთო ღირებულებად 116 929 ლარი განისაზღვრა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად 2016 წლის 30 აგვისტო შეთანხმდა (ს.ფ. 20-23).

 

6. ქალაქ რ---------------–----–---------------სა და შპს „რ-----–--------------“-ს შორის 2016 წლის 5 აპრილს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გაფორმებულ №----- ხელშეკრულებაზე შემსრულებელმა სს სადაზღვევო კომპანია „ჯ------------–-------“ საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფა არაუმეტეს 15 000 ლარზე, წარადგინა. ამასთან, გარანტმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტთან 2016 წლის 05 აპრილს დადებული №----- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის საფუძველზე, მერიის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 30 სამუშაო დღის მანძილზე, საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულება იკისრა.

 

საგარანტიო უზრუნველყოფის თანახმად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მიმწოდებლის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შემცირების პროპორციულად ავტომატურად შემცირდებოდა. საგარანტიო უზრუნველყოფის ვადად 2016 წლის 27 ივნისიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის პერიოდი განისაზღვრა, რის შემდეგაც მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე ქ--–--------------------–----–-------- მხრიდან აღარ მიიღებოდა (ს.ფ. 39).

 

7. 2016 წლის 08 აგვისტოს შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმდა, რომელთა საერთო ღირებულება 12 772 ლარს შეადგენდა, რ---------------–----–-------------იის მიერ ანგარიშწორებისას მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 4.3 პუნქტის საფუძველზე დაკავებული იქნა 10%, აგრეთვე გამოკლებულ იქნა საავანსო თანხის ნაწილი და შემსრულებელს მხოლოდ 9856.41 ლარი ჩაერიცხა (ს.ფ. 1-40).

 

8. 2016 წლის 2 სექტემბერს შესრულებული სამუშაოების მიღება- ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლის საერთო ღირებულებას 21 648 ლარი შეადგენდა (3 დღის დაგვიანება, დაერიცხა პირგასამტეხლო 675.45 ლარი), რ---------------–----–-------------იის მიერ გადახდილი იქნა 16706.19 ლარი.

 

2016 წლის 22 სექტემბერს შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლის საერთო ღირებულებამ 22 075 ლარი შეადგინა (20 დღის დაგვიანება, დაერიცხა პირგასამტეხლო 1855.17 ლარი), რ---------------–----–---------------მ შემსრულებელს 17035.72 ლარი გადაუხადა.

 

2016 წლის 24 ნოემბერს შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლის საერთო ღირებულებამ 8 878 ლარი შეადგინა (83 დღის დაგვიანებით, დაერიცხა პირგასამტეხლო 5598.33 ლარი), რ---------------–----–---------------მ შემსრულებელს 6851. 33 ლარი გადაუხადა (ს.ფ. 40-98).

 

9. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- დასკვნის შინაარსიდან გამომდინარე, ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის ობიექტზე წარმოებული სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ფაქტიური მოცულობისა და სატენდერო ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით შპს „რ-----–------------“-ის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 61618,43 ლარს შეადგენდა. დადგენილია, რომ რ---------------–----–-------------იის მიერ, შემსრულებელს 58835.70 ლარი, აუნაზღაურდა (ს.ფ. 73-79).

 

10. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ რ---------------–----–---------------ს შპს „რ-----–--------------“-ის სასარგებლოდ 2782.73 ლარის გადახდის ვალდებულება მართებულად დაეკისრა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის 2016 წლის 05 აპრილს S----------- ელექტრონული ტენდერის საფუძველზე ქალაქ რ---------------–----–---------------სა და შპს „რ-----–--------------“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №----- ხელშეკრულება, სამართლებრივად ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, აპელანტს შემსრულებლისთვის 2782,73 ლარის ანაზღაურების არარსებობა უნდა ემტკიცებინა, შესაბამისად სასამართლოსთვის უნდა დაედასტურებინა, რომ მას ხსენებული ღირებულების სამუშაო არ შეუსრულებია, ან არსებობდა ვადამოსული მოთხოვნა, რომელთა გაქვითვის შედეგად, შემკვეთს შემსრულებლისთვის დამატებით თანხის გადახდის ვალდებულება არ უნდა დაკისრებოდა.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებითა და ლევან სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- დასკვნის თანახმად, უდავოდ დგინდება ფაქტობრივი გარემოება მასზედ რომ, ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის, ობიექტზე წარმოებული სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ფაქტიური მოცულობისა და სატენდერო ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით, შპს „რ-----–--------------“-ის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება ჯამში - 61618,43 ლარს შეადგენდა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში შემკვეთის მიერ შემსრულებლისთვის 58835.70 ლარის ანაზღაურების ფაქტი სადავოდ არ გამხდარა, მეტიც, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებისა და საგადასახადო დავალებების კვლევით, აპელანტის მიერ სწორედ 58835,70 ლარის გადახდის ფაქტი დასტურდება, შესაბამისად, პალატას ექმნება მტკიცებულებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ შესრულებული სამუშაოს ნაწილი - 2782.73 ლარი ანაზღაურებული არ ყოფილა. როგორც უკვე აღინიშნა, გაწეული მომსახურების შესაბამისი გადახდის განხორციელება აპელანტის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა, რაც მან რელევანტური დოკუმენტაციის წარმოდგენის გზით ვერ დაადასტურა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მოყვანილ მსჯელობას მასზედ, რომ სასამართლოს წარმოებაში არსებობს მიმდინარე დავა იმავე მხარეებს შორის, რომლის საგანსაც მოწინააღმდეგე მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება წარმოადგენს, აღნიშნული გარემოება განსახილველი დავის გადაწყვეტაზე და მის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს. ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ არსებობს, ხოლო მხარეს, საქმეთა გაერთიანების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, რაც ცალსახას ხდის, რომ სააპელაციო საჩივარში გაჟღერებული არგუმენტები დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ რ---------------–----–-------------იის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

12. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. რ---------------–----–-------------იის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე თამარ ალანია