განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2020
საქმის ნომერი
330210017001948805
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
27.03.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210017001948805

საქმე №2ბ/7543-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი – ლანა ჩერქეზიშვილი

 

აპელანტი – ი---- მ--------ე.

წარმომადგენელი – ალექსანდრე ციცვიძე, თორნიკე ართმელიძე.

 

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,თ---–-------------------------------ია’’.

წარმომადგენელი – ნინო ლიქოკელი.

 

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.

 

აპელანტის მოთხოვნა – გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი---- მ--------ემ მოპასუხე შპს ,,თ---–-------------------------------ია’’-ს მიმართ და მოითხოვა: 1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,თ---–-------------------------------ია’’-ს დირექტორის 2017 წლის 26 აპრილისს №0------------ ბრძანება მოსარჩელე ი---- მ--------ის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; 1.2. აღდგენილ იქნეს მოსარჩელე შპს ,,თ---–-------------------------------ია’’-ს სამშენებლო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე; 1.3. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 24 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე თვეში 2500 ლარის გადახდა; 1.4. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის 2017 წლის 24 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე თვეში 2500 ლარის 0.07% გადახდა.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2005 წლიდან მუშაობდა შპს ,,თ---–-------------------------------ია’’-ში სამშენებლო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და მისი დარიცხული სახელფასო განაკვეთი შეადგენდა 2500 ლარს. მოპასუხე კომპანიას და შპს “გ-------ს„ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის 4.2. პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი დაევალა სამშენებლო სამსახურის უფროსს. ხელშეკრულებას ასევე თან ახლავს დანართი №3, რომლის მიხედვითაც “წინასწარი მიღბა-ჩაბარების აქტის დადების შემდეგ, ინფორმაცია გაწეულ მომსახურებაზე (მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საპროექტო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაცია) იგზავნება - ექსპერტიზაზე შემსყიდველის მიერ (ექსპერტის მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს შემსყიდველი). მიუხედავად ამისა, დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილ იქნა ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ იქნა შემსრულებლისგან (შპს „გ-------ი“) მოთხოვნილი სრული საექსპერტო დასკვნა და მის გარეშე რატომ გახდა სამუშაოს მიღება. მოსარჩელის განმარტებით ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულება ქონდა არა შემსრულებელს, არამედ დამკვეთს და დადებული იქნა არასრული, არამედ წინასწარი მიღება-ჩაბარების აქტი ხელშეკრულების №3 დანართის შესაბსმისად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ი---- მ--------ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,თ---–-------------------------------ია’’-ს მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 17 ივნისს მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ი---- მ--------ე შპს ,,თ---–-------------------------------ია’’-ში მუშაობდა ელ. მექანიკური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრებოდა 2500 ლარის ოდენობით.

 

2008 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 26 აპრილამდე ი---- მ--------ე შპს ,,თ---–-------------------------------ია’’-ში მუშაობდა სამშენებლო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,თ---–------------–----ნი’’-ს გენერალური დირექტორის 2005 წლის 17 ივნისის ბრძანება (ს. ფ. 89);

- შპს ,,თ---–-------------ს ’’-ს გენერალური დირექტორის 2008 წლის 1 თებერვლის ბრძანება (ს. ფ. 90);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,თ---–-------------------------------იის’’ 2017 წლის 26 აპრილის №0------------ ბრძანებით ი---- მ--------ე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შპს ,,თ---–-------------------------------იის’’ 2017 წლის 26 აპრილის ბრძანება (ს. ფ. 16).

 

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. სასამართლომ დადგენილად მიჩნია, რომ ი---- მ--------ეს გააჩნდა მაკონტროლებელი ფუნქცია კომპანიის მიერ აღებულ ვალდებულებებზე მესამე პირების წინაშე, კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ დამსაქმებელი მოსარჩელეს ძირითადად ედავება კონტროლის განმახორციელებელი ფუნქციის შეუსრულებლობაში, მხარეები ვერ თანხმდებიან იმაზე გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს ასეთი მაკონტროლებელი ფუნქცია კომპანიის მიერ აღებულ ვალდებულებებზე მესამე პირების წინაშე.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილია ხელშეკრულებები, რომელიც ეხება ერთის მხრივ, მოპასუხესა და შპს „დ--ის“ შორის წარმოშობილ სახელშეკრულებო ურთიერთობას (ს.ფ.1830-187) და მეორე მხრივ, მოპასუხესა და „შპს „გ-------ს“ შორის დადებულ ხელშეკრულებას (ს.ფ. 49-51). ორივე მათგანში ხელშეკრულების შესრულების კონტროლის ვალდებულება აკისრია შემსყიდველს სამშენებლო სამსახურის უფროსის მეშვეობით, ხოლო განსახილველ შემთხვევაში არ არის სადავო, რომ მოსარჩელეს სწორედ სამშენებლო სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა, რომელსაც მაკონტროლებელი ფუნქცია გააჩნდა მის განყოფილებას დაქვემდებარებულ საქმეებზე.

 

აღნიშნული ასევე დადასტურებულად მიიჩნია სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი დებულებით (ს.ფ. 34-37) და თანამდებობრივი ინსტრუქციით (ს.ფ. 42-48), მოხსენებითი ბარათებით და ახსნა-განმარტებებით (ს.ფ. 27-32; 126-150), რომლებიც დეტალურად აღწერენ იმ გარემოებებს, რაც დაედო საფუძვლად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

 

სასამართლომ მიუთითა 2014 წლის 5 მაისს შპს „გ-------ს“ და მოპასუხე კომპანიის სამშენებლო სამსახურის უფროსს (მოსარჩელე) შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტზე და დადასტურებულად მიიჩნია 69980 ლარის ღირებულების (დამაკმაყოფილებელი ხარისხი) საპროექტო სამუშაოს შესრულება და მიღება-ჩაბარების ფაქტი, რის საფუძველზეც მიმწოდებელს კომპანიის მხრიდან გადაერიცხა მომსახურების საფასური. სასამართლოს განმარტებით სასამართლო სხდომაზე, როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხის მიერ დაფიქსირებულია, რომ მიღება-ჩაბარების აქტი და თანხის გადარიცხვა განხორციელდა ექსპერტიზის ჩატარებამდე, რაშიც ასევე ედავებიან მოსარჩელეს (ს.ფ. 153-158).

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ გააბათილა ის მსჯელობანი, რომლებიც დარღვევების თაობაზე შესაბამის აქტებშია აღწერილი და აღნიშნულიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ დარღვეულად ჩაითვალოს ი---- მ--------ის ის ვალდებულებანი, რომლებიც მას გააჩნდა დამსაქმებლის მიმართ.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლზე, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 37-ე და 38-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ნების თავისუფლება მოიცავს, როგორც შრომითი ურთიერთობის დაწყების, ისე მისი შეწყვეტის უფლებას, თუმცა, მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტი კრძალავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იქნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ’’ ქვეპუნქტის საფუძვლით. ამასთან, მოპასუხის მითითებით დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების და დებულების დარღვევის უხეში დარღვევა გამოიხატა იმ გარემოებაში, რომ მოსარჩელემ როგორც სამშენებლო სამსახურის უფროსმა არ შეასრულა დამკვეთთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ხელშეკრულება (5.2. და 5.3. პუნქტები) (ს.ფ. 183-265). პირიქით კომპანიის საზიანოდ მიიღო და მოიწონა ის სამუშაო, რომელიც საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას და სპეციალისტის დასკვნას მისი ვარგისიანობის თაობაზე. ამასთან მოსარჩელის მიერ აიტვირთა ის სატენდერო მასალის სამუშაო ვარიანტი, რის გამოც მოპასუხე კომპანიას შეექმნა პრობლემები და დასჭირდა დამატებითი სამუშაოების ჩატარება რათა აღნიშნული ხარვეზები აღმოეფხვრა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან მოსარჩელის ქმედება მისი სიმძიმის გათვალისწინებით წარმოადგენს იმგვარ გადაცდომას, რაც ამართლებდა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას (უხეში დარღვევა). შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის იმგვარ შემადგენლობას, რომ სარჩელის დაკმაყოფილება ობიექტურად ვარგისი საფუძვლები გააჩნდეს, რის გამოც არ არსებობს ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები

 

4.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე მიიჩნია დამსაქმებელს და მესამე პირებს - შპს ,,დ--ი’’ და შპს ,,გ-------ი’’ შორის დადებული ხელშეკრულებაში არსებული პუნქტი - კონტროლის განმახორციელებელი ფუნქციის შესახებ, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების და დადგენილი შინაგანაწესის შემადგენელ ნაწილად, რაც საფუძვლად დაედო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებებს გაცნობილი იყო ი---- მ--------ე და შესაბამისად შეუძლებელია მსჯელობა ჰქონდა თუ არა კონტროლის ვალდებულება ამ უკანასკნელს. ამასთან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულია შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლით განსაზღვრული 2 საფუძველი, რაც დაუშვებელია უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკით.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

6.1. პალატა განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედი და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ა-2344-შ-67-2014 განჩინება). შესაბამისად, სააპელაციო პალატა მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ი---- მ--------ე შპს ,,თ---–-------------------------------ია’’-ში მუშაობდა სამშენებლო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

 

შპს ,,თ---–-------------------------------იის’’ 2017 წლის 26 აპრილის №0------------ ბრძანებით ი---- მ--------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

 

ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო შიდა აუდიტის და კონტროლის სამსახურის, შიდა აუდიტის განყოფილების თანამშრომლის მიერ შპს ,,თ---–-------------------------------იასა’’ და შპს ,,გ-------ს’’ შორის 2013 წლის 20 აგვისტოს დადებული №0---------- ხელშეკრულებით და შპს ,,თ---–-------------------------------იასა’’ და შპს ,,დ--ი’’-ს შორის 2016 წლის 30 ივნისს დადებული №0---------- ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა. №9--------------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად შემოწმებით დადგინდა, რომ ,,------------ს’’ მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებული ტენდერის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კომპლექსურ ექსპერტიზას. ტენდერში გაიმარჯვა შპს ,,გ-------მა’’ და მასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესრულებაზე კონტროლი დაევალა სამშენებლო სამსახურის უფროსს, ან მოვალეობის შემსრულებელს. ხელშეკრულების შესაბამისად კომპანიის მიერ, საპროექტო დოკუმენტაცია (მხოლოდ კონსტრუქციული ნაწილი) წარდგენილი იქნა რამდენჯერმე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც კომპანიას მიეცა რეკომენდაცია მშენებლობისათვის. 2014 წლის 5 მაისს შპს ,,გ-------ი’’-ს კომერციულ დირექტორს და შპს ,,თ---–-------------------------------იას’’ სამშენებლო სამსახურის უფროსს (ი---- მ--------ეს) შორის გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც დადასტურდა 69980 ლარის ღირებულების საპროექტო სამუშაოს შესრულებისა და მიღება ჩაბარების ფაქტი, რის საფუძველზეც მიმწოდებელს კომპანიის მხრიდან გადაერიცხა მომსახურების საფასური. პროექტის კონსტრუქციული ნაწილის დადებითი საექსპერტო დასკვნის მიღების მცდელობათა არცერთ ეტაპზე არ განხილულა და შესაბამისად არ დამტკიცებულება ,,------------ს’’ მშენებლობის პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილი, რაც წარმოადგენდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და თანხის გადარიცხვის აუცილებელ პირობას. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვები, პროექტის კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა და კონსტრუქციული ნაწილის საბოლოო ვარიანტი დადებითი საექსპერტო დასკვნით განხილული იქნა სამშენებლო სამსახურის უფროსის, შესაბამისი სამსახურების და ხელმძღვანელი პირების თანდასწრებით, რის შემდეგაც მოხდა საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის გაფორმება, მაგრამ დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად 4 ეგზემპლიარი არ იქნა მოტანილი, რამაც შემდგომში გამოიწვია დოკუმენტაციის გაბნევა და სამშენებლო ტენდერისთვის არასწორი დოკუმენტაციის ატვირთვა, რამაც გამოიწვია გაუგებრობა სამშენებლო ტენდერის განხორციელებაში. პროექტის მიმდინარეობის უკონტროლობის გამო, საპროექტო დოკუმენტაცია გაბნეული იქნა.

 

შპს ,,თ---–-------------------------------იის’’ შესყიდვების სამსახურის მიერ 2016 წლის 24 მარტს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის მშენებლობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე. ტენდერში გაიმარჯვა შპს ,,დ--მა’’ და მასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესრულებაზე კონტროლი დაევალა სამშენებლო სამსახურის უფროსს ან მოვალეობის შემსრულებელს. მოკვლევის პროცეში დადგინდა, რომ ტენდერის გამოცხადებისას, სატენდერო დოკუმენტაცია მომზადდა სამშენებლო სამსახურის და შპს ,,გ-------ის’’ მიერ მოწოდებული დოკუმენტების საფუძველზე. აღნიშნულ ტენდერში ატვირთული იქნა ნახაზები, რომლებიც შესყიდვების სამსახურს მიაწოდა შპს ,,გ-------მა’’ და რომელთა სისწორეშიც ეჭვი არ შეუტანიათ. მიმდინარე პროცესებზე კონტროლის უქონლობის გამო, საიტზე აიტვირთა არა საბოლოო ვარიანტი არამედ ექსპერტიზის გარეშე ვარიანტი, სადაც კორექტირება არ იქნა შეტანილი. თავდაპირველად უზუსტობები გამოჩდა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში, როდესაც შეკითხვები შემოდიოდა პრედენდენტების მხრიდან, რადგან საკონსტრუქციო ნაწილის და ხარჯთაღრიცხვის მონაცემები განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. შენიშვნებს და შეკითხვებს პასუხობდნენ და აკორექტირებდნენ სამშენებლო სამსახური და საპროექტო ორგანიზაცია ერთობლივად შესყიდვების სამსახურისთვის მისაწოდებლად. ი---- მ--------ის ახსნა განმარტებიდან ჩანს, რომ ხარვეზების შესახებ უკვე ცნობილი იყო, როგორც საპროექტო ორგანიზაციისათვის, ასევე სამშენებლო სამსახურისათვის და შესაბამისად არამართებულია სამშენებლო სამსახურის უფროსის მიერ იმის განმარტება, რომ სატენდერო დოკუმენტაცია, რომ არასაწორად იყო ატვითული მისთვის ცნობილი გახდა, როდესაც შპს ,,დ--მა’’ 2017 წლის 2 თებერვალს წარმოადგინა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა კონსტრუქციის ნაწილზე.

 

შემოწმების აქტის თანახმად ტექნიკური დავალება და ხარჯთაღრიცხვა შესყიდვების სამსახურში მოხვდა სამშენებლო სამსახურიდან, ხოლო ნახაზები საპროექტო ორგანიზაციიდან. დოკუმენტაციის იდენტურობა სამშენებლო სამსახურის უფროსის მიერ, როგორც ინსპექტირების ჯგუფის წარმომადგენლის არ მომხდარა. არ შესრულდა შპს ,,თ---–-------------------------------იის’’ შესყიდვების გეგმის ფორმირებისა და შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის შესახებ წესის 3.5.6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა აღარ სრულდება სისტემა ,,edoc’’-ს შემოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ არც წესი გაუქმებულა და არც შესულა რაიმე სახის ცვლილება. ამასთან ტენდერის პროცესში, როდესაც პრედენდენტებიდან შემოდიოდა შეკითხვები, სამშენებლო სამსახური და საპროექტო ორგანიზაცია ერთობლივად იძლეოდნენ პასუხს, ახდენდნენ კორექტირებას, რის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობა საქმის კურსში არ იყო.

 

პროექტირებისას კომპანიის დანაყოფებს და საპროექტო ფირმას შორის არ იყო შესაბამისი კოორდინაცია, არ მიმდინარეობდა შესაბამისი კონტროლი ინსპექტირების ჯგუფის მიერ, რამაც გამოიწვია სატენდერო დოკუმენტაციის არასწორად ატვირთვა. პროექტის, როგორც კონსტრუქციული, ისე ხარჯთაღრიცხვის ნაწილის მრავალჯერადმა ცვლილებამ და ამ ცვლილებების უკონტროლობამ გამოიწვია ბევრი უზუსტობა, რაც შემდგომში აისახა როგორც ტენდერის მსვლელობაზე, ასევე მშენებლობის პროცესზე. გაურკვეველია პროექტ მენეჯერის საქმიანობაც, მას უნდა გაეწია კოორდინაცია სამშენებლო სამსახურსა და საპროექტო ორგანიზაციას შორის, რაც არ მომხდარა. გაბნეულია საპროექტო დოკუმენტაცია, რომლითაც მშენებლობის მონიტორიგის პროცესში უნდა იხელმძღვანელოს ინსპექტირების ჯგუფმა. ატვირთული ნახაზები რომ არ შეესაბამებოდა ორიგინალს, ამის შესახებ იცოდა სამშენებლო სამსახურმა, რადგან სამშენებლო ტენდერის მსვლელობისას პროექტსა და სახარჯთაღრიცხვო ნაწილში არსებულ ცდომილებებზე კითხვა-პასუხის რეჟიმში იყვნენ პრედენტდენტებთან, ამის შესახებ კი ხელმძღვანელობა არ იყო საქმის კურსში.

 

დასკვნის სახით შემოწმების აქტში აღნიშნულია შემდეგი: მუნიციპალური ავტობუსების ,,------------ს’’ საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისას გამოვლინდა შპს ,,თ---–-------------------------------იის’’ რიგი სტრუქტურული ერთეულების შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ უფლება-მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების ფაქტები, მათ შორის: სამშენებლო სამსახურის უფროსმა ი. მ--------ემ საპროექტო და სამშენებლო ნაწილში: ხელი მოაწერა მიღება ჩაბარების აქტს, რომლის სახარჯთაღრიცხვო ნაწილს არ ჰქონდა შესაბამისი ექსპერტიზა გავლილი; დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად, სრული საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ქართულ ენაზე, ელ. ვერსია, ესკიზი და ნაბეჭდი სახით (4 ეგზ.), რაც არ მომხდარა; არ მიაწოდა ინფორმაცია პროექტში განხორციელებულ ცვლილებებზე ახალ ხელმძღვანელობას; არ მოახდინა სატენდეროდ ასატვირთი მასალების საბოლოო იდენტიფიკაცია და მათი გადაცემა შესყიდვების სამსახურისათვს; არ განახორციელა პროცედურების კონტროლი, შესაბამისად შესყიდვების ელექტრონულ გვერდზე სატენდერო დოკუმენტაციაში საექსპერტო დასკვნის მქონე პროექტის ნაცვლად ატვირთა ხარვეზიანი პროექტი; სატენდერო დოკუმენტაციაში პროექტის ატვირთვის პროცესში მომხდარი შეცდომის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა კომპანიის ახალ ხელმძღვანელობას; ასევე არ მოახდინა კომპანიის ახალი ხელმძღვანელობის ინფორმირება, ტენდერის მსვლელობის პროცესში პრეტენდენტებიდან შემოსულ შეკითხვებზე პროექტანტთან კონსულტირების შედეგად გაცემული პასუხების და შეტანილი კორექტირების შესახებ.

 

იმავე სახის დარვევებზე მითითებული საქმეში წარმოდგენილი №9--------------------- მოხსენებით ბარათში, რომლის თანახმად შპს ,,გ-------თან’’ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში პროექტის კონსტრუქციული ნაწილის დადებითი საექსპერტო დასკვნის მიღების მცდელობათა არცერთ ეტაპზე არ განხილულა და შესაბამისად არ დამტკიცებულება ,,------------ს’’ მშენებლობის პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილი, რაც წარმოადგენდა საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებისა და თანხის გადარიცხვის აუცილებელ პირობას. სამშენებლო სამსახურის უფროსის განმარტებით ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა არ მომხდარა მისი მაღალი ღირებულების გამო, ამავდროულად ბევრჯერ მოხდა მისი კორექტირება პროექტის ღირებულების და მოცულობის შემცირების გამო, რაც შემდგომში თანხვედრაში არ მოდიოდა პროექტის კონსტრუქციულ ნაწილთან.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ზემოაღნიშნული საკანონდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სადაო ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს ,,დ--თან’’ და შპს ,,გ-------თან’’ გაფორმებული ხელშეკრულების პუნქტი - კონტროლის განმახორციელებული ფუნქციების შესახებ ეხებოდა მას, როგორც სამშენებლო სამსახურის უფროსს. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაქცევს შპს ,,თ---–---------------------------------ს’’ სამშენებლო სამსახურის დებულებას (2012 და 2014 წლების), რომლის თანახმად სამსახური უფროსის ფუნქციები, უფლებამოსილება, პასუხისმგებლობის ზომა და ფარგლები განისაზღვრება მასთან დადებული ხელშეკრულებით, საწარმოს წესდების, წინამდებარე დებულების, შინაგანაწესის და სამოქმედოდ შემოღებული სხვა დოკუმენების საფუძველზე.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია სამშენებლო სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქცია (2012 წლის), რომლის შესაბამისად იგი ტექნიკური ზედამხედველობას და კონტროლს უწევს საწარმოს ობიექტებზე კაპიტალური მშნებლობის, რეკონსტრუქციის, ტექნიკური გადაიარაღების და კაპიტალური შეკეთების სამუშაოთა წარმოებას. სამსახურის უფროსი ახორციელებს სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას წარმართავს მის საქმიანობას, უზრუნველყოფს და აკონტროლებს სამსახურის წინაშე არსებულ ამოცანებს და ფუნქციების შესრულებას.

 

შპს ,,თ---–-------------------------------იასა’’ და შპს ,,გ-------ს’’ შორის 2013 წლის 20 აგვისტოს დადებული №0---------- ხელშეკრულების მე-4 პუნქტის შესაბამისად შემსყიდველის მხრიდან ხელშკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამშენებლო სამსახურის უფროსი (მოვალეობის შემსრულებელი) (ინსპექტირების ჯგუფი).

 

ანალოგიური პირობაა მითითებული 2016 წლის 30 ივნისს შპს ,,თ---–-------------------------------იასა’’ და შპს ,,დ--ი’’-ს შორის დადებული №0---------- ხელშეკრულების მე-5 პუნქტში და მასში აღნიშნულია, რომ შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებენ სამშენებლო სამსახურის უფროსი/მოვალეობის შემსრულებელი. ამავე მუხლში მითითებულია, რომ ინსპექტირების ჯგუფის ფუნქცია არის გააფორმოს მიმწოდებელთან მიღება ჩაბარების აქტი და უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოს მიღება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ შპს ,,თ---–-------------------------------იასა’’ და შპს ,,გ-------ს’’ შორის 2013 წლის 20 აგვისტოს დადებული №0---------- ხელშეკრულების და შპს ,,თ---–-------------------------------იასა’’ და შპს ,,დ--ი’’-ს შორის 2016 წლის 30 ივნისს დადებული №0---------- ხელშეკრულების შერულების კონტროლის ფუნქციები დაკისრებული იყო სამშენებლო სამსახურის უფროსზე - ი---- მ--------ეზე. რაც შეეხება აპელანტის განმარტებას, რომ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი გაწერილი იყო ხელშეკრულებით და აღნიშნული მას არ გააცნეს, სასამართლო აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ფაქტია, რომ პროექტი ხორციელდებოდა სამშენებლო სამსახურის მონაწილეობით და აპელანტის ამგვარი განმარტება ნიშნავს, რომ სამშენებლო სამსახურის უფროსმა არ იცოდა თუ რა პროექტის განხორციელებაში იღებდა მონაწილეობას (არ იცნობდა ხელშეკრულებას).

 

ასევე დაუსაბუთებელია აპელანტის პრეტენზია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც დადასტურდა 69980 ლარის ღირებულების (დამაკმაყოფილებელი ხარისხი) საპროექტო სამუშაოს შესრულებისა და მიღება-ჩაბარების ფაქტი, რის საფუძველზეც მიმწოდებელს კომპანიის მხრიდან გადაერიცხა მომსახურების საფასური, კერძოდ: სადაო არ არის, რომ პროექტის კონსტრუქციული ნაწილის დადებითი საექსპერტო დასკვნის მიღების მცდელობათა არცერთ ეტაპზე არ განხილულა და შესაბამისად არ დამტკიცებულება ,,------------ს’’ მშენებლობის პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილი, რაც წარმოადგენდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და თანხის გადარიცხვის აუცილებელ პირობას. აღნიშნულ გარემოებას თავად ი---- მ--------ე იმით ხსნის, რომ ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა არ მოხდა მისი მაღალი ღირებულების გამო და საერთოდ ეჭქვეშ იდგა სამშენებო თანხების მოძიება (იხ. ივ. მ--------ის ახნსა-განმარტება).

 

საქმეში წარმოდგენილი, 2013 წლის 20 აგვისტოს ხელშეკრულების 2.3.3 პუნქტის თანახმად მომსახურების მიღება ჩაბარების წესი და ანგარიშსწორების პირობები და ვადები განისაზღვრა N3 დანართით. აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად კი წინასწარი მიღება ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ ინფორმაცია გაწეულ მომსახურებაზე (მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაცია) იგზავნება ექსპერტიზაზე შემსყიდველის მიერ და საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი ფორმდება ქ. თბილისის მერიასთან შეთანხმების შემდეგ. მიმწოდებელთან საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში, საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია 2014 წლის 5 მაისს სამშენებლო სამსახურის უფროსს ი. მ--------ესა და შპს ,,გ-------ი’’-ს დირექტორს შორის გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად მიმწოდებლისაგან შემსყიდველზე მიწოდებულ და ჩაბარებულ იქნა საპროექტო მომსახურება ,,ავტობაზისთვის განკუთვნილი ტერიტორიის პროექტირება’’ - ღირებულებით 69980 ლარი. აქტის თანახმად შესრულებული სამუშაოს ხარისხი დამაკმაყოფილებელია.

 

ამდენად დადგენილია, რომ ი---- მ--------ის მიერ ხელი მოეწერა მიღება ჩაბარების აქტს, რასაც მოჰყვა მომსახურების საფასურის გადარიცხვა და ეს ყველაფერი განხორციელდა ისე, რომ არ დამტკიცებულება ,,------------ს’’ მშენებლობის პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილი, რაც წარმოადგენდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და თანხის გადარიცხვის აუცილებელ პირობას.

 

დასახელებული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ ი---- მ--------ის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი სახის მტკიცებულება, რაც მათ გააქარწყლებდა და აპელანტი მხოლოდ ზეპირი მითითებებით შემოიფარგლება. ამასთან პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტი მხოლოდ მიღება ჩაბარების აქტის მართლზომიერებას უსვამს ხაზს და მოხსენებით ბარათში მითითებულ სხვა დარვევებთან დაკავშირებით ფაქტებს არ უარყოფს. იგი მხოლოდ იმას განმარტავს, რომ მას არ ჰქონდა კონტროლის ვალდებულება, რასაც როგორც ზემოთ აღინიშნა სასამართლო არ იზიარებს. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ აპალენტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები რაც გააქარწყლებდა დასკვნის სახით შემოწმების აქტში აღნიშნულ დარღვევებს.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

 

ამავე პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად კი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

 

დადგენილია, რომ შპს ,,თ---–-------------------------------იის’’ 2017 წლის 26 აპრილის №0------------ ბრძანებით ი---- მ--------ე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე. ამასთან მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ დათხოვნამდე მოსარჩელეს დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი, რომელიც გასაჩივრებული არ არის და შესაბამისად კანონიერ ძალაშია.

 

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ბრძანების კანონიერების საკითხის შესწავლისას უნდა დადგინდეს: ა) ჰქონდა თუ არა ადგილი დარღვევას, რაც გახდა საფუძველი მოსარჩელის გათავისუფლებისა; ბ) იყო თუ არა ეს დარღვევა უხეში.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი ,,მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ. 25.09.2018წ. საქმეზე Nას-861-861-2018).

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ღონისძიების, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების სიმძიმის გათვალისწინებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები უნდა ქმნიდეს იმ სამართლებრივ სურათს, რაც დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებას სამართლებრივად გაამართლებს. დამსაქმებელს ევალება მისი გადაწყვეტილების მყარი და გადაუწონადი მტკიცებულებებით დასაბუთება.

 

საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი).

 

საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ,,თ---–-------------------------------იასა’’ და შპს ,,გ-------ს’’ შორის 2013 წლის 20 აგვისტოს დადებული №0---------- ხელშეკრულების და შპს ,,თ---–-------------------------------იასა’’ და შპს ,,დ--ი’’-ს შორის 2016 წლის 30 ივნისს დადებული №0---------- ხელშეკრულების შერულების კონტროლის ფუნქციები დაკისრებული იყო სამშენებლო სამსახურის უფროსსზე - ი---- მ--------ეზე.

 

საქმეში წარმოდგენილ მოხსენებით ბარათებში მითითებულია ის დარღვევები, რაც გამოვლინდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებეის შესრულების პროცესში და რომლის შესრულებაზეც კონტროლი ევალებოდა ი---- მ--------ეს. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე (აპელანტი) არ უარყოფს შემოწმების აქტში დადგენილ ფაქტების არსებობას, მაგრამ მიაჩნია, რომ მას არ ევალებოდა კონტროლი ხელშეკრულებზე და შესაბამისად არ უნდა დამდგარიყო მისი პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა ამ უკანასკნელ გარემოებას სასამართლო არ იზიარებს. ამასთან პალატას მიაჩნია, რომ მოხსენებით ბარათში დასკვნის სახით მითითებული დარვევები (კერძოდ: სამშენებლო სამსახურის უფროსმა ი. მ--------ემ საპროექტო და სამშენებლო ნაწილში: ხელი მოაწერა მიღება ჩაბარების აქტს, რომლის სახარჯთაღრიცხვო ნაწილს არ ჰქონდა შესაბამისი ექსპერტიზა გავლილი; დამატებითი მოთოხვნების შესაბამისად, სრული საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ქართულ ენაზე, ელ. ვერსია, ესკიზი და ნაბეჭდი სახით (4 ეგზ.), რაც არ მომხდარა; არ მიაწოდა ინფორმაცია პროექტში განხორციელებულ ცვლილებებზე ახალ ხელმძღვანელობას; არ მოახდინა სატენდეროდ ასატვირთი მასალების საბოლოო იდენტიფიკაცია და ამათი გადაცემა შესყიდვების სამსახურისათვს; არ განახორციელა პროცედურების კონტროლი, შესაბამისად შესყიდვების ელექტრონულ გვერდზე სატენდერო დოკუმენტაციაში საექსპერტო დასკვნის მქონე პროექტის ნაცვლად ატვირთა ხარვეზიანი პროექტი; სატენდერო დოკუმენტაციაში პროექტის ატვრთვის პროცესში მომხდარი შეცდომის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა კომპანიის ახალ ხელმძრვანელობას; ასევე არ მოახდინა კომპანიის ახალი ხელმძღვანელობის ინფორმირება, ტენდერის მსვლელობის პროცესში პრეტენდენტებიდან შემოსულ შეკითხვებზე პროექტანტთან კონსულტირების შედეგად გაცემული პასუხების და შეტანილი კორექტირების შესახებ) წარმოადგენს უხეშ დარღვევას, ვინაიდან აღნიშნული დარღვევებით პროექტის განხორციელებას მიადგა ზიანი, მოპასუხე კომპანიას შეექმნა პრობლემები და დასჭირდა დამატებითი სამუშაოების ჩატარება რათა აღნიშნული ხარვეზები აღმოეფხვრა.

 

შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მოხსენებით ბარათებში გადმოცემული დარღვევები მართებულად შეაფასა სამშენებლო სამსახურის უფროსის მხრიდან შრომითი ურთიერთობის უხეშ დარღვევად, რამდენადაც, ხსენებული პოზიციაზე დასაქმებული პირის ფუნქცია არის სამსახურის საერთო ხელმძღვანელობა და მისი საქმიანობის წარმართვა, სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს და აკონტროლებს სამსახურის წინაშე არსებულ ამოცანებს და ფუნქციების შესრულებას. შესაბამისად თუკი დასაქმებული პირის (მშენებლობის სამსახურის უფროსის) მიერ მასზედ დაკისრებული მოვალეობის არაჯერვნად შესრულების გამო დამსაქმებელს მიადგა ზიანი, ამგვარი ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევა და შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამართლებულია მასთან შრომითი ურთიერთობის მოშლა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შპს ,,თ---–-------------------------------იას’’ არ დაეკისრება ი---- მ--------ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 386-ე, 390-ე, მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ი---- მ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გენადი მაკარიძე