განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.02.2020
საქმის ნომერი
330310017001840034
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001840034

საქმე №3ბ/655-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი

 

მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი

 

ნანა ჭიჭილეიშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“

წარმომადგენელი - მ-------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

წარმომადგენელი - ი-----–------------–---

 

მესამე პირი - შპს „ლილო სითი“

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

შპს ,,ლილო სითი“ ქ. თბილისში, ჭირნახულის ქ. N1-ში წარმოადგენს სასმელი წყლის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს და კომპანიის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია სააბონენტო ნომრით N751013365 (ს.ფ. 22-27, 40-42);

 

2016 წლის 13 შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ თანამშრომლებმა შეამოწმეს შპს ,,ლილო სითის“ წყალმომარაგება. შემოწმებისას გამოავლინეს ობიექტის ტერიტორიაზე არსებული 32 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილიდან მრიცხველის გვერდის ავლით სასმელი წყლის მოხმარების ფაქტი, კერძოდ, რეზერვუარის ავსება, რაზედაც კომპანიის თანამშრომლებმა შპს ,,ლილო სითის“ შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N001405 და აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი N006092, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელს გადასახდელად დაერიცხა 10393,14 ლარი, ხოლო 2016 წლის 28 ოქტომბრის N1390 დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა გაფრთხილება (ს.ფ. 17-21).

 

შპს ,,ლილო სითის“ დირექტორმა ლაურა ღაჭავამ კომპანიას 2016 წლის 4 ნოემბერს მიმართა საჩივრით და მოითხოვა კომპანიის 2016 წლის 12 ოქტომბრის N006092 ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით შპს ,,ლილო სითისათვის“ დარიცხული თანხისა და ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ კომპანიის 2016 წლის 28 ოქტომბრის N1390 დადგენილების გაუქმება (ს.ფ. 35-39, 78-85).

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 08 თებერვლის N8/35 გადაწყვეტილებით შპს ,,ლილო სითის“ დირექტორის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალაში დარჩა ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2016 წლის 28 ოქტომბრის N1390 დადგენილება; შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2016 წლის 13 ოქტომბრის N006092 ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით“ შპს ,,ლილო სითისათვის“ 10393,14 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ; შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათში. კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მომხმარებლის რეზერვუარში ჩამავალი სასმელი წყალი აღირიცხებოდა შპს ,,ლჯ-ის’’ მრიცხველით (აბონენტი N751207861). კომისიამ არ გაიზიარა მომხმარებლის პოზიცია, რომ სასმელი წყალი უკანონოდ არ მოუხმარია, ვინაიდან მომხმარებელი (აბონენტი) ვალდებულია სასმელი წყალი მოიხმაროს მისი კუთვნილი წყალმომარაგების ქსელიდან, რომელზეც დამონტაჟებულია აღრიცხვის კვანძი და ხდება მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სფ.35-39).

 

მოწმის გივი ნადირაძის ჩვენებით, ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განხორციელდა ადგილზე დათვალიერება და შემოწმდა სადავო გარემოებები, მან განმარტა, რომ შპს ,,ლილო სითს“ აღრიცხვის კვანძის გავლით ერთი მილით მიეწოდებოდა წყალი, თუმცა აქვე იყო მეორე მილიც, რომელიც არ აღირიცხებოდა შპს ,,ლილო სითის“ კვანძზე, იგი გამოდიოდა შპს ,,ლჯ-ის“ ტერიტორიიდან. როდესაც მოხდა ადგილზე შემოწმება, წყალი ,,ლჯ-ის“ კვანძის საშუალებით გამოდიოდა მილში, თუმცა ჩაედინებოდა თუ არა ლილო სიტის ავზში, მისი დაზიანების გამო ამის დადგენა შეუძლებელი იყო. მოწმის განმარტებით, ძირითადი ქსელი გადის ქუჩაზე, პირველი შეჭრა შპს ,,ლილო სითის“ მიმართულებით, ხოლო მეორე შეჭრა შპს ,,ელჯის“ მიმართულებით არის მოწყობილი, ქუჩაზე სხვა განშტოება არ არის.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ლილო სითის“ რეზერვუარში სასმელი წყალი ჩადიოდა მილით, რომელიც არ აღირიცხებოდა შპს ,,ლილო სითის“ მრიცხველზე, მხარეთა მიერ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ შპს ,,ლილო სითი“ და შპს ,,ლჯ“ წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ კომპანიებს. ამასთან, ისინი ტერიტორიულადაც ესაზღვრებიან ერთმანეთს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილია, რომ შპს ,,ლჯ-ის“ ტერიტორიიდან გამოდიოდა მილი შპს ,,ლილო სითის“ მიმართულებით. დადგენილია, რომ ცენტრალური წყლის მაგისტრალიდან მოცემულ ქუჩაზე შეჭრა განხორციელებულია ორი მიმართულებით; პირველი შპს ,,ლილო სითის“, ხოლო მეორე შპს ,,ლჯ-ის“ მიმართულებით. ამ ქუჩაზე სხვა განშტოება წარმოდგენილი არ არის. ამ გარემოებათა გათვალისწინებით კი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ლილო სითის“ ტერიტორიაზე არსებული სასმელი წყლის ავზის შევსება შესაძლებელი იყო შპს ,,ლჯ-ის“ წყალმომარაგების ქსელიდან. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ შპს ,,ლილო სითი“ სასმელ წყალს მოიხმარდა აღურიცხავად.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, შპს ,,ლილო სითი’’ ქ. თბილისში, ჭირნახულის ქ. N1-ში წარმოადგენს სასმელი წყლის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს და კომპანიის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია სააბონენტო ნომრით N751013365

 

სასამართლოს განმარტებით, წყლის უკანონო მოხმარების განმარტება მოცემულია ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება. მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება. ასევე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არა ხანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას. ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სასმელი წყლის უკანონო მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი კი ადგენს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი...

 

სასამართლომ ასევე მიუთითა აღნიშნული კოდექსის 239-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის 62-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 2283 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სასმელი წყლის უკანონო მომხმარებლისთვის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დაკისრებას, წინ უნდა უსწრებდეს სასმელი წლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის კანონით დადგენილი წესით დადასტურება ანუ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურება, რომლის არსებობაც დადგენილი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. კერძოდ, შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა’’ გამოავლინა რა სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი, მოახდინა შესაბამისი რეაგირება, რაც გამოიხატა მის მიერ ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’ კომპანიის 2016 წლის 28 ოქტომბრის N1390 დადგენილებით სამართალდამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში (სახდელის სახე: გაფრთხილება).

 

სასამართლომ მიუთითა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ შპს ,,ლილო სითის’“ მიერ ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა-სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარება, კანონი ადგენს, რომ უფლებამოსილმა პირმა აბონენტს მოსთხოვოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების (არასაყოფაცხოვრებო ტარიფით) ანაზღაურება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ სწორად შეაფასა, რომ მიუხედავად მესამე პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენისა, სახეზე არ იყო სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ანაზღაურების საფუძველი. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისროს, უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები: სახეზე უნდა იყოს ზიანი, მიყენებული მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღოდეს ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი არ არის წყლის აღურიცხავად მოხმარების ფაქტი, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ სახეზე არ არის ზიანი, საქმის მასალებით, ასევე მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ შპს ,,ლილო სითის’’ ტერიტორიაზე არსებული სასმელი წყლის ავზის შევსება შესაძლებელია როგორც ამ უკანასკნელის წყალმომარაგების ქსელიდან, ასევე შპს ,,ლჯ-ის’’ წყალმომარაგების ქსელიდან. ორივე შემთხვევაში მოხმარებული სასმელი წყალი აღირიცხება მრიცხველის მიერ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადგენილი შპს ,,ლილო სითის’’ მიერ სასმელ წყალს აღურიცხავად მოხმარება, შესაბამისად, სწორად შეფასდა ის გარემოება, რომ მესამე პირის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2016 წლის 13 ოქტომბრის N006092 „აღურიცხავი წყლის მომხარების აქტით“ შპს ,,ლილო სითისათვის’’ 10393,14 ლარის დარიცხვა ეწინააღმდეგებოდა, როგორც „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნებს, ასევე შეუსაბამო იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ზიანის შემადგენლობის აუცილებელ პირობებთან, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ კანონიერად გააუქმა ხსენებული დარიცხვა.

 

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, სადავო გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად იქნა გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა შპს ,,ლილო სითის“ მიერ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისა და მესამე პირის მხრიდან ზიანის მიუყენებლობის ფაქტი. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.

 

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასმელი წყლის უკანონო მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის გარდა სამართალდამრღვევს ეკისრება სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ანაზღაურება. კერძოდ, „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასმელი წყლის უკანონო მომხმარებლისთვის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დაკისრებას, წინ უნდა უსწრებდეს სასმელი წლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის კანონით დადგენილი წესით დადასტურება ანუ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურება, რომლის არსებობაც დადგენილი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. კერძოდ, შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გამოავლინა რა სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი, მოახდინა შესაბამისი რეაგირება, რაც გამოიხატა მის მიერ ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ კომპანიის 2016 წლის 28 ოქტომბრის N1390 დადგენილებით სამართალდამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში (სახდელის სახე: გაფრთხილება).

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ შპს ,,ლილო სითის“ მიერ ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარება, კანონი ადგენს, რომ უფლებამოსილმა პირმა აბონენტს მოსთხოვოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების (არასაყოფაცხოვრებო ტარიფით) ანაზღაურება, თუმცა სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მიუხედავად მესამე პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენისა, სახეზე არ იყო სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ანაზღაურების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისროს, უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები: სახეზე უნდა იყოს ზიანი, მიყენებული მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღოდეს ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი არ არის წყლის აღურიცხავად მოხმარების ფაქტი, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასაართლოსა და მოპასუხე მხარის მითითებას, რომ განსახლველ შემთხვევაში სახეზე არ არის ზიანი. საქმის მასალებით, ასევე მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ შპს ,,ლილო სითის’’ ტერიტორიაზე არსებული სასმელი წყლის ავზის შევსება შესაძლებელია როგორც ამ უკანასკნელის წყალმომარაგების ქსელიდან, ასევე შპს ,,ლჯ-ის’’ წყალმომარაგების ქსელიდან. ორივე შემთხვევაში მოხმარებული სასმელი წყალი აღირიცხება მრიცხველის მიერ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადგენილი შპს ,,ლილო სითის’’ მიერ სასმელ წყალს აღურიცხავად მოხმარება, შესაბამისად, სწორად შეფასდა ის გარემოება, რომ მესამე პირის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2016 წლის 13 ოქტომბრის N006092 აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით შპს ,,ლილო სითისათვის“ 10393,14 ლარის დარიცხვა ეწინააღმდეგება, როგორც „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნებს, ასევე შეუსაბამოა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ზიანის შემადგენლობის აუცილებელ პირობებთან, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ კანონიერად გააუქმა ხსენებული დარიცხვა.

 

დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და აპელანტის მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, იმ გარემოებების დასადგენად, რომ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი

 

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

 

ნანა ჭიჭილეიშვილი