განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/242-20, 330310017002106666
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ტა-----– რა------
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ტა-----– რაზმაძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა ტა-----– რაზმაძის სასარგებლოდ, 1998-1999-2003 წლების ხელზე გასაცემი ხელფასის - 546 ლარის და 16 თეთრის ოდენობით ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 5 სექტემბრის №2124459 წერილით ტა-----– რა------ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა ანგარიშგების განყოფილებაში ელ. ვერსიით შემოსული №2016509, 22.08.2017 წ. განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებული იქნეს 2017 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ასიგნებები, იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანებების წარმოქმნა, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის ორგანიზაციას. აღნიშნული მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ასიგნებების დამატებით გამოყოფის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყონებლივ მოახდენს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვას (ს.ფ. 10).
ტა-----– გიორგის ძე რაზმაძის 1998-2003 წლებში წარმოქმნილი დავალიანების ოდენობის შესახებ ინფორმაციის თანახმად, ტა-----– რაზმაძის მიმართ, 1998 წლის (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) 1999 წლის (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) 2003 წლის (დეკემბერი) დარიცხული სახელფასო დავალიანება (წოდება, თანამდებობა, დანამატი, ულუფა.) შეადგენს - 731,63 ლარს, აქედან ხელზე ასაღები თანხა შეადგენს - 598,31 ლარს, მათ შოროს 2003 წლის დანამატი და ულუფა - 52,15 ლარს (ს.ფ. 11).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით წარმოდგენილი სარჩელით ტა-----– რაზმაძის მიერ მოთხოვნილ იქნა მოპასუხეს დაევალოს მის სასარგებლოდ, 1998-2003 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 598 ლარისა და 31 თეთრის ოდენობით.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 5 სექტემბრის №2124459 წერილით ტა-----– რა------ს, მისი 2017 წლის 22 აგვისტოს №2016509 წერილის პასუხად გაეგზავნა ინფორმაცია სახელფასო დავალიანების შესახებ. ამდენად, მართალია მოსარჩელემ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, უფლების რეალიზაცია მოახდინა 2017 წლის 22 აგვისტოს განცხადებით, ანუ იმ პერიოდში, როდესაც უკვე მოქმედებდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონი, სადაც აღარ არის მითითებული 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე გასაცემი კუთვნილი თანხის, ანუ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესი, მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე არ შეიძლება აღნიშნული გარემოება ჩაითვალოს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძვლად, ყოველ შემთხვევაში ახალი რეგულაციის მიღების მომენტიდან სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადაში მაინც. შესაბამისად, აღნიშნული სამართალურთიერთობის მიმართ უნდა გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.
სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ?? ??????? ??-9 ?????? საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.
სასამართლოს მითითებით, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), პოლიციის თანამშრომელი, პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც მოიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს. ასეთივე დანაწესს შეიცავდა, სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის, №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 55-ე მუხლი, რომლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანაშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდა), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს, კომპენსაციებს და ფორმის ტანსაცმელს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ისევე როგორც ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვას. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მის შესაბამისად, ხელფასი მოიცავს მხოლოდ თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341–ე მუხლის თანახმად, „2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს დაფარვის წესის შესაბამისად”.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მითითებული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურზე წინა წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას (იხ: სუსგ №ბს-1590-1549 (კ-10), №ბს-202-200(კ-12).
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული, დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს. ამასთან, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რომელსაც საქართველო შეუერთდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის №655 დადგენილებით აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო განცხადებაში მითითებული ერთ–ერთი მოთხოვნა - 2003 წლის გასაცემი დანამატი, გასაცემი ულუფა და სხვა გასაცემი წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. გასაცემი დანამატი და გასაცემი ულუფა, ხელფასის თანხისგან განსხვავებით, არ არის მოქცეული ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა - 2003 წლის გასაცემი ულუფისა და გასაცემი დანამატის ანაზღაურების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ხანდაზმულად იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით 2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წაროშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო ცალსახად განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულირება, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელი იყო, თუმცა ახალი კანონი აღარ ითვალისწინებდა აღნიშნულ დანაწესს და შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია აღარ არსებობს.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადების უგულვებელყოფა აზრს უკარგავს სამართლებრივ სტაბილურობას და პირის უფლებების დროულად განხორციელების გამოხატვას. ამდენად, ვინაიდან სარჩელი თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით ტა-----– რაზმაძის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში აღძრულ იქნა 2018 წლის 27 სექტემბერს, მასზე ვრცელდება ახალი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელშიც ძველი სახელფასო დავალიანებები აღარ არის აღიარებული. შესაბამისად აღნიშნულ უფლებაზე უნდა გავრცელდეს საერთო ხანდაზმულობის ვადები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოების შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რაც დავის განხილვის ფარგლებიდან გამომდინარე ქმნის მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში გადამოწმების საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტა-----– რა------ 1998-2003 წლებში წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს. ამდენად, პალატის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოსარჩელის სახელფასო დავალიანების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეფასდეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ და ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რაც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციის ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31.2 მუხლის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც მოიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს (ასეთივე დანაწესს შეიცავდა სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 17.03.1997წ. №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულება. კერძოდ, დებულების 55-ე მუხლის თანახმად, პოლიციაში სამსახურისათვის თანაშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდა), რაიონული კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს, კომპენსაციებს და ფორმის ტანსაცმელს). ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად, მითითებული კანონის 31-ე მუხლის ახალი რედაქცია ხელფასში მოიაზრებდა მხოლოდ თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24.1 მუხლის თანახმად, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის არცერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას უკუძალა მინიჭებული არ აქვს. 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341–ე მუხლის თანახმად, „2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს დაფარვის წესის შესაბამისად“. მითითებული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას (იხ. სუსგ Nბს-1590-1549(კ10), Nბს-202-200 (კ-12). ამდენად, ვინაიდან 1998-1999-2003 წლებში ტა-----– რაზმაძის მიერ ხელზე ასაღები მიუღებელი ხელფასის ოდენობა (დანამატისა და ულუფის გამოკლებით) შეადგენს 546 ლარისა და 16 თეთრს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს ხსენებული თანხა.
სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო სამართალდაურთიერთობაზე არ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები, ვინაიდან როგორც საქმის მასალებით დასტურდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 5 სექტემბრის №2124459 წერილით აღიარა დავალიანების არსებობა, რის გამოც ხანდაზმულობის ვადის ათვლის დინებას მიეცა ახალი დასაბამი და მოვალეს შეეზღუდა უფლება უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 -ე მუხლით. კონკრეტული სახის ვალდებულებასთან მიმართებით სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციის არსებობა გამომდინარეობდა სახელმწიფოს პოლიტიკიდან, უზრუნველეყო ცალკეულ პერიოდში დაუცველ უფლებათა რეალიზაცია და გამორიცხავს ამ რეგულაციის საწინააღმდეგო ზოგადი ნორმების გამოყენებას. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს, ისარგებლოს კუთვნილი ქონებით. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ გსახილველ შემთხვევაში არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების სახით 546.16 ლარის დაკისრების ნაწილში.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები
აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი